პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

ჰიპერაქტიური ბავშვი და მისი ქცევის მართვა

უკანასკნელ წლებში ჰიპერაქტიური ბავშვის ცნება ისე დამკვიდრდა პედაგოგთა და მშობელთა მეტყველებაში, რომ ძალიან ხშირად ნებისმიერი ზედმეტად მოძრავი ბავშვის ქცევის მიზეზების ახსნას სწორედ ჰიპერაქტიურობით ცდილობენ.

     მაინც რა არის ჰიპერაქტიურობა და როგორ ბავშვს შეიძლება ვუწოდოთ ჰიპერაქტიური? ვფიქრობ, ამ კითხვაზე პასუხი აღმზრდელთათვის საინტერესო იქნება, ვინაიდან ჰიპერაქტიურის იარლიყის გაუმართლებლად მიკერება ბავშვისთვის შეიძლება საკმაოდ საზიანო აღმოჩნდეს მომავალში. უნდა ითქვას, რომ მოჭარბებული მოტორული აქტივობა არ არის საკმარისი ნიშანი იმისათვის, რომ მის ჰიპერაქტიურობაზე მივიტანოთ ეჭვი. ასეთი ბავშვები ზედმეტი და შემაწუხებელი მოძრაობის გარდა, უყურადღებობითა და იმპულსურობითაც გამოირჩევიან. არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ ჰიპერაქტიურობის დიაგნოზის დასმას აუცილებლად ესაჭიროება ნევროპათოლოგისა და ფსიქოლოგის დასკვნა. მშობელს კი ერთადერთი,  რაც შეუძლია, უნდა  დაუკვირდეს საკუთარი შვილის ქცევას და ეჭვის გაჩენის შემთხვევაში დროულად მიმართოს სპეციალისტს. ვფიქრობ, საინტერესო იქნება იმის აღნიშვნა, რომ ბავშვის ჰიპერაქტიურობის ნიშნები ჯერ კიდევ ჩვილობის პერიოდში ვლინდება:

  • როგორც წესი, ჰიპერაქტიური ბავშვები ფიზიკურად კარგად განვითარებული არიან. თანატოლებთან შედარებით უფრო ადრე იწყებენ გადაბრუნებას, ცოცვას, ჯდომას და სიარულს, რაც მშობლებისა და ოჯახის სხვა წევრების აღფრთოვანებას იწვევს. მაგრამ არცთუ ისე იშვიათად ასეთ ნახტომს განვითარებაში საწოლიდან გადმოვარდნა და ბევრი სხვა უსიამოვნება მოჰყვება, რისთვისაც ყველაზე ფრთხილი მშობლები მზად არ აღმოჩნდებიან ხოლმე. მათ იმდენ თავსატეხს უჩენს ბავშვის გაუთავებელი მოძრაობა, რომ არ იციან უხაროდეთ თუ არა, როცა მათი პატარა ყველგან დაცოცავს, მისი თანატოლები კი მშვიდად წვანან საწოლებში და არ აწუხებენ მშობლებს;
  • ჰიპერაქტიურ ბავშვებს სიცოცხლის პირველ თვეებშიც კი ძალიან ცოტა სძინავთ. ამასთან, მათ დიდი დრო სჭირდებათ ჩასაძინებლად და ძილიც ძალიან ფრთხილი აქვთ. ასეთი პატარა მგრძნობიარეა უბრალო ხმების მიმართაც კი. შეიძლება ჩაძინებულმა უცებ გაიღვიძოს და ძალიან გაუჭირდეს კვლავ დაძინება;
  • ახასიათებთ ჭირვეულობა, მათი აგზნებადობის დონე მაღალია;
  • არ უყვართ ცვლილებები გარემოში და მწვავედ რეაგირებენ მასზე, ახალ სახეებსა და უცხო ხმებზე. რაც უფრო მეტი უცხო ადამიანია ასეთი ბავშვის გარშემო, მით უფრო ჭირვეული ხდება ის;
  • ასეთ ბავშვებს ყურადღების ერთი მიმართულებით დიდი ხნით წარმართვა არ შეუძლიათ. ამას ჩვენ მისთვის ძალიან საყვარელი და საინტერესო სათამაშოებითაც ვერ მოვახერხებთ;
  • ადრეულ ასაკში ჰიპერაქტიურობის ერთ-ერთ ნიშანს წარმოადგენს ბავშვის დედაზე ზედმეტი მიჯაჭვულობა და უცხო ადამიანების შიში. ისინი ვერ ეწყობიან სტუმრებს და გაურბიან მათ. არ უყვართ, როცა უცხო ადამიანები ეფერებიან. ამასთან, ისინი დედაზეც იწყებენ ეჭვიანობას, თუ ის სხვა ბავშვისკენ წარმართავს ყურადღებას და ეფერება მას;
  • ჰიპერაქტიურობის გამოვლინებები საბავშვო ბაღის ასაკიდან კიდევ უფრო მწვავდება. ეს ბუნებრივიცაა, ვინაიდან ამ პერიოდიდან მისგან გარკვეული წესებისადმი მორჩილებას მოითხოვენ, რის გაკეთებაც მას იმ უბრალო მიზეზის გამო არ შეუძლია, რომ თვითკონტროლის მექანიზმი მასში ვერ მოქმედებს;
  • ჰიპერაქტიურ ბავშვს არ შეუძლია ყურადღების დეტალებზე კონცენტრირება, რის გამოც ხშირად უშვებს შეცდომებს ნებისმიერი დავალების შესრულების დროს;
  • არ შეუძლია ასევე მისკენ მიმართული სიტყვების მოსმენა. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ის იგნორირებას უკეთებს შენიშვნებს;
  • უჭირს დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანა. ხშირად შეიძლება იფიქროთ, რომ ის ამგვარად გამოხატავს პროტესტს იმის გამო, რომ არ მოსწონს სამუშაო. მაგრამ, საქმე ის გახლავთ, რომ ბავშვს უბრალოდ არ შეუძლია ინსტრუქციით შეთავაზებული მუშაობის წესების მიღება და დაცვა. ბავშვი უდიდეს სირთულეებს განიცდის საკუთარი საქმიანობის ორგანიზაციის მიმართულებით;
  • ჰიპერაქტიური ბავშვი გაურბის დავალებებს, რომლებიც ხანგრძლივ გონებრივ დაძაბვას საჭიროებს;
  • ხშირად კარგავს საკუთარ ნივთებს, საგნებს და უჭირს მათი პოვნა, ყველაფერი ავიწყდება;
  • მოუსვენარია, არასოდეს ზის მშვიდად, არ შეუძლია ერთ ადგილას დიდხანს ჯდომა, შეიძლება წამოხტეს ნებართვის გარეშე და დაიწყოს კლასში სიარული. ის ყოველთვის მომართულია მოძრაობაზე. მის მოძრაობით აქტივობას, როგორც წესი, არა აქვს რაიმე მიზანი. მას არ შეუძლია წყნარად, მშვიდად ჯდომა და რაიმეთი გართობა, წყნარ თამაშებში ჩართვა. ხშირად ბევრს ლაქლაქებს;
  • შეკითხვებს პასუხს სცემს დაუფიქრებლად, ამასთან ისე, რომ ბოლომდე არ ისმენს, რას ეკითხებიან, უბრალოდ წამოიყვირებს პასუხს;
  • ხშირად აწუხებს სხვებს, ერევა საუბარში, თამაშში;
  • ახასიათებს გუნება-განწყობილების ხშირი ცვლილება, ჯიუტობა, ფეთქებადობა და აგრესიულობა;
  • მიუხედავად იმისა, რომ ჰიპერაქტიური ბავშვები ინტელექტუალურად საკმაოდ განვითარებული არიან, ისინი არაადეკვატურად დაბალი თვითშეფასებით ხასიათდებიან. ალბათ ეს ბუნებრივიცაა, ვინაიდან ისინი, მათი ქცევიდან გამომდინარე, გარშემომყოფთაგან მხოლოდ უარყოფით შეფასებებს იმსახურებენ. თვითშეფასება კი, როგორც ცნობილია შეფასებითი ურთიერთობების საფუძველზე ყალიბდება.

ჰიპერაქტიურობის გამომწვევი მიზეზები:

  • რთული ან ნაადრევი მშობიარობა;
  • საკეისრო კვეთა;
  • ახალშობილის მცირე წონა;
  • დედის ავადმყოფობა ბავშვის მუცლადყოფნის პერიოდში;
  • სხვადასხვა ინფექციური დაავადებები;
  • სამშობიარო ტრავმები;
  • ქიმიური მინარევების სიჭარბე საკვებ პროდუქტებში;
  • მემკვიდრეობითობა, გენეტიკური მიდრეკილება.

     საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ჰიპერაქტიურობა მნიშვნელოვნად მცირდება ან საერთოდ ქრება გარდამავალი ასაკისთვის, მაგრამ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ სწორად წარვმართავთ ბავშვთან მუშაობას.

რეკომენდაციები ჰიპერაქტიური ბავშვის ქცევის სამართავად:

  • მივიღოთ ბავშვი ისეთი, როგორიც არის. ჩვენი მცდელობა ცელქი და მოუსვენარი ბავშვი მშვიდ არსებად გადავაქციოთ, შეიძლება სრული მარცხით დამთავრდეს. მოძრაობითი აქტივობა ჰიპერაქტიური ბავშვის ბუნებრივი მოთხოვნილებაა, და თუ ჩვენ მას ამას ავუკრძალავთ, შეიძლება მისი განვითარება შეფერხდეს;
  • ნუ შევეცდებით ბავშვის მართვას ყვირილით და ძალის გამოყენებით. ჰიპერაქტიური ბავშვები ძალიან აგზნებადნი არიან, ამიტომ, ისტერიული ნოტები ჩვენს ხმაში შეიძლება მათი აქტივობის გაძლიერების მიზეზად იქცეს. ვესაუბროთ ბავშვს რბილად, მშვიდად და თავშეკავებულად. მზად ვიყოთ იმისთვის, რომ თავისი საქმით გატაცებული ბავშვი მაშინვე ვერ გაიგებს ჩვენს სიტყვებს, ამიტომ, ნუ გახდება ეს ჩვენი უკმაყოფილების მიზეზი;
  • ყურადღებით მოვეკიდოთ დღის რეჟიმს. ბავშვის ფსიქიკა საჭიროებს სრულფასოვან დასვენებას. შევადგინოთ დღის რეჟიმი და შევეცადოთ, დავაცვევინოთ ის ბავშვს. ბავშვი ერთსა და იმავე დროს უნდა დგებოდეს, ჭამდეს, იძინებდეს და ა.შ. დღის რეჟიმი აუცილებელია ჰიპერაქტიური ბავშვებისთვის, რადგან მათ ძალიან უჭირთ დროის განაწილება. თანმიმდევრობის დაცვა, დღის რეჟიმი დადებითად მოქმედებს და აუმჯობესებს არა მარტო ქცევას, არამედ მის ნერვულ სისტემასაც;
  • შევეცადოთ ისე დავგეგმოთ დღე, რომ ბავშვმა რაც შეიძლება ნაკლებად უყუროს ტელევიზორს და ნაკლებად იჯდეს კომპიუტერთან;
  • ბავშვთან ურთიერთობაში გამოვიყენეთ „პოზიტიური მოდელი“ – შევაქოთ და წავახალისოთ ის კარგი ქცევისთვის და შევამციროთ შენიშვნები. ბავშვის ქცევა შექების და წახალისების გარეშე ვერ გაუმჯობესდება. ამავე დროს შექება უნდა იყოს დამსახურებული, თუნდაც ძალიან უმნიშვნელო, მაგრამ მაინც კარგი და სწორი ქცევისთვის. რასაკვირველია, ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ არსებობს გარკვეული საქციელი, რომელსაც არ მოიწონებენ და რომლისთვისაც ის დაისჯება (მაგალითად, აგრესიული ქცევა და იმ წესების დარღვევა, რომელიც ოჯახსა და სკოლაშია მიღებული), მაგრამ, ყოველ წვრილმანზე შენიშვნა, ყოველ წამს ბავშვის გაკრიტიკება არ არის მართებული. ამას მხოლოდ უკურეაქცია ან აგრესიული ქცევა მოჰყვება; ხაზგასმით აღვნიშნოთ ბავშვის წარმატებები, ეს მას საკუთარი ძალების რწმენას შეჰმატებს. მოვერიდოთ ისეთი სიტყვების გამოყენებას, როგორიცაა „არა“ და „არ შეიძლება“;
  • დროის გარკვეულ მონაკვეთში ბავშვს მხოლოდ ერთი დავალება უნდა მივცეთ იმისთვის, რომ მან შეძლოს მისი დასრულება;
  • წავახალისოთ ბავშვი ყველა იმ საქმიანობისათვის, რომელიც მისგან ყურადღების კონცენტრაციას მოითხოვს;
  • მოვარიდოთ ბავშვი ხალხმრავალ ადგილებს. იქ ბავშვი ცუდად გრძნობს თავს. შეიძლება გამოვლინდეს სომატური ჩივილებიც, მაგ. თავის ტკივილი;
  • თამაშის დროს სასურველია, ბავშვს ერთ პარტნიორთან ჰქონდეს ურთიერთობა. მოვარიდოთ ის ხმაურიან და შფოთიან მეგობრებს;
  • დავიცვათ ბავშვი გადაღლილობისაგან, რადგან ის მასში თვითკონტროლის დაქვეითებასა და ჰიპერაქტიურობის მომატებას იწვევს;
  • გავითვალისწინოთ ბავშვის შესაძლებლობები და მისგან ზედმეტს ნუ მოვითხოვთ. მოვთხოვოთ ის, რის შესაძლებლობებიც მას გააჩნია. ეს ეხება ბავშვის, როგორც გონებრივ, ასევე ქცევით და სოციალურ სფეროებს;
  • ნუ დაველოდებით ბავშვისგან სწრაფ ცვლილებებს; მოვიკრიბოთ ნებისყოფა და აღვიჭურვოთ მოთმინებით. გვახსოვდეს, რომ ეს ხანგრძლივი პროცესია, რომელიც ჩვენგან დიდ მოთმინებას და ძალისხმევას მოითხოვს;
  • გვახსოვდეს, რომ ბავშვმა ხშირად იცის კიდეც, ცუდად რომ იქცევა, მაგრამ ვერაფრით ერევა თავს. სინამდვილეში მის ცუდ ქცევას განსაზღვრავს ის ბიოლოგიური დისბალანსი, რომელსაც თავის ტვინში აქვს ადგილი; ან გენი, რომელიც მას ახლო ნათესავისგან გადმოეცა;
  • კორექტულად გავაანალიზოთ ბავშვის ქცევა და შევეცადოთ ავუმაღლოთ მას თვითშეფასება, საკუთარ ძალებში დარწმუნებულობის გრძნობა.

     დაბოლოს, გავითვალისწინოთ, რომ მართალია ჰიპერაქტიურობა გარდაუვალია, მაგრამ შეიძლება მისი გამოვლინებების შემცირება ჩამოთვლილი რეკომენდაციების გათვალისწინებით. ამასთან, ნუ დავივიწყებთ, რომ ასეთი ბავშვები სხვებზე მეტად საჭიროებენ სითბოს, ზრუნვას, ყურადღებას და სიყვარულს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი