ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

მწვანე ქალაქები, როგორც ურბანიზაციის უარყოფით შედეგებზე პასუხი

გარემოს დაბინძურებას პოსტინდუსტრიულ მოვლენად მიიჩნევენ. თუმცა ეკოლოგიური პრობლემები არც ძველი რომისთვის და არც ანტიკური საბერძნეთისთვის ყოფილა უცხო. ჰაერის დაბინძურება, რომელსაც რომაელები „მძიმე ცას” უწოდებდნენ, დიდწილად ქალაქში შეშის წვის შედეგს წარმოადგენდა, რომელიც როგორც გათბობის, ისე სამეწარმეო სახელოსნოების მუშაობის შედეგად წარმოიქმნებოდა.

ძველ რომში საკმაოდ მნიშვნელოვან სირთულეებს, ჩამდინარე წყლები და ნარჩენების/ნაგვის არსებობა წარმოშობდა. ძველი რომაელები მნიშვნელოვან ღონისძიებებს მიმართავდნენ სერიოზული ეკოლოგიური პრობლემების შერბილების მიზნით. იმპერატორმა იუსტინიანემ (ჩვ. წ.აღ. 482-565), ყველა მოქალაქის ინტერესებიდან გამომდინარე, წყალი და ჰაერი სახელმწიფო საკუთრებად გამოაცხადა. აღსანიშნავია საკანალიზაციო სისტემის მოწყობა ძველ რომში, რომლის მეშვეობითაც დაბინძურებული წყალი მდინარე ტიბრში ჩაედინებოდა და რომელიც XIX ს-ის მიჯნამდე ერთადერთი იყო მთელ ევროპაში. ძველი რომი ცნობილია აკვედუკების მშენებლობით, რომლებიც სუფთა, ახალი წყლით უზრუნველყოფდნენ რომის მოსახლეობას.

გარემოზე უარყოფითი ანთროპოგენული ზემოქმედების შედეგის აღწერისას, ბერძენი ფილოსოფოსი პლატონი (427 – 347 წ.წ. ჩვ. წ.აღ-მდე) ბერძნულ მთებსა და გორაკებს გამოფიტული ორგანიზმის ძვლებს ადარებს, ხოლო ჰიპოკრატე (460-377წ.წ. ჩვ. წ.აღ-მდე) კი, ადამიანის ავადმყოფობის გამომწვევ ერთ-ერთ ძირითად მიზეზად ქალაქებში არახელსაყრელ კლიმატურ პირობებს ასახელებს. რესპუბლიკური რომის პერიოდში შეიმჩნევა მდიდარი მოქალაქეების ქალაქის ცენტრიდან პერიფერიებში გადინების საინტერესო ტენდენცია (ადრეული სუბურბანიზაციის მაგალითი, რაც შესაძლოა ცენტრში ცხოვრების პირობების გაუარესებით იყო ნაკარნახევი. დღემდე მოღწეული ისტორიული ცნობების თანახმად, დროთა განმავლობაში, რომის ელიტარული მოსახლეობის საცხოვრებელ ადგილად ყალიბდება საპარკო ზონებში განთავსებული ქალაქგარე ვილები (აგარაკები).
ანტიკურ საბერძნეთში ჩვ. წ.აღ-მდე VI-V ს-ებში, ქალაქებს ქაოსური განაშენიანება გააჩნდათ, სადაც საყოფაცხოვრებო ნარჩენები და ჭუჭყიანი წყალი პირდაპირ ქუჩაში ხვდებოდა. საწვავად ხე-ტყის მასიურმა გამოყენებამ ენერგეტიკული კრიზისი გამოიწვია ბაბილონში, ფინიკიასა (ლიბანი) და საბერძნეთში.
ენერგეტიკულმა კრიზისმა და გარემოს დაბინძურებამ ძველ ბერძნებს მზის პასიური ენერგიის გამოყენება ასწავლა – მათ დაიწყეს ქალაქებისა და შენობების მზის მიმართულებით მშენებლობა, რაც ბევრი მათი თანამედროვე ხალხისათვის სრულიად უცხო იყო. მზის ენერგიას, გარკვეული დოზით, რომაელებიც იყენებდნენ, თუმცა მათ დიდი რაოდენობით შემოჰქონდათ ხე-ტყე შავი ზღვის რეგიონიდან. “წმინდა კორომების” ცნება არსებობდა როგორც ბერძნულ, ისე რომაულ კულტურაში. რაც იმ დაცულ ტერიტორიებს აღნიშნავდა, რომლებზეც აკრძალული იყო ხეების მოჭრა.

მჭიდროდ დასახლებული დიდი ქალაქებისათვის, ურბანიზაციის ნეგატიური შედეგები უძველესი დროიდანაა ცნობილი: ხმაურის გაზრდილი დონე, ნარჩენების უტილიზაციის, ჰაერისა და წყლის დაბინძურებისა და ბუნებრივი ლანდშაფტების გარდაქმნის პრობლემები, არახელსაყრელი სანიტარიულ ჰიგიენური მდგომარეობა და სხვ. უძველესი აღმოსავლეთის ქალაქები: ბაბილონი, ალექსანდრია, მემფისი, ნინევია, ანტიკური სახელმწიფოების პოლიტიკური და ეკონომიკური ცენტრები – რომი, ათენი და სხვ. – პრაქტიკულად იმავე პრობლემების წინაშე აღმოჩნდნენ, რა პრობლემებიც დღევანდელი მსხვილი ქალაქებისთვისაა დამახასიათებელი.

გაერთიანებული ერების მსოფლიო ორგანიზაციის ბოლო მონაცემებით, ევროპის მოსახლეობის საერთო რაოდენობის დაახლოებით 75% ქალაქებშია თავმოყრილი და, რაც მთავარია, ამ პროცესის შემდგომი ზრდის ტენდენცია ნელი ტემპით, მაგრამ კვლავაც გრძელდება.

XX ს-ის პირველ ნახევარში, აშშ-ში, ჩიკაგოს უნივერსიტეტში მუშავდება ორი კონცეფცია: ეკოლოგიური მიდგომები ქალაქების ანალიზის პროცესში და ურბანიზმი, როგორც ცხოვრების ფორმა. „ჩიკაგოს სკოლა” – სწორედ ამ სახელითაა ცნობილი მკვლევართა ის ჯგუფი, რომელმაც ქალაქებში მიმდინარე პროცესების შესწავლასა და ანალიზს უამრავი საინტერესო და მნიშვნელოვანი სამეცნიერო კვლევა მიუძღვნა.
2009 წლის თებერვლიდან აგვისტოს ჩათვლით, კომპანია „სიმენსმა” („Siemens”) და დამოუკიდებელმა კვლევითმა და საკონსულტაციო ფირმა „The Economist Intelligence Unit (EIU)”-მა შეისწავლა 30 ევროპული ქალაქი (უმეტესად დედაქალაქები). გარემოსა და კლიმატის დაცვის კუთხით განხორცილებული სამუშაოების შესაფასებლად გამოყენებული 30 ინდიკატორი დაიყო 8 ძირითად ჯგუფად: (1) CO2-ისემისია, (2) ენერგია, (3) შენობები, (4) ტრანსპორტი, (5) წყალი, (6) ჰაერი, (7) ნარჩენების/მიწის გამოყენება და (8) გარემოს ეკოლოგიური მართვა (იხ. ნახ 3). კვლევის მეთოდოლოგია შემუშავებულ იქნა EIU-მის მიერ, დამოუკიდებელ ექსპერტებსა და „სიმენსთან” ერთად. შედეგად, ჩამოყალიბდა, ე.წ. მწვანე ქალაქების ინდექსი (Green City Index) – ქალაქების ეკოლოგიური მდგომარეობის შეფასების უნიკალური სისტემა, რომელმაც გამოავლინა თითოეული ქალაქის ძლიერი და სუსტი მხარეები. ამ პროექტის ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი კი ის იყო, რომ ქალაქებს მიეცათ ერთმანეთის ცოდნისა და მიღწევების გაზიარების საშუალება. ასე, მაგალითად, აღმოჩნდა, რომ ვენაში ყველაზე უკეთესი გამწვანებაა, დანიის ქალაქები ყველაზე უფრო ინტენსიურად იყენებენ ქარის ენერგიას, ლუბლიანაში ნარჩენების გადამუშავების საუკეთესო სისტემაა, პარიზში შესაძლებელია ველოსიპედებით უფასოდ სარგებლობა, სტამბულში დანერგილია ნაგავსაყრელებიდან მეთანის მიღების პროცესი, ტალინში კი ავტობუსები აღჭურვილნი არიან სპეცილური სისტემით, რომელიც შუქნიშნების მუშაობას მწვანე ტალღის პრინციპით უზრუნველყოფს.
აღსანიშნავია, რომ ამგვარი ტიპის კვლევები ჩატარდა მსოფლიოს ყველა კონტინენტზე, მათ შორის, აშშ-ისა და კანადის 27 ქალაქში, აგრეთვე, აფრიკასა და აზიაში. მწვანე ქალაქების ინდექსი ზომავს თითოეული ქალაქის, როგორც არსებულ ეკოლოგიურ სიტუაციას, ასევე ამ ქალაქების მზაობას, შემდგომშიც განახორციელონ გარემოს დაცვითი პროექტები. შერჩეული 30 ინდიკატორიდან 16 წარმოადგენს რაოდენობრივ მაჩვენებელს და ზომავს ქალაქში არსებულ ეკოლოგიურ სიტუაციას. ასეთი ინდიკატორების მაგალითებია: CO2-ისემისია, ენერგიის მოხმარება, ნარჩენების რაოდენობა და ჰაერის დაბინძურება. დარჩენილი 14 ინდიკატორი წარმოადგენს ხარისხობრივ მაჩვენებელს, მაგალითად, – იღებს თუ არა ქალაქი ვალდებულებას გამოიყენოს უფრო მეტი განახლებადი ენერგია, გააუმჯობესოს შენობების ენერგოეფექტურობა, შეამციროს ნარჩენების წარმოება, მოახდინოს მათი გადამუშავება და ა.შ.

ინდექსი წარმოადგენს ყველა ინდიკატორის მიხედვით მინიჭებული ქულების ერთობლიობას. თავდაპირველად მოხდა თითოეული კატეგორიის, მაგალითად, ენერგიის მოხმარების, ინდექსის გამოთვლა. ამისათვის, თითოეულ ინდიკატორს (მნიშვნელოვნების მიხედვით) მიენიჭა სხვადასხვა წონა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ინდიკატორების უმეტესობას ერთნაირი წონა (მნიშვნელობა) აქვთ. 8 ძირითადი კატეგორიის ინდექსი შეფასდა 10-ქულიანი სისტემით (0-დან 10-მდე). საერთო ინდექსი წარმოადგენს ამ კატეგორიების ინდექსების ჯამს, სადაც ყველა კატეგორიის ინდექსს ერთნაირი მნიშვნელობა აქვს. მაქსიმალური საერთო ინდექსი შესაძლოა იყოს 100.
აღნიშნულმა კვლევამ გამოავლინა ლიდერი ქალაქები. კერძოდ, საერთო მაჩვენებლების ჯამით – საუკეთესო აღმოჩნდა კოპენჰაგენი.
ქალაქი კოპენჰაგენი
კოპენჰაგენმა ჯერ კიდევ 1960 წელს დაიწყო თავის ურბანულ ცენტრში მანქანების შემცირება. იგი ყოველწლიურად 2-3%-ით ზრდის ფეხით მოსიარულეთა გზებს. ავტოპარკინგი ჩაანაცვლა 18 სკვერმა, რომელთა საერთო ფართობი 100 000 მ2. კომპაქტურობისკენ მიდრეკილი პოლიტიკის მეშვეობით ბევრი საჯარო დაწესებულება ქალაქის ცენტრშია და იქ მისვლა მხოლოდ ფეხით შეიძლება. ქალაქებში საფეხმავლო გზების გაფართოებამ ცენტრებში მნიშვნელოვანი მოგება ნახა ეკონომიკური და საცხოვრისის ვარგისიანობის კუთხით. საზოგადოებრივ სივრცეებში ვხვდებით შადრევნებს, ძეგლებს, საზოგადოებრივ ხელოვნებასა და ისეთ დაწესებულებებს, რომლებიც იზიდავენ ხალხს, მაგ: რესტორნები, კაფეები, მაღაზიები და ა.შ. ყველა ქალაქს თავისი ისტორია აქვს, რაც მათ უნიკალურობას სძენს და კარგია ფეხით სასიარულოდ. ამ ყველაფერს ხელს უწყობს კარგი საზოგადოებრივი ღონისძიებები.

ენერგიის რაციონალურად გამოყენებისა და სათბურის გაზების ემისიების შემცირების კუთხით ქალაქი ოსლო ლიდერობს, მისი ახალი საერთაშორისო აეროპორტი ხისა და ბიოენერგიის საუბნო სისტემის მეშვეობით თბება. შენობების ენერგოეფექტურობის კუთხით – ქალაქი ბერლინი; ფრაიბურგი და ბერლინი მზის ქალაქებად იქცნენ, რადგან ხელს უწყობენ მზის ბატარეების დამონტაჟებას. სატრანსპორტო პრობლემების გადაჭრის კუთხით – ქალაქი სტოკჰოლმი; წყლის რაციონალურად გამოყენებისა და ნარჩენების მენეჯმენტის კუთხით – ქალაქი ამსტერდამი, ჰაერის ხარისხის კუთხით – ქალაქი ვილნიუსი; გარემოს ეკოლოგიური მართვის კუთხით – ბრიუსელი. ამავე დროს, მიღებული შედეგების ანალიზმა აჩვენა, რომ უპირობო ლიდერები გარემოს მდგომარეობის ხარისხის მიხედვით, ჩრდილოევროპული ქალაქებია: კოპენჰაგენი, ოსლო და სტოკჰოლმი. გამოიკვეთა მეტად სანდო კორელაცია მოსახლეობის ცხოვრების დონესა და ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის ხარისხს შორის. კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ევროპის ქალაქთა პირველი ათეულიდან ცხრაში, მშპ-ის მაჩვენებელი ერთ სულ მოსახლეზე 31 ათას ევროზე მაღალია. აღნიშნულმა კვლევამ ცხადყო, რომ უფრო მდიდარი ქალაქები ბევრად უფრო მეტ ინვესტიციებს დებენ ენერგოეფექტურ ტექნოლოგიებში, ინფრასტრუქტურის განვითარებასა და მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მოზიდვაში ეკოლოგიური პრობლემების გადასაჭრელად. კორელაცია ქალაქის მოსახლეობის რაოდენობას, ტერიტორიის სიდიდესა და ეკოლოგიური მდგომარეობის ხარისხს შორის უმნიშვნელოა. ქალაქი-ლიდერების მოსახლეობა, როგორც ჩრდილოეთ, ისე აღმოსავლეთ ევროპაში, ბევრად არ აღემატება ან სულაც ჩამორჩება 1 მილიონ ადამიანს. ქალაქები, სამოქალაქო საზოგადოების განვითარების მაღალი დონით, სიის ზედა ნაწილში იმყოფებიან, რაც გამოხატავს აღნიშნული ქალაქების მოსახლეობის მზადყოფნას, გაითვალისწინონ ეკოლოგიური მოთხოვნები და აქტიური მონაწილეობა მიიღონ გარემოს დაცვითი ინიციატივების განხორციელებისას.

ქალაქი ბრისტოლი „2015 წლის ევროპის მწვანე დედაქალაქად აღიარეს”. იგი ინგლისის სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს. ბრისტოლში გაეშვა საპილოტე პროექტი, რომელიც კრძალავს ბავშვიანი ოჯახებისათვის პოპულარულ ადგილებში მოწევას. ეს ინიციატივა ორგანიზაცია „მოწევისგან თავისუფალი სამხრეთ-დასავლეთის” წევრებმა წამოიწყეს. მათ მიაჩნიათ, რომ ამით მოსახლეობას ეკოლოგიურად მისაღებ საცხოვრებელ პირობებს შეუქმნიან.
ქალაქი ბრისტოლი
„ინტეგრირებული გარემოს დაცვითი შეფასება” (IEA) მუნიციპალურ დონეზე GEO-ქალაქების სახელწოდებით არის ცნობილი. ინიციატივა GEO-ქალაქები პირველად წარმოიშვა ლათინურ ამერიკაში 2000 წელს, ”გაეროს გარემოს დაცვითი პროგრამის (UNEP)” მმართველი საბჭოსა და გლობალური მინისტერიალის გარემოს დაცვითი ფორუმის, ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის რეგიონში მდგრადი განვითარების ინიციატივის, ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის ქვეყნების მინისტრთა ფორუმისა და ”ათასწლეულის განვითარების ამოცანების” შედეგად. “GEO ქალაქები – ქალაქი მეხიკო” პროექტი დაიწყო 2003 წელს და მას შემდეგ ანალოგიური გარემოსდაცვითი შეფასებისა და შესაძლებლობათა გაძლიერების პროცესი განხორციელდა ლათინური ამერიკის ყველა მთავარ ქალაქში. ამის შემდეგ, GEO ქალაქების რეპლიკაცია ასევე მოხდა აფრიკის, ევროპისა და აზიის ქალაქებში. დღეისათვის, „GEO-ქალაქების” პროექტის ფარგლებში, მსოფლიოს 40-ზე მეტი ქალაქის ექსპერტი მუშაობს „გაეროს გარემოს დაცვითი პროგრამის” (UNEP) მიერ შემუშავებული ერთიანი მეთოდიკის საფუძველზე, მატრიცით: „ზემოქმედება – მდგომარეობა – შედეგები – ღონისძიებები”. „GEO ქალაქების” ინიციატივის განხორციელება სრულად პასუხობს, ე.წ. „რიოს სამიტი”-ს („დღის წესრიგი 21-ე საუკუნისათვის”, 1992) ფუნდამენტურ პრინციპებს, აგრეთვე მდგრადი განვითარების მსოფლიო ფორუმის (იოჰანესბურგი, 2002), „ათასწლეულის მიზნების” (ათასწლეულის ფორუმი, ნიუ-იორკი 2000), „ოლბორგის ქარტიისა” (1994) და ”გაეროს გარემოს დაცვითი პროგრამის” (UNEP) ხელმძღვანელი საბჭოს გადაწყვეტილებებს. ამავე დროს, აღნიშნული ინიციატივის განხორციელებისას, გამოიყენება გამოცდილება, რომელიც დაგროვდა „ადგილობრივი თვითმართველობები მდგრადი განვითარებისათვის” (Local Gevernments for Sustainability/IGLEI/) მსოფლიო პროცესის ფარგლებში, ასევე ევროპული რეგიონული პროცესების: „ევროპული მოძრაობა მდგრადი ქალაქებისათვის” (The European Gampaign for Sustainable Cities) „ურბანული ევროპის მენეჯმენტი – 25. მდგრადი მომავალი ქალაქებისთვის” (“Managing Urban Europe – 25.Sustainable furure for cities”)) და სხვა საერთაშორისო ინიციატივების ფარგლებში.

სცენარები წარმოგვიდგენს მომავლის ხედვას: რა შეიძლება მოხდეს, თუ ამჟამინდელი ტენდენციები გაგრძელდება? როგორია სხვა, სამომავლო ალტერნატივები? სცენარების შედგენა მიზნად ისახავს გრძელვადიანი პერსპექტივის გათვალისწინების სტიმულირებას, ცნობიერების ამაღლებას, გადაწყვეტილების მიღების პროცესის მხარდაჭერას და სასურველი ცვლილებების წახალისებას.
GEO-ქალაქების ანგარიშები დღეისათვის მომზადებულია პოსტსაბჭოური ქალაქებისთვისაც, ეს ქალაქებია: დონეცკი – უკრაინა (2007), ერევანი – სომხეთი (2007), ალავერდი – სომხეთი (2009), გიუმრი – სომხეთი (2009), ჰრაზდანი – სომხეთი(2009).

2011 წელს დასრულდა მუშაობა ქალაქ თბილისის ანგარიშზე. ინფორმაცია შეგიძლიათ მითითებულ ინტერნეტსაიტზე იხილოთ:
https://geocities-tbilisi.ge/index.php

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი