პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

გუგ(უ)ლი დეიდასა და მეხსიერების დუელი ანუ ვიღაცამ გუგ(უ)ლს გადაუფრინა

„ზეპირად მოსაუბრე“ ნიშნავს ადამიანს, რომელიც თავაწეული ლაპარაკობს და პრეზენტაციის დროს ქაღალდებში არ იქექება. მეხსიერების ვარჯიში საჭიროა არა მარტო ჰუმანიტარებისთვის, არამედ ტექნიკური საგნების სპეციალისტებისთვისაც. კანდიდატი, რომელსაც თუნდაც იმავე გუგლთან გასაუბრებაზე კონკრეტული პრობლემისთვის კოდის დაწერას მოსთხოვენ და საჭირო ალგორითმი არ ემახსოვრება, ამ კომპანიაში ვერ დასაქმდება. მათემატიკის დოქტორანტი, რომელსაც საკვალიფიკაციო გამოცდაზე პრობლემის ამოხსნას მოსთხოვენ და საჭირო თეორემები და მტკიცებები არ ემახსოვრება, გამოცდას ვერ ჩააბარებს. ან რამდენად ეფექტური იქნება მენეჯერი, რომელიც სიტყვით გამოსვლისას ან ცოცხალი ინტერვიუს მიცემისას დაწერილ ტექსტს თვალს ვერ მოაცილებს და ზეპირად სიტყვასაც ვერ იტყვის? ან პოლიტიკოსი, რომელიც ღია დებატების დროს ხმის ამოღებას ვერ მოახერხებს? ხმოვანი, ზეპირი კომუნიკაციის კლასები სავალდებულოა ამერიკის თითქმის ყველა უნივერსიტეტში. მეხსიერების ვარჯიში აუცილებელია, რათა ადამიანს წარმატებული კარიერა ჰქონდეს.

მიმაჩნია, რომ მოსწავლებისთვის სხვადასხვა ავტორის ნაწარმოებებიდან საზეპიროების მიცემის თაობაზე გადაწყვეტილება კონკრეტული საგნის მასწავლებელმა ინდივიდუალურად უნდა მიიღოს და მოსწავლეების სურვილიც გაითვალისწინოს. საზეპიროების სწავლა ზოგი მოსწავლისთვის უინტერესო, სტრესული და დამთრგუნველია (ზოგისთვის და არა ყველასთვის). ლექსებისა თუ ციტატების დაზეპირებას ზოგი მოსწავლე იმ თემებზე მსჯელობას ამჯობინებს, რაც მათშია ასახული და სწორედ ამ ზოგის წერითი კულტურაა უკიდურესად დაბალი, სიტყვათა მარაგი – მწირი, სტილი – საკანცელარიო. ისინი თავს ვერ არიდებენ კლიშეებისა და ბანალური ფორმულირებების გამოყენებას. მათი ნამუშევარი სტილისტურად დაუხვეწავია, არ შეუძლიათ სინონიმების აქტიური გამოყენება, ანალოგიებისა თუ არგუმენტების მოყვანა. საზეპირო მასალა გონების ვარჯიშისთვის აუცილებელია და ის აქტიური სამუშაო პროცესის შემადგენელი ნაწილია.

საზეპიროების ერთ-ერთი მთავარი მიზანი ლიტერატურული გემოვნების დახვეწაა. მოსწავლემ შედევრის გემო უნდა გაიგოს, ლიტერატურული გემოვნება უნდა ჩამოუყალიბდეს. მდარე და მაღალი ხარისხის პოეზიის ერთმანეთისგან გარჩევა შეეძლოს. თუ მას გაკვეთილზე მსჯელობა უნდა, ამისთვის მზად უნდა იყოს. საზეპიროების გარეშე მოსწავლე ამას ვერ მოახერხებს და საზეპიროც მაშინ არის ეფექტური, თუ ამ ტიპის დავალებებს ანალიზი და მსჯელობაც ახლავს თან. როგორ უნდა გააანალიზონ „ლურჯა ცხენები“ ან „სილაჟვარდე ანუ ვარდი სილაში“ ტექსტის მოუხმობლად – შინაარსი უნდა გადმოსცენ? მაგალითად, გააშინაარსონ „ივლისისფერი ყინვის თასები“? საზეპიროს ვერ ვუწოდებ მხოლოდ დამთრგუნველს. ის საჭიროც არის გონებისთვის, თუმცა ზომიერად. მოსწავლეებში ყოველთვის იწვევს სტრესს ის, რასაც შეფასება მოსდევს, ამიტომ მასწავლებელმა მოსწავლე ანალიზისა და საზეპიროების კუთხით თანაბრად უნდა შეაფასოს. მთავარია, შევმატოთ სასწავლო პროცესს ხალისი, ინტერესი. ჩვენც „აფეთქდეთ“ იმ საზეპიროთი, „გადავუფრინოთ გუგლს“, ჩვენი განსწავლულობა წარმოვაჩინოთ. თუ „ვეფხისტყაოსანს“ ვასწავლით, დავანახოთ მოსწავლეებს, რატომ იყო ეს პოემა აფეთქება, რა უძღოდა წინ, რატომ დევნიდნენ თავად ტექსტსა და მის ავტორს. გალაკტიონის სწავლებისას ეტლით ჩვენც ჩავუქროლოთ გურიის მთებს… მართალია, სამ ჰაგიოგრაფიულ ნაწარმოებს ზედიზედ რომ ვასწავლით ბავშვს, ძალიან იღლება. პაუზები თუ არ გავაკეთეთ, სახალისო მომენტები თუ არ შევიტანეთ, შიგადაშიგ სხვა, თანამედროვე ტექსტი თუ არ წავაკითხეთ ან ფილმი არ ვაჩვენეთ, დაიტანჯება. ციტატებითაც უნდა ველაპარაკოთ, ჩვენ თვითონ უნდა ვიქცეთ ერთ მსახიობად სცენაზე. სწავლის პროცესი სახალისო უნდა იყოს. ვიღაცა „დაგუგლავს“, ვიღაცა გუგლს გვერდს აუვლის, გადაუფრენს… თუ ბავშვმა მშობლიური ლიტერატურის მნიშვნელოვანი ნაწარმოებებიდან რამდენიმე მონაკვეთი მაინც არ დაისწავლა და არ გაიაზრა, როგორ უნდა ჩამოუყალიბდეს ეროვნული თვითშეგნება? ეს ციტატები მას მთელი სიცოცხლე ემახსოვრება და გამოადგება კიდეც. ლიტერატურაში საზეპიროებს არ სთხოვენ ბავშვებს, არც გრამატიკული ნორმები ისწავლება. მათემატიკაშიც ხომ არის დასაზეპირებელი წესები? როგორ უნდა ისწავლო მათემატიკა, თუ თეორია არ იცი? ფიზიკაში, ქიმიაში ძლიერია ბავშვი და ამ დროს წესს ზეპირად ვერ ამბობს, კანონის სიტყვიერად გამოთქმა არ შეუძლია. მაგალითად, პითაგორას თეორემისა, მენდელეევის პერიოდულობის კანონისა. ყველა წარმატება გუგლთან ვერ იქნება მიბმულ-დაკავშირებული.

ექსპერტის თქმით, თუ თვალს გადავავლებთ მსოფლიო გამოცდილებას, დავინახავთ, რომ, თუმცაღა ყველგან ჩვენზე მეტად იყენებენ ინტერნეტს, საზეპიროები არსად არის უარყოფილი. ეს არ ნიშნავს, რომ საზეპირო უსაშველო რაოდენობისა უნდა იყოს. ყველა დონეზე ჩანს, რომ საზეპიროები ჩვენთვის აღარ არის წამყვანი აქტივობა. ამის ნათელი მაგალითია თუნდაც ერთიანი ეროვნული გამოცდები, სადაც ქართული და უცხოური ენის გამოცდებზე საზეპიროებს აღარ ითხოვენ. ეროვნული სასწავლო გეგმა მიანიშნებს, რომ სასწავლო პროცესში აუცილებლად უნდა იყოს გამოკვეთილი შედეგი, შედეგამდე მისასვლელი გზა კი უამრავია. ალტერნატივა უნდა დავუტოვოთ მასწავლებელს როგორც თავისუფალი არჩევანი. ეს შეიძლება მოხდეს საზეპიროებით ან მის გარეშე. ეროვნულ სასწავლო გეგმაში პირდაპირ წერია, რომ მნიშვნელოვანია არა ცოდნის რაოდენობა, არამედ ხარისხი, რაც სწორედ იმას გულისხმობს, რომ კონკრეტული ინფორმაციის დაზეპირება არ შეიძლება იყოს ცოდნის მიღების ერთადერთი გზა. ინფორმაციის გააზრებას მეტი მნიშვნელობა. უნდა მიენიჭოს. მასწავლებლის ერთადერთი დოკუმენტი არის შედეგი. ერთმა და იმავე მასწავლებელმა შეიძლება ერთ კლასთან წარმატებით გამოიყენოს ერთი აქტივობა, მაგრამ მეორე კლასთან განსხვავებული აქტივობა დასჭირდეს, რადგან ერთ კლასში სწავლობენ ბავშვები, რომელთათვისაც განზოგადების, ანალიზის პროცესი ნაცნობია, მეორე კლასში კი გვყავს მოსწავლეები, რომლებსაც უფრო მეტი თავისუფლება და უნარების მეტად განვითარება სჭირდებათ, რათა მიღებული ინფორმაციის განზოგადება შეძლონ.

თუ თვალს გადავავლებთ ქართული ენისა და ლიტერატურის საგნობრივ პროგრამას, დავასკვნით, რომ ეს პროგრამა ორიენტირებულია ცოდნის, გაგების, გამოყენების, ანალიზის, სინთეზისა და შეფასების უნარ-ჩვევების განვითარებაზე სწავლა-სწავლების საფეხურების მიხედვით. როგორ, რა გზით მიაღწევს აღნიშნულ დოკუმენტში გაწერილ შედეგებს, მასწავლებლის ოსტატობაზეა დამოკიდებული. ფილოლოგი რევაზ სირაძე წერდა: „ნომენკლატურული გამოთქმაა „საზეპირო“, სწავლას შეაზარებს კაცს. მაგრამ როგორ გინდა? საზეპიროც აუცილებელია. ამხელა კაცი ვარ და მე ვერ ვიზეპირებ ხოლმე რაღაცას, მაგრამ „განთიადი“ რომ ქართველმა ზეპირად არ იცოდეს, შეიძლება?“ არ შეიძლება. შესაძლოა, ბავშვს „ვეფხისტყაოსნის“ ერთი სიტყვაც არ ესმოდეს, მაგრამ მაინც რაღაც ჯადოსნურ იმპულსს ეზიარება.

დაბოლოს, ყველა მასწავლებელი ინდივიდუალურია, მოგვეცით საშუალება, საჭიროებისამებრ „ვიფრინოთ“ ბავშვებთან ერთად გუგლით თუ გუგლის გარეშე, თავად გადავწყვიტოთ, რომელ ლექსს ისწავლიან, რომელ ფორმულას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

მასწავლებლის დღიური

მაჩაბელი 

ცეცხლის წამკიდებელი

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი