არ წაიკითხოთ წიგნები

შემოდგომის სცენის გამნათებელი ყველაზე შემოქმედებითი კაცი უნდა იყოს დანარჩენ ოთხთა შორის, მზის ნათურას სასწაულს აკეთებინებს. მთავარია ქარი ქროდეს. პარტერიდან და ლოჟიდანაც სასიამოვნო სამზერელია.

ამ დროს ხალხი მუშაობას იწყებს და ძნელად თუ ტკბება. ზაფხული გავლილია, ზურგს უკან დგას და მის სუნთქვას კი გრძნობ ყურთან, მაგრამ ნელნელა სუსტდება. ზოგჯერ ამინდია – კოაბიტაცია ამას ჰქვია – მზე და თოვლი ერთმანეთში ირევა. მოკლედ – მაგარი დროა შემოდგომა. განსაკუთრებით საღამოები. წიგნის კითხვის დრო. ან ტელევიზორთან მისხდომის დრო, ან ინტერნეტთან.

ჩემი რჩევა, როგორც ბიბლიოთეკის დირექტორის, ყველას მოლოდინით, მარტივი უნდა იყოს – იკითხეთ წიგნები, ყველგან და ყოველთვის. მაგრამ არის ხოლმე, მოწოდება გაუგებარად რჩება. განსაკუთრებით სტუდენტებისთვის და მათი თაობისთვის – ხალხისთვის, რომელსაც ინფრომაცია შეუძლია რომელიმე ვიკისაიტზე ამოიკითხონ, ხოლო სიამოვნება თუ კათარზისი პლეისთეიშენის თამაშითაც მიიღონ. მე თუ მკითხავთ, წიგნის კითხვა აუცილებელი მართლაც არ არის. წიგნს, ანუ ამ შემთხვევაში ცხადია ვგულისხმობ მხატვრულ ლიტერატურას ყველას არ უნდა კითხულობდეს. მისი დაძალება დანაშაულიც კია. ლიტერატურის  ვინმესთვის შეყვარება წარმოუდგენელია ამბავია, თანდაყოლილი საქმე მგონია ეს. ავადმყოფობა – გნებავთ. აი, როგორც სცენის მტვერი და ამგვარი ამბები. იწამლები და მათით ცხოვრობ. ასე გრძელდება სულ – ციხეშიც და საავადმყოფოშიც მათ გვერდით გინდა – ვერც შენ შორდები და თითქოს, რაღაც ძალით, არც ისინი გიშორებენ.

ასე რომ, ნუ ვიქნებით მიამიტები. არ წაიკითხოთ წიგნები, თუ:

  • თუ ტომ და პასუხი არ არის, თქვენთვის ყველაზე დიდი პასუხი არ არის.
  • თუ სხვების ცხოვრებით ცხოვრება გაფრთხობთ, მეტიც– სხვისი სიკვდილით სიკვდილი გაშინებთ ანუ სიკვდილამდე ბევრჯერ სიკვდილი
  • თუ ლუარსაბობა და ტარიელობა ვერ შეძელით. აი, ასე – ერთად ვერ შეძელით. პირველი გაგიტყდათ და მეორე – გეძნელათ.
  • თუ რომელიმე ტანკა ან ჰაიკუ დაიწყეთ და ბოლომდე ვერ წაიკითხეთ
  • თუ ალუდა ქეთელაური მხოლოდ თემთან დაპირისპირებული და მეტიც – გამარჯვებული გმირი გგონიათ
  • თუ ხანდახან პეპისავით არ ფიქრობთ : ,,ვფიცავ არასდროს გავიზარდო იმაზე მეტი,რომ წვიმაში ყვავილების მორწყვის შემრცხვეს!’’
  • თუ სიცრუის გეშინიათ. რომ დაგამშვიდოთ – სიცრუის სიბრძნის.

 

ცოტა პათეტიკურია არა? ასეა. მაგრამ მაშინაც ნუ წაიკითხავთწიგნებს, თუ მანერულობა გაშინებთ.

ხოლო სხვა შემთხვევაში მათი წაკითხვა ჯანმრთელობას არ ავნებს, მხოლოდ მცირე უკუჩვენებები აქვს. ჩემი საშემოდგომო რჩევებიც ეს არის.

კომენტარები

comments