ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშემწყობი მექანიზმები

2012 წელს 100 000 ამერიკელ მოსწავლეს ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტიურობის სინდრომის მცდარი დიაგნოზი დაუდგინდა. ქართულ სკოლებშიც სულ უფრო ხშირად ისმის ეს ტერმინი. ამ სინდრომის მაჩვენებლებიდან რამდენიმე – პრობლემები დავალებებზე კონცენტრირებისას, ყურადღების გაფანტვა, მოუსვენრობა –  ერთობლიობაში აგრეთვე  მოწყენილობის სიმპტომებია, რაც შეიძლება ნებისმიერ ადამიანს დაემართოს, თუკი მას საათობით მისთვის უინტერესო, გაუგებარ, უმიზნო საკითხებზე ყოველგვარი თვალსაჩინოების, ყურადღების გადართვის საშუალების გარეშე, მონოტონურად ესაუბრებიან. ჩვენი მოსწავლეებისათვის სასწავლო პროცესი ხშირად სწორედ ასე გამოიყურება, რადგან მათ გააჩნიათ კომუნიკაციისა და ინფორმაციის მიღების უწყვეტი და მრავალფეროვანი წყაროები, ცხოვრობენ მოულოდნელობით აღსავსე კონკურენტულ გარემოში, რომელიც კონკრეტული საკითხების ცოდნასთან ერთად (და ზოგჯერ მეტადაც) მოითხოვს კარგად განვითარებულ კომპლექსურ უნარებს, როგორიცაა დროის მართვა, მოქნილობა, პრობლემის გადაჭრა, კვლევა, ლიდერობისა და ამავდროულად გუნდური მუშაობის უნარი და ა.შ. ჩვენი მოსწავლეები შესანიშნავად გრძნობენ სამყაროს მოთხოვნებს და იმას, რომ ხშირად საკლასო ოთახში მიმდინარე სასწავლო პროცესი არანაირ შესაბამისობაში არ მოდის მათთან.

განათლების განვითარებით ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოწვეული რადიკალური ცვლილებები, თავის მხრივ, აუცილებელს ხდის განათლების განვითარების მომდევნო საფეხურზე გადასვლას, რაც გულისხმობს მაღალი სააზროვნო და სოციალური უნარების განვითარებას, სწავლება-სწავლის პროცესში ტექნოლოგიების მიღწევების გამოყენებას, განათლების ინდივიდუალიზაციას – მოსწავლეზე და მის საჭიროებებზე ორიენტირებას. განათლების სისტემაში ცვლილებების წარმატებით განხორციელება არაერთ ფაქტორზეა დამოკიდებული, რომელთაგან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია მასწავლებლის პროფესიული განვითარება.

ნებისმიერი პედაგოგისათვის გასაგებია, რომ საკუთარი პრაქტიკის გაუმჯობესების საშუალებას იძლევა მუდმივი რეფლექსია და არა ფრაგმენტული და ქაოსური ღონისძიებები. ამ თვალსაზრისით, პროფესიული განვითარების ტრადიციულ მოდელთან შედარებით დიდი უპირატესობა აქვს სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მოდელს. მაშინ, როცა ტრადიციული მოდელი წარმოადგენს ტრენინგისა და/ან სემინარის ერთჯერად სესიას (საუკეთესო ვარიანტში სესიათა ერთობლიობას) და ძირითადად მიმართულია მასწავლებლის ცოდნისა და ზოგადი უნარების გამოვლენასა და გაუმჯობესებაზე, სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარება წარმოადგენს მრავალფეროვანი აქტივობებისაგან შემდგარ უწყვეტ პროცესს, რომელიც სასწავლო ჯგუფებში ხორციელდება. მასწავლებლები კვლევითი პროექტების მეშვეობით წყვეტენ იმ პრობლემებს, რომლებსაც აწყდებიან ყოველდღიურ პრაქტიკაში, რაც არსებითად ცვლის სასწავლო პროცესს და დადებითად აისახება მოსწავლის დისციპლინასა და აკადემიურ მოსწრებაზე.

დაკვირვებებზე და რეფლექსიაზე დაყრდნობით, შემიძლია გამოვყო რამდენიმე მახასიათებელი, რომლებიც სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მოდელის დანერგვის საშუალებას იძლევიან და მის ეფექტიანობას განაპირობებენ.

ერთ-ერთ გამოსვლაში კენ რობინსონი ამბობდა: „განათლების სისტემაში ცვლილებების განსახორციელებლად საკმარისი არაა უბრალოდ ვუთხრათ მასწავლებელს, რომ საჭიროა სტანდარტიზებული ტესტების შედეგების გაუმჯობესება. მან თავად უნდა იგრძნოს ცვლილებების საჭიროება. და ვიდრე არ გაჩნდება ცვლილებების საჭიროების გაზიარებული განცდა, ვერ მოხერხდება მასშტაბური ცვლილებების განხორციელება”. ჩემი აზრით, სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მოდელის წარმატებით დანერგვის აუცილებელი, თუმცა, ბუნებრივია, არასაკმარისი პირობა სწორედ ცვლილებების საჭიროების გაზიარებული განცდის არსებობაა – თანამოაზრეობა უზრუნველყოფს თანამშრომლობითი გარემოს ჩამოყალიბებას, ხოლო ცვლილებების საჭიროების გააზრება – მოქმედებას ცვლილებების განსახორციელებლად. სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშემწყობი სხვა მექანიზმები თანამშომლობითი გარემოს განუყოფელი შემადგენელი ნაწილებია:

 

– სამუშაო ჯგუფში ლიდერის არსებობა – ავტორიტეტული კოლეგის, რომელიც თანაბრად ინაწილებს ჯგუფის წევრების მიერ განსახორციელებელ საქმიანობებს, ადგენს ამა თუ იმ აქტივობის კონკრეტული საფეხურის დასრულების ვადებს, ყოველთვის თანმიმდევრული და სამართლიანია, ახარებს კოლეგათა მცირე წარმატებები და ეხმარება სირთულეების გამოვლენასა და დაძლევაში;

– სამოქმედო გეგმის შედგენისას სკოლაში ან/და სამუშაო ჯგუფში არსებული კულტურის გათვალისწინება, რაც ნიშნავს ზუსტად იგრძნო კონკრეტული კოლეგისა თუ კოლექტივის მზადყოფნა შენ მიერ შეთავაზებული სიახლეების გასაზიარებლად და მათში აქტიური მონაწილეობის მისაღებად;
– საკუთარი და კოლეგების ძლიერი მხარეების გათვალისწინება და გამოყენება პროფესიული განვითარების დაგეგმვისას.
 
სკოლაში ასეთი მექანიზმების არსებობა მასწავლებელთა შორის თანამშრომლობითი პროფესიული ურთიერთობების დამკვიდრებას განაპირობებს. მასწავლებელთა მცირე ჯგუფებში ჩამოყალიბებული კულტურა მომავალში სკოლის კულტურად იქცევა, რაც დადებით გავლენას მოახდენს მოსწავლეთა პიროვნულ განვითარებაზე. განსხვავებული ხედვებისა და მრავალფეროვანი გამოცდილების გათვალისწინებით მასწავლებლები შექმნიან ისეთ სასწავლო გარემოს, რომელიც თანამედროვე სამყაროს მოთხოვნებს მიუახლოვდება, რაც უზრუნველყოფს მოსწავლეთა მაქსიმალურ დაინტერესებას და აგვარიდებს არასწორ დიაგნოზზე აგებულ სტატისტიკას.

გამოყენებული ლიტერატურა და დამხმარე რესურსები:

 

1.მ.ბოჭორიშვილი, მ.ინასარიძე. სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარება. პრაქტიკული გზამკვლევი. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, 2014.
2.Sandra H.Harwell. Teacher Professional Development: It’s not an event, it’s a process. CORD, 2003.
3.National Advisory Commitee on Creative and Cultural Education. All Our Futures: Creativity, Culture, Education. Report to the Secretary of State for Education and Employment, the Secretary of State for Culture, Media and Sport. May, 1999.
4.https://www.youtube.com/watch?v=BEsZOnyQzxQ
5.https://www.youtube.com/watch?v=aiW0s6_83dw

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი