სამშაბათი, აპრილი 16, 2024
16 აპრილი, სამშაბათი, 2024

არაზანი, გერილი, ლოშქრი…

– ქეთი, დღეს წვიმაა გამოცხადებული, არ დასველდე. ასე მაფრთხილებს სოციალური ქსელი ყოველ დღე. ჩემი დარდი სულაც არ აქვს,  პროგრამაა გაშვებული. პროგრამაში გვერდის მფლობელთა სახელები იცვლება და ყველა მშრალი და კმაყოფილი რჩება.

ამ ამბავში გასაკვირი არაფერია. სოციალური ქსელი იმასაც მწერს ხოლმე, ქეთი, დაგვიდასტურე, რომ ვზრუნავთ შენი გვერდის უსაფრთხოებაზეო. ალბათ ზრუნავენ, თან წახალისებაც ხომ სჭირდებათ, ამიტომ მუდმივად კვერს ვუკრავ, აბა, არ ზრუნავთ-თქო?

ზრუნვას სხვაგვარადაც ცდილობენ. სამსახურისკენ მიმავალს წერილს მიგზავნიან, ახლა ამა და ამ ქუჩაზე მოძრაობო. შეხსენება აუცილებელია. არ შეგახსენებენ და უცებ შეიძლება ვერც კი მიხვდე, რომელ ქუჩაზე ხარ და საით უნდა გაუხვიო.

ისე, გზავნილები წვიმაზე ყოველთვის ამართლებს. სულ წვიმს… ერთი პირობა ვიფიქრე, ჩვენს ამინდში მოხდა რამე თქო, თუმცა  სამეზობლო ქვეყნებშიც სულ ნალექია. ბრაზილიაშიც კი წვიმს. მეგობარმა მომწერა, ბრაზილიის სამხრეთით, ჩვენს პატარა ქალაქში,  მაისში ოცი დღე სულ წვიმდაო, საერთოდ არ გადაუღიაო. ბებიაჩემის სახურავიც  სეტყვანარევმა წვიმამ შვეიცარული ყველის მსგავსად  დაცხრილაო. მიყვარს იუმორის გრძნობა, კიდევ უფრო ის ადამიანები მიყვარს, ვისაც ეს გრძნობა ჯანსაღად და ბუნებრივად აქვს. წვიმამ სახურავი სულ დააზიანა, მაგრამ შენ ყველს ადარებ და ხალისობ. სწორი მიდგომაა, ვიშვიშით საქმეს ვერ უშველი, სახლი შესაკეთებელია და მორჩა. იუმორი  პოზიტიური ენერგიით გავსებს. ენერგია კი დიდი საჭირო რამეა, განსაკუთრებით დღევანდელობაში, როცა გამუდმებით წვიმს. ძველ დროშიც ასე  წვიმდა თუ არა, არ ვიცი. არადა, ქართულ ენაში წვიმას 64 სახელი ჰქონია. არაზანი, გერილი, დელგმა, მანანა, ლოშქრი და ასე ბოლომდე.

იმ დღეს ნავერღვენა წვიმაში მოვყევი, ანუ ნიშნავს, თავსხმა წვიმაში მოვყევიო. ჯერ ჟიჟმატით (ძალიან წვრილით) დაიწყო, მერე რეში (ძალიან დიდი) წამოვიდა, ნახევარი გზაც არ მქონდა გავლილი, რომ ჩუღუმი (ქარწვიმა) ამოვარდა.

არა, იმ დღეს,  არსადაც არ მოვყოლილვარ, არც ჟიჟმატში (ძალიან წვრილი) და არც ლელეხში (გადაუღებელი წვიმა), სოციალურმა  ქსელმა გამაფრთხილა და მეც დროულად დავიჭირე  თადარიგი.  წვიმა არ მიყვარს, არც  ნიჟი (ცვართ უწვრილესი) და არც  ჟღეთა  (ძლიერი თავსხმა). წვიმას ვუყვარვარ. ყველგან  ფეხდაფეხ დამყვება და ცდილობს დამასველოს. ეს ამბავი ჩვენს შორის გუშინ და დღეს სულაც არ დაწყებულა, გრძელი ისტორია აქვს.  სკოლაში მისვლის პირველი დღეც წვიმიანი იყო. პირველ სექტემბერს ძალიან ველოდი. ლამაზი კაბა მეცვა, გრძელ ნაწნავზე დიდი თეთრი ბაფთა მეკეთა, თაიგულიც მაგრად მქონდა ჩაბღუჯული, მაგრამ განწყობას კოკისპირული წვიმა აფუჭებდა.

ადამიანები სხვადასხვანაირები არიან, ზოგს წვიმა სძულს, ზოგს  უყვარს. აი ახლაც, გარეთ წვიმს, სოციალურ ქსელში კი ჩემი ერთი სტუდენტი მეგობრებს წვიმაში სასეირნოდ ეპატიჟება. თურმე, ამაზე რომანტიკული არაფერი ყოფილა.

ეზოში პატარა ბიჭებს ბოტები ამოუცვიათ, წვიმის მიერ სახელდახელოდ მოწყობილ გუბეში ჩახტომაზე ერთმანეთს ეჯიბრებიან. მერე რა, თუ გარეთ წვიმს? ეე, თქვენ არ იცით გუბეში  რა კარგია თამაში. ჰო, ერთი ეგ არის, დაისვრები, მაგრამ ეგ ხომ შენი პრობლემა არ არის? დედამ იმტვრიოს თავი, დაგბანოს და ტანსაცმელიც გაგირეცხოს.

წვიმის მოყვარულებო, თუ ფიქრობთ, რომ წვიმა მხოლოდ წყალია, ძალიანაც ცდებით.

წვიმის წყალი შეიცავს ატმოსფერული გაზების გახსნილ

ფორმებს, რომელთა კონცენტრაციაც ჰენრის კანონით არის

განსაზღვრული. სხვა გაზებს შორის არის  ნახშირორჟანგიც.  ის მჟავა ოქსიდია და ბუნებრივია, წყალთან სუსტი ნახშირმჟავას წარმოქმნით  ურთიერთქმედებს. შედეგად,  წვიმის  pH=5,7-ია.

წვიმაში შემავალ მჟავებს აზოტის და გოგირდის ოქსიდებიც წარმოქმნიან, ასევე ორგანული მჟავებიც, რომლებიც ორგანიზმებში მიმდინარე მიკრობიოლოგიური პროცესების შედეგად წარმოიქმნებიან. მათი წყარო მკვდარი ბიომასაც არის.

არსებობს სხვა „ბუნებრივი“ ქიმიკატებიც, მაგ. მტვრის ნაწილაკები, რომლებიც კალციუმის კარბონატს შეიცავენ. წვიმაში მოხვედრისას, შეუძლიათ საშუალო სიძლიერის ფუძის ხსნარის წარმოქმნა.

ამგვარად, წვიმის წყალში სხვადასხვა სახის ანიონები და

კათიონები იყრიან თავს და მას მჟავურ ან ფუძის თვისებებს

სძენენ. ასე რომ ე.წ. სუფთა წვიმის pH შეიძლება  იყოს 5.5 – დან 8-მდე ან ოდნავ მეტიც.

ყველა შემთხვევაში წვიმა და თოვლი სუფთა წყალი არ არის და მათი ქიმიური შემადგენლობა მრავალ ფაქტორზეა

დამოკიდებული. ეს შეიძლება იყოს: Cl;NO3; SO42-; Ca2+; Mg2+; Na+; K+; NH4+;

ბუნებრივია, იგივე ანიონების და კათიონების წყარო  ანთროპოგენური ფაქტორიც არის.  მაგ.  ნატრიუმის და ქლორის, ისევე, როგორც კალციუმის იონები, უფრო  იმ ქვეყნებში გვხვდება (მაგ. კანადა), სადაც დიდი თოვლის დროს გზებზე მარილს ყრიან. შემდეგ,  ნალექის  ნიმუშებში ეს იონები შეინიშნება.  კირქვის საბადოებიდან გამოტყორცნილი   მტვრიდან  კალციუმი და მაგნიუმი შეერევა წვიმის წყალს. წვიმის ასეთი ნიმუშები ყველაზე ხშირად   ინდოეთშია. ამონიუმის იონის წყარო ნიტრატები, ასევე  ცხოველების და მცენარეების ნაშთებია.

თუმცა, წვიმის ძლიერ მჟავიანობას მაინც ატმოსფეროში გოგირდის და აზოტის შემცველობა ზრდის. მათი მნიშვნელოვანი რაოდენობა ანთროპოგენური საქმიანობიდან გამოიყოფა და წარმოქმნის ისეთ ფენომენს, როგორიც მჟავა წვიმაა. ატმოსფეროში მოხვდრილი აზოტის და გოგირდის  ნაერთები, ასევე მათი წყაროც შეგიძლიათ ცხრილში იხილოთ.

აგენტი წყარო
აზოტის ოქსიდები ბიომასა, წვა, მიკრობიოლოგიური დაშლა; წიაღისეული საწვავი;
ამონიუმი, ამიაკი ცხოველთა ექსკრემენტები, სასუქები, მიკრობიოლოგიური დაშლა;
გოგირდის ოქსიდები წიაღისეული საწვავი;ბიომასა, წვა, სულფიდური მადნის დამუშავება;
გოგირდწყალბადი წყალქვეშა ნიადაგები, ჭაობები
ნახშირბადდისულფიდი წყალქვეშა ნიადაგები, ჭაობები
დიმეთილსულფიდი ოკეანე
კარბონილსულფიდი ოკეანე, ნიადაგი
მეთილმერკაპტანი ოკეანე, ნიადაგი
დიმეთილდისულფიდი ოკეანე, ნიადაგი

 

აქ უეჭველი უნდა აღინიშნოს, რომ აზოტის და გოგირდის ოქსიდების წარმოშობა როგორც ბუნებრივი გზებით, ასევე ანთროპოგენური საქმიანობითაც მიმდინარეობს. უბრალოდ, მეორე ფაქტორით გამოწვეული ემისია გაცილებით მეტია და წარმოქმნილ მჟავებს წვიმის pH-ის მაჩვენებელი 4-ზე ქვემოთ ჩამოჰყავთ.

დღის განმავლობაში აზოტის (II) ოქსიდი  NO იჟანგება O2, O3, ∙OH ან  ROO∙ (R ალკილის ჯგუფია)-ით.    ∙NO+O3“∙NO2 +O2

ამ გზით წარმოქმნილი აზოტის(IV) ოქსიდი ნაწილობრივ მონაწილეობს ფოტოქიმიური სმოგის წარმოქმნაშიც.

აქ ორი ამბავი გვაქვს, კარგი და ცუდი, რომლით დავიწყო?…

ჯერ კარგს მოგახსენებთ…

აზოტის (IV) ოქსიდს ატმოსფეროში ყოფნის შეზღუდული დრო აქვს, სხვა შემთხვევაში სმოგის წარმოქმნის შანსი მოიმატებდა.

ცუდი კი ის არის, რომ მისი ატმოსფეროდან მოცილების ძირითადი მექანიზმი აზოტმჟავას წარმოქმნაა, რომელიც ნალექის შემადგენლობაში ჩაერთვება.  გამოთვლებით დადგენილია, რომ აზოტის (IV) ოქსიდის ატმოსფეროში ყოფნის საშუალო პერიოდი 7-8 საათია.

ნეტავ ღამით რა ხდება?

მზის ჩასვლის შემდეგ კვლავ აზოტმჟავა წარმოიქმნება, ოღონდ ოდნავ სხვა სქემით. საქმეში ნიტრატის რადიკალი ერთვება, რომელიც დღისით ფორმირდება, თუმცა შებინდებისას იწყებს აკუმულირებას, რადგან დღის განმავლობაში ფოტოლიზით იშლება. ნიტრატ რადიკალის ფორმირება ასე ხდება:

∙NO+O3“∙NO3 +O2

რადიკალს სხვადასხვა რეაქციაში მონაწილეობა შეუძლია. ის  სხვადასხვა ხარისხით უტილიზირდება NOნაერთებით:  ∙NO3+∙NO2“∙NO+∙NO2+O2;        ∙NO3+∙NO”2NO2

ასევე, ოლეფინებთანაც  შეუძლია დაკავშირება:

∙NO3+CnH2n“∙CnH2nNO3

პროდუქტად კვლავ რადიკალი წარმოიქმნება, რომელიც შემდეგ გარდაქმნებში ჩაერთვება.

ჰიდროქსილის მსგავსად, ნიტრატ რადიკალი  ჩაერთვება რეაქციაში ალდეჰიდებთან ან ალკანებთან  აზოტმჟავას წარმოქმნით. ღამით აზოტმჟავას წარმოქმნის კიდევ ერთი უსწრაფესი გზა  არის:

∙NO3+∙NO21  N2O5

N2O5+H2O2“2HNO3

 

ამ წერილს, როცა წაიკითხავთ, უეჭველი გვალვები იდგება. თუმცა… დრო ისე სწრაფად ტრიალებს, თვალის დახამხამებასაც ვერ მოვასწრებთ, რომ კვლავ გაწვიმდება.

წვიმის წყალი ჩვეულებრივი წყალი არ არის…

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი