შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

 თამაშით ნასწავლი მათემატიკა

დღეს კლასობანას ვინმე კიდევ თამაშობს?  ან  სასწავლო პროცესში იყენებს? ამ ფოტოს დანახვისას ჩემი თაობის ქალბატონებს ალბათ გაახსენდებათ,  როგორ არჩევდნენ ბრტყელ ქვებს, მერე როგორ მალავდნენ სახლის კიბეებთან, რომ უცნობი ყვავილის წვენით გაპრიალებული  ჯადოსნური ქვა კონკურენტ გოგონებს არ მოეპარათ ან დედას არ გადაეგდო კიბეების დალაგებისას. ახლაც მეღიმება, როცა ვიხსენებ, საიდან ვათრევდი ამ ქვებს, როგორ ვიდექი  საკუთარი რიგის მოლოდინში…

ალბათ არც არავის მოსვლია თავში აზრად ამით რიცხვები ან მათი თანამიმდევრობა ესწავლა… გარკვეული პერიოდი არც მე მიფიქრია ამაზე…

20 წლიდან დავიწყე მუშაობა და ამ ხნის განმავლობაში უამრავი განსხვავებული შესაძლებლობის ბავშვთან მომიწია მუშაობა. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მოსწავლე 4-ჯერ მყავდა სხვადასხვა დროს. მეც სხვადასხვაგვარად მომზადებული შევხვდი მათ. ბევრი რამ მომცა ტრენინგებმა, უფრო მეტი – პრაქტიკამ. თუმცა მე დღეს ისეთ ბავშვებზე მინდა გავამახვილო ყურადღება, რომლებსაც გარეგნულად არაფერი ემჩნევათ, მაგრამ რაღაცით არ ჰგვანან სხვა ბავშვებს, ცოტათი ჩამორჩებიან კიდეც მათ. იქნებ დედაც ვერ იცლის საიმისოდ, რომ შვილს ნიჭის გაფურჩქვნაში დაეხმაროს…

ასეა თუ ისე, ეს სტატია ეხება შედარებით მოკრძალებული შესაძლებლობის ბავშვებს.

წლების წინ ერთ კერძო სკოლაში ვმუშაობდი. სულ ვფიქრობდი იმ ბავშვებზე, რომლებიც სასწავლო შედეგებით დანარჩენებს ჩამორჩებოდნენ. დავინტერესდი, როგორ აგვარებდნენ ამ პრობლემას სხვა გამოცდილი და დირექციისთვის საამაყო პედაგოგები. ჩემმა გამოცდილმა კოლეგამ დამმოძღვრა, სუსტ ბავშვებზე თუ იმუშავებ, საშუალოსაც დაკარგავ და ძლიერსაცო!..

არის ამაში სიმართლის მარცვალი, სულო ცოდვილო! მაშინ არავინ იცნობდა გარდნერს და მით უმეტეს, მის მიგნებას 9 ინტელექტის შესახებ. მაგრამ მე მაინც ამ გზით ვარჩიე სიარული. რაღაცნაირად მეცოდებოდნენ ეს ბავშვები და მათი გვერდში დგომა მინდოდა, ასევე მიხაროდა მათი ძნელად მიღწეული წარმატებებიც… რას წარმოვიდგენდი, რომ წლების შემდეგ ჩემს შვილსაც ექნებოდა მსგავსი პრობლემა…

2 წლის  ქალიშვილზე დაკვირვებისას აღმოვაჩინე, რომ უჭირდა ლექსების დამახსოვრება. ზაფხულში ბიძაშვილები ერთად შევიკრიბეთ ჩვენ-ჩვენი შვილებით. ყველა თავის შვილს აქებდა. აღმოჩნდა, რომ ჩემი და ჩემი ბიძაშვილის უმცროსი ქალიშვილი ტოლები იყვნენ.  ორი წლის ცუგრუმელები მშვენივრად ერთობოდნენ. გაირკვა ისიც, რომ 2 წლის ბიძაშვილის შვილი ძალიან ნიჭიერი ყოფილა. თამამად და ხალისით ამბობდა გრძელ-გრძელ ლექსებს, რომლის მნიშვნელობაც, ბუნებრივია, არ ესმოდა. ამ ამბავს ჩემი ბებია, დეიდა და, რა თქმა უნდა, უფროსი ქალიშვილიც ესწრებოდნენ.

– რეიზა არ ასწავლი ამ ბაღანას ლექსებს? – იკითხა ჩვენი საგვარეულო სიკეთეების გამოუმჟაღავნებლობით გაოცებულმა  ბებიამ.

– ასწავლე, დედა, ლექსები! – კატეგორიულად მომთხოვა უფროსმა ქალიშვილმაც. როგორც იქნა ყველა დავამშვიდე, რომ არ იყო საჭირო ამ ასაკში ასეთი ლექსების დასწავლა. თუმცა ისიც ვთქვი, რომ ჩემს შვილს ერთსტროფიანი ლექსის დასწავლა უჭირდა, მით უმეტეს მრავლსტროფიანის… მაგრამ  ნათესავებმა ეს უფრო ჩემს სიზარმაცეს მიაწერეს,  ვიდრე ბავშვის შესაძლებლობებს…

უფრო გვიან მისი ბაღის მასწავლებელმაც მსუბუქად მიმანიშნა, რომ ჩემი შვილი სხვებს ჩამორჩებოდა… როგორ შეიძლებოდა ჩემი შვილი სხვაზე ნაკლები ყოფილიყო?…

მახსოვს, ერთხელ ბაღში ადრე მივედი.  დამსვა მასწავლებელმა, ნახე რას იზამს შენი გოგოო. მასწავლებელი სვამდა შეკითხვებს, ბავშვები ხალისით პასუხობდნენ. იჯდა ჩემი შვილი მობუზული. ორი კითხვა დაუსვა მასწავლებელმა. ვერ უპასუხა. მესამე კითხვაზეც, რომ არ ახსოვდა პასუხი, გამოიქცა შეწუხებული და აქვითინებული გულში ჩამეკრა…

ბუნებრივია, ეს ამბავი სახლში მოვყევი. დედამაც, უფროსმა შვილმაც მირჩიეს,  რომ მესწავლებინა ბავშვისთვის რამე…

ჩემი პოზიცია იყო ცალსახა – მოვა დრო და ისწავლის. არაა აუცილებელი, ყველამ ზეპირად იცოდეს ლექსები! ბავშვი რამდენჯერმე მყავდა სხვადასხვა ფსიქოლოგთან, მინდოდა მენახა თუ დავრწმუნებულიყავი, რომ არ ვცდებოდი…

დიახ, მე მჯეროდა და მჯერა, რომ ჩემი შვილი შეძლებდა! აუცილებლად დადგებოდა დრო, როცა მისი კარგი შვილობით ვიამაყებდი!!!…

არ დაგავიწყდეთ მე ძალიან აქტიური დედა ვარ, ტრენინგიდან ტრენინგზე, გაკვეთილიდან გაკვეთილზე, კონფერინციიდან კონფერეციაზე გადავდიოდი და ძალიან ცოტა დრო მრჩებოდა შვილის სამეცადინოდ…

მაგრამ ეს თავისუფალი დრო, ადრე თუ გვიან, სულ გაქრება… ეს დრო შვილს სჭირდება! დიახაც, მე ახლა იმ ბავშვებისთვის ვწერ, ვინც ძნელად სწავლობს, ვის მშობლებსაც გადატვირთული გრაფიკი აქვს ან უბრალოდ „ნერვები არ ჰყოფნის“, რომ შვილს დაუჯდეს სამეცადინოდ!

მე დავიჭირე, რომ ჩემი შვილი გვიან, მაგრამ მაინც სწავლობდა. უნდოდა რომ ესწავლა, ეშინოდა, რომ არ გამოუვიდოდა! თუმცა ზეიმზე არასოდეს დავიწყებია, როდის უნდა ეთქვა თავისი ერთი სტროფი გამოთქმით და უშეცდომოდ! ხოდა მეც გადავწყვიტე თამაშით მესწავლებინა. ვიცოდი, რომ ამას დასჭირდებოდა ჩემი დროის უდიდესი ნაწილი, ნერვები, მაგრამ მე უნდა გამეფანტა მისი შიში! შიში, რომ ვერ ისწავლიდა! ხოდა დავიწყე:

დავიწყე  სწავლა კლასობანათი. დიახ, მე ვთამაშობდი კლასობანას ჩემს 5 წლის შვილთან.  რა მისცა ჩემს შვილს კლასობანამ? რიცხვები ასწავლა!

  1. სახტუნელა. ჩემს ბავშვობაში, იყო რუსული ფილმი, რომლის სახელსაც ახლა ვერ ვიხსენებ, სადაც პატარა გოგონას სურს სახტუნელით ხტუნვის სწავლა და მას ამ თამაშს სიზმარში სპილო ასწავლის. როცა ჩემს შვილს სახტუნელით გართობა მოუნდა, შანსს  როგორ გავუშვებდი. ოღონდ სად უნდა მესწავლებინა? მერვე სართულზე ვცხოვრობ. ჩავედით ისევ ეზოში.

ვისწავლეთ სახტუნელით ხტუნვა, სხვათა შორის თუ სახტუნელით ციფრებსაც დაწერთ მთლად უკეთესად დაიხსომებს… ჩვენ ბედნიერები ვართ და თან რიცხვებსაც და თვლასაც ვიმახსოვრებთ. აბა, ხომ უნდა გავიგოთ ვინ ბევრჯერ ახტა! ამასობაში მეტობა-ნაკლებობაც შემოგვესწავლა!

  1. შვიდქვაობანა – აქ ყველაზე მეტად გაგვიჭირდა. რატომ? ახლავე მოგახსენებთ: ჩემს ეზოში ჩემი შვილის ტოლი ბავშვები არ იყო! დანარჩენები 3-4 წლით დიდები არ კადრულობდნენ ასეთ პატარებთან თამაშს. ორი კაცით კი აბა რა შვიდქვაობანა ითამაშებოდა? სამაგიეროდ, ერთით მეტი თამაში ისწავლა და ისიც, რომ ჯერ დიდი ქვა უნდა დადოს, მერე უფრო პატარა და ასე შემდეგ. თუმცა შვიდქვაობანა მოგვიანებით სოფელში განვაახლეთ უფრო ბევრ ბავშვთან.
  2. ბაყაყობანა – რატომ უნდა ითამაშო? ან რა კავშირი აქვს მას მათემათიკასთან? აქ სხვანაირად ამბობ რიცხვებს? არა, სულაც არა! იგივეა თანამიმდევრობა, მაგრამ სურვილი, რომ სხვას ახტომაში აჯობო, გაიძულებს, დათვალო შენი და სხვისი ნახტომი.
  3. კუბიკები – სხვადასხვა ფერის კუბიკები, რომელსაც რიცხვიც აწერია და შესაბამისი ოდენობის ფიგურებიც, ძალიან კარგია რაოდენობის შესასწავლად, თან მათი მეშვეობით ლამაზი კოშკსაც ააშენებთ. არ დაგავიწყდეთ იქვე სადმე ჩხირების დაწყობაც. თუ ბავშვს 4 ჩხირს მოსთხოვთ, ის სწორედ ოთხს გადმოალაგებს.
  4. თუ მოგწყინდათ კუბიკებით თამაში, წრეში ბურთი გააჩაღეთ! თან დაისვენებთ, თან ბავშვიც სისხარტეში გაიწაფება, დაკვირვებასაც ისწავლის და გამძლეობასაც. ამ თამაშისას ის რიცხვების თვლას ვერ ასცდება და განუმტკიცდება თვლა გონებაში თამაშით!
  5. ბოულინგი. როცა ეს სათამაშო სახლში მოვიტანე, არ შემშინებია, რომ მეზობლებს შევაწუხებდი. გავამწკრივე წესისამებრ კეგლები და ჩემს გოგონას სათამაშოდ მოვუხმე. ჯერ სწყინდა, რომ ვერ არტყამდა ბურთს, მერე ითვლიდა, ვინ რამდენი წააქცია, რამდენი დარჩა წასაქცევი, ვინ მეტი ქულა დააგროვა! უფრო მეტიც – როგორ უნდა ისროლოს, რომ ყველა წააქციოს, რა მანძილით უნდა იყოს დაშორებული კეგლები, რომ ადვილად წაიქცნენ, რომელი ხელით ჯობია გაქნევა და რატომ? რიცხვები რომ დავაწეროთ და ისე წავაქციოთ? თამაშის სურვილი სულაც არ გამორიცხავდა სწავლას, პირიქით სტიმულს გვაძლევდა! და კითხვა: რომ ვერ ვისწავლო? რომელიც ძალიან ხშირად ისმოდა აქამდე, თანდათან შემცირდა!!!

8.ფურთი, ანუ თერთმეტობანა – ვისაც გურიაში გაქვთ ფესვები ან სტუმრად ყოფილხართ, უფურთაოდ  არ გამოგიშვებდნენ. აღმოსავლეთში ამ თამაშს თერთმეტობანას ეძახიან. არ მითხრათ  ახლა, ჩვენ  კაზინოს გაქრობისთვის ვიბრძვით  და შენ კი 5 წლის ბავშვი დაგისვამს და აზარტულ თამაშებს ასწავლიო – ძალიან ცდებით!  ჯერ  ერთი, ეს კარტი საბავშვოა, ბავშვებისთვის განკუთვნილი ნახატებით და  მერე მეორეც, რიცხვების შედგენილობა ასე ძალიან ადვილად ისწავლება. იმარჯვებს ის,  ვინც 11-ს მოაგროვებს. ხოდა რამდენჯერ უნდა შეკრიბოს ერთი და იგივე, რომ თერთმეტი მიიღოს? და ახლა 10-ის ფარგლებში რამდენჯერ კრებს? უთვალავჯერ! მანამ სანამ არ მოსწყინდება და სანამ არ ისწავლის!

  1. ნარდი-ყურძნობანა. რაოდენ უცნაურად არ უნდა მოგეჩვენოთ, აქ შემოთავაზებული ყველა ზემოთ ჩამოთვლილი თამაში მითამაშია ბავშვობაში. დედაჩემს არ ჰქონია პედაგოგიური განათლება, მაგრამ ამ გადასახედიდან ნამდვილად ვფიქრობ, რომ სწორად არჩევდა თამაშებს!

თამაშობს წყვილი. ყურძნის მტევნის მსგავსად აწყობთ ერთი ფერის ქვებს ნარდის საპირისპირო მხარეს და თითო კამათელს რიგ-რიგობით აგორებთ. იმარჯვებს ის, ვინც ადრე გამოყრის ქვებს.

  1. კამათელი – ოღონდ მას კუბიკს ვეძახი, ვასწავლი ბავშვებს 1-დან 1 000 000-მდე რიცხვებს, რიცხვის ჩაწერას, პოზიციურ სისტემასაც კი. ამიტომ მისი გამოყენება შეიძლება 1-ელი კლასიდან მე-4 კლასის ჩათვლით. სხვათა შორის ბავშვებს ძალიან მოსწონთ.
  2. დომინო – არაჩვეულებრივია რიცხვის შედგენილობის შესასწავლად, საანგარიშოზე შეკრება -გამოკლების სასწავლებლადაც. ოცის ფარგლებლში მიმატება-გამოკლებისთვის ფანტასტიურია.
  3. მაღაზიობანა. სათამაშო ფულების გაკეთებას თუ არ დაიზარებთ, „გასაყიდი“ ბევრი ნივთი იქნება თქვენს სახლში. ხან დედა იყოს გამყიდველი და ხან ბავშვი. თუ ამას კლასელებიც შეუერთდებიან, მერე ნახეთ ხალისი.
  4. მიზანში სროლა. ერთ -ერთი საინტერესო თამაშია. ამ თამაშით ბავშვი სწავლობს მიზანში სროლას. უვითარდება მხედველობა, ხელის კუნთები, ამავდროულად სწავლობს რიცხვებს, მათ შეკრებას, შედარებას. შეგიძლიათ შეცვალოთ სქემაზე რიცხვების რაოდენობა და სიდიდე. მერწმუნეთ,  ისიამოვნებთ ერთად თამაშით და თუ ამას კლასშიც გააკეთებთ, თქვენ ვერ წარმოიდგენთ რა სიხარული დაისადგურებს თქვენს საკლასო ოთახში.
  5. ლაბირინთი. ამ თამაშში 1-დან 4 -მდე ადამიანის თამაშია შესაძლებელი. რაც მეტი თამაშობს მით მეტი ხალისია. მისი დამზადება თავადაც შეგიძლიათ – უფრო მეტად იხალისებთ. სწავლა არ მოსწყინდებათ არც თქვენ შვილებს და არც მოსწავლეებს.
  6. თამაშები ბუკით. ცოტაა ეს თამაშები, მაგრამ სახალისოა. ყოველ შემთხვევაში თქვენი თამაშების ბანკს ამდიდრებს. ხოლო თუ ამას თქვენს გამოგონილ თამაშებსაც დაამატებთ, თქვენს შვილს მეტი შანსი ექნება, ხალისით ისწავლოს!
  7. მიქსიკე მათემატიკური კონკურსი – ბრძოლა გამარჯვებისთვის! დროის გათვალიწინებით, მარტივიდან რთულისაკენ. მოსინჯეთ, მერწმუნეთ ისიამოვნებთ!
  8. მძივები – თან ააწყვეთ ფერადი მძივები, თან დათვალეთ. ისწავლით სიმეტრიას, ასიმეტრიას, შეკრებას, გამოკლებას.
  9. ლოტო – ყველა ბავშვის საყვარელი თამაში 100 ფარგლებში, სკოლასა თუ სახლში. უმძიმესი სამუშაო ხალისიან გაკვეთილებად იქცევა ყველა შესაძლებლობის ბავშვისათვის.

შეიძლება ვინმე მომედავოს, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ სწავლა-სწავლების გზაზე მნიშვნელოვანია შეინარჩუნოთ მოტივაცია და სწავლის წყურვილი, ანუ ასწავლოთ ისე, რომ ბავშვი ბედნიერი იყოს! ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ რთულ და ხანგრძლივ გზაზე ბავშვს არ ეშინოდეს პატარ-პატარა დაბრკოლებების. თუ ამას მიაღწევთ, მგონია, რომ თქვენ და თქვენი შვილი თუ მოსწავლეები ყოველთვის გაიმარჯვებთ!

თამაშით სწავლებაზე ამახვილებს ყურადღებას დიმიტრი უზნაძეც.

„უზნაძის აზრით, ყველა ცოცხალი ორგანიზმის ბუნებრივ მდგომარეობას მოძრაობა, აქტიურობა შეადგენს. თამაში სწორედ ამ ძალთა მოქმედების გამოვლინებაა. მნიშვნელოვანია, რომ თამაშის საშუალებით ხდება იმ ძალების და შესაძლებლობების განვითარება, რომელიც შემდგომში სერიოზული საქმიანობის განხორციელების საფუძველი ხდება.
სასკოლო ასაკში, მიუხედავად იმისა, რომ ბავშვის ცხოვრებაში სწავლა დიდ ადგილს იკავებს, არანაკლები დრო ეთმობა თამაშს, განსაკუთრებით კი ფიზიკურ თამაშებს.
ამგვარად, ამ ასაკში თამაში მოძრაობათა განვითარების, გაუმჯობესებისა და დახვეწის მიზანს ემსახურება და იგი შეჯიბრის პირობებში ხორციელდება, რომელიც გულისხმობს გარკვეული წესებისა და პირობების დაცვას. შედეგად, მოზარდი „ფიზიკური თამაშის“ გზით გაითავისებს საზოგადოებაში არსებულ, გარკვეულ წესებსა და ნორმებს, რაც ეხმარება მას პიროვნებათშორისი ურთიერთობებისა და ჯგუფური მუშაობის უნარების განვითარებაში.
სწავლა არა მხოლოდ რაიმე ცოდნის შეძენას გულისხმობს, არამედ შესაძლებლობების შეძენასაც, უნარების განვითარებასაც. სწორედ ამიტომ, სწავლის პროცესში არა მხოლოდ კონკრეტული ცოდნის ან ჩვევის დაუფლება ხდება, არამედ მოსწავლის იმ უნარებისა და შესაძლებლობების („ძალების“) განვითარებაც, რომლებიც სწავლის პროცესში მონაწილეობენ.

„განათლებისა და ფსიქოლოგიის სფეროს მკვლევრები კი აღნიშნავენ, რომ თამაშის წილი ადამიანის წარმატებაში ძალიან დიდია, ვინაიდან ის მჭიდროდ არის დაკავშირებული როგორც  კოგნიტურ და მეტაკოგნიტურ, ისე  ემოციურ და მოტორულ განვითარებასთან. თამაში ასევე ხელს უწყობს ბავშვებში ისეთი უნარების განვითარებას, რომლებიც შეიძლება მთელი ცხოვრების მანძილზე იყოს აქტუალური.

ბავშვები ივითარებენ ვერბალური და არავერბალური, მარტივი და კომპლექსური კომუნიკაციის უნარებს.

ფიზიკური თამაშები, მოტორული უნარების განვითარებასთან ერთად, ხელს უწყობს ბავშვებს, გაუმკლავდნენ სტრესს, გაღიზიანებას და ადვილად დაძლიონ შინაგანი კონფლიქტები“.

დაბოლოს – მშობლებო, მასწავლებლებო,  ყველა ზემოთ ჩამოთვლილი თამაში წარმატებით გამოიყენებია როგორც ინდივიდუალურად მუშაობისას,  ასევე კლასზეც. ამიტომაც შემიძლია გირჩიოთ, თამამად გამოსცადოთ და დატკბეთ შედეგით!  ჯერ  თქვენ უნდა დაიჯეროთ, რომ თქვენს მოსწავლეებსა და შვილებს შეუძლიათ ისწავლონ და სასწაულები აუცილებლად მოხდება! ოღონდ სასწაულების მოსახდენად ნამდვილად დაგჭირდებათ ტონა მოთმინება, რკინის ნერვები, თქვენი თავისუფალი დროის 90%, სისტემატიური ვარჯიში და ზღვა სიყვარული!

ხათუნა ყოჩაშვილი, ქ.რუსთავის N4 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი