შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

სკოლა და სამოქალაქო განათლება

მსოფლიო ოქტომბრის თვეში სოციალური თემატიკის თვალსაზრისით საინტერესო დღეებს აღნიშნავს: მასწავლებლის (5 ოქტომბერი), უმუშევართა (10 ოქტომბერი) და სიღარიბესთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს (17 ოქტომბერი). ,,მომავალი სიღარიბის გარეშე!“ – ეს სლოგანი უმუშევრობასთან მებრძოლი კომპანიების ბროშურებსაც დაამშვენებდა, რადგან უმუშევრობა სიღარიბის გამომწვევ ერთ-ერთ ყველაზე მაპროვოცირებელ მიზეზად შეიძლება ჩაითვალოს. თუმცა ზოგჯერ ,,დასაქმებული“ ადამიანიც შეიძლება აღმოჩნდეს სიღარიბის ზღვარს მიღმა, ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე.

1993 წელს, ვენის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო კონფერენციაზე მიღებული დეკლარაციისა და სამოქმედო პროგრამის მიხედვით, ,,ფართოდ გავრცელებული უკიდურესი გაჭირვება ხელს უშლის ადამიანის უფლებებით სრულად და ეფექტურად სარგელობას”. სიღარიბით გამოწვეული სოციალური გაუცხოებისგან მსოფლიოს დაცვა ,,ევროპის სოციალური ქარტიის“, ე.წ. გადაუდებელ ვალდებულებაშიც შედის. ქარტიის მიხედვით, ქვეყნის მმართველმა ორგანოებმა სიღარიბისა და სოციალური გაუცხოების სიტუაციაში მცხოვრებ ადამიანთა საჭიროებები რეალური დასაქმების პერსპექტივით, საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებით, განათლებისა და აუცილებელი სამედიცინო დახმარების ხელმისაწვდომობით მაინც უნდა უზრუნველყოს.

სკოლაში, სადაც ახლა ვმუშაობ, მოსწავლეთა მცირე ნაწილმა შეიძლება იცოდეს, რომ მსოფლიოში სიღარიბის მიზეზით ყოველდღე 58000 ადამიანი იღუპება, 100 მილიონ ბავშვზე მეტი კი განათლების მიღებას ვერ ახერხებს. სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში ყოველი 50-ე ბავშვი ვერ აღწევს ხუთი წლის ასაკს, ჩვენი ქვეყნის ყოველი მეოთხე თანამემამულე კი ვერ იღებს სრულფასოვან საკვებს, რომ აღარაფერი ვთქვათ სამკურნალო ხარჯებზე.

უმუშევრობის პრობლემა საქართველოში ჯერ ისევ მწვავედ დგას. წლიდან წლამდე ასობით ადამიანი ემატება ოჯახის სარჩენად სამშობლოდან განუსაზღვრელი ვადით გადახვეწილ ემიგრანტთა სიას, რაც, თავისთავად, ქვეყნის შიგნით მცხოვრებ მოქალაქეთა რაოდენობის შემცირებას ნიშნავს. ცალკეულ რეგიონებში უმუშევრობას ერთვის გადაუდებელი სამედიცინო დახმარებისა და განათლების ხელმისაწვდომობისთვის ბრძოლა, უპოვართა თავშესაფრების არარსებობა და სხვ.

ის ფაქტი, რომ ჩვენი დედაქალაქი მცხოვრებლებს ვერ იტევს, ქვეყნის მოქალაქეთა რიცხობრივ ზრდას სულაც არ ნიშნავს. იძულებითი შიდა მიგრაციის, ანუ სხვადასხვა რეგიონიდან თბილისისკენ დაძრული ადამიანების „წყალობით“, რეგიონები თითქმის დაცარიელდა.

ჩემი აზრით, სიღარიბის დაძლევა მარტო ხელისუფლების პრეროგატივა არაა, რადგან ის ერთი რომელიმე ინდივიდის ან ადამიანთა მცირე ჯგუფის კი არა, ფართო ცნების სოციალურ პრობლემას წარმოადგენს. მასთან ბრძოლა საკმაოდ ხანგრძლივი და შრომატევადი საქმეა. თუმცა, თუ საზოგადოებას და ქვეყნის მმართველ ძალას გავაერთიანებთ, აღნიშნული მიზეზით გამოწვეული ფატალური შემთხვევების მინიმუმამდე დაყვანას მაინც შევძლებთ.

სხვებზე, როგორც საკუთარ თავზე ზრუნვის ხელოვნებას სკოლაში თითქოს ადრეული ასაკიდან ვეუფლებით. ჩემი აზრით, „სამოქალაქო თავდაცვისა და უსაფრთხოების“ და „სამოქალაქო განათლების“ ხანმოკლე კურსები ბოლომდე მაინც ვერ იძლევა სოციალური უფლება-მოვალეობების სიღრმისეულად გააზრების საშუალებას. აქედან გამომდინარე, აღნიშნული უნარ-ჩვევის განვითარებას ყველა სასწავლო დისციპლინა უნდა ცდილობდეს.

საზოგადოებაში პიროვნების როლისა და ადგილის განსაზღვრას, სოციალურ აქტივობებში ჩართულობის ხარისხს, ეფექტური კომუნიკაციის, თანამშრომლობისა და მრავალფეროვან გარემოში მშვიდობიანად თანაარსებობის უნარებს მოსწავლე საგანმანათლებლო საზოგადოებაში, როგორც სახელმწიფოს მინიმოდელში, იქ გატარებული ყოველი წუთისგან უნდა სწავლობდეს. დრო გავა და ,,ერთი თხილის გულის გაყოფის“ გაკვეთილები გართულდება. მომავალი მეწარმეები, მენეჯერები თუ მეცნიერები მზად უნდა იყვნენ ისეთი სამოქალაქო ვალდებულებების საკუთარ თავზე ასაღებად, როგორიც თუნდაც ერთი მშიერი ადამიანის დაპურებაა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მარტო დარჩენილი ადამიანი, სულხან-საბასეული ,,ერთი ისრის“ მსგავსად, ადვილად ,,ტყდება“ და ადრე თუ გვიან, გათითოკაცებული საზოგადოებაც მის ბედს გაიზიარებს.

ჩემთვის სიტყვა ,,სიღარიბე“ ზამთრის ცივ ღამეებთან, ლამფის ან სანთლის სუსტ ალს მიფიცხებულ ხელებთან, ნავთქურის სუსტი ალივით მბჟუტავ შიშთან ასოცირდება. შიშთან, რომელიც უმუშევრად დარჩენილი მამის ცრემლჩაბრუნებულ თვალებს კიდევ უფრო ამძაფრებს.  ამ სიტყვას მთის ველური მხლის ტკბილ-მწარე გემო აქვს, მშობლის ზრუნვით და სასოწარკვეთით გაჟღენთილი გემო. სიღარიბე კარგი მასწავლებელია, სოციუმში შენი არსებობისა და საერთო საქმეში აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას ყველაზე სწრაფად გასწავლის, თუმცა არავის ვურჩევ მსგავსი გამოცდილების მიღებას.

ვფიქრობ, სიღარიბის თემა დაწყებით საფეხურზე საკმაოდ ფრთხილად უნდა განვიხილოთ. ამიტომ, უფრო მეტს  ქველმოქმედებასა და სიზარმაცის დაძლევაზე ვისაუბრებ. ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების მთავარი პრინციპების გათვალისწინებით, სიღარიბის დამარცხების შესახებ საკმაოდ საინტერესო პრობლემაზე ორიენტირებული გაკვეთილების დაგეგმვა შეიძლება.

დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებთან ზემოაღნიშნულ თემაზე საუბარი სჯობს რომელიმე მხატვრულ ტექსტზე დაყრდნობით წამოვიწყოთ. მაგალითად მოვიყვან ხალხურ მოთხრობას „ცხვარი და სიღარიბე“. წაკითხვის შემდეგ, ცხვრის, როგორც შემოსავლიანობის სიმბოლოზე, ზოგადად, მთაში ცხვრის ყოლის ტრადიციასა და მეცხვარის პროფესიაზე, შრომის მნიშვნელობაზე ვისაუბრებდი. თუ ინტერესს გამოიჩენდნენ, სიზარმაცის დაძლევის ერთ-ერთ უძველეს „ხერხსაც“ გავაცნობდი (ხალხური ზღაპარი „ერთი მანეთის შოვნა“), რაც დისკუსიის წარმართვისთვის საჭირო საკმარისი ინფორმაციით შეაიარაღებდა ჩვენს აღსაზრდელებს. გარდა ამისა, კარგი იქნებოდა, თუ ბავშვებს საკუთარი შრომის „დაგემოვნების“ საშუალებასაც მივცემდი.

უახლოეს მომავალში ვგეგმავ  „გაზიარების დღის“ ორგანიზებას. ბავშვები საკუთარი ხელით მომზადებული საკვებით გაუმასპინძლდებიან ერთმანეთს. თუ პროექტში მთელი სკოლა ჩაერთვება, კერძებს რომელიმე ხელმომჭირნე ოჯახსაც ვუწილადებთ. ამას გარდა, ბავშვებს „სოციალური მაცივრების“ არსებობის შესახებაც მოვუყვები. ვინ იცის, იქნებ მათაც სურთ მშიერი ადამიანებისთვის ლუკმის გაყოფა, მაგრამ ჯერ არ იციან, რომ მსგავს აქტივობებში ჩართვა საჭიროსთან ერთად შესაძლებელიცაა. მთავარია, საკუთარი ხელით „ნაშოვნმა მანეთმა“ მთავარი მიზნისკენ – სამოქალაქო თვითშეგნების ამაღლებისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადაგვადგმევინოს.

მიუხედავად იმისა, რომ ზღაპარია, მეხუთე-მეექვსე კლასამდე ანდერსენის „ასანთის გამყიდველი გოგონას“ ისტორიის მოყოლას მაინც ვერ ვბედავ. თუმცა აღნიშნული ტექსტი პრობლემაზე ორიენტირებული გაკვეთილის მომზადებისთვის შესანიშნავ დამხმარე რესურსს წარმოადგენს. ზღაპარში მკაფიოდაა აღწერილი ღარიბი ბავშვების ნაცრისფერი ყოფა და საზოგადოებრივი გულგრილობა, რაც სიღარიბის თემაზე გამართული საკლასო დებატებისთვის მრავლისმეტყველი საკვლევი მასალა იქნებოდა.

გამყიდველი გოგონას უკანასკნელი ასანთის ღერი დიდი ხანია ჩაქრა, მაგრამ XXI საუკუნის ბავშვები ისევ ვაჭრობენ ქალაქის ქუჩებში და პროფესიონალ გამომძალველებადაც ყალიბდებიან (სიღარიბეს აღარ აქვს ანგელოზის თვალები). დღეს ალბათ „ცხვარი და სიღარიბე“ სულ სხვანაირად დაიწერებოდა, რადგან თანამედროვე სოციალურ სიდუხჭირეს ვერც ცხვარი ერევა და ვერც – ძროხა. აქ შრომის ფასი სულ სხვა, ე.წ. კონკურენციის სასწორზე იწონება. ამიტომაც, ჩემი აზრით, ჩვენს საუკუნეში გაცილებით ძნელია თანადგომის სწავლა.

ტკივილებისთვის ჩრდილის წაფარება კარგს არაფერს მოგვიტანს. საზოგადოებამ ღიად უნდა ისაუბროს არსებული სოციალური სირთულეების შესახებ და არც საკუთარი უსუსურობის აღიარების უნდა შერცხვეს. სკოლაში თუ მის მიღმა, უნდა ვიმსჯელოთ სიღარიბის გამომწვევ  მიზეზებზე, პრობლემის გადაჭრის რეალურ გზებზე, სიცოცხლის უფლებაზე, რომელიც ხშირად სიღარიბის მიზეზით ირღვევა, ხალხისგან დაცლილ სოფლებზე, ემიგრაციაზე, მიუსაფარ მოხუცებსა და მძიმე სენით დაავადებულ თანამოქალაქეებზე… მტკივნეული თემაა, მაგრამ რას ვიზამთ?! ერთხელაც „სხვისი ჭირი“ ღობეს ჩხირად აღარ მიემატება და ჩვენი სახლის კარზეც მოაკაკუნებს.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი