პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

ვირტუალური ანდეგრაუნდი

ხოლო ბაქო – ქარის ქალაქი, კუშტი, ასფალტისფერი ზღვა, ფანტასმაგორიული ქუჩა-ბილიკების მოურღვევი ქსოვილი, ქალწულის საბედისწერო კოშკი, ჩაი, ჩაი, ჩაი…მეჩეთები, მეჩეთები..კლუბებიც – ჯაზის, ბლუზის…ბევრი აზია, ცოტაც ევროპა…ხელოვნებაშიც ასეა, იციან რომ მსოფლიო მასშტაბის პოეტები ჰყავდათ, რომ ეს მათი უპირველესი ბრენდია, ვქვათ საარაკო ხალიჩებთან და ფარდაგებთან ერთად, მაგრამ დღეს აზარბაიჯანული ლექსი ევროპულს უფრო ჰგავს, ვიდრე ჰაყანის და სხვა ძმათა მისთა..სახლებსაც ეტყობათ დასავლეთის სუნთქვა – ზოგან  ვესტერნული არქიტექტურის ნიუნსები აღმოსავლურ ჩუქურთმას კარგად ეგუება, ზოგან ხელოვნურის იერს უფრო ტოვებს. სუვენირები – ლურჯთვალა თილისმა და მიკი მაუსი ერთად. მოკლედ, გაიცანით – ბაქო – ქალაქი, სადაც ყველაფერია სხვადასხვა დოზით, გარდა…

არა, ანდეგრაუნდიც არის.  ოღონდ,  როგორც ერთი ჩვენებური, მივიწყებული მგოსანი ამბობს ,,უფრო სადღაც იქ, ჩვენს სულებში’’.

,,როცა 90-ინებში,  მოძრაობა დავიწყეთ – ეს გულისხმობდა, როგორც გამოხატვის ფორმას, ანუ საღამოებს სხვადასხვა ახალჩასახულ კლუბში, ცოტა უფრო თავისუფალ ქმედებას, ასევე თვითონ ტექსტში სხვა მოტივების შემოტანას – ერთი მხრივ ურბანული სივცრე საკუთარი ჟარგონით და ვულგარიზმებით, მეორე მხრივ სოციალური პროტესტი – გვიყვება დღეს უკვე საკმაოდ ცნობილი ავტორი, რასიმ გარაჯა, ჟურნალ ,,ალათორანის’’ რედაქტორი – ამ ფაქტს საზოგადოება ტაშისკვრით ნამდვილად არ შეხვედრია. იყო ტრადიციული სახელოვნებო კავშირები, ვთქვათ მწერალთა კავშირი. ამ გაერთიანების უმეტესი წევრისთვის სიტყვა ანდეგრაუნდი ლამის კრიმინალთან ასოცირდებოდა. იგივე ინერცია ახასიათებდა ბევრ ახალგაზრდასაც’’

მაგრამ მაინც დაიწყეს, კითხულობდნენ ,,უცნაურ ლექსებს’’, უკრავდნენ განსხვავებულ მუსიკას, სასმელსაც არ ერიდებოდნენ და ხმაურსაც. რეპრესიებმა არა, მაგრამ მარგინალიზებამაც არ დაახანა. ის ძირითადი პერიოდული გამოცემები, რომელთაც ჰონორარის გაღება შეეძლოთ, საკუთარ კარს ან არ აღებდნენ, ან თუ კი – ისე მორცხვად, რომ ბაქოური ანდეგრაუნდის სუნთქვაც ძვლივს იპარებოდა. კაცმა, რომ თქვას რა უნდა ამგვარ აკადემიურ გამოცემებში მიწისქვეშეთის დემონურ სულს – პათეტიკურად იტყვის ვინმე და მართალიც იქნება.. რასიმი კი ამბობს – ,,ერთი რომ მოჭრილი გვქონდა ჩვენი შემოქმედების გავრცელების გზები, მედია შორს იდგა ამგვარი თემებისგან, ხალხს კი შიში ჰქონდა ახალი ხილისადმი.  მეორეც – ჩვენ ადამიანებს, რომლებიც ახალ არტს ვქმნდით, ენთუზიაზმის გარდა, არავითარი სახსარი არ გაგვაჩნდა  – იმისთვის რომ ელემენტარულ პირობები შეგვექმნა მომავლისთვის. შეიძლება ვინმემ მიგვითითოს, რომ ანდეგრაუნდის ხიბლიც ეს არის, მაგრამ როცა ეს დაუსრულებელ, გარდაუვალ პრესპექტივად ისახება – ძნელია ვინმეს გმირობა მოსთხოვო. შორიდან საუბარი ადვილია.’’

 ბაქოელი ანგრაუნდის ხელოვანები მიხვდნენ, რომ უმჯობესია გარემო მდგომაროება გაითვალისწინო, მოირგო წარდგენის ახლებური ფორმები და შენი სათქმელი ასე გამოხატო. თანაც ტრადიციულმა ორგანაზიებიც ნელ-ნელა ლიბერალიზაციის გზას დაადგნენ, ახალი წევრები მივიდნენ, რომელთა ხედვები, თუ შეიძლება ასე, პოლიტიკური ენით ითქვას – პროგრესული იყო. შესაბამისად ნელ-ნელა დაიწყო ანთოლოგიების გამოცემა – იქ უკვე ერთად წაიკითხავით კლასიკური ყაიდის თუ ავანგარდულ ტექსტებს. იმართებოდა არაერთი კონცერტი და გამოფენა, სადაც ტრადიციულ მუსიკას როკ-ჯგუფი ენაცველობდა, კლასიკურ მხატვრობას კი ავანგარდული ექსპერიმენტები.

დღევანდელი გადასხედიდან, თქვენ შეგიძლიათ ამგვარი ფაქტი პოსტმოდერნის უნებლიე გამოვლენად მონათლოთ. ანაც თქვათ, რომ ეს  ბაქოური ანდეგრაუნდის მარცხი იყო. რასიმ გარაჯა კი თვლის: ,,ერთადერთი სწორი ნაბიჯი გახლდათ, რთული სიტუაციიდან გამოსავალი ხომ უნდა დაძებნილიყო. თანაც ყველაფერი ავტომატურად, სპონტანურად მოხდა, არავითარი წინასწარ განზრახული გეგმები და სტრატეგია არ გვქონია ,,თავის გადარჩენისთვის’’. და ის რომ დღეს ის ესთეტიკა სხვადასხვა ფორმით მიწოდებული, მაგრამ მაინც არსებობს, სწორედ ამ გზის დამსახურებაა.’’

მე ამას უფრო კონკრეტულ და თანაც აბსტრაქტულ სახელს დავარქმევდი – ვირტუალური ანდეგრაუნდი. ბაქოც ხომ ქარის ქალაქს ნიშნავს, იქ ყველაფერი ირელური, ამავედროს ძალიან რეალურია – შეხებას გრძნობ, ქარის არ იყოს..

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი