ხუთშაბათი, აპრილი 18, 2024
18 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

ნიადაგთან დაკავშირებული პრობლემები

იცით თუ არა, რომ ერთ სუფრის კოვზ ნიადაგში უფრო მეტი ცოცხალი ორგანიზმია, ვიდრე ადამიანი მთელ დედამიწაზე?
იცით თუ არა, რომ ანტიბიოტიკების უმეტესობა, რომლებიც ადამიანს სხვადასხვა ინფექციის დამარცხებაში ეხმარება, ნიადაგებში არსებული მიკროორგანიზმებისგან არის მიღებული?
იცით თუ არა, რომ სოფლის მეურნეობა ეკონომიკის უმნიშვნელოვანესი დარგია მსოფლიოში და ამ სფეროში ყველაზე მეტი ადამიანია დასაქმებული?
იცით თუ არა, რომ ნიადაგი აღუდგენელი ბუნებრივი რესურსია?
იცით თუ არა, რომ საუკეთესო ჩინური კერძები ნიადაგს შეიცავს?
იცით თუ არა, რომ სახელმძღვანელოს, წიგნისა თუ ჟურნალის წონის 70% ნიადაგია?
იცით თუ არა, რომ კერამიკის ჭურჭელი, რომლიდანაც საჭმელ-სასმელს შევექცევით, ნიადაგია?
იცით თუ არა, რომ კანის გასამკვრივებლად თუ გასაწმენდად განკუთვნილი თიხის ნიღაბი სინამდვილეში ნიადაგისგან მზადდება?
რითია ნიადაგი მნიშვნელოვანი
როდესაც ლანდშაფტით ვტკბებით, ვერ ვამჩნევთ ყველაზე მნიშვნელოვანს, რაც მის ნაყოფიერებას განაპირობებს. ნიადაგის გარეშე ადამიანი ვერ იარსებებს. ნიადაგი მხოლოდ მცენარეთა საზრდო როდია – ის ყველაფრის საწყისია. ისაა ბიოლოგიური მრავალფეროვნების განმაპირობებელი და მასზეა დამოკიდებული, გამოკვებავს თუ არა დედამიწა თავის სწრაფად მზარდ მოსახლეობას.
თუ მრავალი სხვა კომპონენტის ცვლილება ბუნებაში თვალსაჩინოა და მასზე დაკვირვება შესაძლებელია, ნიადაგში უმთავრესად ფარული პროცესები მიმდინარეობს და ამის შესახებ მხოლოდ მას შემდეგ შევიტყობთ, რაც მცენარეებსა და ცხოველებს საფრთხე დაემუქრება ან სულაც გადაშენდება. უდიდეს კატასტროფებს ხშირად სწორედ ნიადაგის გადაგვარება ახლავს თან. ამის უარყოფას კი გამოუსწორებელ შედეგამდე მივყავართ, რადგან ნიადაგის ნაყოფიერების აღდგენას ბევრი დრო და დიდი ძალისხმევა სჭირდება. არსებობს მოსაზრება, რომ უძველესი ცივილიზაციების გაქრობა სწორედ ნიადაგის დეგრადაციამ განაპირობა. ეს ჰიპოთეზა მეოცე საუკუნის 80-იანი წლების აფრიკის გვალვების შედეგების ანალიზის შედეგად გაჩნდა.

ეროზიასთან ერთად, რომელიც ნიადაგის გამოფიტვას უწყობს ხელს, არსებობს მრავალი სხვა საფრთხეც: ნიადაგის დაბინძურება, მისი მჟავიანობის მომატება, ნაყოფიერების დაკარგვა, რომელიც ხმელეთის სხვადასხვა უბანზე სხვადასხვა ინტენსივობით მიმდინარეობს. ამის მიზეზი კი უმთავრესად სოფლის მეურნეობის არასწორი მენეჯმენტია.

როდესაც ბუნების კონსერვაციაზე ვსაუბრობთ, მთავარი საზრუნავი სწორედ ნიადაგი უნდა იყოს.

სანამ პრობლემა თვალსაჩინო არ გახდება, მას ვერ ვამჩნევთ და აზრადაც არ მოგვდის მისი პრევენცია. ალბათ იმიტომ, რომ მისი შედეგები ძალიან ნელა მჟღავნდება. მაგრამ ამის გაუთვალისწინებლობა საფრთხეში აგდებს ჩვენს მომავალს, ვინაიდან ნიადაგის თითოეული სანტიმეტრის ჩამოყალიბებას ასეულობით წელი სჭირდება. თანამედროვე ცხოვრების ტემპი და განვითარების მასშტაბი დიდ საფრთხეს უქადის ნიადაგის ნაყოფიერებას, მისი შენარჩუნება კი თითოეული ადამიანისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

ნიადაგი ცოცხალი ბუნების მთავარი კომპონენტია. ის წყლის ინფილტრაციით ხელს უწყობს მისი წრებრუნვის პროცესს. გამოიყენება დაავადებებთან ბრძოლისთვის და, რაც მთავარია, სოფლის მეურნეობის წარმმართველია, გვაძლევს საკვებს, ტანსაცმელს, ტექნიკურ მცენარეებს.
კლიმატცვლილება

1850 წლიდან მოყოლებული, სათბური აირების მნიშვნელოვანი წყარო ანთროპოგენული გახდა და მისი წილი საერთო სტრუქტურაში 35%-ს გაუტოლდა. მისი უდიდესი ნაწილი მიწათსარგებლობასა და მეცხოველეობასთან არის დაკავშირებული. მოსავალს, მარცვლეულს, ტყეებს და მცენარეებით დაფარულ სხვა ზედაპირებს შეუძლია, მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს სათბური გაზების შემცირებაში. იმავდროულად, დიდია ნიადაგის როლი წყლის გაფილტვრაში, მის ინფილტრაციასა და შენახვაში, რაც ამცირებს ატმოსფეროში ექსტრემალურ მოვლენებს, ნიადაგის ეროზიას.
ადამიანის ჯანმრთელობა

სამრეწველო, საყოფაცხოვრებო თუ სხვა ნარჩენები აბინძურებს ნიადაგს, რის გამოც იზრდება ნიადაგის დეგრადაციის საფრთხე, ეს კი უშუალოდ აისახება ადამიანის ჯანმრთელობაზე სხვადასხვა გზით. მოსახლეობის რაოდენობა იზრდება, ნიადაგის ნაყოფიერების შემცირება კი შიმშილობის პრობლემას ამძაფრებს. გარდა ამისა, დაბინძურებულ ნიადაგზე მოწეული მოსავალი ჯანმრთელობას ვნებს.
ნიადაგის დეგრადაციის პრობლემები

ნიადაგის დეგრადაცია მისი რაოდენობრივი და თვისებრივი შემცირებაა, რომელშიც გამოიყოფა:
  • წყლისმიერი და ქარისმიერი ეროზია,
  • ბიოლოგიური დეგრადაცია (ჰუმუსის დაკარგვა, ცვლილებები მცენარეებისა და ცხოველების სასიცოცხლო ციკლში);
  • ფიზიკური დეგრადაცია (სტრუქტურის შეცვლა, ფორიანობის შემცირება);
  • ქიმიური დეგრადაცია (მჟავიანობა, ნაყოფიერების შემცირება, PH-ის ცვლილება, დამლაშება, ქიმიური ტოქსიკაცია).
ქარისმიერი და წყლისმიერი ეროზიით ხდება ნიადაგების 80%-ის (20 მლნ კვ/კმ) დეგრადაცია მსოფლიოში. მჟავიანობა ნიადაგის ქიმიურ შემადგენლობას ცვლის, რაც ზრდის ტოქსიკური ლითონების ცირკულაციას. დამლაშებული ნიადაგები უმთავრესად ზღვიურ სედიმენტებში, ზღვისპირა, ცხელი და მშრალი კლიმატის არეალებში გვხვდება. ამ ადგილებში მარილი ფორების მეშვეობით ზედაპირზე ამოდის, რაც მცენარეების გადაგვარებას იწვევს.
დეგრადაციის მიზეზები

  • ბუნებრივი მცენარეული საფარის შემცირება, რაც ზედაპირს ეროზიისადმი უფრო მოწყვლადს ხდის
  • არამდგრადი მიწათსარგებლობა, გადამეტებული მორწყვა, სასუქების, პესტიციდების არასწორი გამოყენება და გადამეტებული ძოვება
  • მიწისქვეშა წყლების ზედმეტი გამოყენება, რამაც შესაძლოა მიწების გამოშრობა და ფიზიკური დეგრადაცია გამოიწვიოს
  • ატმოსფეროში მძიმე ლითონებისა და სხვა დამაბინძურებლების მაღალი შემცველობა, რაც ნიადაგის ბუნებრივ წონასწორობას არღვევს
  • კლიმატის ცვლილებაც გაცილებით ინტენსიურ ხასიათს სძენს მიმდინარე პროცესებს, რაც რეგიონულად მეტად ვლინდება აფრიკისა და აზიის კონტინენტებზე, სადაც გაუდაბურება, გაუდაბნოება, ტყის საწვავად გამოყენება, არამდგრადი სოფლის მეურნეობა სულ უფრო მზარდ მასშტაბს იძენს
მცენარეული საფარის შემცირების შედეგი

წყლის ინფილტრაციის დარღვევა, მიწისქვეშა წყლების შემცირება, ეროზიის წარმოქმნა, მიკროკლიმატის შეცვლა, მეტად – არიდულისკენ, ჭებისა და წყაროების დაშრობა

ნიადაგის დეგრადაციის მართვა

დეგრადაციის შემცირების სტრატეგიები, ისეთები, როგორებიცაა ხეების დარგვა, მექანიზაციის მდგრადი პროცესების განხორციელება, ფერდობების დატერასება, ზომიერი ირიგაცია და ღია სარწყავი სისტემების ჩანაცვლება, ქარსაცავი ზოლების განაშენიანება და სხვა მოსახლეობის შიმშილისგან დაცვის მნიშვნელოვანი წინაპირობაა. ტრადიციული მეთოდები ხშირად ვერ უზრუნველყოფს ნიადაგის საფარის დაცვას, ამდენად, მნიშვნელოვანია მოსახლეობის იმ ნაწილის ახალი უნარ-ჩვევებით აღჭურვა, რომელიც სოფლის მეურნეობას მისდევს.

მექანიკური მეთოდები

მექანიკურ მეთოდებს შორისაა შემაკავებელი ბარიერების აშენება, რაც ნიადაგის გადარეცხვასა და ქარის მიერ ნაყოფიერი ნაწილაკების გადატანას შეუშლის ხელს, ასევე – ფერდობების დატერასება და კონტურული ხვნა, ხეების ბარიერებად გამოყენება, რაც ჩამოტანილი ნიადაგის ნაყოფიერი ფენის ადგილზე დაკავებას იწვევს. განსაკუთრებული საჭიროება წარმოიშობა იქ, სადაც მუსონური და თავსხმა წვიმებია და ეროზია ინტენსიურად მიმდინარეობს. ფერდობების ამგვარი გამაგრება საშუალებას იძლევა, მოსავალი იქაც მოიყვანონ, სადაც ეს სხვაგვარად გართულდებოდა.

ქარსაცავი ზოლები უფრო მეტად ქარისმიერი ეროზიის შემაკავებლად მიიჩნევა და მოსავლიანობას ზრდის, რადგან ნიადაგის ნაყოფიერება მისი ზედა ფენის შენარჩუნებით არ მცირდება. ქარსაცავი ზოლი ქარის სისწრაფესაც ამცირებს.
ხვნა-თესვის ტექნიკა

მნიშვნელოვანია ნარგავების საფარის შენარჩუნება რაც შეიძლება დიდხანს – ეს ზედაპირს ქარისმიერი ეროზიისგან დაიცავს.

იქ, სადაც ერთწლიანი ნარგავებია, მცენარეთა ფესვები მოსავლის აღების შემდეგ უნდა დარჩეს, რათა გაამაგროს ნიადაგის ფენა და მოშიშვლებული ზედაპირი ადვილად არ გამოიქაროს.
საჭიროა ბალაზების დარგვა და ნარგავებით გამწვანება ეროზირებულ ფართობებზე პროცესის შესაჩერებლად.
ორგანული, მცენარეული საფარი ნიადაგს საშუალებას აძლევს, მეტი წყალი შეაკავოს. გარდა ამისა, ის ამაგრებს სტრუქტურას და ნაკლებად მოწყვლადს ხდის ქარის მიერ ნაყოფიერი ნაწილაკების დაყოფისა და გადატანის მიმართ.
ნიადაგის დამლაშების მართვა

ამ კუთხით არსებობს სამი ძირითადი მიდგომაა:
  • მარილის ნიადაგიდან გამოტუტვა და გამორეცხვა;
  • კალციუმის სულფატის დამატება, რომელიც ნატრიუმის იონებს ჩაანაცვლებს;
  • აორთქლების შემცირება, რაც შეამცირებს ნიადაგის ქვედა ფენებიდან წყალთან ერთად მარილის ზედაპირზე ამოტანას.
გამოყენებული ლიტერატურა:

Geography, Garrett Nagle, Briony Cooke, Oxford University Press, 2009
Soil Science Society of America, Annual Report, 2012
https://www.soil-net.com/legacy/advanced/soil_functions.htm

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი