პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

ფიქრები ოთარ ჭილაძის ლექსზე ”ადამიანი გაზეთის სვეტში”

ადამიანი ჰგავს იმ ქვეყანას, რომელსაც მისი სამშობლო ჰქვია

  • ”მე მარცვალი ვარ, ღმერთის კალთიდან გადმოვარდნილი”…
  • ჰო, მაგრამ, სად წავა ჩემი სული სიკვდილის შემდეგ?
  • ჰმ, ამას კითხულობენ დასაბამიდან დღემდე. რამდენი ფილოსოფიური სკოლა მოინელა ამ კითხვამ? რამდენმა მწერალმა და მითოლოგოსმა უტრიალა? რამდენმა მითოსურმა არქეტიპმა გვაჩვენა უფლის კალთიდან ჩამოვარდნილი მარცვლის გზა მიწიდან ზეცამდე? და მაინც: სისხლი გვეყინება ძარღვებში:
  • სად წავა ჩემი სული?
  • ოთხი გზა გვქონია:  ან ჩიტები აგვკენკავენ და დავრჩებით ჩიტის ჩიჩახვში (შარაზე თუ დავარდა მარცვალი); ან გავღვივდებით, მაგრამ ფესვს ვერ გავიდგამთ და მალე მოგვაშთობს მცხუნვარე მზე (თუკი კლდეზე დავვარდებით); ან სულაც უკვალოდ დავიკარგებით (თუკი ეკალ-ბარდში აღმოვჩნდებით და ჯაგნარმა მიგვიბარა); ან… თბილ ხნულში ჩავვარდებით და გავღვივდებით რომელია? აღმოვცენდებით, გავმრავლდებით და მარად ივლის ახალი თესლი თბილი ხნულისკენ…

საბას იგავის (”განშორებული და მარტვილი”) მორალი გვიმხელს: განშორებულს (ანუ განდეგილს) გაუკვირდა, მარტვილმა (ბავშვმა) საიდან იცისო, მიცვალებული ცხონდა თუ წარწყმდაო… მე უსასრულო მდუმარებასა და ძიებაში ვერ შემიცნია, ვინ ცხონდება და ვინ წარწყმდებაო. ბავშვმა კი იოლად ახსნა: მიცვალებულის უკან მიმავალ პროცესიას მივუგდებ ყურს და რასაც მასზე ლაპარაკობენ, იმის მიხედვით ვარკვევ, ვინ იმკვიდრებსო ნათელს სასუფევლისას…

სუსტია თუ ძლიერი ადამის და ევას ნაშიერი? სუსტიც და ძლიერიც! მაგრამ უფრო? უფრო სუსტი…რატომ? ”რადგან არ იცის, როგორ იმართლოს ან ვის წინაშე იმართლოს თავი”…

უფალმა შექმნაო, ”სახედ და ხატად თვისაო”, ყოვლი ხელმწიფე ვართ ”სახითა მის მიერითაო”… ჰო, ასეა, აბა სხვაგვარად როგორ იქნება? ასე გვინდა და ასე გვწამს და ასეც არის, მაგრამ კიდევ: ”ადამიანი ჰგავს იმ ქვეყანას, რომელსაც მისი სამშობლო ჰქვია”…

ნუთუ ღმერთსა და სამშობლოს ვგავარ? მაშინ გადარჩენილა ჩემი სული და ეგ არის, მაგრამ სად წავა იგი? თავი დავიმშვიდო? ვერა! ერთი დათქმაა: თურმე როდის ვგავარ სამშობლოს? – როცა ჩემი სული განათებულია თავისუფლების ელვარე სხივებით… მეტიც… თუკი ეს ნათელი ჩემში არ არის, სამშობლო არც მქონია, რადგან ”სამშობლო თავს ურჩევნიათ ადამიანებს და არა მონებს”… ანუ ადამიანი მხოლოდ იმდენად ხარ, რამდენად მაღალიც  არის შენი შინაგანი თავისუფლების ხარისხი… თავისუფლება შუქია, მაგრამ რა არის მონობა? მონობა სულის საჭურისობაა, არა სხეულის… სხეულით საჭურისობა ფსიქიკას ანგრევს, მაგრამ აქ მაინც არის გზა ხსნისა, რადგან სქესი მხოლოდ ხორცია, ხრწნადი ლეში… კიდევ, კიდევ რა რის მონობა? მონაა თავისუფლებაწართმეულიც და თავისუფლების წამრთმევიც (…”და ვინც სხვას ართმევს თავისუფლებას, მონაა ისიც”…)

მხატვრული ტექსტი თუნდაც მხოლოდ იმით არის უნივერსალური, რომ მკითხველს შეასახლებს გმირის სულში და საკუთარ თავს ვხედავთ საკუთარი სისხლის გუბეში ჩამხობილ კრუს ხიმენესად – ამერიკელ ჯარისკაცად… და თუ შენ ისიც იგრძენი, რომ ამ სისხლიან გუბეზე ხიდივით გადამხობილხარ დასასჯელებსა და დამსჯელებს შორის, ჩათვალე, რომ მწერალს ხელახლა მოუვლენიხარ დედამიწაზე, ახალი სული ჩაგბერვია, სამყარო დაგინახავს ფართოდ გახელილი თვალებით…

ამა სოფლად სიცოცხლის წყურვილსა და თავისუფლების საამო განცდას გვიკლავს დედასთან და საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა, წყალი, ჰაერი, ხე, ქვა, ცა,მიწა, ზღვა, ქარი, მზე, თოვლი, წვიმა, კაცს – სოფლელი გოგოს, ხოლო ქალს – თავისი კაცის სურნელი, საკუთარი საწოლი, სადაც გაიტრუნები და დატკბები თავისუფლებით, მაგრამ როცა ტყვიებს ჩაგაჭედებენ სხეულში და ისინი სხედან შენში, როგორც ”მხეცები ღრმა სოროებში”, იქ, ზევით, უკვე სხვაგვარია ყველაფერი… მხოლოდ იქ ხვდები, რომ ”შენი სიკვდილის ერთადერთ მიზეზს სიცოცხლე ქვია”, იმიერეთში უკვე სხვაგვარად გრძნობ იმ ყველაფრის გემოს, რაც მიწაზე ასე გხიბლავდა… იქ შენი სული თავისუფლდება და მაღლდება იმის შეგრძნებით, რომ შენი ”რამდენიმე გრამი სიკვდილით” სხვა იხსენი, ეს რამდენიმე გრამი სიკვდილი მოპარე ქვეყანას, სხვებს მოაკელი, თავად დანებდი და შეასრულე ყველაზე მაღალი ადამიანური მისია დედამიწაზე…

 

ჯარისკაცის მისია 

 

მუნდირის ღირსება… ჯარის სამართალი და სამხედრო წესდება… ქიაჩელის გმირმა, უჯუშ ემხამ, მუნდირის ღირსების შემლახველ წითელარმიელს – ვასკა პირატს ცხელი ტყვია დააჭედა შუბლში, მაგრამ განა მუნდირში შემოსილი სხეულის სულში რამე გააქრობს მარადიულ ეჭვსა და შიშს? მუნდირიანმა იცის, რომ სამშობლოს მტრისგან დაცვა საკუთარი სისხლით მისი ვალია, მაგრამ მისგან სიცოცხლეს მხოლოდ სამშობლო ითხოვს და არა ზემდგომი ოფიცრის ბრძანება… სამშობლოს ვერ დაიცავს ჯარისკაცი, რომელმაც არ იცის საკუთარი ჭერის და პურის გემო, რომელსაც მზის დაფასება არ შეუძლია, რომელიც კუს ჯავშანს დაათრევს… ხშირად გავიმეოროთ, რომ შევახსენოთ პოლიტიკოსებს, ქვეყნის მმართველებს, თავდაცვის მინისტრებს და მაღალი რანგის მოხელეებს: სამშობლოს მხოლოდ ის ჯარისკაცი დაიცავს, რომელიც მიუსაფარი არ არის და ჭერი და პური არ ენატრება, რომელსაც აქვს ესთეტიზმის განცდა, მზის ტრფიალი და რომელსაც კუს ჯავშნად არ კიდია თავისუფლების შეზღუდვა.

 

ფიქრის უფლება

 

რა ყოფილა ყველაზე ძვირი ცხოვრებაში? – ფიქრის უფლება… საკუთარ ვნებებზე დავფიქრდი ახლა. როცა ცხოვრება მაჯანჯღარებს და გულის სისხლს ითხოვს, ხშირად მიჩნდება ხოლმე პროტესტის გრძნობა: რა იქნება, რომ დამაცადონ ფიქრი, საკუთარ თავთან მარტო დარჩენა? მგონი, ზვიად რატიანმა თქვა ერთ ლექსში, ”არაფრის კეთება თქვენ საქმე არ გგონიათო?” ჰოდა, ასეა: არაფრის კეთება წისქვილში ჯდომას გავს. ქალაქელებს ეს ალბათ ნაკლებად გამოუცდიათ, მაგრამ სოფლელებმა ვიცით: წისქვილის გრუხუნში, როცა დოლაბი ტრიალებს, როგორც ცხოვრება და ფქვავს, ფქვავს, შენ ზიხარ გარინდებული და ფიქრობ, ფიქრობ, ”რადგან ცხოვრების ავან-ჩავანი ფიქრში ირკვევა” და ფიქრი რაზე?

  • ”რომ კაცი ვერასდროს ვერ შეათავსებს ბოროტს და კეთილს”…
  • ”რომ უნდა გწამდეს ერთი კანონი: თავისუფლების და სიყვარულის”…
  • რომ ყველასთვის უცხო ხარ მუდამ. იმათთვისაც, ვისაც განუდექი (ისინი ტყვიას დაგახლიან) და იმათთვისაც, ვისთვისაც თავი გაწირე (ისინი უნდობლად გიყურებენ ან სულაც არ გიყურებენ)…
  • რომ არ შეიძლება, ”უსასრულოდ მხოლოდ ძლიერი იყოს მართალი” და ”არ შეიძლება, რომ მტრები იყვნენ უიარაღო დემონსტრანტები”…
  • რომ ”თუ სხვებიც არ მიეხმარნენ, ვეღარ დაიცავს სიმართლეს სუსტი”…

 

შენ ”ზიხარ წისქვილში” და ფიქრობ საკუთარ ხვედრზე, თავგანწირვაზე, იმაზე, რაც ყველაზე ძვირფასია შენთვის, რუსეთის არმიის ოფიცერ დავით კლდიაშვილივით, რომელსაც ბათუმში გაფიცულთა დარბევა დაავალეს და ის კი დემონსტრანტებს შეუერთდა. კრუს ხიმენესსაც ღამის წყვდიადმა უბიძგა, რომ დემონსტრანტებს შეერთებოდა. და ყოველ ჩვენგანში სახლობს დავით კლდიაშვილიც და კრუს ხიმენესიც, რომელიც იწვის ჩაგრულთა სიყვარულისა და თანაგრძნობის უნარით და გვინდა მივცეთ საკუთარი სისხლი ამ ადამიანებს, ”როგორც ნიშანი პატიოსნების და ერთგულების”…

და ვინც სხვათა თავისუფლებისთვის იბრძვის, სწორედ და მხოლოდ ისაა პატივისცემის ღირსი, სწორედ იმას შერჩა და უყვარს სამშობლო, სწორედ ის აფასებს ადამიანთა მონაპოვარს შორის ყველაზე ტკბილს – თავისუფლებას და არასდროს დაადგამს ქედზე უღელს თავის სამშობლოს.

 

ნუთუ ვერასდროს ვერ მოერევა და ვერ განდევნის ბოროტს კეთილი?

 

”ვიღას სჭირდება ამდენი სისხლი?”

”ან რატომ კვდება ადამიანი, თუ დამტკიცება უნდა სიმართლის?”

”რატომ ვერ ძღება ყველა სტომაქი კუთვნილი პურით, წყლით და ჰაერით?”

ამ კითხვებზე პასუხი ერთ კითხვაში ერთიანდება და ასე ჟღერს: ”ნუთუ ვერასდროს ვერ მოერევა და ვერ განდევნის ბოროტს კეთილი?”

კაცობრიობის ისტორიაც, მითოსიც, რელიგიაც და ლიტერატურაც ბოროტისა და კეთილის ჭიდილის ასახვაა. დედამიწაზე ბნელი და ნათელი მუდამ მონაცვლეობს. როცა განსაცდელში ვვარდებით, უნდა გავაცნობიეროთ კანონზომიერება, რომ ”შავს ყოველთვის თეთრი მოსდევს”… გარდა ამისა, არის კიდევ რაღაც, რაც ჩვენზეა და ზემოთ დასმულ კითხვებზე პასუხიც ეს არის: ”ადამიანი უფრო მეტია, ვიდრე ჰგონია, მაგრამ აქამდე ვერ უპოვნია საბრალოს თავი და გადის მისი მოკლე ცხოვრება შურში, მტრობასა და სიძულვილში”…

თუ რამე გვანგრევს, თუ რამე გვფიტავს და ადამიანურს გვართმევს, ეს სიყვარულის დეფიციტია, სიძულვილიც სიყვარულის დეფიციტია, გაშავებული ნათელი…

– ”შენ რატომ უნდა გეძინოს ცუდად, თუ მე რაღაცით ვარ ბედნიერი?”

– ”ან რატომ უნდა გეძინოს მშვიდად, როცა მე ვწევარ სისხლის გუბეში?”

არადა, გულზე ხელი დავიდოთ: ხომ ხშირად ვაკეთებთ დეკლარაციებს ჩვენს ღვთაებრივ ბუნებაზე, მაგრამ რამდენჯერ გვიძინია ცუდად ვიღაცის ბედნიერების გამგონეს და დაგვწყვეტია გული, რომ ახლა იმ ბედნიერის ადგილზე ჩვენ არ ვართ, ხოლო როცა სხვას დავინახავთ სისხლის გუბეში, რაღაცნაირი ბოროტი შვება-სიამე ეფინება სულს იმის განცდით, რომ იქ მე არა ვარ და იმ გუბეში კრუსი აგდია.

ბოროტება ყოველთვის იარსებებს თავისთავად, მაგრამ ის მაშინ ძლიერდება, როცა ჩვენს სულებში ჩაყრის ნერგებს, მისი ფესვები ლამის დედამიწის წიაღსაც იპყრობს, ხოლო როცა ადამიანები მას განდევნიან, ბოროტი ცხრება, იწრიტება ძალებისგან. მაშ, სად ყოფილა პასუხი კითხვაზე: მოერევა თუ არა ბოროტს კეთილი? ამის აღსრულება ჩვენს ხელთაა. თუკი ჩვენ სიხარულს ვიგრძნობთ სხვისი ბედნიერების შემყურე და თუკი მშვიდად არ გვძინავს, როცა კრუსი წევს სისხლის გუბეში, ჩათვალეთ, რომ ბოროტება დაგვიმარცხებია, ბნელი გაგვინათებია, ძალა გამოგვიცლია სატანური საწყისისთვის.

კრუსი არ ნანობს, ასე რომ მოკვდა, რადგან ”რაღაცას ნიშნავს ასე სიკვდილიც”… ”როგორც ტყეებში ქარებს გადააქვთ თესლი ხეების, ისე გადადის გულიდან გულზე ჩვენი ფიქრები და სურვილები” და სისხლიან გუბეში ჩამხობილი კრუსი არც მომკვდარა და არც მარტოა… მან ისეთი რამ დამანახა და მაგრძნობინა… მე მივდივარ კრუსთან და ის ჩემს სულში შემოდის, როგორც გაუმქრალი ნათელი, რომელიც სამუდამოდ იდებს ბინას ჩემს გულსა და სულში და ამიერიდან მე ”მეც” ვარ და კრუს ხიმენესიც. მერე რა, რომ არც სქესი გვაქვს ერთი, არც ეროვნება, არც რელიგიური მრწამსი, არც პროფესია, არც გემოვნება და ინტერესები… ის, რაც კრუსმა მომცა, ყოველივე ამაზე მაღლა დგას, ზედროულია და ზესივრცული.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი