პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

გარემოს როლი „მე“-ს ჩამოყალიბებაში

„სამყარო გამუდმებით ცდილობს, სხვად გაქციოს.

დარჩე იმად, რაც ხარ – უდიდესი მიღწევაა“.

რალფ უოლდო ემერსონი, ამერიკელი ფილოსოფოსი, მწერალი, საზოგადო მოღვაწე

 

ჩემი სტატიების მკითხველებს მოეხსენებათ, რომ უმთავრესად აღზრდის საკითხებზე ვწერ. ეს პატარა წერილიც აღზრდის პროცესში პიროვნების „მე“-ს ჩამოყალიბებას ეხება. საქმე ის არის, რომ ფსიქოლოგები დიდი ხანია აღნიშნავენ გარემომცველი სოციუმის როლის მნიშვნელობას პიროვნების „მე“-ს ჩამოყალიბებაში. „ყველანი ჩვენი ბავშვობიდან მოვდივართ“, – ეს ანტუან დე სენტ–ეგზიუპერის ერთ-ერთი ყველაზე ხშირად ციტირებადი ფრაზაა და მეც იმისთვის მოვიხმე, რომ მკითხველს ავუხსნა: სწორედ იმან, რაც ჩვენი ბავშვობიდან წამოვიღეთ, გვაქცია ისეთებად, როგორებიც ახლა ვართ.

საკუთარის თავის ძიება, საკუთარი იდენტობის ჩამოყალიბება, დამეთანხმებით, ურთულესი პროცესია. რა თქმა უნდა, ეს ჩემი ორიგინალური აღმოჩენა არ არის – ამაზე ბევრს წერენ, ფიქრობენ, მსჯელობენ მწერლები, ფილოსოფოსები, ფსიქოლოგები. როგორ გაივლის ბავშვი ამ გზას, როგორ ჩამოყალიბდება ის, ჩვენზე – მის გარშემო არსებულ სოციუმზეა დამოკიდებული. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ჩვენი „მე“ იმ გამოცდილების შედეგია, რომელიც გვიგროვდება სხვა ადამიანებთან ურთიერთობის შედეგად. ეს სხვა ადამიანები სწორედ ის უახლოესი გარემოცვაა, რომელთა თვალებში სარკესავით აირეკლება ჩვენი „მე“. გახსენდებათ ალბათ ბავშვობაში მოწებებული იარლიყები:

  • „რა ლამაზი ხარ“;
  • „რა ჭკვიანი ხარ“;
  • „რა ნიჭიერი ხარ“;
  • „რა ზარმაცი ხარ“;
  • „ყველას სჯობიხარ
  • „რა ცელქი ხარ“;
  • „სრულიად უნიჭო ხარ“.

შეგიძლიათ, ჩამონათვალი თავად განავრცოთ, გაიხსენოთ საკუთარი იარლიყები და მიხვდეთ, რომ ამ ფრაზების გახსენება ახლაც გსიამოვნებთ ან არ გსიამოვნებთ და, რაც მთავარია, დარწმუნდით, რომ ადრეულ ბავშვობაში განცდილი ემოცია თუ მიღებული შთაბეჭდილება აყალიბებს ჩვენს „მე“-ს.

თუ ბავშვის გარშემო არაკეთილსაიმედო გარემოა, შემდგომში მისი მოთხოვნილებები შესაძლოა უკიდურესად ფრუსტრირებული აღმოჩნდეს, რის შედეგადაც ბავშვი, სავარაუდოდ, ზრდასრულ ასაკშიც ტრავმირებული იქნება. ტრავმა შესაძლოა სხვადასხვანაირი იყოს.

თანამედროვე მკითხველს და დაინტერესებულ მსმენელს კარგად მოეხსენება არასასურველი ბავშვის ტრამვული განვითარების შესახებ. როდესაც ბავშვი, ასე ვთქვათ, „დაუგეგმავი“ ან „არასწორი სქესისაა“, გარემო მისთვის არაკეთილმოსურნე და შესაძლოა მტრულიც კი გახდეს. მაგრამ ზოგჯერ, გაუცნობიერებლად თუ გაცნობიერებულად, შესაძლოა სასურველი შვილებიც აღმოჩნდნენ მატრავმირებელ გარემოში.

  • „მეგონა, ჩემი შვილი ყველაზე ჭკვიანი და ნიჭიერი იქნებოდა, მან კი მთელ ოჯახს და სანათესავოს იმედი გაუცრუა“;
  • „რამდენი დრო და ენერგია შევალიეთ მის აღზრდასა და განათლებას, მაგრამ სასურველ მიზანს მაინც ვერ მივაღწიეთ“.

ასეთი ფრაზები თუ თავად არ გითქვამთ, სხვებისაგან მაინც გაგიგონიათ.

მაშ, რა გამოდის – სასურველი შვილიც „მიუღებელია“? ჩვენ შვილებს ტრამვას ვაყენებთ იმით, რომ ვცდილობთ, მათგან ჩვენთვის სასურველი რამ „შევქმნათ“. გამოდის, ნებით თუ უნებლიეთ ვკლავთ მათ ინდივიდუალობას და დაბრკოლებებს ვუქმნით მათ საკუთრი „მე“-ს ძიებაში. ბავშვის გარშემო არსებული სოციუმი, რომელზეც დამოკიდებულია მისი პიროვნული განვითარება, ყველაზე მნიშვნელოვანი ემოციური დონორია. განვითარების ადრეულ ეტაპზე ბავშვი უპირობოდ უნდა მივიღოთ ისეთი, როგორიც არის – მომავალში ეს მისი დადებითი თვითშეფასების ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს. არაკეთილსაიმედო გარემოში მყოფი ბავშვი კი ძნელად თუ მოახერხებს ზრდასრულ ასაკში საკუთარ ძალებზე დაყრდნობას, საკუთარი თავის მიღებას და შეყვარებას.

განვითარების მომდევნო ეტაპზე რა ხდება? ბავშვი, რომელიც ადრეულ ასაკში საკუთარი ძალიან ვიწრო გარემოცვისთვისაც კი არ წარმოადგენს დიდ ღირებულებას, სავარაუდოდ – და ლოგიკურადაც (მკითხველი თავადაც მიხვდება, როგორი გაგრძელება შეიძლება ჰქონდეს ამ ისტორიას) – უფრო ფართო სოციუმის წინაშე „გაუფასურებული“ წარდგება.

საბავშვო ბაღი:

  • „შენ ლექსების დაზეპირება გეზარება, ამიტომ ზეიმში მონაწილეობას ვერ მიიღებ“;
  • „რამდენს გასწავლი და მაინც ვერ ახერხებ, ტაქტში აჰყვე სიმღერას, საერთოდ არ გაქვს სმენა;
  • შეხედე, შენი თანატოლები როგორი მონდომებულები არიან შენ კი არაფერი არ გინდა“.

იზრდება ჩვენი პატარა, მაგრამ მისი მხარდაჭერა და მისი შესაძლებლობების წარმოჩენა მაინც არავის „სურს“.

არ გეგონოთ, რომ ის არავის უყვარს; სახლში, ბაღში – ყველგან აღიარებენ, რომ ძალიან საყვარელია, მაგრამ რაღაცნაირი განსხვავებული, სხვა ბავშვებივით არ ცდილობს თავის წარმოჩენას, უფროსების წინაშე საკუთარი მიღწევების დემონსტრირებას (სტუმრების წინაშე ლექსების თქმას, ინგლისური სიტყვების დაზეპირებას…) და ამიტომ დიდად არავინ იწუხებს თავს მისი უნარების განვითარებაზე ფიქრით. მიხვდით ალბათ: იმის თქმა მინდა, რომ ხშირად თავად ის ფაქტი, რომ ვიღაც განსხვავებულია (განსაკუთრებით – ბავშვი), იწვევს გაღიზიანებას და სოციუმს უჩნდება სურვილი, „გადააკეთოს“ ის, სხვებს დაამსგავსოს. ეს კი კიდევ ერთი მატრავმირებელი ფაქტორია ბავშვისთვის.

სამწუხაროდ, ჩვენი სკოლების დიდ უმრავლესობაში ასეთი „განსხვავებული“ ბავშვებისადმი მიდგომა არანაკლებ „მტრულია“, ამიტომ ჩვენი პატარა განვითარების მომდევნო ეტაპზეც ვერ იღებს სათანადო ყურადღებას, ზრუნვას, მხარდაჭერას – ის ხომ „განსხვავებულია“, მასწავლებელს კი კლასში იმდენი ბავშვი ჰყავს, რომლებსაც მისი ყურადღება უფრო მეტად სჭირდებათ. „ცოდვა გამხელილი სჯობიაო“, ჩვენს წინაპრებს უთაქვამთ – კარგი, ბეჯითი, დამჯერი მოსწავლე ნაკლები თავის ტკივილია და მასწავლებლისათვისაც სწორედ ის წარმოადგენს საყრდენს. „განსხვავებულები კი, ჯობს, დროზე მოეგონ გონს და სხვებს მიბაძონ.“. და საერთოდაც, „ბავშვების ტრავმებზე მშობლებმა და ფსიქოლოგებმა იზრუნონ, მასწავლებლებს ისედაც იმდენი საზრუნავი აქვთ… ბოლოს და ბოლოს, რამდენს უნდა გასწვდნენ?!“

ფსიქოლოგები კი გვაფრთხილებენ, რომ როცა ბავშვი გამუდმებით მატრავმირებელ გარემოშია, შესაძლოა, იდენტობის კრიზისს შეეჯახოს. ის იფიქრებს, რომ არსებობის უფლება არ აქვს, რადგან „ნორმალური“ ვერ გახდა. უფრო რთულ შემთხვევებში მოზარდს შესაძლოა დეპრესიაც კი განუვითარდეს და სუიციდურმა აზრებმა შეიპყროს. სოციალური იდენტობის რღვევა შესაძლოა გამოიხატოს საკუთარი უმაქნისობის, უსარგებლობის განცდით. „ასეთი არავის ვჭირდები“; „გარემო მე ვერ მომერგება, მე კი ვერაფრით მოვახერხე, მას მოვერგო“.

ზემოთაც ვთქვი და აქაც მინდა გავიმეორო – თვითშეფასების დარღვევა ვლინდება ბავშვის განცდებით, მისი უარყოფითი განწყობით საკუთრი თავის მიმართ: „ცუდი ვარ“; „არაფერი შემიძლია“; „ყველაზე უარესი ვარ“; „არაფერი გამომდის“…

სოციუმის მხრივ გამუდმებით ნეგატიური შეფასება თანდათან „საკუთარ შეფასებად“ ყალიბდება.

ფსიქოლოგებს მიაჩნიათ, რომ როდესაც გარემო ვერ ახერხებს, ადეკვატურად ასახოს ბავშვის ჩამოყალიბების პროცესში მყოფი „მე“, ის მის გარშემო ქმნის დამახინჯებულ „რეალობას“.

დაბალი, არაადეკვატური თვითშეფასება საქმეში რთავს პროექციის მექანიზმს – ბავშვი იწყებს ფიქრს, რომ ის ისეთი ცუდია, მისი დანახვა, მასთან ურთიერთობა არავის უნდა, ყველას აშინებს.

საყოველთაოდ ცნობილია, რომ ბავშვებს (და, საზოგადოდ, ნებისმიერი ასაკის ადამიანებს) აქვთ მიღების, აღიარების, პოზიტიური შეფასების მოთხოვნილება, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ უნდა დარჩეს დაუკმაყოფილებელი სოციუმის უუნარობის, უხეშობის გამო, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, ზრდასრული ადამიანის მიერ გაკეთებული შეფასება ბავშვს ტრამვის მიზეზად არ ექცეს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი