შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

ნარცისი თუ გოლდმუნდი?

როდესაც ვსაუბრობ თავის ტვინის მარჯვენა და მარცხენა ნახევრსფეროების ფუნქციებზე და რომელიმეს უფრო მეტად მუშაობაზე თანამედროვე ადამიანში (მეცნიერულ თეორიებთან ერთად ამის თქმის საფუძველს მაძლევს სტუდენტებზე დაკვირვება ჩემი პედაგოგიური მოღვაწეობის მრავალი წლის განმავლობაში), მხედველობაში მაქვს არა რომელიმე ნახევარსფეროს უპირატესობა, არამედ ის, რომ  ადამიანთა ჰარმონიულობისათვის და სამყაროს მთლიანი სურათის აღქმისთვის საჭიროა  ნახევარსფეროთა  „დიალოგი“ და ორივე ნახევარსფეროს თანაბრად განვითარება და მუშაობა.

იქნებ მთელი პლანეტის პრობლემაც ესაა: ადამიანი, რომელიც ჩაიკეტა და ვერ ვითარდება იმის გამო, რომ ერთი ნაწილი ქაოსის მორჩილია, ხოლო მეორე ნაწილი – კოსმოსის. ნამდვილი სიცოცხლე კი ქაოსისა და კოსმოსის დიალოგია, ფორმისა და შინაარსის ურთიერთქმედებაა, ქალური და მამაკაცური ენერგიების შერევაა, მეცნიერებისა და ხელოვნების სინთეზია… მეტაფორულად ამ ყველაფერს დაპირისპირებულთა ერთიანობა ჰქვია: ინი და იანი.

თავის ტვინის მარჯვენა და მარცხენა ნახევარსფეროთა ცალ-ცალკე განვითარების პრობლემაზეა ჰერმან ჰესეს ძალიან საინტერესო ტექსტი: „ნარცისი და გოლდმუნდი“. ორი მარტოსული და ტანჯული ადამიანი, ერთი რომ მონასტრის წესებს შეფარებია და მეორე – დიონისურ ქაოსს დამორჩილებია. საბოლოოდ რომ ვერცერთმა ვერ იპოვა სიმშვიდე. ერთმანეთის მიმართ აღსარებებში ეს კარგად ჩანს. ნარცისისთვის გოლდმუნდი განსხვავებული და საინტერესოა და ასეთივეა გოლდმუნდიდსთვის – ნარცისი. ისინი აღიარებენ ერთმანეთის უნიკალურობას, მაგრამ ამ აღიარებას არ მოაქვს ურთიერთქმედება. ნარცისი რჩება თავის მონასტერში და ვერ წარმოუდგენია მის გარეთ არსებობა, თუმცა ხიბლავს გოლდმუნდის გამბედაობა და ცხოვრების ვნებებით სისავსე და გოლდმუნდიც არ ეხსნება ქაოსის ღმერთს და კვლავ და კვლავ მოგზაურობასა და თავგადასავლებზე უჭირავს თვალი… ის დიდხანს ვერსად ჩერდება… მას მხოლოდ სიკვდილი აჩერებს…

მათ დიალოგს როცა ახლა ხელხალა ვკითხულობ, თითქოს ეს არის არა ორი ადამიანის, არამედ ორი ცნობიერების, ან უფრო ზუსტად: მარჯვენა და მარცხენა ნახევარსფეროების დიალოგი და თან ისეთი დიალოგი, რომელშიც ორივე აღქმა ბოლომდე ინარჩუნებს ავტონომიურობას…

„თუ ნარცისი მოაზროვნე და ანალიტიკოსი იყო, გოლდმუნდი მეოცნებე და ბავშური სულის პატრონი ჩანდა…“  ნარცისს წარმოსახვის უნარი არ ჰქონდა, სურათხატებით და შეგრძნებებით ვერ აღიქვამდა სამყაროს, ხოლო გოლდმუნდისთვის აბსტრაქტული ცნებებით აზროვნება და სამყაროს აღქმა სიცარიელე და დიდი გაუგებრობა იყო. გოლდმუნდი გაოცებული ეკითხებოდა ნარცისს: „… განა ცნებები და აბსტრაქციები, რომელთაც უპირატესობას ანიჭებ, წარმოდგენები და სურათები არ არის? ნუთუ ის სიტყვები გვიყვარს და გვინდა სააზროვნოდ, რომლებითაც მართლაც ვერაფერს წარმოიდგენ? ან კი შეიძლება ისე აზროვნება, რომ ვერაფერი წარმოიდგინო? – კარგია, ამას რომ მეკითხები! – უპასუხა ნარცისმა. თუმცა, ცხადია, შეიძლება, წარმოდგენების გარეშეც იაზროვნო. აზროვნებას წარმოსახვებთან სულ მცირედი კავშირიც არა აქვს. ის სრულიქმნება არა სურათებით, არამედ ცნებებითა და ფორმულებით…… შენთვის სამყარო სახეებით წამოსდგება, ჩემთვის – ცნებებით…. – მე მეშინია,- თქვა გოლდმუნდმა, – რომ ვერასდროს შევძლებ, შენს სააზროვნო სამყაროში, სადაც წარმოდგენების გარეშე აზროვნებენ, ცნებათა აზრს ჩავწვდე… სიტყვა „სივრცე“ ჩემთვის არაფერია და ფიქრდაც არ მიღირს, ვიდრე ნამდვილ სივრცეს არ წარმოვიდგენ….“

ნარცისისა და გოლდმუნდის მეგობრობა სწორედ სამყაროთა განსხვავებულ ხედვას ეფუძნება და ამით მეტ მიზიდულობას იძენს, მაგრამ ერთად მხოლოდ დროებით არიან, მათ არ შეუძლიათ ბოლომდე ურთიერთმიღება და თანამშრომლობა. ნარცისს რომ ეგონა, გოლდმუნდი საბოლოოდ დამკვიდრდებოდა მონასტერში, მას თვალი მაინც გაქცევაზე უჭირავს… თითქოს ერთი მომთაბარეა და მეორე – ბარის ადამიანი…

თუ მარჯვენა და მარცხენა ნახევარსფეროთა ფუნქციებს და ნარცისისა და გოლდმუნდის დიალოგებს შეადარებთ, ადვილად აღმოაჩენთ, რომ ნარცისი მემარცხენეა, მეცნიერების ნახევარსფეროს წარმომადგენელი, ხოლო გოლდმუნდი – მემარჯვენე, ხელოვნების ნახევარსფეროს წამომადგენელი, ნარცისი – წესრიგი და კოსმოსია, გოლდმუნდი – ქაოსი და უწესრიგობა… სხვანაირადაც შეგვიძლია ვთქვათ: ნარცისი აპოლონია და გოლდმუნდი – დიონისე. ნარცისი გონების მსახურია, გოლდმუნდი – გულის, გრძნობების, ემოციების… მხოლოდ ასე შეიმეცნებს, მხოლოდ ცხოვრებისგან მიღებული განცდებით ხატავს და ქმნის უკვდავ სახეებს, რომლებიც ასე ცოცხალია…

„არა, სიტყვებით ვერაფერი გამოითქმება, ვერც მოიაზრება, მაგრამ  მაინც კვლავ გამოხატვის მოთხოვნილება გვაქვს, კვლავ ვესწრაფვით აზროვნებას.“ – ეს ნარცისია.

ეს კი გოლდმუნდი: „დიდებულია ვირგილიუსი, მაგრამ განა მას ყველა ლექსში აქვს გამოხატული სათქმელი ასე აშკარად, ასე ჭკვიანურად, ასე ლამაზად და შინაარსიანად, როგორც ეს მოახერხა ღეროზე სპირალურად ამოყრილმა პაწაწინა ფოთლებმა?“

მაინც ორივე მარტოსულია, ორივე ტანჯვით სავსე… ვერცერთი ვერ პოულობს სიმშვიდეს… ერთმანეთი იზიდავთ, აინტერესებთ, მაგრამ გაერთიანებას ვერ ახერხებენ, ურთიერთგავლენას ვერ ახერხებენ და „შევსებასთან“ ერთად ანადგურებენ ერთმანეთს… ასე გაანადგურა სიკვდილის წინ გოლდმუნდის სიტყვებმა ნარცისი“ „ -ნარცის, შენ ხომ დედა არ გყავს და არ ემორჩილები? უდედოდ არ შეიძლება სიყვარული… უდედოდ არც სიკვდილი შეიძლება…. გოლდმუნდის ბოლო სიტყვებმა გულზე ცეცხლი წაუკიდა ნარცისს…“

თუმცა ქალური ენერგიის მორჩილმა და ქალთა მორჩილმა გოლდმუნდმაც ვერ იპოვა ბედნიერება.

დასკვნით ნაწილში კი მდიცინის დარგში ნობელიანტ პროფესორ როჯერ ვ. სპერის Roger W. Sperry დავიხმარ: „უმნიშვნელოვანესი დასკვნა, რაც გამოიკვეთა, არის ის, რომ აზროვნების ორი სახე არსებობს: ვერბალური და არავერბალური, რომელთა ცენტრებიც ერთმანეთისაგან გამიჯნულად მარცხენა და მარჯვენა ნახევარსფეროშია. ჩვენი განათლების სისტემა, ისევე როგორც სამეცნიერო სფერო, საყოველთაოდ მიდრეკილია იქით, რომ ინტელქტის არავერბალური ფორმა უგულვებელყოს; ამას კი შედეგად მოსდევს საზოგადოების მხრიდან მარჯვენა ნახევარსფეროს დისკრიმინაცია. მონაცემთა საფუძველზე ვასკვნით, რომ ნაკლებდაფასებული მარჯვენა ნახევარსფეროს განსაკუთრებული უნარი მის მიერ მიღებულ გაღიზიანებათა უწყვეტ სინთეზურ გადამუშავებაში მდგომარეობს. ხოლო დიდად აღიარებული, მეტყველების განმაპირობებელი მარცხენა ნახევარსფერო მკაცრად ლოგიკურ-ანალიტიკურად – მსგავსად კომპიუტერისა – ოპერირებს.”

ვფიქრობ, რომ ახალი ცნობიერების ადამიანი არის უფრო სრული და დუალისტურ სამყაროზე ამაღლებული. ახალი ცნობიერების ადამიანი დიალოგის და ურთიერთქმედების ადამიანი, ეს ცნობიერება კი გამოიხატება: მეცნიერებისა და ხელოვნების დიალოგსა და ურთიერთქმედებაში, აპოლონურისა და დიონისურის სინთეზში, ქაოსისა და კოსმოსის მონაცვლეობაში, ფორმისა და შინაარსის შესაბამისობაში… რაც განათლების სისტემაშიც უნდა აისახოს.

სტატიის სათაურში დასმული კითხვა: ნარცისი თუ გოლდმუნდი? პასუხი ასეთია: უწყვეტი დიალოგი და ურთიერთქმედება მათ შორის, რაც წარმოშობს ახალი ცნობიერების ადამიანს. შინაარსი, რომელიც გავლენას ახდენს ფორმაზე და ფორმა, რომელიც მოქმედებს შინაარსზე… ფიქრობთ, ეს როგორ შეიძლება? მაშინ დალიეთ ერთი და იგივე ყავა განსხვავებული ჭურჭლით და მიხვდებით, რომ ფორმამ გემოზე მოახდინა გავლენა და თუ ეს ასე არ მოხდა, თქვენი ფორმისა და შინაარსის დიალოგი ჯერ კიდევ არ არის ურთიერთგავლენა და კიდევ სცადეთ!

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი