პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

„უფროსი შვილი“ და „დიდობა“ განსაკუთრებული უპირატესობა ოჯახში

იყო დრო, როცა საზოგადოება უფრო მკაცრი კანონებით ცხოვრობდა და უსიტყვოდ ემორჩილებოდა ავტორიტეტებს, უფროსი ვაჟი განსაკუთრებული პრივილეგიებით სარგებლობდა ოჯახში მხოლოდ იმიტომ, რომ პირველი დაიბადა. ახლა ვცხოვრობთ ისეთ საზოგადოებაში, სადაც ასაკს არ ენიჭება ისეთი მნიშვნელობა, როგორიც წინათ და ოჯახში პირმშოს უფრო მეტი მოწიწებით არ ეპყრობიან, ვიდრე სხვა ბავშვებს. რა თქმა უნდა, მას დარჩა ზოგიერთი პრივილეგია, მაგალითად, სხვებზე გვიან დასაძინებლად წასვლის უფლება, მაგრამ მთლიანად არავინ აღიარებს მის უპირატესობას და მშობლები ცდილობენ, თანაბრად გაუნაწილონ სიყვარული ყველა შვილს. თუმცა ისევ არსებობენ მშობლები, რომლებიც უფრო მკაცრად ეპყრობიან პირმშოს, მასზე ამყარებენ იმედებს, უფრო მეტს ელოდებიან მისგან, ვიდრე სხვა შვილებისგან. საინტერესოა, პრაქტიკულად რა არის მსგავსი სიტუაციის გარდაუვალი შედეგი.

6 წლის მერის საყვედურობენ, რომ სასტუმრო ოთახში სათამაშოები მიყარ-მოყარა. მართალია, ოჯახში მისგან მკაცრად მოითხოვენ უკეთ მოქცევას, მაგრამ ის ხედავს, რომ როცა მისი 3 წლის დაიკო იმავეს აკეთებს, მშობლები არაფერს ეუბნებიან, მის მაგივრად ალაგებენ სათამაშოებს. მერი აღმოაჩენს, რომ ის, რასაც მისი და აკეთებს, მშობლებს მოსწონთ, ხოლო მას მსგავსი ქმედებისას კიცხავენ.

რა ხდება ამ დროს მერის გულში? მას უმცროსი დაიკოს მიმართ უგროვდება „ჩუმი მტრობა“ და უჩნდება ეჭვი მშობლების გულწრფელ სიყვარულში.

როდესაც „უფროსი შვილობა“ და „დიდობა“ ოჯახში არ იძლევა განსაკუთრებულ უპირატესობას, პირიქით, პირმშოს მიმართ ბევრი საყვედური გაისმის, ბავშვს, რა თქმა უნდა, არ მოსწონს, რომ „დიდია“ „უფროსია“. მერის უმცროსი და მიხვდება, რომ პატარად დარჩენით შეძლებს, შეინარჩუნოს მშობლების ასეთი სიყვარული, რაც მას სავსებით აძლევს ხელს და მეტყველებისა და ქცევის ბავშვური მანერა ჩვევაში გადადის. ეს ყველაფერი ქვეცნობიერად ხდება.

მნიშვნელოვანია, უფროს შვილს ჯანსაღი დამოკიდებულება ჰქონდეს იმის მიმართ, რომ ის იზრდება; ესმოდეს, რომ ამაში ცუდი არაფერია, პირიქით, ეს კარგია. ასეთი მიდგომა სასარგებლოა არა მარტო უფროსი შვილისთვის, არამედ მომდევნო შვილებისთვისაც და, საზოგადოდ, ოჯახში ჯანსაღი ატმოსფეროსთვის.

როგორ მივაღწიოთ იმას, რომ არც უფროსი და არც უმცროსი ბავშვები არ იტანჯებოდნენ?

  1. ყველაზე მეტად უნდა ვეცადოთ, შევამციროთ ან ნულამდე დავიყვანოთ მეტოქეობა ან მტრობა, რომელსაც ბავშვები ერთმანეთის მიმართ ამჟღავნებენ. ბავშვები იშვიათად წყვეტენ მეტოქეობას საღად და გონივრულად. თუ მათ მეგობრულად ცხოვრებას ვასწავლით (დაწვრილებით ამის შესახებ იხ. თავში „ძმების მეტოქეობა“), გაქრება წვრილ–წვრილი უთანხმოებანი მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში, გაჩნდება სხვადასხვა ასაკში სიხარულის შეგრძნების შესაძლებლობა და ერთმანეთისთვის ამ სიხარულის გაზიარებისას არ განიცდება შური და წყენა.
  2. მიზანშეწონილი არ არის, უფროს შვილს დავაკისროთ უმცროსზე ზედმეტი პასუხისმგებლობა და მზრუნველობა. ასეთი მიდგომა პრაქტიკული თვალსაზრისით შესაძლოა მიმზიდველი ჩანდეს, მაგრამ ის იშვიათად გვირგვინდება წარმატებით. არა მარტო ართულებს და აფუჭებს ბავშვების ურთიერთდამოკიდებულებას, არამედ ართმევს პირმშოს თავისუფლების განცდას, რასაც ის სამართლიანად უკავშირებს თავისი უფროსობის ფაქტს. რა თქმა უნდა, ბავშვში უნდა აღვზარდოთ პასუხისმგებლობის შეგნება, მაგრამ ზღვარს არ უნდა გადავიდეთ. ბავშვები უნდა თამაშობდნენ, თავს ლაღად გრძნობდნენ. ამისთვის უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რის საშუალებასაც ჩვენი ფინანსური მდგომარეობა მოგვცემს.
  3. რეკომენდებული არ არის მკაცრი რეგლამენტირება იმისა, რამდენი პრივილეგია უნდა ჰქონდეს უფროს შვილს და რამდენი – უმცროსს. თუ მშობელი მუდამ სამართლიანი იქნება, არა მხოლოდ პირმშოს განუმტკიცდება საკუთარი თავის რწმენა, არამედ უმცროს შვილსაც გაუჩნდება სურვილი, „გახდეს დიდი“.

უეჭველია, რომ „დიდად გახდომის“ სურვილის ყველაზე დიდი სტიმული ბავშვთან ჩვენს კარგ ურთიერთობაში იმალება. ეს ურთიერთობა ისეთი უნდა იყოს, რომ ბავშვს უნდოდეს, მშობელს დაემსგავსოს. თუ მოვეწონებით, მოგვბაძავს. თუ მის თვალში მოსაწყენები გამოვჩნდებით, ის ეცდება, მხოლოდ იმისთვის გაიზარდოს, რომ მოგვშორდეს. აი რატომ არის, რომ დიდად გახდომა ნიშნავს მშობლებთან თანხმობით ცხოვრებას. ჩვენ შეგვიძლია, ხელი შევუწყოთ ამას, თუ მხიარულს და ბედნიერს გავხდით ბავშვთან ჩვენს ურთიერთობას. ამ შემთხვევაში ის ხანდაზმულ ადამიანებთანაც და თანატოლებთანაც ადვილად გამონახავს საერთო ენას, უპირველესად იმიტომ, რომ ჩვენ მათ გარემოსადმი კეთილგანწყობას ჩავუნერგავთ.

 

გამოყენებული ლიტერატურა: ალან ფრომი, “აღზრდის ანბანი მშობლებისთვის”

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი