ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

ჩვენი და სხვისი სკოლამდელი განათლება

„დანიელის ბაღში ჩიტებს, ხეებს და ბუნების მოვლენებს აკვირდებიან და იკვლევენ. დანიელი ორი წლისაა. ტყეში ხშირად დადიან. იქ პატარა ქოხიც აქვთ. აღმზრდელები ბავშვებს პატარ–პატარა ამბებს უყვებიან. დანიელს ძალიან მოსწონს ბაღი“, – მიყვება ნინო, რომელიც უკვე ათი წელია ფინეთში ცხოვრობს მეუღლესთან ერთად და ორ შვილს ზრდის. ფინურ სკოლამდელ განათლებასთან ნინოს როგორც მშობელს და აღმზრდელს ერთდროულად მოუწია შეხება. სამი წელი სხვადასხვა ბაღში გადიოდა პრაქტიკას და ერთი წელი აღმზრდელადაც მუშაობდა. როდესაც ერთმანეთს ვხვდებით, ძირითადად საჭირბოროტო თემებზე საუბრით შემოვიფარგლებით და მეც ვუყვები, როგორ ვებრძვი თებერვლის ბოლოდან გამოყოლილ ბაღის შიშებს.

„წვიმს, თოვს, ქარი ქრის, ყინავს თუ მზე ანათებს, ყოველთვის გარეთ ვართ. –15 გრადუსშიც კი გაგვყავს ბავშვები დაახლოებით 30 წუთით. წვიმაში ფერად-ფერადი საწვიმრები და ბოტები აცვიათ. ფინეთში გრძელი და ცივი ზამთარი იცის, ამიტომ ყველამ იცის, რომ თბილად უნდა ეცვათ, სილამაზეს არავინ უყურებს. მთავარია, ბავშვი დღის განმავლობაში საინტერესო აქტივობებით იყოს დატვირთული. როგორც კი მოთოვს, ბავშვები თხილამურებით სასრიალოდ მიგვყავს. გარეთ დღეში ორჯერ გავდივართ: დილაობით – საათ–ნახევრით და საღამოობით – ორი საათით. ხშირად დავდივართ ტყეში. ზეიმს წელიწადში ორჯერ ვმართავთ: დეკემბერში შობას აღვნიშნავთ, მაისში – სასწავლო წლის დამთავრებას. ყველა ჯგუფი ერთ ან ორ სიმღერას ასრულებს. საზეიმოდ საგანგებოდ გამოწყობილი არავინ მოდის, უბრალო კაბები და შარვლები აცვიათ. საზოგადოდ, ჩაცმას დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებენ, ამაზე ფიქრით არ ირთულებენ ცხოვრებას. აი, ეს სურათი, მაგალითად, კრისტინას საგაზაფხულო ზეიმზეა გადაღებული“, – მწერს ნინო და ფოტოს მიგზავნის. ფოტოზე ფერად საწვიმრებში გამოწყობილ გოგონებს წყალგაუმტარ შარვლებზე ტიულის ფრიალა კაბები გადაუცვამთ.

„ბაღში არა? დედა, ბაღში არა?“ – მეკითხება ჩემი გოგონა. ზაფხულის არდადეგებზეც კი ბაღიდან გამოყოლილ შიშებს ვებრძვით. „მეშინია“, – ამბობს და საკუთარი სიტყვების: „ბაღში საშიში არაფერია“, – თავადაც არ მჯერა. ვეუბნები, რომ ბაღში სიარული საჭიროა, მაგრამ ვიცი, რომ შიშები, რომლებიც სქელი მინის კარის მიღმა ჩაბუდებულა, არც ისე გაზვიადებულია. ამ შიშებს ვერც საკონტროლო ვიდეოთვალით მოერევი და ვერც კარს უკან ატუზვით. ვერც ორწლინახევრის გოგოს მოსთხოვ მათ დამარცხებას. მიზეზი სადღაც ღრმადაა და ერთადერთი ძალა შიშის ამოსაძირკვად ამაზე ხშირი საუბარია.

ახლა გეტყვით, რატომ ეშინიათ ბავშვებს და იმასაც გეტყვით, თავადაც როგორ შემეშინდა, როცა შემთხვევით დავინახე, რაც არ უნდა დამენახა – როგორ ჩაარტყეს თავში ბავშვს ტელეფონი. ამან ისე დამაბნია, კარგა ხანს ვფიქრობდი, მეთქვა თუ არა აღმზრდელისთვის, რომ ძალიან ცუდად მოიქცა. საბოლოოდ გავბედე და ვუთხარი, მომდევნო ერთი კვირა კი ბავშვები ბაღში აღარ წამიყვანია. ჩემს ორწლინახევრის გოგოს არ შეუძლია, ზედმიწევნით გადმოსცეს, რისი ეშინია, მაგრამ მაინც ახერხებს გამაგებინოს, რომ გარემო, სადაც ნახევარ დღეს ატარებს, აშინებს. ამაზე ხმამაღლა ლაპარაკი არ არის გადაჭარბებული დედური სენტიმენტები. ჩვენს ბაღებში, მთელ ჩვენს საზოგადოებაში ბავშვებს პატივს არ სცემენ და ეს არც ისე ძნელი შესამჩნევია.

ჩვენს ბაღებს დაცულობის შეგრძნება აკლია. სკოლამდელი განათლების სპეციალისტებიც ყველაზე ხშირად იმაზე საუბრობენ, რაოდენ მნიშვნელოვანია, ბავშვს ჰქონდეს უსაფრთხოებისა და საკუთარი ჯგუფისადმი მიკუთვნებულობის განცდა. ეს განცდა აღსაზრდელს საკუთარი პიროვნების პატივისცემას უჩენს და ისიც უფრო ადვილად ეგუება სხვა სამყაროს, უფრო გამბედავი და ინიციატივიანი ხდება.

იმ ფოტოებზე, რომლებიც ცოტა ხნის წინ გამომიგზავნეს, საწვიმრებში გამოწყობილი პატარა გოგო-ბიჭები მშვიდად თამაშობენ გუბეებში და ალბათ დრო, რომელიც ბაღში უნდა გაატარონ, უფრო საინტერესოდ გადის, ვიდრე ჩვენი შვილების ბაღებში, სადაც ბავშვები მთელი დღე ოთახში არიან გამოკეტილი და გაღიზიანებულები და შეშინებულები ელოდებიან მშობლებს. სამწუხაროდ, ბევრ ბაღს არც კი აქვს ეზო და რომლებსაც აქვს, იქაც მთელი დღე ცარიელია. ბავშვები არც საქანელებზე ქანაობენ და არც ქვიშის მოედნებზე ერთობიან ფერად-ფერადი სათამაშოებით. საითაც არ უნდა გავიხედოთ, ბავშვების სამყარო დღითი დღე ვიწროვდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი