ჩემი და მაიკლ კეის მათემატიკური ცხოვრება და დროება

მათემატიკა, როგორც იტყვიან ხოლმე, „ჩინური“ იყო ჩემთვის ყოველთვის. შეიძლება ცოტა ვაჭარბებ – სკოლაში ალგებრა-გეომეტრიაში დაუყვედრებელი ოთხიანი მეწერა – მაგრამ, ამის მიუხედავად, მე და მათემატიკა მაინც ვერასოდეს დავმეგობრდით. ვინ იცის, ბავშვობაში რამდენჯერ მიოცნებია, რაიმე ისეთი აპარატი  გამოეგონებინათ (ალბათ ჩიპის მსგავს რაღაცას ვგულისხმობდი), რომლის თავთან ახლოს მიტანით, ან თმის სარჭივით თმაში ჩამაგრებით, ნებისმიერ ამოცანას თუ მაგალითს ყოველგვარი ტვინის ჭყლეტის გარეშე ამოვხსნიდი. დღეს, ტექნიკური პროგრესის საუკუნეში, როცა თითქმის აღარაფერია შეუძლებელი, დარწმუნებული ვარ, ჩემი გულუბრყვილო ნაოცნებარის რეალობად ქცევაც შეიძლება (იქნებ იქცა კიდეც უკვე და მე არ ვიცი). მაგრამ მანამდე, სანამ ეს მოხდება (ან ინფორმაცია ჩემამდე მოაღწევს), შევეცდები, ჩემ მიერ ნებაყოფლობით არჩეული „მეგობარი საგნისა“ თუ „დისციპლინის“ დახმარებით, ისეთი და იმ მათემატიკის შესახებ მოვყვე, რომლის „ათვისებაც“ მეტ-ნაკლებად უმტკივნეულოდ მოვახერხე.

 

A . ეთერ ხოსროშვილის „ხორციანი გაკვეთილი“

მისი ტალღოვანი, შეჭაღარავებული თმა მახსოვს,  სახეზე დიდი, მუქი ყავისფერი ხალი, ქალისთვის  ზედმეტად დაკუნთული ფეხები და მჭექარე ხმა. ისეთი ენერგიული, სწრაფი სიარული იცოდა, გეგონება სიცოცხლეს თავის ნებაზე დააქროლებსო. უზომოდ უყვარდა თავისი საგანი და მათემატიკის გაკვეთილზე დაგვიანებას პირად შეურაცხყოფაზე მეტად საგნის შეურაცხყოფად იღებდა. რამდენიმე ჩემს კლასელს, მათ შორის გოგოებსაც, სწორედ დაგვიანების გამო, მისი მწარე ხელიც ახსოვთ. კი, მკაცრი იყო, ოღონდ, იმავდროულად, მშობლიური და ნათესაური – სოფელში  უმეტესად ასეთი მასწავლებლები არიან.

გაკვეთილის ახსნის ნამდვილი ვირტუოზი იყო. არასოდეს დამავიწყდება ფრაზა, რომელსაც მხოლოდ თავისი საგნის ფანატიკოსი და შემოქმედებითი მასწავლებელი თუ მოიფიქრებდა. ახლა რომ ვიხსენებ, მისი ყოველი ახლად ახსნილი გაკვეთილი ერთგვარი პერფორმანსი იყო. ოღონდ ის არ თამაშობდა, ბუნებრივად აკეთებდა ამ ყველაფერს: დაფასთან გვერდულად დადგებოდა,  გრძელსახელოიანი ზედა თუ ეცვა, ჯანმრთელ მკლავებს, სიცხე-სიცივის მიუხედავად, აუცილებლად დაიკარწახებდა, ცარციან მარჯვენა ხელს ჭერისკენ შემართავდა, მარცხენათი ჩვარს ჩაბღუჯავდა და ბედნიერი სახით იტყოდა: „ბავშვებოოო… – მეტი ექსპრესიისთვის, და იმისათვის, რომ ინტერესი აღეძრა და ჩვენი ყურადღება ბოლომდე მიეპყრო, ზოგიერთ სიტყვას გაწელავდა – ახლა ისეთი ხორციანი გაკვეთილი უნდა აგიხსნააათ, ისეთიიიი…“ და იწყებოდა ჯადოქრობა. თვალის დახამხამებაში სადღესასწაულო სუფრასავით ივსებოდა დაფა „მსუქანი“ და მჭლე“ რიცხვებით თუ ფორმულებით, ჩვენ კი,  გვესმოდა  თუ არ გვესმოდა რასაც  ის გვიხსნიდა, მაინც მოჯადოებულები შევყურებდით, როგორ ბობოქრობდა ჩვენგან სულ რამდენიმე ნაბიჯში „მათემატიკური ცუნამი“.

დარწმუნებული ვარ, ეთერ მასწავლებელს „ჰარი პოტერის“ ავტორისთვის რომ ესწავლებინა, ჯოანა რულინგი მისთვისაც აუცილებლად გამონახავდა ადგილს ჰოგვორტსის მაგიისა და ჯადოქრობის სკოლაში.

 

  1. ქეთო ჩხეიძის „დარიგება“

ზუსტად არ ვიცი, რამდენი წლის იქნებოდა, როცა ჩემს კლასში შემოვიდა. სოლიდური ასაკის მიმანიშნებელი იყო მისი თეთრი თმა, დასივებული, სახლის ჩუსტებში წაყოფილი ფეხები და ის ფაქტი, რომ თავის დროზე დედაჩემსაც ასწავლიდა ალგებრა-გეომეტრიას.

„საქართველოს დამსახურებული მასწავლებლი“ იყო და სრულიად სამართლიანადაც. თავისი საგნის უბადლო მცოდნეს, ჩემი გამოთვლით, 55 წელი მაინც უნდა გაეტარებინა სკოლაში, რომელიც გზის მოპირდაპირე მხარეს, ზუსტად სახლის წინ ჰქონდა. ალბათ ამიტომაც იყო, რომ ხშირად შინაურულად ჩაცმული, ბამბაზიის ხალათითაც კი „გადმოირბენდა“ ხოლმე გაკვეთილებზე. გაზაფხულობით სკოლის უზარმაზარ, მწვანედ ახასხასებულ სტადიონზე თავის ინდაურებს შემორეკავდა გამოსაკვებად. თან გაკვეთილს ხსნიდა, თან კი საკლასო ოთახის ფანჯრიდან ადევნებდა თვალს ნოყიერი ბალახისგან ჩიჩაყვდაბერილ მობალახე ფრინველებს. თუ ინდაურები თვალს მიეფარებოდნენ, „არაფრისმაქნის და გაკვეთილზე მაინც ტყუილად მსხდომ“ ბიჭებს სასწრაფოდ გააქცევდა ეზოში, წადით, ნახეთ, ქუჩაში არ გავიდნენ, სადმე არ გადაიკარგონ, განა ბევრი მოეკითხებათ, ეგენიც თქვენსავით ინდაურები არიანო.

წყნარი, მშვიდი ბუნების ქალი იყო ქეთო ჩხეიძე. თუ არ სწავლობდი,  სამიანს არ დაგამადლიდა, თუ სწავლობდი, უფრო მეტს ითხოვდა შენგან. გოგოებს  სახელის ნაცვლად „ქალოთი“ მოგმართავდა, გვართან ერთად. აი ასე: „ქალო, …არჩუაშვილო…“ – და მერე სათქმელს მოაყოლებდა. ერთხელ, მახსოვს, გაკვეთილის თემას გადაუხვია (მეორე ასეთი შემთხვევა არ მახსენდება) და ჩვენს მომავალ ცხოვრებაზე, უფრო სწორად, გათხოვებაზე გველაპარაკა კლასში რატომღაც ბიჭების გარეშე დარჩენილ გოგოებს. მაშინაც „ქალოთი“ დაიწყო, მაგრამ ყველას ერთად მოგვმართავდა: „ჭკვიანი ქალი, თუ უნდა, რომ ბედნიერი იყოს, ჩიტირეკია და გიჟპოეტა კაცს არ უნდა გაჰყვეს ცოლად. ქმრად ინჟინერი, მათემატიკოსი და  ფიზიკოსი კაცი ჯობია. ტექნიკური ტვინის კაცები ნაკლებად ერევიან საქალო წვრილმანებში და ერთგული მეუღლეები და კარგი მამები არიან. თუ დამიჯერებთ,   ოდესმე გაიხსენებთ ჩემს ნათქვამს და იტყვით, მართალი ყოფილაო; თუ არ დამიჯერებთ, მაინც გამიხსენებთ, ოღონდ იმას იტყვით, რატომ არ დავუჯერეო“. – ასეთი იყო ქეთო ჩხეიძის „მასტერკლასი“ „ქალური ბედნიერების საგანში“,  რომლის ასაკშიც, როგორც ამბობენ, ტყუილიც კი დაიჯერება. თუმცა, სკოლას რომ დამთავრებისას ისეთი რამ მითხრა, მისგან  ნამდვილად რომ არ ველოდი:

„- ქალო,  – გამაჩერა სკოლის დერეფანში, კიბესთან, – შენზე გავიგე, ფილოლოგიურზე აბარებსო, – პასუხს არ დალოდებია, ისე გააგრძელა, – დაანებე  მაგ პოეტების ფაკულტეტს თავი, წიგნების კითხვა თუ გიყვარს, იკითხე, ვინ გიშლის, ოღონდ ჯერ ჩააბარე და მერე. მათემატიკას ჩაუჯექი, ცოტა თავი დაიტვირთე და პოლიტექნიკურში შეიტანე საბუთები, შენი ადგილი იქ არის“.

„- მე მეუბნებით ქეთო მას, – სიცილი ვერ შევიკავე, – მე, ვისაც არაფერი გამეგება მათემატიკის და ფიზიკის… (ისეთი მეხსიერება ჰქონდა, ვერ ვაკადრე, სხვაში ხომ არ გეშლებით-მეთქი.)  – ხო, ქალო, შენ გეუბნები, აბა, მე ჩემი წილი  უკვე დიდი ხანია ვისწავლე“, – წყენით შემომხედა და  გზა გააგრძელა.

ახლაც არ ვიცი, რა ძალამ ათქმევინა ქეთო ჩხეიძეს ჩემთვის ეს სიტყვები, მაგრამ მაინც უზომოდ მადლიერი ვარ მისი, და არა მხოლოდ კეთილი რჩევის გამო: მის ნათქვამს დღემდე ვებღაუჭები, როგორც ჩემი „მათემატიკური მონაცემების“ ერთადერთ დასტურს.

 

  1. თემო მაღლაფერიძის „ კოშმარი“

ის ჩემი უფროსი მეგობარი და ლექტორი იყო. ვინ მოთვლის, რამდენ რამეზე გვისაუბრია უნივერსიტეტიდან თავისუფლების მოედნამდე (მაშინ ჯერ კიდევ „ლენინის მოედანი“ ერქვა)  ფეხით მიმავლებს, კაფეში შესულებს თუ მზიან ამინდში უნივერსიტეტის ბაღში სკამზე ჩამომსხდრებს: თავისი ახალი მოთხრობა, წერილი თუ თარგმანიც წაუკითხავს ჩემთვის გამოქვეყნებამდე, საყვედურიც მიმიღია მისგან, როდესაც ლიტერატურულ გაზეთში, რომელსაც ის რედაქტორობდა, კორექტურები გამეპარა, ჩემთვის უცნობი ავტორის წიგნის წაკითხვაც ბევრჯერ ურჩევია და თავისი სიზმრებიც მოუყოლია, რომელთაგან ერთი, ბავშვობიდან მოყოლებული, მთელი ცხოვრება ტანჯავდა.

„წარმოგიდგენია, ისევ ის სიზმარი დამესიზმრა, – მეტყოდა და ისეთი განცდით    დაიწყებდა მოყოლას, თითქოს პირველად ჰყვებოდა. – ვითომ ისევ მათემატიკის გამოცდაზე  ვიჯექი, ისევ იმ კოშშშმარ – კბილებში გამოცრიდა – ამოცანას  ვხსნიდი, ის ჯალათი გამომცდელიც ისევ თავზე მადგა და მერხზე თითებს მიკაკუნებდა… გავწამდი კაცი, თან ვერც ვიღვიძებ, რომ დავუძვრე ამ დამამცირებელ მდგომარეობას და ოფლის ღვრას…მერე კი, როცა ბოლოს და ბოლოს ძილს თავს დავაღწევ, ადამიანად აღარ ვვარგივარ, სულ მთლად წამხდარი, დათრგუნული და ღირსებააყრილი ვუბრუნდები რეალობას… ალბათ არასოდეს დამთავრდება ეს ჯოჯოხეთი…“.

გულწრფელად თანავუგრძნობდი სიზმრის მოყოლისას ლამის ბავშვად ქცეულ ჩემს ლექტორს. მიუხედავად იმისა, რომ მსგავს სიზმრებს არ ვნახულობდი, მესმოდა მისი, რადგან კარგად ვიცოდი ვერამოხსნილი ამოცანებისა და ფორმულებით სავსე  დაფასთან უხერხულად დგომისა და სირცხვილის სიმწარე; მეც დავატარებდი ჩემთვის სრულიად გაუგებარი წესებისა თუ ფორმულების გაზუთხვისა და გამოცდა-გასაუბრებისას მიღებულ სტრესს, და დღემდე ვერმონელებულ წუხილს იმის გამო, თუ რატომ  შევწირე  სკოლაში ფიზიკა-მათემატიკის „ამაო სწავლა-დაზეპირებას“ ჩემი ძვირფასი დროის უდიდესი ნაწილი  და მაგიდაზე აკოკოლავებელი სასკოლო წიგნების ქვეშ, მალულად, რატომ უფრო მეტი „კლასგარეშე“ საკითხავი წიგნი არ შევაცურე. და ბარემ, ისიც აქვე უნდა ვთქვა, თუ ჩემი და ჩემი მეგობრის, შესანიშნავი ფილოლოგისა და მწერლის, თეიმურაზ მაღლაფერიძისა და სხვა არაერთი წარმატებული „ჰუმანიტარის“ მსგავსად, კიდევ რამდენ  ადამიანს ექცა გამოცდებისა და სავალდებულო „ტექნიკური“ საგნების სწავლის გამო ცხოვრება კოშმარად – ცხადსა თუ სიზმარში (რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ თურმე პუშკინი ძალიან ცუდად სწავლობდა ლიცეუმში და მათემატიკის გაკვეთილებზე ტიროდა; რომ ბეთხოვენი შეცდომებით წერდა და ვერაფრით ისწავლა რიცხვების გაყოფა და გამრავლება, რომ მის ხვედრს იზიარებდა მამა ალექსანდრე დიუმაც და კიდევ ბევრი ცნობილი ადამიანი).

 

  1. მაიკლ კეის „ფიქრები“

წერილის დასრულებას აქ ვაპირებდი, მაგრამ შემთხვევით თაროზე რამდენიმე თვის წინ წაკითხულ ჯ.მ. კუტზეეს რომანს, „მაიკლ კეის ცხოვრება  და დროებას“ მოვკარი თვალი. გამახსენდა, რომ რომანში იყო ერთი (ჩემთვის) ძალიან ემოციური ადგილი,  სადაც  პროტაგონისტი მაიკლ კეი თავისი არითმეტიკის გაკვეთილს „იხსენებს“. და რადგან წერილიც არ გამოვიდა ისეთი სახალისო, როგორიც თავიდან მქონდა ჩაფიქრებული, მაიკლ კეის შესახებ მცირე კომენტართან ერთად, მისი ციტირებაც გადავწყვიტე.

რომანის მიხედვით, მაიკლ კეი თითქოსდა არ უნდა მივიჩნიოთ მთლად ჯანსაღი ფსიქიკის ადამიანად, მაგრამ განა ვინმემ იცის, როგორია ადამიანის სრულყოფილი გონი  და როგორად ჩაიფიქრა იგი ღმერთმა? იქნებ სწორედ კურდღლისტუჩა მაიკლ კეია (და მისნაირები) ნომერ პირველი Homo sapiens-ი, რომელიც მთელი  ცხოვრება  თავისუფლებისკენ მიისწრაფვის და მხოლოდ ის უნდა, რომ იცხოვროს უბრალოდ და შეუმჩნევლად (რასაც სხვა ადამიანები არ აცდიან, მათ შორის, საკუთარი დედა) ცხოვრებასთან  და თავის თავთან ჰარმონიაში მყოფმა?  მაიკლ კეის „გახსენება“ კიდევ ერთი დასტურია იმ ადამიანების განცდათა სიმძაფრისა, ვისთვისაც მათემატიკა ჩემსავით „აუღებელ ციხესიმაგრედ“ დარჩა; და თუ მე და მაიკლს არ დაგვიჯერებთ, ბატონ ჯონ მაქსველს მაინც ენდეთ, ბუკერისა და ნობელის პრემიების ლაურეატს:

„მაიკლს „თავშესაფარი „ნორენიუსი“ და არითმეტიკის გაკვეთილები გაახსენდა. შიშისგან გახევებული მიშტერებია ამოცანას, რომელიც უნდა გამოიყვანოს. მასწავლებელი რიგებში დადის და ელოდება, როდის დადებენ მოსწავლეები კალმისტრებს, როდის დადგება დრო, რომ ცხვრები თხებისგან განაცალკეოს.  თორმეტმა ადამიანმა ექვსი ტომარა კარტოფილი შეჭამა. თითოეულ ტომარაში ექვსი კილოგრამი იყო. რამდენი კარტოფილი შეჭამა თითოეულმა? ის ხედავს საკუთარ თავს, რიცხვი „თორმეტი“ როგორ გამოჰყავს.  შემდეგ „ექვსიანს“ წერს, მაგრამ, ვერ გაუგია, ამ ციფრებს რა უნდა მოუხერხოს. ორივეს შლის. სიტყვა „რამდენი“-ს დასჩერებია. ის არ იცვლება, ჰაერში არ იფანტება. თავის საიდუმლოს არ ამჟღავნებს. „მე მოვკვდები, – ფიქრობს ის, – ისე მოვკვდები, რომ ვერ გავიგებ, რამდენი შეჭამა თითოეულმა“.

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

comments