პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

ვინ არის ის, ასეთი უცნაური? (I ნაწილი)

გოგონას დიდებაზე ფიქრი გულშიც არ გაუვლია 

ყველაფერი არც ისე რთულად არის და არც ისე მარტივად. უნდა ითქვას, კლასიკური და პოპულარული მუსიკის საზღვრების გადაკვეთა კარგა ხანია შემჩნეულია. არ უნდა გაგვიკვირდეს, ეგრეთ წოდებული, „არასერიოზული“ მუსიკა მუდმივად „სერიოზული“ მუსიკის გავლენის ქვეშ რომ ექცევა. მუსიკალური განათლების მიღების საფუძველი ხომ რთული და დამქანცველი მრავალფეროვანი კლასიკური რეპერტუარის შესწავლაზე დგას, საიდანაც თავისუფალი არჩევნის სახით „ტკბილ“ ნაყოფს უკვე კენწეროში მოვიპოვებთ. მყარი ნიადაგი კი საკუთარი გზის შერჩევა-პოვნაში ძალიან გვეხმარება.

რაღა თქმა უნდა, ზევით აღნიშნულ გავლენას წერილის ვერც მთავარი პერსონა გაურბის, თუმცა მის ინტერესს უფრო „ახალი“, XX საუკუნის მუსიკა წარმოადგენს. ლაბირინთი, რომლის გავლაც ამ წერილით მოგვიწევს, საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე უცნაური ადამიანის სამყაროს შეეხება.

 

ექსცენტრული მდიდარი წარმოსახვის ისლანდიელი მომღერლის, კომპოზიტორისა და მსახიობის შემოქმედება ერთდროულად ალტერნატიულ როკს, ინდი პოპს, IDM, ტრიპ ჰოპს, მოდერნ კლასიკს ითავსებს. „მუსიკალური ხმაური“, რომელსაც საკულტო ისლანდიელი გვთავაზობს, მუდმივად ექსპერიმენტების სიყვარულითაა განპირობებული. ის თანამედროვე სცენის ერთ-ერთი ყველაზე ეპატაჟური და ზეორიგინალური ხელოვანია. ამ ექსცენტრული გარეგნობის მიღმა უკიდურესი თვითგამოხატვისთვის დიდზე დიდი, დაუღალავი შრომა დგას.

 

***

ისლანდიელმა მუსიკოსმა კარიერა არც მეტი, არც ნაკლები 11 წლისამ დაიწყო. თუმცა მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ და ყველაფერი თავიდან დავიწყოთ.

 

ვინაიდან ისლანდიაში გვარები საერთოდ არ არსებობს, ჩვენი მთავარი პერსონის გვარს გვერდი ინტერესის გარეშე ავუაროთ და მხოლოდ მისი სახელით დავკმაყოფილდეთ. იმ მხარეში სახელის დარქმევასთან ერთად მიღებულია მამის ან დედის სახელის დამატება. მაგალითად, ბიორკ გუდმუნდსდოტირი. აქ სახელი „ბიორკი“ სცენური ფსევდონიმი არ გეგონოთ, ის ისლანდიურად „არყის ხეს“ ნიშნავს, ხოლო გუდმუნდსდოტირი – გუდმუნდის ქალიშვილს.

ბიორკ გუდმუნდსდოტირი 1965 წლის 21 ნოემბერს რეიკიავიკში, თავისუფალი შეხედულებების მქონე ჰიპების ოჯახში დაიბადა. აიკიდოს მასწავლებლისა და ელექტრიკოსის ქალიშვილმა არაერთხელ დაგვარწმუნა, რომ ვიკინგების ნამდვილი შთამომავალია, ძლიერი, შეუპოვარი ხასიათით, აბსოლუტური უკომპლექსობით, ელფის სიმაღლითა და ესკიმოსის მსგავსი ვიწრო თვალებით.

ბიორკის ჰიპი დედა ისლანდიაში ყველაზე გრძელი თმითა და მაროკანული სამაჯურებით იყო განთქმული. ქალიშვილის დაბადების შემდეგ მშობლები ერთმანეთს დაშორდნენ, თუმცა დედა მეორედ დაქორწინდა. სამი წლის ბიორკი ჰიპ მამინაცვალთან, ყოფილ გიტარისტთან იზრდებოდა, რომელსაც არც მუშაობა უყვარდა და არც დისციპლინა. დღეებს ბიორკთან ზღაპრების მოყოლასა და გართობა-თამაშში ატარებდა. ბავშვისთვის მკაცრი აღმზრდელი ვერც დედა აღმოჩნდა. საბოლოოდ კი აღმოჩნდა, რომ მშობლებმა გოგონას პიროვნულ ჩამოყალიბებაზე უმნიშვნელოვანესი გავლენა მოახდინეს.

ჰიპების კომუნად ქცეული ოჯახი თავშეყრისა და გართობის საუკეთესო ადგილი იყო მხატვრებისთვის, მუსიკოსებისთვის და სხვა საინტერესო პიროვნებებისთვის. პატარა ბიორკს მოზრდილები დღე და ღამე სიამოვნებით უყვებოდნენ ზღაპრებს, უმღეროდნენ სიმღერებს. ბიორკი პატარაობიდანვე ჰიპების გავლენის ქვეშ მოექცა და მათ შეხედულებებსაც იზიარებდა. მომავალში, ეს ბოჰემური ატმოსფერო ბიორკის მოწოდებისა და მუსიკალური განათლების საფუძველი ხდება.

„ისლანდიაში იმ უმცირესობას წარმოვადგენდი, რომელიც ჰიპების ათი ადამიანისგან შემდგარ კომუნაში იზრდებოდა და სადაც ერთადერთი ბავშვი – მე ვიყავი. აქ გაიარა ბავშვობის წლებმა. ჰიპების კულტურამ ჩემს ცხოვრებაში მყარად გაიდგა ფესვები. ამ ოჯახიდან მუდამ უცნაური მოწოდებები მოისმოდა: „მოდი, კედლები იისფერი პეპლებით მოვხატოთ“, „ორი დღე მხოლოდ ბანანი ვჭამოთ“ და ა.შ. ყველას გრძელი თმა ჰქონდა. ყველა ვეგეტარიანულ საჭმელს მიირთმევდა და შეუსვენებლად უსმენდა ჯიმი ჰენდრიკსს. ყველას უყვარდა ერთმანეთი და ენდობოდა ერთმანეთს. ჩამოყალიბებული ატმოსფერო ნამდვილ ბედნიერებას ჰგავდა. საღამოს შემეძლო დასაძინებლად არ წავსულიყავი, ვიდრე თავად არ მოვისურვებდი. არაფერს მიკრძალავდნენ. ნდობის ეს გარემო თვითგამოხატვის სრულ შესაძლებლობას იძლეოდა. ყოველგვარი უხერხულობის გარეშე შეგეძლო ნებისმიერი რამის შექმნა. საერთოდ, ადამიანები უხერხულობის გამო საკუთარ გრძნობებს ვერ გამოხატავენ. იმის გამო ღელავენ, რას იფიქრებენ მათზე სხვები, რისკის ეშინიათ. მე კი მუდამ ვრისკავ. ეს ერთადერთი ხერხია შთამაგონებელი ხელოვნების შექმნის. რისკი თავისთავად ძალზე შთამაგონებელია. უფროსები მასწავლიდნენ ყველაფრის ყველასთვის განაწილებას, საქმის ბოლომდე მიყვანას, არავის და არაფრის შიშს, ყოველი დღის უკანასკნელ დღედ მიჩნევასა და სისხლსავსედ გატარებას“ , – იხსენებს ბიორკი.

ახირებულმა და თავნება გოგონამ დამოუკიდებელ ცხოვრებას ადვილად აუღო ალღო. ყველაფერს აკეთებდა, რასაც მოისურვებდა. „სანადიროდ ხშირად დავდიოდი, კოცონზე ნანადირევს ვამზადებდი და ველურ ბუნებაში სრულიად მარტო დღეების განმავლობაში „ვიკარგებოდი“. გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ პირველი დამოუკიდებელი შენაძენი კარავი და საძილე ტომარა იყო“. ცხოვრობდა გოგონა თავისთვის „ტყეში“, დიდებაზე ფიქრი გულშიც არ გაუვლია.

გოგონას უსაქმური და უდარდელი ატმოსფერო, რა თქმა უნდა, ძალიან ხიბლავდა, მაგრამ როდესაც წამოიზარდა, ვერ იგუა.

 

ბიორკი მუსიკალურ ბავშვად დაიბადა. ერთი წლის ასაკში მუსიკის ხმაზე ინაბებოდა. ორი წლისამ ყველა სიმღერა მიუზიკლიდან „მუსიკის ჰანგები“ ზეპირად იცოდა, რაც გახდა კიდეც ხანგრძლივი ურთიერთობის საფუძველი „მუსიკის სასწაულებთან“.

როგორც ზევით აღვნიშნე, ბიორკს თავისუფლებისა და თვითგამორკვევის უნარი დედამ განუვითარა. ბიორკმა პატარაობიდანვე იცოდა, რომ აქვს პროფესიის, ცხოვრების წესის თავისუფალი არჩევანი და უკვე მოზარდობისას გააცნობიერა, რომ მისი ბედი მხოლოდ მისსავე ხელშია.

მამინაცვალი გოგონას ძალზე დიდ დროს უთმობდა. ზღაპრული ატმოსფეროს შექმნის გარდა, მისთვის გიტარაზე სხვადასხვა სახის მუსიკასაც უკრავდა. ერთად ამუშავებდნენ მელოდიებს, არჩევდნენ აკორდებს, წერდნენ ტექსტებს სიმღერებისთვის.

5 წლის ბიორკი დედის და მამინაცვლის წყალობით უკვე ფლეიტასა და ფორტეპიანოზე უკრავდა. მუსიკალური სკოლის ორკესტრში არფაზე დაკვრას და სიმღერასაც დაეუფლა. მისი განსხვავებული ნამღერი გულგრილს არავის ტოვებდა. მიუხედავად იმისა, რომ არც გამები და არც სასწავლო პროგრამა იზიდავდა, ნაწარმოების სრულყოფამდე მიყვანას მაინც ყოველთვის ცდილობდა.

ბუნებრივია, ზღაპრებით გამოკვებილი და აბსოლუტურად თავისუფლების მოყვარე უკონტროლო ბავშვი ჩვეულებრივი ვერ იქნებოდა. შესაბამისად, ვერც ჩვეულებრივ გარემოს შეეგუებოდა ადვილად, ვერც ჩვეულებრივ მუსიკას შექმნიდა და ვერც ჩვეულებრივად იმღერებდა.

რეიკიავიკის მუსიკალურ სკოლაში ერთ-ერთ საჩვენებლ კონცერტზე, სადაც ბავშვები ლექსებს კითხულობდნენ და მღეროდნენ, 11 წლის ბიორკმა „I love to love” იმღერა, რომლის ბრწყინვალე შესრულებამ მასწავლებლები აღაფრთოვანა. ნამღერი მამინაცვლის ინიციატივით მუსიკის მასწავლებელმა ისლანდიის რადიოს გადასცა. ჩანაწერის ეთერში გაჟღერების შემდეგ ხმის ჩამწერმა სტუდიამ პატარა მომღერალთან კონტრაქტიც დადო. რადიოთი წარმატების შემდეგ მშობლებს გოგონას სადებიუტო ალბომის ჩაწერა შესთავაზეს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი