შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

სამი ყუთი და ამოუწურავი შესაძლებლობები

ამ წერილში ვისაუბრებ ვებპორტალ „კარგი სკოლის“ სიახლეზე, რომელმაც ინტერაქტიული თამაშების სამყარო საკმაოდ ორიგინალური და, რაც მთავარია, წერითი აზროვნებისა და შემოქმედებითი უნარების განმავითარებელი კიდევ ერთი აქტივობით გაამდიდრა.

https://kargiskola.ge/dawere/

მიჰყევით აღნიშნულ ბმულს, დააჭირეთ შესვლის ღილაკს და სამი ყუთის ანუ ფანტაზიის სამეფოში აღმოჩნდებით. ამ უცნაური სათავსებიდან პერსონაჟის, თვისებისა და პრობლემის ვარიანტების ცვლა მანამდე შეგიძლიათ, სანამ სასურველ შედეგს არ მიიღებთ. როგორც კი არჩევანს გააკეთებთ, მასპინძელი თქვენ მიერ არჩეული ,,ინგრედიენტებით“ კერძის (თხზულების) მომზადების რამდენიმე ხერხს შემოგთავაზებთ (წერილი, მოთხრობა, ზღაპარი, დღიურის ჩანაწერი, სტატია). არჩევანის გაკეთების შემდეგ თქვენ გექნებათ მკაფიო ინსტრუქცია და ცარიელი ფურცელი. მთავარია, ახალ ამბავს იმ სიტყვების გამოყენებით მოჰყვეთ, რომლებიც აქტივობის პირველ ეტაპზე ყუთებიდან ამოიღეთ. მოკლედ, ინსპირაციისთვის საჭირო ყველა მასალა თქვენს ხელთაა.

თანამედროვე მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით შედგენილი სასწავლო მასალებისა და აქტივობების სიმწირეზე დღეს ვერავინ დაიწუწუნებს, გასულ საუკუნის სკოლას კი, ჩემი აზრით, სწორედ ეს მრავალფეროვნება აკლდა. ალბათ ძალიან ძნელი იყო მასწავლებლისთვის უალტერნატივო სივრციდან მომავლის გამოწვევების განჭვრეტა, თუმცა ერთეულები მაინც ახერხებდნენ ჩვეული საგაკვეთილო რუტინის შეცვლას, მაგალითად, საგნებზე/პესონაჟებზე დაკვირვებას და სულ სხვა, შეგრძნებების ენით დახასიათებას (ერთგვარი ,,აზრობრივი რუკა“, რომელსაც დღეს ყველაზე ხშირად იყენებენ) ან ერთი შეხედვით განსხვავებული ცნებების ერთმანეთთან ფანტაზიის ძაფით დაკავშირებას (რამდენიმე საკვანძო სიტყვის გამოყენებით მხატვრული ტექსტის აგება) და სხვ.

აქტივობამ „მოდი, დავწეროთ“ წარსულში მოგზაურობის საშუალება მომცა. ვიდრე ამ სიახლეს მოსწავლეებს შევთავაზებდი, თავად მოვსინჯე კალამი ახალ ვირტუალურ ფურცლებზე. საინტერესო გამოწვევების წყალობით ამ სივრცეს საკმაოდ დიდხანს შემოვრჩი და შემთხვევითი სამეულისგან პატარა საგაზეთო სტატია, ერთგვარი „ნიუსი“ გამოვძერწე. აი, შედეგიც:

 

„საშენი მასალა“

  • პერსონაჟი: ორთქლმავალი
  • თვისება: კეკლუცი
  • პრობლემა: წვიმაში მოჰყვა და გაცივდა

 

გაიგეთ, რა მოხდა წვიმის შესახვევში!

გაცნობებთ, რომ ამა წლის მაისის ერთ მშვენიერ დღეს ორთქლმავალმა, რომელსაც მიწისქვეშა გვირაბების მეფეს უწოდებდნენ და ისიც ძალიან ამაყობდა ამ მეტსახელით, ქალაქში გასეირნება გადაწყვიტა (მოგვიანებით დადგინდა, რომ კეკლუც ორთქლმავალს, არც მეტი, არც ნაკლები, წვიმის შესახვევის ბინადარი ტრამვაი შეჰყვარებოდა და მისთვის სიურპრიზის მოწყობას აპირებდა). ერთ დღესაც, შესვენების დროს, როცა მისთვის არავის ეცალა, დრო იხელთა და ფანჯრიდან გაიპარა.

  

გარე სათვალთვალო კამერის მიერ გადაღებული კადრი

 

შეგახსენებთ, რომ მიწის ქვეშ ამინდის პროგნოზი არავის აინტერესებს, წვიმის შესახვევში კი სტიქია ბობოქრობდა. წვიმაში მოყოლილმა ორთქმავალმა სატრფოს სახლამდე ძლივს მიაღწია, მაგრამ შინ არავინ დახვდა და თან ძალიან გაცივდა. ექიმები გვაიმედებენ, რომ მისი ძრავა არ დაჟანგდება და მალე ძველებურად დაიწყებს ფეთქვას… თუ ტრამვაის ხაზს მეტროშიც გაიყვანენ.

 

ვიდრე ზემოხსენებულ აქტივობას ვირტუალურ სივრცეში განვახორციელებდეთ, უნდა გავითვალისწინოთ მოსწავლეთა ასაკი. შესაძლოა, დაწყებითი (I-IV) კლასების მოსწავლე ინტერნეტსივრცეში ორიენტირებას ახერხებდეს, მაგრა, იშვიათად მოიძებნება ბავშვი, რომელიც კლავიატურას კალამივით ოსტატურად იყენებს. ამიტომ ჯობს, ვირტუალური ყუთების ანალოგი შევქმნათ, თანაც ასე მათი შევსების შესაძლებლობა თავად მოსწავლეებს ექნებათ.

გარდა ამისა, მოზარდები სხვადასხვა ტიპის (მხატვრული, აღწერითი, ინფორმაციული…) ტექსტებისთვის დამახასიათებელი ნიუანსების გამოყენებას უნდა მივაჩვიოთ. უპირველეს ყოვლისა, მათ უნდა გაიაზრონ, რომ ზღაპარი, მოთხრობა, წერილი, სტატია, დღიური, ბლოგი თუ პოსტი განსაზღვრულ კანონზომიერებას ემორჩილება, რომლის დაცვაც მოთხრობას სტატიისგან განასხვავებს, ბლოგს – პოსტისგან და ა.შ.

ზღაპარიც და მოთხრობაც სიუჟეტური, მხატვრული ტექსტია. მათ მთავარ „მიზნად“ შეიძლება საინტერესო ამბის, თავგადასავლის რაც შეიძლება საინტერესოდ გადმოცემა დავასახელოთ. ზემოაღნიშნული ტექსტების სიუჟეტი „რაღაცით გამორჩეული“ პერსონაჟების გადაწყვეტილებებსა და ქმედებებს ეყრდნობა. არც სიუჟეტის აგების მთავარი პრინციპები უნდა დავივიწყოთ და თხრობის დროს დინამიკურობის შენარჩუნებაც არ გაგვიჭირდეს.

 

კურტ ვონეგუტის რჩევის თანახმად, მთავარია გვახსოვდეს, რომ უცნობ ადამიანთან ჩვენი ნამუშევრით ვურთიერთობთ და მან ჩვენი მოთხრობის წაკითხვისთვის გამოყოფილი დრო დაკარგულად არ უნდა ჩათვალოს. ამასთან, მკითხველის გული ერთი პერსონაჟით მაინც უნდა მოვიგოთ. უფუნქციო გმირი ტექსტს მხოლოდ ამძიმდებს, ამიტომაც „ყველა პერსონაჟს უნდა სურდეს რაღაც, თუნდაც მხოლოდ ერთი ჭიქა წყალი“. რაც შეეხება წინადადებებს, თითოეულ მათგანს მკვეთრად გამოკვეთილი მისია უნდა ჰქონდეს – ან პერსონაჟის შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას იძლეოდეს, ან სიუჟეტის განვითარებას უწყობდეს ხელს. მწერალი გვირჩევს, არ დავინდოთ პერსონაჟი და თავს ათასი უბედურება დავატეხოთ, რათა მკითხველმა ის კარგად გაიცნოს და ყოველგვარ სიტუაციაში გამოსცადოს.

მწერალს მიაჩნია, რომ ერთი ადამიანის სიამოვნებისთვის უნდა წერო, რადგან გულსა და გონებაში მთელი მსოფლიოს ინტერესებისა და გემოვნების ჩატევას თუ შეეცდები, „შენს მოთხრობას პნევმონია დაემართება“. თხრობის დაწყებისთანავე იმდენად ახლოს უნდა იყო დასასრულთან, რამდენადაც შესაძლებელია. ამასთან, მკითხველს მოკლე დროში იმდენი ინფორმაცია უნდა მიაწოდო, რომ თავადაც შეძლოს მოთხრობის დასრულება. ამ მოსაზრებიდან გამომდინარე, მწერალი წიგნის ბოლო გვერდებს ჩრჩილის ულუფას უწოდებს.

ზღაპარს, განსაკუთრებით – საავტოროს, მოთხრობისგან ბევრი არაფერი განასხვავებს, თუმცა მისი მთავარი თვისება მკითხველის რეალური და ირეალური სამყაროს დამაკავშირებელ ხიდზე გადაყვანაა, რასაც შესანიშნავად ახერხებენ მაგიური რეალიზმის წარმომადგენლები, რომელთა ინსპირაციის მთავარ წყაროს უმეტესად ხალხური ზღაპრები, მითები და ლეგენდები წარმოადგენს.

დღიურის ანუ ჩანაწერების კეთება მოსწავლეებს გაცილებით ეადვილებათ (მოზარდებს, წესისამებრ, ფარული სურვილისა თუ შიშის ფურცელზე გადატანა უფრო გამოსდით, ვიდრე მათი აუდიტორიის წინაშე, ხმამაღლა აღიარება). თანაც ამ ბოლო დროს მაღაზიის თაროებს ბევრი ისეთი წიგნი შეემატა, რომელთა სიუჟეტიც მთავარი პერსონაჟის (თანამედროვე თინეიჯერის ყველაზე გავრცელებული პრობლემებით დახუნძლული სახე) ჩანაწერებით იგება და ჟანრის პოპულარობას უწყობს ხელს (ჯეფ კინი – „წრიპა ბიჭის დღიური“, სიუ ტაუნსენდი – „ედრიან მოულის საიდუმლო დღიური“ და სხვ.).

რაც შეეხება საგაზეთო სტატიას და მის მთავარ დანიშნულებას – საზოგადოებისთვის ახალი ამბის რაც შეიძლება სწრაფად და დამაინტრიგებლად მიწოდებას, ახალი თაობის ყური ისეა შეჩვეული მისი ერთგვარი ანალოგის – სატელევიზიო „ნიუსის“ საშუალებით ინფორმაციის მიღებას, რომ ფურცელზე მისი გადატანა დიდ სირთულეს არ უნდა წარმოადგენდეს. მთავარია, მოსწავლემ გაიაზროს, რომ მწერლის ფანტაზიით შექმნილ ტექსტში ავტორის დამოკიდებულება სიუჟეტის განვითარების მთავარი მამოძრავებელი ძალაა, სტატიაში კი, პირიქით, ფაქტებისადმი სუბიექტური დამოკიდებულების გამომჟღავნება მიუღებელია.

პატარებს განსაკუთრებით პერსონაჟებთან წერილებით გასაუბრება მოსწონთ, რადგან ამ გზით თავგადასავლის ეპიცენტრში ხვდებიან. შეგვიძლია, მოსწავლეებს რომელიმე პერსონაჟის როლის მორგებაც შევთავაზოთ, რაც წერილის შინაარსს განსხვავებულ მიმართულებას მისცემს და ახალბედა მწერლებს საჭირო ინფორმაციის მოძიება-გამოყენებას ასწავლის. პირადად მე ხშირად ვიყენებ წერილს როგორც მკითხველისა და პერსონაჟის დამაკავშირებელ რგოლს. აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებს არც წერილის ფორმის დაცვა უჭირთ. მისალმება/მოკითხვას პრობლემური საკითხის შესაბამისი კითხვები მოჰყვება. ადრესატისთვის არც თავს გადახდენილი მნიშვნელოვანი ამბის მოყოლა და რჩევების მიცემა ავიწყდებათ. წერილს კეთილი სურვილებით სავსე დამშვიდობებასაც დაურთავენ. ვინ იცის, იქნებ ზოგიერთი მათგანი საპასუხო ბარათსაც ელოდება?! მაგალითად ჩემი ერთი მოსწავლის შვლის ნუკრისადმი მიწერილ წერილს მოვიყვან:

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი