პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

ბავშვები მთვარის შუქზე

ერთ ზაფხულს – შორეულ 80-იან წლებში – საბჭოთა საქართველოში აღიარებული და დაფასებული უნგრელი მწერლის, ანდრაშ ბერკეშის ვეებერთელა რომანი „ნიმფიანი ბეჭედი“ წავიკითხე. წიგნში მეორე მსოფლიო ომის დროს რამდენიმე წამყვანი ქვეყნის დაზვერვის სამსახურების მუშაობა იყო აღწერილი, უბრალო უნგრელების დანგრეულ ცხოვრებასთან ერთად.  წაკითხულმა შთაბეჭდილება უდავოდ მოახდინა. მისი წყალობით, 13 წლისამ პირველად გავიაზრე, რომ შესაძლოა არსებობდეს რაღაც, რის გამოც თავის გაწირვა სწორი და ბოლომდე გამართლებული იქნებოდა.

გავწირავდი თუ არა თავს საყვარელი ადამიანის გამო? ოჯახის წევრის გამო? გავუძლებდი თუ არა ხანგრძლივ წამებას? მაინც რამდენ ხანს გავუძლებდი? რა ღირებულება აქვს სიყვარულს, რომელზეც პირველი წინააღმდეგობის წაწყდომისთანავე უარს ამბობ? – ასეთი კითხვები მიტრიალებდა თავში და გამბედაობა არ მყოფნიდა პასუხების ხმამაღლა სათქმელად.

სწორედ ამ წიგნში გადავაწყდი სიტყვა „ჰომოსექსუალს“, უფრო სწორად, „ჰომოსექსუალისტს“ – სტილს დავიცავ – რომლის მნიშვნელობის გარკვევაც რამდენიმე წლის შემდეგღა შევძელი. რა აღარ წარმოვიდგინე, რა აღარ დავაბრალე იმ საბრალო მესამეხარისხოვან თუ მეოთხეხარისხოვან გმირს, რომელზეც მწერალი ამბობდა – ჰომოსექსუალი იყო და ნაცისტმა ჩინოსანმაც იმიტომ განიცადა მისი სიკვდილი, რომ ამ საქმისთვის სჭირდებოდაო. თავს დავდებ, ეს სიტყვები ეწერა: „ამ საქმისთვის სჭირდებოდა“. რა მარტივი იქნებოდა, უფროსებისთვის მეკითხა და მათაც ისე ბუნებრივად აეხსნათ უცხო სიტყვა და მისი არც ისე ღრმა აზრი, თითქოს „მელიორაციის“ ან „აერონავიგაციის“ მნიშვნელობას მიხსნიდნენ (ახლახან მითხრა დედაჩემმა, რომ ჰომოსექსუალური პრაქტიკის შესახებ მხოლოდ ოცდათხუთმეტი წლისას შეუტყვია ერთ სასამართლო პროცესზე, სადაც არასრულწლოვნის მიერ ჩადენილი მკვლელობის საქმეს განიხილავდნენ. თანაკლასელების შელაპარაკება ტრაგიკულად დასრულებულა – ერთს მეორისთვის ისეთი სიტყვებით მიუმართავს, რომელთა არსში სიღრმისეულად გარკვევამაც დედაჩემი ფრიად განაცვიფრა – კარგა ხანს ვერ ვიჯერებდი, რომ ერთნაირი სქესის ადამიანებს შორის ასეთი რამ მართლა შეიძლება მომხდარიყოო).

13 წლისას მეგონა, რომ თუ ძალიან ბევრს ვიფიქრებდი სექსსა და სექსუალობაზე, ყველა კითხვას პასუხს გავცემდი, ყველა საიდუმლოს ბოლომდე ამოვხსნიდი. სხვების დაუხმარებლად. მხოლოდ და მხოლოდ ინტუიციისა და ანალიზის უნარის წყალობით. უნგრული რომანიდან გამოყოლილი ახალი სიტყვა და აუხსნელი ეპიზოდი კი ერთ-ერთი იყო იმ მთავარ საკითხებს შორის, რომლებსაც გონებით დროდადრო ვუბრუნდებოდი – მინდოდა, უფრო ღრმად გამეაზრებინა, უფრო ახლოს მივსულიყავი არსთან, რომლის მოხელთებასაც ვერა და ვერ ვახერხებდი.

ეს ძველი ამბავი ცოტა ხნის წინ ნანახმა „მთვარის შუქმა“ გამახსენა – ფილმმა, რომელიც ამერიკის კინოაკადემიამ წლის საუკეთესო ფილმად დაასახელა. პატარა შავკანიანი ბიჭი, რომლისთვისაც სამყაროს ყველა კარი დაკეტილია (ერთის გარდა – მასზე ნარკომოვაჭრე და მისი შეყვარებული ზრუნავენ, როგორც შეუძლიათ), მაყურებლის თვალწინ იზრდება და იქცევა იმად, ვინც ვერც ერთ შემთხვევაში ვერ იქნებოდა, გულის ხმისთვის რომ მოესმინა. დედა, მასწავლებლები, კლასელები, ნაცნობები – უყურებენ და სხვა ადამიანს ხედავენ, უყურებენ და თითქოს გამოხედვითაც კი აიძულებენ, სხვა ადამიანი გახდეს .

მეტს აღარაფერს ვიტყვი – თავად გაადევნეთ თვალი ქაირენის ცხოვრების გზას.

გულის ხმას ხშირად ფარავს სხვა ხმები – ყოვლისმცოდნე აღმზრდელების, ცნობისმოყვარე მეზობლებისა და ნაცნობ-მეგობრების, განსხვავებულისადმი მტრულად განწყობილი საზოგადოების. მეორე მხრივ, რა უნდა უპასუხო მოზარდს, როცა რაღაც ისეთის ახსნას გთხოვს, რაზეც წარმოდგენა არ გაქვს და, შესაბამისად, შიშის თვალით უყურებ?

დასამალი არ არის, რომ საბჭოთა ეპოქიდან გამოყოლილი დამოკიდებულებები ისევ დიდწილად განსაზღვრავს იმ ქვეყნის წიაღში დაბადებულთა წარმოდგენებს: არცოდნა დიდი დანაშაულია, სტერეოტიპული პასუხები – დანაშაულის შენიღბვის ყველაზე ნაცადი გზა. ამის თვალსაჩინო ნიმუშად ჰომოსექსუალებისადმი დამოკიდებულებაც გამოდგება. იმის ნაცვლად, რომ ცნებებში გაერკვეს და იოლად ხელმისაწვდომ ინფორმაციას გაეცნოს (ორი-სამი მოკლე სტატიის წაკითხვაც საკმარისი იქნებოდა), ხშირად მშობელი თუ მასწავლებელი დაშინების, დაცინვის, შეურაცხყოფის, იძულებითი გამოსწორების გაკვალულ გზას ირჩევს და სრული გაუცხოებისკენ უბიძგებს მას, ვისაც ისედაც ეჩვენება, რომ ირგვლივ ყრუ კედლებია და სხვა არაფერი.

– მე პედერასტი ვარ? – ეკითხება „მთვარის შუქის“ პატარა ბიჭი თავის მფარველსა და უფროს მეგობარს, სწორედ იმ ნარკომოვაჭრეს, რომელიც შესაშური ტაქტით პასუხობს ამ შეკითხვას.

წარმოვიდგინე, ეს სცენა რომ სადღაც სხვაგან გათამაშებულიყო – ჩვენთან უფრო ახლოს. წარმოვიდგინე ყველა შესაძლო პასუხი.

ქაირენს აშკარად გაუმართლა. ხშირად ის ერთი კარიც დახურულია ხოლმე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

მასწავლებლის დღიური

მაჩაბელი 

ცეცხლის წამკიდებელი

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი