პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

მასწავლებელო, გამხნევდი და იმუშავე!

თქვენ მასწავლებელი ხართ, მაშასადამე, ადამიანი, რომელსაც შეუძლია, მხოლოდ ცოდნა კი არ გადასცეს მოსწავლეს, არამედ გარკვეული გავლენაც მოახდინოს მასზე, შეცვალოს მისი ცხოვრება. რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ იმაზე, რომ კლასი ურთიერთობათა რთული სისტემაა, რომლის გამართული მუშაობა სწავლებაზე აისახება, თქვენზე ბევრი სხვა რამაც არის დამოკიდებული. თქვენ ძერწავთ ახალ მოქალაქეს, ეხმარებით ცხოვრებისეული ორიენტირების განსაზღვრაში და იმ გზის გაკვლევაში, რომელსაც ესოდენ ხმამაღალი სახელი – მომავალი – ჰქვია.

რთულ ტერმინებში რომ არ ჩავიკარგოთ, დავაზუსტებთ: თქვენ ხართ მასწავლებელი, რომელიც გაკვეთილზე პირდაპირ კავშირსა და უკუკავშირს ამყარებს. პირდაპირი კავშირი კლასზე თქვენი ზემოქმედებაა, უკუკავშირი კი კლასისა თქვენზე. თქვენ ხართ მასწავლებელი, რომელიც კედლებს კი არ ესაუბრება, არამედ დამკვირვებელია და ზუსტად იცის, ვინ უსმენს და ვინ – არა. თქვენ ხართ ბავშვთა უდიპლომო ფსიქოლოგი, რომელიც უშეცდომოდ გრძნობს, როდის უნდა შეანელოს თხრობა, აუწიოს ხმას, განმარტოს, გაამარტივოს ან გაართულოს მონათხრობი. თქვენ ხართ დირიჟორი და როგორ დაუკრავს თქვენი ორკესტრი, თქვენზეა დამოკიდებული.

სკოლის მასწავლებლობა ამ პროფესიაშიც კი პრივილეგიაა. მაგალითად, სკოლის მასწავლებელს ტელემასწავლებელზე გაცილებით მეტი პრივილეგია აქვს. ტელემასწავლებელი შეიძლება იყოს მეცნიერი, პროფესორი ან აკადემიკოსი, მაგრამ სკოლის მასწავლებელს მაინც ვერ შეედრება: მას არ შეუძლია უკუკავშირის დამყარება ბავშებთან, არ შეუძლია დირიჟორობა – მსმენელზე დაკვირვებით თხრობის შენელება, ინტონაციის ცვლა და სხვა. გვერწმუნეთ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ტელემასწავლებელი ცოცხალ კლასში მოხვდა, მისი ლექციის შემდეგ არაერთი კითხვა გაჩნდება, რომლებსაც თქვენ გაკვეთილის დროსვე იოლად ართმევთ თავს. თქვენ შესანიშნავად იცნობთ თქვენს მოსწავლეებს, ემზადებით მათთან შესახვედრად და იცით, როგორ დააინტერესოთ. მიუხედავად იმისა, რომ ყველა მასწავლებელი ერთსა და იმავე სასწავლო პროგრამას მიჰყვება, თქვენი გაკვეთილები არ ჰგავს კოლეგების გაკვეთილს. თქვენ განსაკუთრებული ხართ.

უკუკავშირის თაობაზე იმასაც დავამატებთ, რომ მასწავლებლის მუშაობაზე, რაღა თქმა უნდა, მოსწავლეც ახდენს გავლენას. საკმარისია უბრალო მაგალითის მოყვანა: როგორც კი შეამჩნევთ, რომ კლასში რამდენიმე ძალიან კარგი მოსწავლე გამოჩნდა, გაკვეთილისთვის სხვა შემართებით ემზადებით, სხვა პასუხისმგებლობა გიჩნდებათ, სწავლების სხვაგვარი ჟინი. თუ კლასი გულგრილია თქვენი ცოდნისა და თქვენს მიმართ, ეს თქვენს განწყობაზე ცუდად აისახება, პროფესიაზე გულაცრუების მიზეზი ხდება. თუმცა თქვენ უკან არ იხევთ, პირიქით, სწორედ სუსტ კლასში ცდილობთ თქვენი დირიჟორული ნიჭის მთელი ძალით გამოვლენას. ამას მეტი დრო და ენერგია სჭირდება, მაგრამ თქვენ იცით, რომ პროფესიულად ჯიუტი და ძლიერი მასწავლებლის ხელში სუსტი კლასის „ამოქაჩვა“ შესაძლებელია.

ასე რომ, შევთანხმდეთ: თუ კლასში არსებულ ურთიერთობათა სისტემამ ცალმხრივი ხასიათი შეიძინა, ეს განგაშის ზარია. „მოსწავლე-მასწავლებელი“ ურთიერთდამოკიდებული, ორმხრივი მოძრაობაა.

როგორ შევინარჩუნოთ ეს ორმხრივი მოძრაობა? – იკითხავთ. როგორ შევქმნათ კლასში კეთილგანწყობილი სამუშაო ატმოსფერო, სადაც მოსწავლე თქვენი მეგობარი იქნება, თანაც – საზღვრებისა და უფროს-უმცროსობის დაცვით?

მასწავლებლისა და მოსწავლის მეგობრობა კარგია მხოლოდ მაშინ, თუ ეს სწავლების ხარისხზე პოზიტიურად აისახება, მაგრამ ვიდრე მოსწავლეებს მეგობრობას შესთავაზებდეთ, ათასჯერ დაფიქრდით, რას მოიტანს ეს. მასწავლებელთან მოსწავლის სიახლოვე უბრალოდ მეგობრობა არ უნდა იყოს. ის უნდა ზრდიდეს მასწავლებლისადმი მოსწავლის პასუხისმგებლობას.

როგორია ამ სიახლოვის რეცეპტი და მისი ინგრედიენტები? ვეცდებით, გიპასუხოთ.

ნუ შეგეშინდებათ, იყოთ ადამიანი. როგორი პროფესიონალიც არ უნდა ბრძანდებოდეთ, უპირველეს ყოვლისა, ცოცხალი ადამიანი ხართ. ნუ შეგაშინებთ თქვენი ცხოვრების საინტერესო დეტალების აფიშირება, იმ დეტალებისა, რომლებიც მოსწავლეებისთვის სამაგალითო იქნება. თქვენი პირადი გამოცდილება, გატაცებები, შეცდომების აღიარება ბავშვებს გულგრილს არ დატოვებს. ისინი იგრძნობენ, რომ ენდობით. გამოცდის წინ მოუყევით, როგორ ნერვიულობდით გამოცდებზე, როდესაც მათი ასაკისა იყავით, გაიხსენეთ თქვენი პირველი გაკვეთილის ჩატარების გამოცდილება.

მოსწავლეებმა უნდა იგრძნონ, რომ თქვენც იყავით მოსწავლე, რომ ეს გზა თქვენც გაიარეთ. გარდა ამისა, ბევრ ადამიანს ერთნაირი პრობლემა აწუხებს და გამოცდილების გულწრფელი გაზიარება ფასეული ცხოვრებისეული შტრიხია. ის ხსნის დაძაბულობას თაობებს შორის.

იყავით ონლაინრეჟიმში. ინტერნეტი ახალგაზრდებისთვის კომფორტული და ბუნებრივი სივრცეა. გამოიყენეთ ის ისტრუმენტად საგანმანათლებლო საქმიანობაში. მოსწავლეს მასწავლებელმა თავისი ტელეფონის ნომერი რომ დაუტოვოს, არ დაურეკავს, მოერიდება, მაგრამ სოციალურ ქსელებში ფეისბუქის პროფილი რომ მიუთითოს, უფრო მარტივად ხელმისაწვდომი გახდება. მოზარდები ინტერნეტსივრცეში ურთიერთობას ადვილად ახერხებენ. თუ თქვენს პროფილს პრივატულ სივრცედ აღიქვამთ, შეგიძლიათ, დახურული ჯგუფი შექმნათ და ამ გზით გახდეთ ბავშვებისთვის ხელმისაწვდომი.

ცალმხრივი სიახლოვე. სტატიის დასაწყისში სწავლების მიმართულებით ორმხრივ ურთიერთობაზე ვისაუბრეთ, მაგრამ მასწავლებლის პირად ცხოვრებაში მოსწავლის გარევა არაკომპეტენტურობის მაჩვენებელია. მოსწავლის ნდობის მოსაპოვებლად აუცილებელი არ არის, ბავშვმა თქვენი პირადი ცხოვრება იცოდეს.

ყველაფრის ექსპერტობას ნუ დაიბრალებთ. მასწავლებელი კი ბრძანდებით, მაგრამ ნუ წარმოიდგენთ, რომ ყველაფერში ერკვევით, ყველაფერში კომპეტენტური ხართ. ეს თავის მოტყუებაა. თქვენი ამოცანაა, მოუსმინოთ ბავშვებს და შეძლებისდაგვარად დაეხმაროთ არსებული პრობლემების მოგვარებაში.

უარი თქვით მშრალ ფორმალობებზე, მაგრამ უარს ნუ იტყვით სუბორდინაციაზე. ის აუცილებელია პედაგოგიკაში. მოსწავლის უახლოესი მეგობარიც რომ იყოთ, ნებისმიერ შემთხვევაში მასწავლებლად უნდა დარჩეთ.

ებრძოლეთ ერთფეროვნებას. მაგალითად, გადააადგილეთ მერხები საკლასო ოთახში, შეცვალეთ გაკვეთილის ლოკაცია (ის შეგიძლიათ ჩაატაროთ პარკში, მოედანზე, ქალაქგარეთ, მუზეუმში ან სპორტულ სივრცეში).

ასი პროცენტი და ქცევის კორექცია. გაკვეთილზე მასწავლებელს მოსწავლეთა 100 პროცენტი უნდა უსმენდეს. ალბათ იტყვით, რომ ეს შეუძლებელია. არ არის. უბრალოდ, ამის მისაღწევად ცოტაოდენი გარჯა დაგვჭირდება.

ქცევის კორექცია არ უნდა იყოს თავს მოხვეული ან აგრესიული. როდესაც მასწავლებელი რამდენიმე წუთის განმავლობაში ერთი მოსწავლის გაჩუმებას ცდილობს, ამასობაში კი მეორე იწყებს ხმაურს, ეს წრეზე სიარულია. დისციპლინისთვის თვალის დევნება გაკვეთილის თემიდან გადახვევის გარეშე უნდა მოახერხოთ, დროის მინიმალური დანაკარგით. ერთ-ერთი მეთოდია არავერბალური კორექცია: დისციპლინის დამრღვევს ჟესტით ან გამოხედვით აჩუმებთ. მეორეა პოზიტიური ჯგუფური კორექცია – პირადად კი არ მიმართავთ ერთ მოსწავლეს, არამედ მთელი კლასის გასაგონად ამბობთ, რა უნდა აკეთონ ბავშვებმა. მაგალითად: „ყველა სათითაოდ კითხულობს, დანარჩენები მოპასუხეს ადევნებთ თვალს“. კიდევ ერთი მეთოდია ანონიმური ინდივიდუალური კორექცია – მიმართავთ მთელ კლასს, მაგრამ არა ყველა მოსწავლეზე ხაზგასმით. მაგალითად, ასე: „ველოდებით ორი ადამიანის გაჩუმებას. ყველამ უნდა ვადევნოთ თვალი მოპასუხეს“.

ყველაზე გავრცელებული ხერხია ინდივიდუალური კორექცია, როდესაც სხვა გზა არ გვაქვს და ინდივიდუალურად მივმართავთ მოსწავლეს, მაგრამ ისე, რომ ეს სხვებმა არ შეამჩნიონ. იმისათვის, რომ სხვა ბავშვების ყურადღება არ მიიქციოთ, ცოტა ხნით შეყოვნდით დისციპლინის დამრღვევის მერხთან, ანიშნეთ, გაჩუმდეს და გაკვეთილის ახსნა გააგრძელეთ.

მოსწავლე არ უნდა გავლანძღოთ, არ უნდა გავმართოთ მასთან დიალოგი, არ უნდა დავუწყოთ ახსნა-განმარტება – „თემო, საით იყურები?.. უკანა მერხზე მსხდომებმაც მომაქციეთ ყურადღება“.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი