პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

გონებრივი იერიში – აქტიური მეთოდი ყველა საფეხურისათვის

გონებრივი იერიში არის ახალი იდეების ძიების ერთ-ერთი მოხერხებული მეთოდი. ის,  მოსწავლის შემოქმედებითი უნარების სტიმულირების გზით ქმნის პრობლემის ან კონკრეტული ამოცანის გადაწყვეტის საშუალებას. მიუხედავად იმისა, რომ ეს მეთოდი პირველად არასაგანმანათლებლო სივრცეში გამოიკვეთა, იგი აქტიურად გამოიყენება სწავლა-სწავლების პროცესში. გონებრივი იერიშის დროს მოსწავლეები თამამად,  წინაპირობების გარეშე გამოთქვამენ თავიანთ მოსაზრებებს, რომელთა თავმოყრა ყოველგვარი კრიტიკის გარეშე ხდება. ამ მეთოდის გამოყენებით შესაძლებელია მოსწავლეთა აქტიურობის ამაღლება და მაქსიმალური ჩართულობის მიღწევა. ამასთან ეს არის გარკვეული ვარჯიში საკუთარი აზრის მოკლედ და სწრაფად ფორმულირებაში. მეთოდი ხელს უწყობს  მოსწავლეთა შესაძლებლობების ჯგუფებში გაერთიანებას, შეკრებილი იდეების ერთობლივ განსჯასა და განვითარებას.

გონებრივი იერიში წარმოადგენს კრიტიკული აზროვნების ერთ-ერთ მეთოდს, რომელიც მიმართულია მოსწავლეთა კოგნიტური და შემოქმედებითი გააქტიურებისკენ. ის მოხერხებულია სკოლის ნებისმიერ საფეხურზე გამოყენებისთვის, რადგან შეგვიძლია, ასაკობრივი შესაძლებლობების გათვალისწინებით დავგეგმოთ გონებრივი იერიშის ამოცანა და კითხვები, და კრიტიკული აზროვნების გამჭოლ კომპეტენციის განვითარებაზე ნაბიჯ-ნაბიჯ ვიზრუნოთ.

სამზადისი

თავდაპირველად უნდა განვსაზღვროთ გაკვეთილის თემა და მიზანი, დავაკონკრეტოთ სასწავლო ამოცანები. შემდეგ იგეგმება თავად აქტივობა, თითოეული ეტაპისათვის გათვალისწინებული დრო. მნიშვნელოვანია, შევარჩიოთ კითხვები გონებრივი იერიშის წარმართვისთვის და ასევე, დავამუშაოთ კრიტერიუმები საუკეთესო წინადადებების შესაფასებლად და შესარჩევად.

წარმართვის წესები

გაკვეთილზე სამუშაო პროცესის ორგანიზების ერთი ვარიანტი შეიძლება კლასის 2 ჯგუფად გაყოფა იყოს.  ერთი ჯგუფი აყალიბებს იდეებსა და ვარაუდებს, ანუ ქმნის იდეების ბანკს. მეორე ჯგუფი ახდენს ამ იდეების ანალიზს, ავსებს და ავითარებს შერჩეულ იდეებს. შესაბამისად, ჯგუფები თანმიმდევრულად მუშაობენ.

შესაძლოა მივმართოთ გონებრივი იერიშის ორგანიზების  სხვა ფორმას, როცა მთელი კლასი ჯერ იდეების გენერირებაშია ჩართული და შემდეგ მათ განხილვაშიც  ყველა მონაწილეობს.

არსებობს ოდნავ განსხვავებული პრაქტიკაც, როცა მოსწავლეები ბარათებზე აფიქსირებენ თავიანთ იდეებს და მერე ხდება განხილვა, ან ეს ბარათები მოძრაობს ჯგუფებში და ხდება მათი ანალიზი, შევსება;

გონებრივი იერიშის წარმართვის ეტაპები

გონებრივი იერიშის ნებისმიერი ფორმა ანალოგიურ ეტაპებს მოიცავს.

იდეების ბანკის შექმნა, რასაც დაახლოებით 10 წუთი დაეთმობა. ამ ეტაპზე ხდება შესაძლო გადაწყვეტილებების მოკრება. რაც მეტი და მრავალფეროვანი იქნება ეს ჩამონათვალი, მით უკეთესი. მთავარია, მოსწავლეები გახსნილად გამოთქვამდნენ თავიანთ იდეებს, თუნდაც ისინი არარეალისტურად გამოიყურებოდეს. ამ ეტაპზე კრიტიკა და კომენტარები დაუშვებელია. ყველა წინადადების დატანა ხდება დაფაზე თუ ფლიპჩარტზე. მოსწავლეებს უნდა ჰქონდეთ განცდა, რომ თითოეულ მათგანს შეუძლია წვლილის შეტანა იდეების ბანკში.

იდეების ანალიზი. ამ ეტაპს გაკვეთილის დიდი ნაწილი დაეთმობა. ხდება ყველა მოსაზრების ერთობლივი განხილვა, ანალიზი, კრიტიკა. სასურველია, ყველას წინადადებაში ვიპოვოთ რაიმე მნიშვნელოვანი, განვიხილოთ მისი გამოყენების შესაძლებლობა განსხვავებულ სიტუაციაში. შესაძლებელია ამისათვის საჭირო გახდეს მისი კორექტირება, სრულყოფა.

შემდეგი შედეგების დამუშავებაა. ეს ეტაპი შეიძლება სხვა გაკვეთილზეც წარიმართოს. ყველა წინადადებიდან და იდეიდან ხდება ყველაზე საინტერესოს და პრაქტიკულის შერჩევა და ჩვენი თავდაპირველი პრობლემისა თუ ამოცანის გადასაწყვეტად გამთლიანება.

რეკომენდაციები

გონებრივი იერიშის გამოყენებისთვის აუცილებელია შეირჩეს თემა და ამოცანები, რომელიც დააინტერესებს მოსწავლეებს და განავითარებს მათ კვლევით პოტენციალს. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ პრობლემას, ამოცანას ჰქონდეს გადაჭრის მრავალგვარი შესაძლებლობა.

სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ დაწყებით საფეხურზე ამ მეთოდის გამოყენების დროს ბავშვები ხშირად ერთმანეთის იდეებს სხვადასხვა ფორმულირებით იმეორებენ. საჭიროა ეს თავიდან ავირიდოთ და პროცესი სწორ კალაპოტში მოვაქციოთ, მივუთითოთ მათ, რომ რაიმე განსხვავებული შემოგვთავაზონ.

იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლეები პასიურობენ, შეიძლება  პირადად ჩავეკითხოთ, სასურველია, უფრო აქტიური მოსწავლის შერჩევა.

გონებრივი იერიშის მეთოდის წარუმატებლობის მიზეზი შეიძლება იყოს უინტერესო თემა, როცა ის ბავშვებს არ აღუძრავს ინტერესს და ან ის, რომ მათ არ აქვთ იდეების თავისუფლად გამოთქმის გამოცდილება. ამ მეთოდთან გაშინაურების შემდეგ ის მოსწავლეების ერთ-ერთი საყვარელი აქტივობა ხდება.

ძლიერი და სუსტი მხარეები

გონებრივი იერიშის მეთოდის გამოყენებას თავისი უპირატესობები აქვს. ის ხელს უწყობს:

შემოქმედებითი და ანალიტიკური აზროვნების განვითარებას;

კომუნიკაციის უნარების განვითარებას. მოსწავლეები არამარტო თავიანთი მოსაზრებების ზუსტად და მკაფიოდ გამოთქმას სწავლობენ, არამედ სწავლობენ თანაკლასელთა მოსმენას, არ აწყვეტინებენ მათ აზრს და ცდილობენ მაქსიმალურად ჩაწვდნენ მათი იდეების არსს.

ფანტაზიისა და წარმოსახვის უნარების გაძლიერებას;

პოზიტიური, ადეკვატური კრიტიკის მიმღებლობას;

კიდევ ერთ დადებით მხარეს წარმოადგენს ის, რომ არ დგას მოსწავლეთა წინასწარ მომზადების საჭიროება.

მეთოდის სუსტ მხარედ მიჩნეულია ის, რომ მისი გამოყენება არ არის მიზანშეწონილი რთულ სადისკუსიო საკითხებზე მსჯელობისას. პროცესის მართვა საკმაოდ რთულია და წესების ცოდნასა და დაცვას მოითხოვს.

გამოყენების საზღვრები

ეს მეთოდი შესაძლებელია გამოვიყენოთ ნებისმიერ სფეროში. გაკვეთილზე მისი გამოყენება ნებისმიერ ფაზაზე შეიძლება. ასევე არ აქვს ასაკობრივი შეზღუდვა, არა თუ სკოლის ყველა საფეხურზე, არამედ საბავშვო ბაღსა და უმაღლესშიც წარმატებით გამოიყენება. მასწავლებელს შეუძლია შეარჩიოს ნებისმიერი თემა, როგორც კონკრეტული საგნის ფარგლებში, ასევე არასაკლასო პროგრამიდან.

გონებრივი იერიშის მეთოდის გამოყენება შესაძლებლობას იძლევა, რომ მოსწავლეებთან მოვახდინოთ იმის დემონსტრირება, რომ ერთსა და იმავე ამოცანას შეიძლება გადაწყვეტის რამდენიმე გზა  მოვუძებნოთ და თითოეული მათგანი იყოს სწორი და შედეგიანი. უბრალოდ ყველაფერი დამოკიდებულია კონკრეტულ მოცემულობაზე. ეს მეთოდები ხელს უწყობს სტერეოტიპების მსხვრევას, სრულიად ახალი, თამამი იდეების გენერირებას; ყველას თანაბრად ეძლევა ჩართულობისა და გამოხატვის შესაძლებლობა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი