პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

არქიფო სეთური – აპოკალიფსური მხეცი ჭაბუა ამირეჯიბის „დათა თუთაშხიას“ მიხედვით

ჭაბუა ამირეჯიბის რომანი „დათა თუთაშხია“ ბიბლიური და მითოსური პლასტების დამტევი ტექსტია. მითოსურ სიუჟეტს ბიბლიური არქეტიპები ენაცვლება, რისი წყალობითაც ამ რომანს განსაკუთრებული ღირებულება ენიჭება.

საირმის ტყის ეპიზოდში სეთური – „პატრიარქალური მამა“ – თავისი „ჯოგისთვის“ ცოცხალ მითს ქმნის. ამ მონათხრობში საინტერესოა ისიც, რომ მოვლენები საირმის ტყეში ვითარდება. ხის, ტყის სიმბოლოში სამყაროს უნივერსალური კონცეფცია იყო განხორციელებული. მისი მნიშვნელობა საფეხურებრივად ყალიბდებოდა. პირველ  (ანთროპომორფულ) საფეხურზე „ხე ან ტყე ისეთ სულიერ არსებად წარმოისახება, რომელსაც შეუძლია ადამიანისთვის ვნების ან სიკეთის მოტანა“ (ენციკლოპედია 2012:152). იქ დატრიალებული მოვლენები ყველა იქ მყოფისთვის ზიანისა და უბედურების მომტანია. სეთურიცა და მის მიერ დამონებული ხალხიც უფსკრულის წინ დგანან. მკითხველი ამ ეპიზოდით ხვდება, რომ მათ გადარჩენა არ უწერიათ. მოსე ზამთარაძის ნაამბობის მიხედვით, არქიფო ურჩხულად გვევლინება, რომელიც თავის გარშემო არსებულ ყველა სასიცოცხლო ელემენტს შთანთქავს (პირდაპირი თუ გადატანითი მნიშვნელობით).

იდუმალი, არარეალური და გაურკვეველია აქ განვითარებული მოვლენების ქრონოტოპი (დრო და სივრცე). გეოგრაფიული სივრცე აბსტრაქტულ ლოკალს უფრო წარმოადგენს, ვიდრე რეალურ ადგილსამყოფელს. დროც პირობითია, მითიური – ეს ამბავი ყველა დროში შეიძლებოდა მომხდარიყო, ამიტომაც მკითხველი აქ განვითარებულ მოვლენებს ინტუიციურად ათავსებს თანამედროვე დროსა და სივრცეში.

„სეთურის ფილოსოფია თავისებური პანდორას ყუთია: ბოროტების, სიცრუისა და კადნიერების ნაზავი. დიდია ცდუნება, იგი კომუნისტურ იდეოლოგიას დავუკავშიროთ“ (გვაზავა 1996:147). საბჭოთა სახელმწიფო ათეიზმის ბასტიონად მოევლინა სამყაროს. საბჭოთა ორთოდოქსული დოქტრინის მიხედვით, მხოლოდ კომუნიზმის ფაზაში ანუ ბედნიერების ფაზაში მყოფი კაცობრიობა გადარჩებოდა, ანუ ე.წ. „კომუნიზმის სასუფეველი“ ერთადერთ ურყევ სიკეთედ და ხსნის ერთადერთ გზად მიიჩნეოდა. „კომუნისტურ შრომასა და გარჯას“ უნდა შეექმნა ახალი ღირსებებით შემკული ადამიანი, თუმცა აღსანიშნავია, რომ ეს შრომა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ძალების ამოწურვას ხმარდებოდა მხოლოდ და ბაბილონის გოდოლის შენებას წააგავდა. არქიფო სეთურისგან გაბრიყვებული ხალხის იმედიც ტოტალიტარული იდეოლოგიის მამათა დაპირებულ ნაბოდვარს ჰგავს. არქიფოც „ზრუნავს“ თავის ერთგულ „სალდათებზე“; მუნჯი ქონდრისკაცი ზებო მიწისმთხრელთა აუხდენელი იმედის სიმბოლოა. ისინი თავიანთი ხელით ითხრიან სამარისთვის მიწას და ვერც ხვდებიან, რომ მათ ცოცხლად მარხავს „მამა და მარჩენალი“. სეთური გააზრებულად არჩევს ამგვარ „იმედს“; ბუნებისაგან განწირული ყრუ ზებო ტრაგიზმს მატებს დამონებული, გაპირუტყვებული ბრბოს არსებობას და მომავალს. ტოტალიტარული იდეოლოგიით თავგზააბნეულ ხალხს ეგონა, რომ ყველა ერთ საფეხურზეა, მათ შორის განსხვავება არ არის, ყველა ერთი და იმავე პრივილეგიით სარგებლობს. სეთური სიამაყით ეუბნება თავის სტუმრებს (მოსე ზამთარაძესა და დათას): „ხუთ საათზე ვაყენებ ხალხს. უნდა ხედავდეს ხალხი, რომ წესი ერთნაირია ყველასთვის, თვარა თვითონაც შუადღემდე ძილს მომთხოვს და საქმე დაზარალდება. საქმეს რომ ვამბობ, სამუშავარს კი არ ვფიქრობ – კაცებს ვფიქრობ, მათი ცხოვრებისთვის და კეთილდღეობისთვის ვლაპარაკობ“ (ამირეჯიბი 1973:107). ამგვარი არაადამიანური ცინიზმით ის ადამიანთა არარაობის პოპულაციას ახდენს.

როგორც ზემოთ აღვნიშნე, სეთურის „სიკეთის პროგრამა“ თანხვდება ტოტალიტარული რეჟიმის იდეოლოგიას. შიში და სასოწარკვეთილება სეთურის მუშების ქმედების წარმმართველია. მათი მიწურები ყაზარმის ასოციაციას იწვევს, სადაც ბავშვები მშობლებზე არანაკლებ ჰყავთ გადაგვარებული. სეთური – სატანა მშვიდად, არაადამიანობის უპრეცედენტო გამოხატულებით „ძერწავს“ ისეთ თაობას, როგორიც მას ხელს აძლევს, ანუ „ქაჯუნებს“ და „ეშმაკუნებს“, როგორც მათ უწოდებს მწერალი. სეთური ტირანი და უზურპატორია. სეთური და თაბაგარი უტყვი, უვიცი მონების „იდეალური“ საზოგადოების მოდელს ქმნიან. მარტოოდენ ფიზიკური არსებობისთვის აუცილებელ ლუკმაპურს უყრიან სახედაკარგულ არსებებს და თავისუფლებაწართმეულ მოცახცახე ცხოველებად გარდაქმნიან მათ.

ამ პასაჟის სიმბოლური მნიშვნელობა ერთგვარ თანხვედრაშია მსოფლიო და საეკლესიო ისტორიის წინასწარმეტყველებასთან – იოანე მახარებლის „გამოცხადებასთან“. აღსასრულის ჟამს მსოფლიოს ხელისუფლად მოვლენილი ანტიქრისტე თავს განადიდებინებს, თაყვანს აცემინებს კაცობრიობის დიდ ნაწილს. სეთურ-თაბაგარის წყვილი აპოკალიფსური მხეცისა და ცრუ წინასწარმეტყველის გამოხატულებაა. არქიფოც იმავე მეთოდებით მოქმედებს. ათასგვარ სახელს ირქმევს, რათა ნამდვილი სახე და სახელი დამალოს. ადამიანებს „დღედაღამ შენი სახელი უნდა აძახებიო და შენი ქება გააგონო და საკუთარი პირით ათქმევიო“ (ამირეჯიბი 1973:109), – ეუბნება ის „სერობაზე“ მოსესა და დათას და „დიდი სიბრძნის თქმისა და გათავებისას“ თითო სახარების მადლის შეწევნას ითხოვს. კაკოია თაბაგარის დახმარებით ღმერთად გამოჰყავს თავი და ათასგვარ ნაბოდვარს ლოცვასავით აზეპირებინებს ადამიანის სახედაკარგულ არსებებს. ამ გაუბედურებული ხალხისთვის ცისკრის ლოცვისა თუ მწუხრის ლოცვას მამა-მარჩენალის სახელის დაუსრულებელი გამეორება და დითირამბები ცვლის. მათი მეტყველების, აზროვნებისა და სიტყვის კანონმდებელი, კაკოია თაბაგარი, მონური ლექსიკის მარაგს უქმნის და უმარჯვებს პირუტყვებად ქცეულ მასას: „მომძღვნელმან ჩვენის პურისა და სარჩოსი, მამამან ჩვენმან უსათნოესმან და უკეთილესმან, რომელ არს არქიფო, – იცოცხლოს მარადჟამს“. „ქოროც“ ბანს აძლევს: „პოლიქრონიონ, პოლიქრონიონ, პოლიქრონიონ“ (ამირეჯიბი 1973:105). ასე ლუღლუღებენ ყოველ ცისმარე დღეს ისინი და სიკეთის, ბედნიერი მომავლის ილუზიით მოხიბლულნი „ეწაფებიან“ „ფსალმუნებს“, რომელსაც უშურველად ურიგებს კაკოია ცრუპენტელა. ეს არის ადამიანთა სულების ნებაყოფლობითი ანექსიის უპრეცედენტო მაგალითი.

არქიფო სეთური ფსევდოადამიანია. ის დემონურ ძალაუფლებას ფლობს, რომელსაც თავისი მოქმედების არეალში ავრცელებს. ცრუ გმირია და, მრავალის სახელის მქონე (სახესა და სახიერებას მოკლებული), იქ მყოფთა ნაშრომის მიმთვისებელი და მათი სულების უზურპატორია. არქიფო სატანასავით კადნიერი, ადამიანთმოძულე, ნათლისა და სიწმინდის დამანგრეველია, რომელიც თავის „მზრუნველობას“ აყვედრის კიდეც ბრბოდ ქცეულებს და მათში ინფანტილიზმს ნერგავს, აგონიამდე მისულ მდგომარეობაში ამყოფებს მათ. მისი „ფილოსოფიური ნააზრევი“ ყველა ადამიანურ თვისებას აუკუღმართებს: „კაცი შიშსა და მოკრძალებას რომ დაკარგავს, მაშინ გაუბედურდება“ (ამირეჯიბი 1973:107); „კაცისთვის კაი თუ გინდა, არ უნდა გააძღო და გააღორმუცელო“ (ამირეჯიბი 1973:108). სეთურის ნამოქმედარი ამსხვრევს ღირებულებათა სისტემას, ქაოსს თესავს ირგვლივ.
წიგნიდან „გამოცხადებაი ღმრთისმეტყუელისა იოვანესი“ (ბერძ. „აპოკალიფსის“) ცნობილია, რომ სატანისტური მსახურება ჭეშმარიტი ღვთისმსახურების პაროდირება იქნება. აკი სეთურს აბელი ჰქვია, თითქოს მსხვერპლი იყოს ვერაგი განზრახვისა. რეალურად კი ის კაენიტია – სატანაჩასახული, რომელიც „ეშმაკის ნიშნით დადაღულთ“ ცოცხლად ანადგურებს.

არქიფო მუშნი ზარანდიასავით ფიქრობს, რომ ცბიერება და ბოროტება სახელმწიფოს პრეროგატივაა. ხელისუფალი ვალდებულიც კია, წესრიგის დასაცავად, მოქალაქეების კეთილდღეობისთვის ნებისმიერი, „თუნდაც ტირანული“, მეთოდები გამოიყენოს. არქიფო სეთურს ნიკოლო მაკიაველივით მიაჩნია, რომ „მიზანი ამართლებს საშუალებას“. არქიფო, ისევე როგორც მუშნი, ჭორების გავრცელებით, დასმენით, დაბეზღებით, გათითოკაცებით ცდილობს მასებში ბალანსის შენარჩუნებას. ზარანდიასაც ჰყავს ასინეთა კუდიანის მსგავსი მოენეები, რომლებიც ტყუილსა და მართალს ერთმანეთში ურევენ, ხალხს ერთმანეთს ჰკიდებენ და ყურმოჭრილი მონებივით ემსახურებიან თავიანთ „მამასა და მარჩენალს“, „გადამრჩენელსა და სიცოცხლის შემნარჩუნებელს“. არქიფოს მართვის მეთოდი ასეთია: „ადამიანი სანამ მარტოა და არავის ენდობა, იქამდე ვარგა სხვისთვისაც და თავისთვისაც. პირის შეკვრას რომ ისწავლიან, მერე კაი აღარაფერი გამოვა მათი ხელიდან“ (ამირეჯიბი 1973:112). არქიფომ სპირიდონა სულანჯია იმიტომ დასაჯა, რომ პროტესტი გამოთქვა – „არქიფო იმდენს გვაძლევს, შიმშილით რომ არ დავწყდეთო“ (ამირეჯიბი 1973:108). არქიფომ იცის, რომ შვილი მამას მაშინ ეწინააღმდეგება, მაშინ უჩნდება პროტესტი მამის მიერ დაკანონებული ცხოვრების წესის მიმართ, როცა მას კერძო საკუთრება აქვს; მატერიალური შემოსავალი მამისგან დამოუკიდებელი ცხოვრებისა და თავისუფალი გადაწყვეტილებების მიღების გაბედულებას მატებს ადამიანს; აფიქრებინებს, რომ მამა-პატრიარქის წყალობის გარეშეც შეძლებს არსებობას. არქიფო მინიმალურის მიცემით სწორედ ამის შეგრძნებას უკლავს თავის დაქირავებულ ხალხს; კლავს მათში ინდივიდუალიზმის ყოველგვარ ჩანასახს, შიშს უნერგავს და აჯერებს, რომ მისი „წყალობის“ გარეშე ისინი ვერ იარსებებენ.

სეთური აბელიდან (მისივე განმარტებით, „მოფუსფუსე, შეწუხებული“) არქიფოდ იქცა (ცხენების, თავლის უფროსი), რითაც ხალხს კიდევ ერთხელ დაუმტკიცა, ცხოველივით (ცხენივით, სახედარივით…) ჭაპანწყვეტაში უნდა იყოთ, რადგან თქვენი დანიშნულება მხოლოდ ადამის მოდგმის (თავს, მათგან განსხვავებით, ადამიანად მიიჩნევს) მსახურებააო. სახელის შეცვლით სეთური თავისი იდენტობის უმთავრეს ნიშანსა და განმსაზღვრელს უარყოფს, უკუაგდებს, შეგნებულად ჩქმალავს ნამდვილ სახესა და მიზანს. არქიფო და კაკოია დაფეხვილი აპოკალიფსური მხეცისა და მისი ცრუ წინასწარმეტყველის მიწიერი განსახიერებები არიან, „ვინაიდან ცხენთა ძალა მათ პირებშია და მათ კუდებში; ხოლო მათი კუდები წააგავდა გველებს და ჰქონდათ თავები და იმით ავნებდნენ“ (გამოცხადება 9:19). დათა თუთაშხიაც გველეშაპად აღიქვამს სეთურს: „ქვეყანა მაქვს მოვლილი და ასეთი გველეშაპის ნახვა არ მომხდენია არსად. ნახვა რაია, _ მსგავსი არ გამიგონია და არც წამიკითხავს არაფერი“ (ამირეჯიბი 1973:116-117).

იოანეს გამოცხადებაში ვკითხულობთ: „თაყვანი სცეს დრაკონს, რადგან ძალაუფლება მისცა მხეცს; თაყვანს სცემდნენ მხეცს და ამბობდნენ: ვინ არის ამ მხეცისთანა და ვის ძალუძს მასთან შებრძოლება?“ (გამოცხადება 13:4); საირმის ტყის მიწის მთხრელებს უძლეველ გოლიათებად მიაჩნიათ სეთური და მისი მცირე გარემოცვა, არათუ ფიზიკურ, სიტყვიერ წინააღმდეგობასაც კი ვერ უბედავენ. ეს არის მათი ცხოვრების ნირის განმსაზღვრელი და „ბედნიერების მომტანი“. დათა და მოსე ცდილობენ სეთური–მხეცისგან გაბეჩავებული ხალხის გამოფხიზლებას; დათას მოწოდებაზე: „ვინ ხართ, თქვე უბედურებო, რა ჯიშისა ხართ! რა გიყოთ და რას დაგამსგავსათ მამაძაღლმა აბელა სეთურმა და, აგერ, ამ მოსასპობმა თაბაგარმა, არ ფიქრობთ?! ვერ ხედავთ ამას?!“ ბრბოს პასუხია: „გაგვაუბედუროს უნდა მაგანო“ (ამირეჯიბი 1973:130). გასაცოდავებულ ხალხს ჰგონია, რომ ეს არის იდეალური ყოფა, მათი არსებობის გამართლება. მათ ჰყავთ „მზრუნველი“ მამა-პატრონი, რომელიც მათ „გაუბედურებას“, „დაღუპვას“არ დაუშვებს. საირმის ტყეში მცხოვრებთ ღირებულებათა სისტემის ცენტრი აქვთ მოშლილი. ამიტომაც ავსებს ამ სიცარიელეს სეთურის მსგავსი უსახელო (ან მრავალსახელიანი, მრავალთავიანი ურჩხული), უსახური, გაუგებარი წარმომავლობის არსება თავისი სასტიკი და არაკეთილსინდისიერი საქციელით, ერთმანეთის დაბეზღებით, უსიყვარულობის თესვით, შურითა და ბოღმით ზომბებად აქცევს ამ საცოდავ არსებებს. ამ აპოკალიფსურ სივრცეში ოპოზიციური წყვილები ადგილშეცვლილია: კეთილი ბოროტითაა ჩანაცვლებული, გონიერება – უგუნურებით, ფიქრი – უფიქრელობით. ხალხის აზროვნების ყველა რეზერვუარი დაშრეტილი და გამოფიტულია. მათი ტვინიდან სამუდამოდ აღმოფხვრეს თავისუფლების განცდა და დააკარგვინეს ფიქრის უნარი, რათა ვერ გაერკვიათ თავიანთი ამქვეყნად მოვლენის არსი; ის, რომ „ფიქრის უფლება ყოფილა თურმე ყველაზე ძვირი, რადგან ცხოვრების ავანჩავანი ფიქრში ირკვევა“ (ო. ჭილაძე 2010:418).

 

დამოწმებული ლიტერატურა:

  1. ჭ. ამირეჯიბი, „დათა თუთაშხია“, რომანი ორ წიგნად, წიგნი პირველი, გამომც. „მერანი“, თბილისი, 1973
  2. მ. გვაზავა, მუშნი ზარანდიას სახის გაგებისთვის, ჟ. „განთიადი“, #7–8, 1996
  3. აბზიანიძე ზ., ელაშვილი ქ., სიმბოლოთა ილუსტრირებული ენციკლოპედია, ტომი მეორე, თბილისი. 2012
  4. ო. ჭილაძე , პოემა „ადამიანი გაზეთის სვეტში“, ლექსები, პოემები, თბილისი, 2010

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი