ღიმილი ნაომარ ქალაქში

ფესტივალები უწოდეთ, თუ გნებავთ, იმ ძველ საბერძნეთში მხიარული და ღვინის მოყვარული დიონისეს გულის მოსაგებად გამართულ ზეიმებს, სადაც ბევრი ხალისიანი, სასაცილო სიმღერა სრულდებოდა, შიგადაშიგ ნოყიერი სკაბრეზით და მერე და მერე, ხალხის სატკივარისა და პრობლემების დაუფარავად, სულ სიცილ-კისკისით გაჯერებული. კომედია, როგორც დრამის სახე, თავისი ქვეჟანრებით და სტილური ნაირსახეობით, სწორედ იქ, იმ რიტუალების დროს ჩამოყალიბდა. ასე გვეუბნება ჩვენამდე შემონახული ისტორია და ასე გვჯერა ჩვენც, რადგან თავისთავად, ყველა მოვლენის ღირსებას განსაზღვრავს ის, თუ როგორი დასაწყისი აქვს.

კომედია ერთ-ერთი ურთულესი ჟანრია. შეიძლება ვინმეს ამაზე გაეცინოს, მაგრამ სიცილიც ხომ პირდაპირ კავშირშია ამ ჟანრთან. სწორედ სიცილის ხარისხზე, მრავალფეროვნებაზე, სიღრმეზე, მასშტაბურობაზე მოგახსენებთ. კარგი კომედია მაღალი ხელოვნებაა, იმაზე არანაკლებად ეფექტიანი, ვიდრე დრამის სხვა ჟანრთა კათარზისულმა პერსპექტივამ შეიძლება დაიტიოს.

ქართველებს იუმორი გვიყვარს და ხშირად გადავურჩენივართ კიდეც, (ხანდახან) ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. თუმცა, იმაზეც ბევრს ლაპარაკობენ, რომ ბოლო დროის სატელევიზიო კომედი-შოუების და სხვადასხვა იუმორისტული შოუების დაბალხარისხიანმა ტენდენციებმა იუმორის შეგრძნება და გემოვნება ერს შესამჩნევად დაუქვეითა. გვეცინება იმაზე, რაც სასაცილო სულაც არაა, მდარეა გამოხატვის ფორმები, ზედაპირულია დიალექტების იუმორისტულ იარაღად გამოყენების პრაქტიკა და ა.შ.

მოკლედ, პრობლემა ბევრია. სამწუხაროდ, მას ვერც თეატრი წყვეტს; სივრცე, სადაც, წესით და სამართლებრივად, კომედიამ სახელოვნებო ხარისხით, კამერტონი უნდა მისცეს დანარჩენ სოციალურ მიდგომას. „წამო, კაი კომედიას ვუყუროთ“ – ბოლოს როდის წარმოთქვით ეს ფრაზა და ვინმემ თუ დაგპატიჟათ „კარგ“ კომედიაზე?

შეიძლება ამაზე იკამათოს კაცმა.

თუმცა, მოვლენა, რომელიც ცოტა ხნის წინ ჩვენს თეატრალურ სივრცეში მოხდა, კამათისთვის ნაკლებად და, უფრო კი სწორედ კომედიის ჟანრის განვთარებისთვის, ჯანსაღი იუმორის წახალისებისთვის და კიდევ ბევრი კეთილშობილი მიზნისთვის განხორციელდა.

კომედიის საერთაშორისო ფესტივალი, წელს, 5 ივნისს, ქალაქ გორში, უცვლელი სლოგანით „დავაბრუნოთ ღიმილი ნაომარ ქალაქში“ – მეხუთედ გაიხსნა!

2014 წელს გიორგი ერისთავის სახელობის გორის სახელმწიფო თეატრის იმდროინდელმა სამხატვრო ხელმძღვანელმა, რეჟისორმა სოსო ნემსაძემ საქართველოს რეგიონული ხელოვნების განვითარების ფონდთან ერთად  დააარსა  ფესტივალი, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს ყველა ის თეატრი იღებდა, რომლის რეპერტუარშიც კომედიური ჟანრის სპექტაკლები იყო. მომდევნო წლებში ფესტივალმა უკვე საერთაშორისო სტატუსი მოიპოვა და მასში მონაწილეობის მისაღებად რამდენიმე ქვეყნის დასიც ჩამოვიდა.

კომედიის ფესტივალი ქ.გორის ყველაზე მნიშვნელოვანი კულტურული ღონისძიებაა. უკვე მეხუთე წელია, ქალაქში ზაფხულის მოსვლასთან ერთად კომედიის ფესტივალის დაწყებას ელოდებიან.

ყოველწლიურად მაყურებელს  შესაძლებლობა აქვს, ადგილზე გაეცნოს სხვადასხვა თეატრების რეპერტუარს,  მონაწილეობა მიიღოს საზეიმო მსვლელობაში.

ფესტივალის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი „Black Box”-ია, რომელიც თეატრის კრიტიკოსებს საშუალებას აძლევს საფესტივალო სპექტაკლის ნახვის შემდეგ უშუალოდ სპექტაკლის შემოქმედებით ჯგუფთან ერთად განიხილოს დადგმა.

წელს კომედიის ფესტივალში  მონაწილეობას  მარჯანიშვილის, სამეფო უბნის, თუმანიშვილის, რუსთავის, ფოთის, ზუგდიდის, მესხეთის, თავისუფალი, ილიაუნის, ყაზახეთის და მოზარდმაყურებელთა თეატრები იღებდნენ.

კომედიის ფესტივალისთვის წლევანდელი წელი მნიშვნელოვანია. საიუბილეოდ ის საერთაშორისო საფესტივალო გაერთიანების წევრი გახდა. მსოფლიოში სულ 4 კომედიის თეატრალური ფესტივალია, მათ შორის ადგილი წლევანდელი წლიდან უკვე საქართველოს კომედიის ფესტივალმაც დაიკავა. კომედიის ფესტივალი იმართება ჩინეთში, კანადაში, რუმინეთსა და საქართველოში.

5 ივნისს გორში საიუბილეო, მეხუთე კომედიის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი  მარჯანიშვილის თეატრმა ლევან წულაძის დადგმით – „როგორც გენებოთ “ – გახსნა. აღსანიშნავია, რომ უკვე მეხუთე წელია ფესტივალს ტრადიციულად მარჯანიშვილის თეატრი ხსნის. საფესტივალო რეპერტუარი კი სლოგანს „დავაბრუნოთ ღიმილი ნაომარ ქალაქში“ ნამდვილად ამართლებს.  ფესტივალი  გაიხსნა კოსტიუმირებული სანახაობით, რომელსაც ქუჩის თეატრი წარმოადგენდა. მსახიობები ოჩოფეხებითა თუ საკარნავალო კოსტიუმებით შემოსილნი მთელ ქალაქს ამცნობდნენ კომედიის ფესტივალის დაწყებას.

ფესტივალის საზეიმო გახსნას, წვიმის მიუხედავად, საზეიმო ელფერი არ დაკარგვია და მას მხიარული პერფორმანსებით ნიღბოსანი მსახიობები ალამაზებდნენ.

ფესტივალი 5-დან 14 ივნისის ჩათვლით მიმდინარეობდა და ნაომარ ქალაქში ბევრი ღიმილიანი სახე მართლა გამოჩნდა. თეატრის კრიტიკოსებს კი მიეცათ შესაძლებლობა, უფრო მასშტაბურად შეეხედათ და ემსჯელათ კომედიის ჟანრის ავკარგიანობაზე თანამედროვე ქართულ თეატრალურ სივრცეში.

რაც მთავარია, ფესტივალი აძლევს სტიმულს ქართული (და არამარტო ქართული) თეატრების დასებს, წლიდან წლამდე იმუშაონ რეპერტუარზე და დადგან კომედიური სპექტაკლები, რათა ხელიდან არ გაუშვან შესაძლებლობა, იყვნენ ამ მხიარული და მნიშვნელოვანი ფესტივალის მონაწილეები.

ქვეყანაში განვითარებული სოციალურ-პოლიტიკური თუ კულტურული მოვლენები, ელვის სისწრაფით მონაცვლე ამბები, ადამიანური ისტორიები, მოკლედ – ჩვენი ყოფის ქრონიკა, ვფიქრობ, უკვე ჟანრის კლასიკაა და ინსპირაციის უშრეტი წყარო დრამატურგებისა და რეჟისორებისთვის.

სიცილი ათავისუფლებს. ჯანსაღი სიცილი კი კურნავს. ჩვენ ორივე გვჭირდება.

 

 

 

 

 

 

კომენტარები

comments