ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

წიგნი ნესტან-დარეჯანისა

წიგნი რისთვისაა? მხოლოდ წასაკითხად? თუ ვარდის სიფრიფანა ფურცლების ჩასადებად? წერილების დასამალად, სურათების შესანახად? რისთვისაა წიგნი? მაინც რომელი ამბავია უფრო მნიშვნელოვანი, პერსონაჟის თუ მკითხველის? გამოგონილი თუ ნამდვილი?

ქართულ ლიტერატურაში სიყვარულის ყველაზე დიდი ამბავი „ვეფხისტყაოსანია“, საკუთარი სიყვარულის სხვისთვის გამეტება, სიყვარულის ძებნა, სიყვარულის გზაზე ათასგვარი დაბრკოლება, გამარჯვებული და დამარცხებული სიყვარული. სიყვარული ასეთი, ისეთი, ამგვარი და კიდევ სხვანაირი.

ამიტომაცაა, რომ „ვეფხისტყაოსანს“ ბევრი შეყვარებული, სიყვარულს დანატრებული, სიყვარულდაკარგული მკითხველი ახსოვს. სიყვარული ზოგჯერ უკვალოდ მიდის, ზოგჯერ კი ხან კედლებზე, ხან წიგნის ფურცლებზე კვალს გატოვებინებს.

პირველი ამბავი მაინც ესაა, ვანის ქვაბების კედლების.

დედათა მონასტრის კედელზე წაწერილი, ზეპირად დამახსოვრებული, ამიტომაც სახეცვლილი სტრიქონები :

“ქ.ციხეს ვზი ეზო მაღალსა, თუალნი ძლივ შემომაცვდება,

გზა გურაბითა შემოვლენ, მცველნი მაზედა დგებიან;

მაშიგან ორნი გუშაგნი ნაბადსა არ დაცდება,

მათსა შემბელსა დახოცენ, ცეცხლურებ მოედებიან.

ჩემო, ნუ მოხვალ ჩემზედა სხუათა მებრძოლთა წესითა,

ნუცა მე მომკლავ ჭირითა ამისგან უარესითა,

დამთქმეთა, დაგთმობ ჭირითა ამისგან უარესითა”.

გულქანი, ანა რჩეულიშვილი, თუმიან გოჯიშვილი, მისი და შაღაბანი სულთანი და სხვა, მეთხუთმეტე საუკუნეში ვანის მონასტერს შემოხიზნული ქალები, სხვადასხვაგვარი ბედითა და ბედისწერით, ცხოვრებითა და გულისტკენით. დამახსოვრებული ლექსები საერო ლიტერატურიდან, გაუპრანჭავი, მარტივი ფორმით გამხელილი გულისნადები, „რა ლამაზი იყავი ბიჭო“.

სულ ვფიქრობ ამ ტექსტებზე. იქნებ სწორედ იმიტომაც დაუპირისპირდა ზოგან ერი და ზოგან ბერი რუსთველის პოემას, რომ მეტისმეტად ბევრმა ადამიანმა იპოვა თავშესაფარი ამ თექვსმეტმარცვლიან შაირში, ამ ორომტრიალში, სხვისი სიყვარულის გადასარჩენად თუ საკუთარის საპოვნელად რომ წამოიწყეს წიგნის პერსონაჟებმა.

უფრო ადვილია, მიჰყვე ავთანდილის გზას და გმირის დარდმა საკუთარი დაგავიწყოს თუ პირიქით, ნავთზე ცეცხლის დასხმაა ტარიელის ცრემლები?

„იმედო და სიცოცხლეო, იმედო, იმედო, იმედო“ – ასეთი მინაწერია ერთ-ერთ ხელნაწერზე, ეს გამეორება  თითქოს ექოა, რომელიც საუკუნეთა სიღრმიდან მოგძახის.

„გწერ სურნელო სუმბულო“ – პოეტს პოეტის წიგნზე შეყვარებულისათვის მიუწერია.

„ჩემსა, ჩემსა საყვარელს“- აქ მეორე მკითხველი წერს.

„ამა ღამეს ნუ მოხვალო ვერა მპოვებ შენთვის მზასა“ – მესამემ, სხვებზე მეტად გაბედულმა მიაწერა.

„როგორც მე ამ წიგნმა მამიდო ცეცხლი, ღმერთო ისე შენ მოუკიდე ცეცხლი ლევანის ძეს აბა ამას ტანჯვით. ღმერთო ამა ტანჯვით რისთვის დამბადე, რომ გავები სიყვარულის მახეში როგორც მე ამ წიგნში“- ეს ყველაზე ხმამაღალი შეძახილია, არადა, დამწერმა რა იცის, რომ სიყვარულის მახეს უფრო ადვილად დაეხსნება კაცი, ვიდრე წიგნს, თუ ერთხელ შემთხვევით გაები.

„ჩემი სიცოცხლე და სულის თქმაო, ქალბატონო სალომე შენ და ეკატერინე ლამაზს“ – ეს უკვე სხვანაირი მიჯნურია, ნეტავ როგორი ამბავი განვითარდა? სასიყვარულო სამკუთხედი? იქნებ სულ სხვა საიდუმლო იმალება სახელებს მიღმა, ვის ვინ უყვარდა, წიგნზე ვისი სახელი მიაწერა? ვისი ამბავი გაუმხილა ყველაზე დიდი პოემის პერსონაჟებს?

ნეტავ რა მოხდა?

უცებ ბევრი საუკუნით ადრე, დროში ვინაცვლებ და კიდევ ერთი ნესტან-დარეჯანი მახსენდება, მეოცე საუკუნიდან, ცისფერყანწელთა მეგობარი, საოცარი პოეტი.

ვიცი, რომ მზითვად

არ მომცემენ ვეფხისტყაოსანს,

არც წასაღებად

დაჰკეცავენ ქიშმანის შალებს,

არც ქართულ კაბას

ჩამაცმევენ ჯვარის საწერად,

არც ვერცხლის ქამარს

მომავლებენ დარდიან წელზე.

ესეც ნესტანი მეოცე საუკუნის ქართული პოეზიიდან. კიდევ ერთი მინაწერი „ვეფხისტყაოსნის“ წარმოსახვით ხელნაწერზე.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი