სამშაბათი, მარტი 19, 2024
19 მარტი, სამშაბათი, 2024

კარგი შვილი, თბილისი, მეცენატი, თაიგული… მოკლედ, სამოქალაქო განათლება

ამ დღეებში ცნობილი გახდა, რომ დაწყებით კლასებში დამოუკიდებელ საგნად სამოქალაქო განათლება (მე და საზოგადოება) დაემატება. ეს საპილოტე პროგრამა სექტემბრიდან საყოველთაო უნდა გახდეს. დეტალები თანდათან გაცხადდება, მაგრამ თავად მიდგომა რომ მართებულია, ეს კამათს არ იწვევს. მომავალი მოქალაქე პატარაობიდანვე უნდა მიეჩვიოს საკუთარი თავის შემეცნებას, სოციუმის წინაშე პასუხისმგებლობას, სოციუმში ქცევის წესებს, რომ მომდევნო კლასებში უფრო სერიოზულ ამოცანებს გაართვას თავი.

ესგ-ს სადამრიგებლო საქმიანობის განაკვეთში ეს მიდგომა გარკვეულწილად გათვალისწინებული იყო, მაგრამ სიახლე უფრო თანმიმდევრულ შედეგზე გასვლის წინაპირობას შექმნის.

ჩვენი შემოთავაზება სადამრიგებლო საქმიანობაში გამოადგებათ დაწყებითი კლასების პედაგოგებს, სანამ ახალი პროგრამა და სახელმძღვანელო ექნებათ.

ეს ტექსტი ( დანართი 1) შეგვიძლია კითხვის საათისათვის გამოვიყენოთ. აქტივობის მიზანი, თვალსაწიერის გაფართოებასთან ერთად, წაკითხულის გააზრება-გაანალიზება და კრიტიკული აზროვნების განვითარება იქნება.
გარდა სათაურშივე გამოტანილი თემისა, ტექსტი რამდენიმე მიმართულებით მუშაობის საშუალებას მოგვცემს:

1.დედაქალაქი და მისი ღირშესანიშნაობები;
2.ქველმოქმედება და მეცენატობა;
3.გოგონები და ბიჭები;
4.საზოგადოებაში ქცევის წესები.

პირველი აქტივობა წინასწარ მომზადებული ტექსტის ხმამაღლა კითხვა იქნება. მასში რამდენიმე მოსწავლე მიიღებს მონაწილეობას, სხვები თვალს მიადევნებენ. დასრულების შემდეგ ყველას ეძლევა ,,ორთქლის გამოშვების”, ანუ აზრის გამოთქმის საშუალება. მოსაზრებებს ჩამოვწერთ დიდ ფურცელზე (ანალოგიურებს არ ვიმეორებთ). შემდეგ ვაჯგუფებთ და ვახდენთ შეჯამებას. ყურადღებას ვამახვილებთ სათაურის შინაარსზე და მოსწავლეებს ვთხოვთ, დაასახელონ სხვა მაგალითები, როცა შვილის საქციელმა დედა გაახარა და პირიქით.

მეორე აქტივობა. გონებრივი რუკის სქემას ვაკეთებთ დიდ ფურცელზე, შუაში ვწერთ ,,თბილისის ღირშესანიშნაობები”, ბავშვებს ვურიგებთ ფერად წებოვან ფურცლებს და ვთხოვთ დაწერონ მათთვის დედაქალაქში ყველაზე საყვარელი და საინტერესო სანახაობა. შემდეგ ვკრებთ ფურცლებს და დაჯგუფებულად ვაკრავთ გონებრივი რუკის სხივებზე. ვაკეთებთ კომენტარს ჯგუფებზე ( კულტურული კერები, ისტორიული ძეგლები, სანახაობები, გასართობი ადგილები…). თქვენი შეხედულებისამებრ გამოყავით 3-4 მნიშვნელოვანი ღირშესანიშნაობა, შექმენით ამდენივე ჯგუფი, გაუნაწილეთ ღირშესანიშნაობები. აუხსენით, რომ ისინი არიან ექსკურსიამძღოლები და შემდეგი შეხვედრისათვის უნდა მოამზადონ პრეზენტაცია.

მესამე აქტივობა. განუმარტეთ მეცენატობისა და ქველმოქმედების ტერმინები და სთხოვეთ მოსწავლეებს გამოთქვან თავიანთი აზრი, გაიხსენონ მათთვის ცნობილი ქველმოქმედება. თუ აქვთ სურვილი თავადაც გახდნენ მეცენატები. რას გააკეთებდნენ ამის საშუალება რომ ჰქონდეთ? (უმჯობესია, ამ კითხვაზე პასუხისთვისაც დრო მივცეთ და შინ პატარა ესეს მომზადება დავავალოთ, ხოლო საუკეთესო ნაშრომებით გავაკეთოთ კედლის გაზეთი ,,დღეს ვოცნებობთ, ხვალ გავაკეთებთ”).

მეოთხე აქტივობა. გოგონებისა და ბიჭების თემასთან დაკავშირებით კარგი იქნება, ყურადღება გავამახვილოთ წინადადებაზე ,,თანაც ძალიან კარგი გოგოა, სხვებივით მეტიჩარა და აუტანელი არ არის”. ეს წინადადება დავწეროთ დაფაზე ან დიდ ფურცელზე და გავმართოთ დისკუსია, მოვიშველიოთ კითხვები: სწორია თუ არა, რომ ბიჭები გოგონებს ასე მოიხსენებენ? შეიძლება თუ არა, ბიჭი იყოს მეტიჩარა და აუტანელი? დისკუსიის ამ ნაწილის დასამთავრებლად (რომ ის გოგონებისა და ბიჭების დაპირისპირებაში არ გადაიზარდოს) საუბარი კეთილგანწყობით კალაპოტში გადაგვყავს: ვაჩენთ წინასწარ გამზადებულ ამონარიდს ,,ნიკას ადრე ეცინებოდა, როცა ბიჭები გოგონებს თაიგულს ჩუქნიდნენ, ახლა კი გული დაწყდა, რომ მას არ ჰქონდა ყვავილები ამ ნიჭიერი და ლამაზი გოგონასათვის”. რა მოხდა, რამ შეცვალა ნიკას განწყობა? მიგირთმევიათ თუ არა ყვავილები ვინმესთვის?

მეხუთე აქტივობა. საზოგადოებაში ქცევის წესები – ამ საკითხთან დაკავშირებით, ვქმნით 4 ჯგუფს, ვაძლევთ დროს 5 წუთს, რომ ტექსტში მონიშნონ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე ქცევის წესებზე მიმანიშნებელი ფრაზები და შემდეგ წაიკითხონ. კიდევ რას დაამატებდით, როგორი ქცევაა საჭირო ასეთ ადგილას?

საბოლოოდ, გონებრივი იერიშით ვაჯამებთ, რა გვასწავლა ამ მოთხრობის წაკითხვამ, რაზე დაგვაფიქრა, რისი გაგების სურვილი აღგვიძრა და ასე შემდეგ.

ეს აქტივობები თქვენი საჭიროებების გათვალისწინებით, შეიძლება რამდენიმე შეხვედრისთვის გადაანაწილოთ, თუ თითოეულ თემას უფრო მეტ დროს დაუთმობთ. კარგი იქნება აქტივობების ვიზუალიზაცია თემატური საპრეზენტაციო ფაილებით.
დანართი 1
,,კარგი შვილი დედის გულის ვარდია……”
ზაფხულის არდადეგების ბოლო კვირას ნიკა თბილისს ეწვია. სტუმარმა ყველა გაახარა. განსაკუთრებით გიო გაახალისა დეიდაშვილის სტუმრობამ. დეიდამ მთელი კვირა დაგეგმა, რომ ნიკას ბევრი რამ ენახა. ბიჭები ხან მთაწმინდის პარკის ატრაქციონებზე იყვნენ, ხან ზოოპარკში, ნორჩი მხატვრების გამოფენაც დაათვალიერეს ძველ უბანში, ხელოვნების მუზეუმს ყველაზე დიდი დრო დაუთმეს.

ერთ დღეს შინ დაბრუნებულებს მაგიდაზე მოსაწვევი ბარათები დახვდათ. კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში გიოს თანაკლასელის – ანანოს კონცერტი იმართებოდა და გიო მშობლებთან ერთად იყო მიწვეული.
ზურა ბიძიამ – მე წამოსვლა არ მომიხერხდება და ჩემი მოსაწვევი – ნიკასო.

ანანომ პრაღაში გამართულ ნორჩ პიანისტთა საერთაშორისო კონკურსზე გაიმარჯვა და შინ გახარებული დაბრუნდა. ახლა აქ მართავდა კონცერტს.

– იცი, რა მაგრად უკრავს, თანაც ძალიან კარგი გოგოა, სხვებივით მეტიჩარა და აუტანელი არ არის, – უთხრა გიომ.
დეიდამ ბიჭები გამოაწყო და საღამოს 6 საათისთვის კონსერვატორიაში წავიდნენ. ნიკა დაინტერესდა ვისი ქანდაკება იდგა შესასვლელის ზემოთ.

– ეს ანტონ რუბინშტეინია, მუსიკოსი. მან მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს გამართა კონცერტი თბილისში და იქიდან მიღებული მთელი შემოსავალი ამ შენობის ასაგებად გაიღო.

– ერთი კონცერტის თანხით აშენდა?

– ეს პირველი თანხა იყო, შემდეგ ამ მშენებლობაში ქართველმა მეცენატებმა ძმებმა ზუბალაშვილებმა შეიტანეს დიდი წვლილი. მაშინ აქ მუსიკალური სასწავლებელი გაიხსნა. უფრო მოგვიანებით – კონსერვატორია, – ღიმილით აუხსნა დეიდამ.

– დედა, მეცენატი რას ნიშნავს? – დაინტერესდა გიო.

– ის ადამიანია, რომელიც საზოგადოებისთვის სასიკეთო საქმეებისთვის საკუთარ თანხას იხდის.

ხალხი ნელ-ნელა იკრიბებოდა, ესალმებოდნენ ერთმანეთს, კითხულობდნენ, ხმამაღლა არავინ ლაპარაკობდა. იქვე იყო ერთი ლამაზი ქალი, რომელთანაც ყველა მიდიოდა, ულოცავდა. ეს ანანოს დედააო, აუხსნა დეიდაშვილმა. ნიკა ჩუმ-ჩუმად ათვალიერებდა იქაურობას და აღფრთოვანებას ვერ მალავდა. უკვე ფიქრობდა იმაზე, სოფელში ჩასული როგორ მოუყვებოდა ამ ამბავს, თანატოლებსაც და უფროსებსაც. მალე დარბაზში შევიდნენ და ადგილები დაიკავეს.

სცენაზე როიალი იდგა. გამოვიდა შავფრაკიანი კაცი და ანანოს წარმატებებზე ილაპარაკა, მერე მისი პედაგოგი წარუდგინა საზოგადოებას, ისაუბრა ანანოს დედაზე, რომელიც ნიჭიერი შვილის ხელშესაწყობად ძალიან ზრუნავდა. ბოლოს, საკონცერტო პროგრამაც წარადგინა და სცენაზე თავად ანანოს მოუხმო.

ტაშის ხმაზე პატარა გოგონა გამოვიდა და დარბაზს თავი დაუკრა. ტაშმა იმატა, გოგონამაც უფრო დაბლა დაღუნა თავი და შემდეგ როიალისკენ წავიდა. პიანისტი მოერგო სკამსა და როიალს.

მსმენელი დადუმდა. გოგონამ ხელები მოიმარჯვა და დარბაზი ულამაზესი მუსიკით აივსო. ნიკას თავი სიზმარში ეგონა. მისი კლასელებიც დადიოდნენ მუსიკაზე, მისი უფროსი ბიძაშვილიც სამუსიკო სკოლის წარჩინებული იყო და ნიკას თხოვნით ხშირად უკრავდა, მაგრამ ეს სულ სხვა იყო. ბგერები ხან მხიარულად დახტოდნენ და ხან სევდიანად დაფრინავდნენ დარბაზში. ბიჭს ხან ტყე და ჩიტების ჭიკჭიკი მოაგონდა, ხან – შფოთიანი ზღვის ხმაური.

დარბაზი მონუსხულივით უსმენდა. მუსიკა შეწყდა. მსმენელები ერთხანს დუმდნენ, მერე ტაშმა იფეთქა. აწითლებული გოგონა თავდახრილი იდგა სცენაზე. ბოლოს გამოაცხადა, ნება მიბოძეთ, ერთი პატარა კომპოზიცია კიდევ შეგისრულოთ, რომელსაც დედას ვუძღვნიო.

დარბაზი ისევ მიყუჩდა. როიალმა ჯერ დაბალი ხმები გამოსცა, მერე ხმამ იმატა, იმატა მაგრამ რბილად, თბილად. ნიკას დედა გაახსენდა და ძალიან, ძალიან მოენატრა. მუსიკამ მთელ დარბაზს უალერსა, უალერსა და ნელ-ნელა სადღაც გაიპარა..

ისევ ტაშმა გადაფარა ყველაფერი, სცენისაკენ წავიდნენ თაიგულიანი ბავშვები, უფროსები. გიომაც მოიმარჯვა ვარდები. ნიკას ადრე ეცინებოდა, როცა ბიჭები გოგონებს თაიგულს ჩუქნიდნენ, ახლა კი გული დაწყდა, რომ მას არ ჰქონდა ყვავილები ამ ნიჭიერი და ლამაზი გოგონასათვის. ანანომ ლამაზი თაიგულები შეარჩია და თავის პედაგოგსა და დედას მიართვა.

მაყურებელი დარბაზს ტოვებდა, წამოსვლის წინ დეიდა ისევ მივიდა ანანოს დედასთან დასამშვიდობებლად. ის ლამაზი ქალი უფრო გალამაზებულიყო, თითქოს ბრწყინავდა. მასთან ყავარჯენზე დაყრდნობილი ცნობილი მუსიკოსი იდგა და ეუბნებოდა – ,,კარგი შვილი დედის გულის ვარდია”, ცუდი ყველას აშოროს, თქვენ შესანიშნავი შვილი გყავთო.

შინ ძალიან კმაყოფილები დაბრუნდნენ. დასაძინებლად დაწოლილ ნიკას ის ჯადოსნური ხმები ჩაესმოდა და თვალწინ პრიალა კაბაში გამოწყობილი ანანო ედგა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი