ნაცნობი და უცნობი  ისრაელი

ახლო აღმოსავლეთი, რომლიც ევროპის, აზიისა და აფრიკის შესაყარზე მდებარეობს,  ერთ-ერთი ძირითადი კვანძი იყო, სადაც თავს იყრიდა და ვრცელდებოდა  სხვადასხვა კულტურა.  ამ რეგიონში ბუნებრივ-გეოგრაფიული, ისტორიულ-კულტურული პირობებითა  და ცხოვრების წესით განსხვავებული რამდენიმე  სახელმწიფოა, რომელთა უმეტესობა არაბული სამყაროს ნაწილია. სწორედ აქ მდებარეობს უძველესი და, ამავე დროს,  შედარებით ახალი, მსოფლიოში ერთადერთი ებრაული  ქვეყანა – ისრაელი. იგი 1948 წლის 14 მაისს შეიქმნა და აღდგა ებრაელი ხალხის სუვერენიტეტი. ამჟამად ქვეყნის ფართობი  20 770 კვ. კმ-ია. ქვეყანა  ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ 470 კმ.-ზეა გადაჭიმული, ხოლო ყველაზე განიერი ადგილი სულ რაღაც 137 კმ-ია. ხმელთაშუა ზღვის სანაპიროდან მკვდარ ზღვამდე 1.5 სთ.-ის სავალი გზაა.

მიუხედავად ტერიტორიის სიმცირისა, ქვეყნის რელიეფი, კლიმატი და,  საერთოდაც, ბუნება დიდი მრავალფეროვნებით გამოირჩევა. ზღვის სანაპიროს გასწვრივ დიუნებიანი ყვითელი ფერის ქვიშიანი ზოლი ვრცელდება, სადაც ალაგ-ალაგ კურკარის (სილისა და ნიჟარების მარჩენებისგან აგებული ქანი) ბორცვებია აღმართული.  დღესდღეობით სანაპირო ზოლი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული  ტერიტორიაა ქვეყანაში. აქ მცხოვრებ ადამიანებს  ამისთვის  უწყლობასა და უნაყოფობასთან  ხანგრძლივი ბრძოლა მოუხდათ. დღეს  ეს რეგიონი საირიგაციო სისტემებით ირწყვება. დიუნების ადგილას გაჩნდა დასახლებები, ბაღები, ციტრუსების პლანტაციები, პარკები.

ისრაელის ჩრდილოეთი ნაწილში ერთმანეთს ენაცვლება  მაღალი მთები და ღრმა ხეობები, მიწისზედა და მიწისქვეშა კარსტული რელიეფის ფორმები  მ.შ. მღვიმეები.  ლანდშაფტების მრავალფეროვნებამ ეს მხარე  ნაკრძალების სამეფოდ  აქცია: აქ  ასამდე ნაკრძალი და ეროვნული პარკია თავმოყრილი, რომელთა  საერთო ფართობი 1000 კვ. კმ-ზე მეტია. ქვეყანაში  ბუნების დაცვა სახელმწიფო მნიშვნელობის საქმეა. უფრო მეტიც, ფრინველთა გადაფრენის დროს თვითმფრინავებისა და ფრინველების შეჯახების თავიდან ასაცილებლად იკრძალება მოძრაობა  ფრინველთა გადაადგილების მიმართულებით. ბიბლიაში მოხსენიებული ფლორისა და ფაუნის სახეობების აღდგენისა და შენარჩუნების მიზნით ქვეყნის ცენტრში ბოტანიკური ნაკრძალი „ნეოთკედუმიმი“  და ზოოლოგიური ნაკრძალი  „ჰაიბარია“ შექმნილი.  ამ ნაკრძალებში მომუშავე მეცნიერები მთელ მსოფლიოში მოგზაურობენ და აგროვებენ მცენარეთა და ცხოველთა სახეობებს.

ტყეების ფართობი ისრაელში ყოველწიურად იზრდება.  იგი ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელიც 21-საუკუნეს მწვანე ნარგავების ზრდის რეკორდული რაოდენობით შეხვდა. ამასთან ეს ნარგავები ძირითადად უდაბნოს ტერიტორიაზეა. ისრაელის ჩრდილოეთით შემორჩენილია ზეთისხილის  ხეები, რომელთა ასაკი 2000 წელზე მეტია და თითქმის რომის იმპერიის ხნისაა.

ისრაელის წყლის მთავარი არტერია მდინარე იორდანეა, რომელიც სათავეს სამი ნაკადულის  – დანის, ხერმონისა და სნირის შეერთების ადგილიდან იღებს. იორდანე ჯერ  ტბა კინერეთსა და ტიბერიადის გაივლის და შემდეგ  მკვდარ ზღვაში ჩაედინება.  მკვდარი ზღვის შესახებ ბევრი რამაა ცნობილი: ის, რომ იგი დედამიწის ხმელეთის ყველაზე დაბალი ადგილია და ზღვის დონიდან 401 მ.-ით დაბლა მდებარეობს; ის რომ იგი ყველაზე მარილიანი ტბაა  დედამიწაზე (მარილის კონცენტრაცია 1 ლიტრში 300 გრამს აღემატება) და სწორედ ამიტომ, მიუხედავად  მისი  დიდი სიღრმისა (356 მ), მასში ჩაძირვა შეუძლებელია; ის, რომ, მისი ნაპირები მარილის სქელი ფენითაა დაფარული, ხოლო წყალი მდიდარია ნატრიუმისა და კალიუმის მარილებით, ასევე ბრომით და ამიტომაც ზღვის წყალი და ტალახი  სამკურნალო და კოსმეტიკური თვისებებით  გამოირჩევა. ტბის დასავლეთ ნაპირას, მდ. იორდანეს შესართავთან ახლოს ბიბლიური ცნობილი ქალაქები სოდომი და გომორი მდებარეობდა.

ისრაელში 8 მლნ. კაცი ცხოვრობს და მოსახლეობის 76 %-ზე მეტი ებრაელია. ასევე ცხოვრობენ არაბები, სომხები და კიდევ  70 სხვა ეროვნების წარმომადგენლები. ისრაელელების ცხოვრების  წესი მერყეობს თანამედროვედან ტრადიციულამდე, საქალაქოდან – სასოფლომდე, კოლექტიურიდან – ინდივიდუალურამდე. ისტორიული და რელიგიური თვალსაზრისით ებრაელები ერთი ხალხია, თუმცა მრავალი საუკუნის განმავლობაში  მსოფლიოს სხვადასხვა  ქვეყანაში ცხოვრებამ მნიშვნელოვანი განსხვავებები შექმნა მათი ცხოვრების წესსა და ჩვევებში. ამ ნიშნის მიხედვით ებრაელი ხალხი რამდენიმე ჯგუფად იყოფა. მათ შორის გამოიყოფა აშქენაზი ებრაელები, რომლებსაც მიეკუთვნება აღმოსავლეთ და ცენტრალური  ევროპიდან, ასევე ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკიდან გადმოსული ებრაელები. მათი სალაპარაკო ენა იდიშია. მეორე მნიშვნელოვანი ჯგუფია აღმოსავლეთის ებრაელები, რომლებიც ჩრდილეოთ აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის ისლამურ ქვეყნებში მცხოვრები ძველებრაული ეთნოსდიან მოდიან. მათ მიეკუთვნება ირანელი, მაროკოელი, ერაყელი ებრაელები.

ისრაელს მე-8 ადგილია უკავია მსოფლიოში სიცოცხლის ხანგრძლივობის მიხედვით, დაახლოებით  81.5 წელი  და ამ მაჩვენებლით ის აშშ-ს, გერმანიასა და გაერთიანებულ სამეფოს უსწრებს.

ისრაელი ურბანიზებული ქვეყანაა და მისი მოსახლეობის 90% ქალაქებში ცხოვრობს. ქვეყანაში 37 დასახლებულ პუნქტს ქალაქის სტატუსი აქვს, რომელთაგან სიდიდით გამოირჩევა იერუსალიმი, თელ-ავივი, ხაიფა, ხოლონი, ბათიამი, ნეთანია და სხვ.

ისრაელის  დასახლებებს შორის  აღსანიშნავია კიბუცები – გაერთიანებები, კომუნები, სადაც წარმოების საშუალებები მთლიანად  განსაზოგადებულია და მათზე კერძო საკუთრება არაა, დღეს ისრაელში  270 კიბუცია. აქ შემოსავალი არ ნაწილდება  კომუნის წევრებს შორის არც ფულადი და არც ნატურალური სახით. მათი შემოსავალი ირიცხება საერთო სალაროში, საიდანაც შემდეგ ხდება კომუნის წვერების  უზრუნველყოფა კვების პროდუქტებით, საცხოვრებლით, ჯანდაცვით. კიბუცის წევრობა ნებაყოფლობითია და ნებისმიერ დროს შეიძლება მისი დატოვება.

ისრაელი საპარლამენტო რესპუბლიკაა. ქვეყნის მეთაურია პრეზიდენტი, ხოლო უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო ერთპალატიანი პარლამენტი  ქნესეთია. მისი სახელწოდება და დეპუტატთა რაოდენობა (120 კაცი) სიტყვიდან „კნესეტ-ხა-გდოლადან“ მოდის და უდიდეს კრებას ნიშნავს, რომელიც იერუსალიმში ძვ. წ.-აღ-ით  მე-5 საუკუნეში იკრიბებოდა.

ქნესეთის  შენობა 1966 წელს იერუსალმში გაიხსნა. მისი მშენებლობა ამერიკელმა ებრაელმა ჯეიმს როტშილდმა დააფინანსა, ხოლო შენობის პროექტი  ასევე ებრაელმა არქიტექტორებმა მარკ შაგალმა, დანი კარვინმა და დავით პალუმბომ შექმნეს. შენობის წინ დგას ებრაელი ხალხის სიმბოლო – შვიდქიმიანი კანდებლარი მენორა, რომელიც ებრაელი ხალხის ისტორიის ამსახველი 29 ბარელიეფითაა შემკული. მენორა 1956 წელს  დიდი ბრიტანეთის მთავრობამ უსახსოვრა ისრაელის სახელმწიფოს.

ისრაელის დროშა თეთრი ფერისაა, რომელსაც ზედა და ქვედა მხარეს, ისე რომ კიდეებს არ ეხება  ორი ლურჯი ზოლი გასდევს და ებრაელთა საკულტო ჩასამელს – თალესის ფერებს იმეორებს. დროშის ცენტრში გამოსახულია მაკენ-დავიდი – დავითის ვარსკვლავი. დროშა დიდი ხნის შექმნილია, თუმცა სახელმწიფო სიმბოლოდ 1897 წელს, სიონისტების პირველ კონფერენციაზე გამოცხადდა, ხოლო საბოლოოდ 1948 წლის 26 ოქტომბერს დამტკიცდდა.

თანამედროვე ისრაელი მსოფლიოს ერთ-ერთი მაღალგანვითარებული ქვეყანაა, ხოლო ეკონომიკური განვითარების ტემპების მიხედვით  სწრაფად განვითარებადი ქვეყნების ათეულში შედის. ისრაელში, ე.წ. „ეკონომიკური რევოლუცია“ 1985 წელს დაიწყო და  ის წვრილი და საშუალო მეწარმეობის განვითარებაზე, ევროკავშირის ქვეყნებთან ეკონომიკური კავშირების დამყარებაზე, მაღალკვალიფიციური კადრების შრომატევად დარგებში დასაქმებასა და ამ დარგების ზრდაზე აისახა.  მრეწველობის ტრადიციული დარგების პარალელურად ისრაელში განვითარდა და მსოფლიო დონეს მიაღწია ახალმა დარგებმა: აგროტექნიკამ, სამხედრო მრეწველობამ, ალმასების დამუშავებამ, ფარმაცევტულმა წარმოებამ და სხვ.  ქვეყანა მაქსიმალურად იყენებს განახლებად რესურსებს. შენობების 90%  მზის ენერგიაზე მუშაობს.

ცალკე  უნდა აღინიშნოს ისრაელის სამხედრო მრეწველობა. ქვეყანაში 800-მდე სამხედრო საწარმოა, რომელთა მიერ გამოშვებული პროდუქციის 95% აკმაყოფილებს ქვეყნის არმიას – ცახალს. ეს არმია კი ერთ-ერთი ყველაზე ბრძოლისუნარიანია მსოფლიოში. ისრაელის ჯარში სამსახური პრესტიჟულ და საპატიო საქმიანობად ითვლება. ამასთან 800 სამხედრო თანამდებობიდან  500 დასაშვები და ხელმისაწვდომია ქალებისთვის.

ისრაელის საინტერესო ისტორიულმა წარსულმა, გეოგრაფიულმა მდებარეობამ და ბუნებრივი პირობების მრავალფეროვნებამ, არქიტექტურული და კულტურული ძეგლების სიუხვემ ქვეყანაში ტურისტული ინდუსტრიის  განვითარება  განაპირობა. ქვეყანა 1 სულ მოსახლეზე მუზეუმების რაოდენობით პირველ ადგილზეა მსოფლიოში.

დაბოლოს, ებრაელები საქართველოში 26 საუკუნე მშვიდობიანად ცხოვრობდნენ. ისრაელმა ჩვენს ქვეყანასთან დიპლომატიური ურთიერთობა 1992 წელს დაამყარა და დღემდე  აგრძელებს მეგობრულ  და პარტნიორულ კავშირებს.

 

კომენტარები

comments