პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

კლუბის ბიოგრაფია

ჩვენს კლუბს რომ ნამდვილი ბიოგრაფია აქვს და მე რომ დაუსრულებლად შემიძლია ვილაპარაკო მასზე, ყველას თავი მოვაბეზრო და ყურები გამოვუჭედო, ეგ არ არის ახალი ამბავი.

ახლა სხვა მიზეზი და მიზანი აქვს ამ სტატიას: ხშირად მეკითხებიან მეგობრები თუ ნაცნობები, რომლებმაც იციან ჩვენი კლუბის შესახებ, რა ეტაპები გავიარეთ, სანამ კლუბი დასრულებულ სახეს მიიღებდა, რა რისკი არსებობდა და რა უნდა გაითვალისწინონ, თუ ამ საქმეს მოჰკიდებენ ხელს. ყველა მასწავლებელმა ხომ ძალიან კარგად იცის, რა მნიშვნელოვანია გამოცდილების გაზიარება.

ეს ამბავი ჯერ კიდევ მაშინ დავიწყეთ, როცა მე და ჩემმა მოსწავლეებმა მასწავლებლების კრედიტებისა არაფერი ვიცოდით, არც პრემიების იმედით შეგვიქმნია, არც ტაშისა და დითირამბების მოლოდინი გვქონია. ახლა რომ ვიხსენებ, არავითარ დიად მიზანზე არ გვიფიქრია. ყველაზე მეტად, ალბათ, გვჭირდებოდა სივრცე, რომელიც კიდევ უფრო დაგვაახლოებდა ერთმანეთთან, გაგვაერთიანებდა, სხვებსაც შემოვიკრებდით და რასაც გავაკეთებდით, სიხარულით და სიყვარულით გავაკეთებდით. უბრალოდ, იმან შეგვაგულიანა, რომ 2014 წელი წიგნიერების წლად გამოცხადდა.

ეტაპი პირველი – როგორც ადამიანები არ ჰგვანან ერთმანეთს და არც უნდა ეცადონ, ერთმანეთს დაემსგავსონ, ასევეა კლუბიც. ამიტომ პირველი, რაზეც ფიქრი დავიწყეთ, კლუბის სახელი იყო. ჩავთვალეთ, რომ კლუბის ხასიათს ერთგვარად განსაზღვრავს მისი ლოგო და სლოგანიც. ამ ყველაფერზე ბევრი ვიფიქრეთ. ახლა გვაქვს „მკითხველთა და კრიტიკოსთა კლუბი“. ჩვენი ლოგოა „წიგნჩიტა“

ნიშნად იმისა, რომ წიგნი გვაფრთიანებს, ფრთები ფრენაა, ხოლო ფრენა – თავისუფლება. ჩვენი სლოგანია „კითხვით გააქრე კითხვები“. ეს ფრაზა პროცესის მუდმივობას გულისხმობს. რაც უფრო მეტი კითხვა გაგვიჩნდება, მით მეტი უნდა ვიკითხოთ პასუხების საპოვნელად. რაც უფრო მეტს წავიკითხავთ, მით მეტი კითხვა აფუთფუთდება ჩვენს გონებაში… და ასე დაუსრულებლად.

მომდევნო ეტაპი იყო სამუშაო გეგმისა და ფორმატის შემუშავება. მოვიფიქრეთ, რამდენ ხანში ერთხელ უნდა შევკრებილიყავით, რომ წიგნის წაკითხვა მოგვესწრო; რომელი დღე სჯობდა შეკრებისთვის, რომელი საათი – შეხვედრის დაწყებისა და დასრულებისთვის. ჩამოვწერეთ განსახილველ ნაწარმოებთა და მწერალთა სავარაუდო სია. სია შედგებოდა არა მხოლოდ იმ მწერლებისა და ნაწარმოებებისგან, რომლებიც მე მიმაჩნდა საინტერესოდ, არამედ, იმათგანაც, რომლებიც მანამდე წაიკითხეს და ერთმანეთს ურჩიეს ბავშვებმა. ახლა ყოველ პარასკევს ვიკრიბებით (ოღონდ ერთმანეთს ვუნაცვლებთ წიგნსა და ფილმს – ერთ პარასკევს თუ წიგნზე ვისაუბრებთ, მეორე პარასკევს ფილმს ვუყურებთ, რათა დრო გვქონდეს შემდეგი წიგნის წასაკითხად), 14:30 წუთზე და თითოეული შეხვედრა მაქსიმუმ ორ საათს გრძელდება.

მოვიფიქრეთ, რომ ყოველ შეხვედრაზე ორ ნაწარმოებზე ან მწერალზე გვესაუბრა: ერთ ქართველზე, ერთ უცხოელზე.

გადავწყვიტეთ, აგვერჩია ერთი ან რამდენიმე წარმდგენი, რომლებიც ილაპარაკებდნენ მწერალზე, ნაწარმოების შექმნის ისტორიაზე, ნაწარმოებთან დაკავშირებულ საინტერესო ფაქტებზე, ნაწარმოებში ასახულ პრობლემებზე, მის შესახებ შექმნილ კრიტიკულ აზრზე, დასვამდნენ საინტერესო კითხვებს, რათა აუდიტორიაც ჩართულიყო განხილვაში. გამოცდილებამ ასწავლა მათ, რომ დროის განაწილება ყველა ამ საკითხისთვის აუცილებელია, ამასთან, წარდგენის ფორმა საინტერესო უნდა იყოს, რათა ყურადღება დაიმსახურონ.

მესამე ეტაპი – აუცილებლად გვჭირდებოდა ვირტუალური სივრცე, სადაც ჩვენს მუშაობას ავსახავდით და ჩვენს ნაფიქრ-ნამსჯელს განვათავსებდით. ამიტომაც შევქმენით კლუბის ბლოგი (https://kitxvadakritika.wordpress.com), სადაც ვათავსებთ ბავშვების პოსტებს, შთაბეჭდილებებს წაკითხულ წიგნებსა და ნანახ ფილმებზე და ფეისბუქგვერდი (https://www.facebook.com/MDKclub), სადაც თითოეული შეხვედრის აფიშასაც ვდებთ და შეხვედრის ამსახველ ფოტოვიდეომასალასაც.

მეოთხე ეტაპი – გარდა ყოველკვირეული შეხვედრებისა, აქტიურად ვერთვებოდით გასვლით ღონისძიებებში, სტუმრად დავდიოდით სხვა კლუბებში ან ჩვენთან ვიწვევდით სტუმრებს, ვისმენდით ლექციებს ან სტუმრებთან ერთად ვმსჯელობდით.

დრო რომ გავიდა, გამოცდილებამ ბევრი რამ გვასწავლა და შეგვაცვლევინა.

ახლა ჩამოგითვლით იმას, რაც შევცვალეთ:

  • ძალიან ძნელი აღმოჩნდა ერთდროულად ორი წიგნის წაკითხვა და ორივეზე სრულფასოვნად მსჯელობა, ამიტომ ასე გავანაწილეთ – ერთ შეხვედრაზე თუ ქართველ მწერალს ვირჩევთ, მეორე უცხოელს ეთმობა.
  • თუ უცხოელი ავტორის ნაწარმოებს განვიხილავთ, ვცდილობთ, არც მთარგმნელი დაგვრჩეს უყურადღებოდ.
  • წარსადგენი წიგნების სიას ახლა მე კი არა, უმეტესად თვითონ ბავშვები ადგენენ – ვინც რა წაიკითხა, ვისაც რა მოეწონა და სურთ, სხვებს გააცნონ.
  • თავიდან წარმდგენები სურვილის მიხედვით ხდებოდნენ, მაგრამ ვინაიდან აღმოჩნდნენ ძალიან პასიურებიც, ლატარიის პრინციპზე გადავედით. ყუთში ვყრით ყველა წევრის სახელს და ვის სახელსაც კენჭისყრის დროს ამოიღებენ, ისაა შემდეგი წარმდგენი და წარსადგენ ნაწარმოებებსაც ის არჩევს.
  • კლუბის ორგანიზატორებიც დარწმუნდნენ, რომ აუცილებლად უნდა მოიფიქრონ სხვადასხვა ტიპის აქტივობა, რათა კლუბის წევრებს ინტერესი არ გაუნელდეთ.

ჩვენი საქმიანობის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი, კლუბის წევრებისთვის ყველაზე საყვარელი და სახალისო, მაინც კლუბის არჩევნები და დაჯილდოების ცერემონიაა, რომელსაც ყოველი სეზონის დასრულებისას ვმართავთ. წინასწარ წარვადგენთ ხოლმე ნომინანტებს შემდეგ ნომინაციებში: საუკეთესო მკითხველი, საუკეთესო კრიტიკოსი, საუკეთესო წარმდგენი, წიგნის ან ფილმის შესახებ საუკეთესო პოსტის ავტორი. გვყავს მის და მისტერ დასწრებებიც. ჩვენ მიერ წაკითხული წიგნებიდან და ნანახი ფილმებიდან ვირჩევთ წლის საუკეთესო წიგნსა და ფილმს. ამ დღეს ყველაზე მეტს ვხალისობთ, ვხუმრობთ, ვმღერით და ვცეკვავთ. ვახალისებთ სტუმრად მოსულ გულშემატკივრებსაც. რაც მთავარია, გვიხარია, რომ ამ ყველაფერს ერთად ვაკეთებთ და სექტემბრიდან ისევ გავაგრძელებთ.

ახლა იმასაც ჩამოვწერ, რა უნდა გაითვალისწინონ კლუბის ხელმძღვანელმა და კლუბის წევრებმა, რათა მათი საქმიანობა ისე წარიმართოს, როგორც წარმოუდგენიათ და ეოცნებებათ და ამით დავასრულებ:

  • კლუბის ხელმძღვანელმა უნდა იცოდეს დანიელ პენაკის მკითხველის უფლებები (https://www.etaloni.ge/geo/main/index/131) და ხშირ-ხშირად უმეოროს საკუთარ თავს;
  • კლუბში არც ერთი წევრი არ უნდა იჯდეს იძულებით (არც მშობლის სურვილით, არც სხვა მასწავლებლის დაჟინებული მოთხოვნით);
  • კლუბის შეხვედრები რეგულარულად უნდა იმართებოდეს, რათა კლუბის ცხოვრება ბავშვების ყოველდღიურობის ნაწილად იქცეს;
  • კლუბის ყოველ წევრს აქვს დუმილის და მხოლოდ მოსმენის უფლება, მაგრამ მაინც უნდა ვეცადოთ მათ ალაპარაკებას;
  • წაკითხულზე ან ნანახზე წერა თავიდან ქვეყნის დაქცევა ჰგონიათ ბავშვებს, მაგრამ მერე ადვილად ეჩვევიან და წერაში იხვეწებიან როგორც მკითხველები და მაყურებლები. კარგი იქნება, თუ ხელმძღვანელი თავად მისცემს ამის მაგალითს.
  • ყველაზე მონდომებულ მკითხველ ბავშვსაც კი ნებისმიერ წიგნს თანატოლებთან ხალისიან გარემოში ყოფნა და საინტერესო რამეების კეთება ურჩევნია. ჰოდა, ხელმძღვანელმა კეთილი ინებოს და ეს ყველაფერი წიგნებსა და ლიტერატურას დაუკავშიროს.
  • შეინარჩუნოს დამკვირვებელ-დამხმარის როლი. ყველაფერი უნდა აკეთონ- მოიფიქრონ-დაგეგმონ ბავშვებმა, მათ უნდა იზრუნონ ყოველ წვრილმანზე, რადგან ბუნების კანონია: რაშიც საკუთარი ნებით დებ შრომას, ის აუცილებლად გიყვარდება.
  • ვერასოდეს მოიშორებთ შიშს, რომ ერთხელაც ბავშვებს მობეზრდებათ კლუბი და კარს რომ შეაღებთ, ოთახი ცარიელი დაგხვდებათ. თუმცა ამ შიშსაც უნდა მოერიოთ.

ალბათ, კიდევ ბევრი რამე უნდა იცოდეს ხელმძღვანელმა. დანარჩენს ყოველი თქვენგანი საკუთარ თავში აღმოაჩენს.

დაბოლოს:

ისევ ხელმძღვანელი უნდა დაეხმაროს კლუბის წევრებს, გაიაზრონ ერთი და უმნიშვნელოვანესი რამ:

  • კლუბი არ არის ვალდებულება, მაგრამ კლუბის წევრობა უდიდესი პასუხისმგებლობაა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი