პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

შშმ პირთა დასაქმების საკითხი

მსოფლიოში დაახლოებით ერთი მილიარდი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანი ცხოვრობს, რაც საერთო მოსახლეობის 15 პროცენტს შეადგენს. მათ 80%-ს აქვს დასაქმებისათვის შესაბამისი ასაკი, მაგრამ შშმ პირთა დასაქმების უფლება ხშირად იზღუდება. ისინი, განსაკუთრებით ქალები, არასათანადო მოპყრობას, ფიზიკურ და ინფორმაციულ ბარიერებს აწყდებიან. სხვებთან შედარებით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები მეტად ატარებენ სოციალურად დაუცველობის რისკს, ემუქრებათ უმუშევრობა და ეკონომიკური სიდუხჭირე.

ერთ-ერთ სტატიაში უკვე ვისაუბრეთ როგორია შშმ პირთა მომსახურების სტანდარტი და რჩევებიც მივეცით კვების ობიექტების მფლობელებსა და იქ დასაქმებულ პირებს. https://mastsavlebeli.ge/?p=11546 მომსახურების სფეროში შშმ პირთა დასაქმება უკვე ხშირია უცხოეთში.

kafe

ფოტოზე გამოსახული არიან „Cameron’s Coffee & Chocolates“-ის თანამშრომლები, რომლებიც თავად ქმნიან შოკოლადის ნაწარმს და შემდეგ ამავე კაფეში ყიდიან. კაფე ვირჯინიის შტატის ქალაქ ფეარფექსში ინტელექტუალური დარღვევის მქონე კამერონის დედამ დააარსა და იქ ძირითადად შშმ პირები არიან დასაქმებული. პროექტი არაკომერციული ფონდის „Every One Can Work“ („მუშაობა ყველას შეუძლია“) მხარდაჭერით შედგა.

მისასალმებელია, რომ თბილისში, კერძოდ კი ბავშვთა ქალაქ „მზიურშიც“ გაიხსნა სოციალური კაფე, რომელიც ადაპტირებულია შშმ პირებისათვის, პერსონალი გადამზადებულია შშმ პირების მომსახურების კუთხით და დასაქმებული 10 თანამშრომლიდანაც 2 შშმ პირია: „ახალი მზიურის“ დამაარსებელი – ანა გოგუაძე და თათია დათაშვილი, რომელიც მზარეულის დამხმარედ მუშაობს და კაფეში გამართული ღონისძიებების ფოტოგრაფობასაც ითავსებს. პროექტი განხორციელდა თბილისის მერიის, თიბისი ბანკის, ბავშვთა და ახალგაზრდობის ფონდის, სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ხელშეწყობით.

საქართველოში 150 ათასზე მეტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოქალაქეა. მათთვის ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა დასაქმებაა.

2013 წლიდან 2016 წლის გაზაფხულამდე პროფესიულ სასწავლებლებში 510 სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების პირი სხვადასხვა პროფესიას დაეუფლა. მათგან 41 პირი (8%) დასაქმდა. კურსდამთავრებულების დამსაქმებლები ძირითადად რესტორნები, სასტუმროები და სამკერვალოები არიან.

2016 წლის შემოდგომისთვის 178 აპლიკანტს გაეწია რეკომენდაცია პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩასარიცხად. აღსანიშნავია, რომ სწავლის მსურველების ასაკი შეზღუდული არ არის. პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაციისას პირს  შესაძლებლობა აქვს განსაზღვროს მისთვის საინტერესო სამი საგანმანათლებლო პროგრამა ერთი მიმართულების ფარგლებში. ალტერნატიული პროფესიული ტესტირების საფუძველზე,  შერჩეული პროფესიების შესაბამისი აქტივობის პრაქტიკულად მოსინჯვის შედეგად, აპლიკანტი აკეთებს  საბოლოო არჩევანს. პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სსსმ პირები უზრუნველყოფილი არიან სწავლებისათვის საჭირო დამატებითი სპეციალისტების (ინკლუზიური განათლების სპეციალისტი, ჟესტური ენის თარჯიმანი, მობილობისა და ორიენტაციის ტრენერი, პირადი ასისტენტი და სხვ.) მომსახურებით და სხვადასხვა მატერიალური რესურსით. ასევე მიმდინარეობს პროფესიული სასწავლებლების ადაპტირება უნივერსალური დიზაინის პრინციპების მიხედვით.

2015 წელს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ დაიწყო შშმ პირთა დასაქმების ხელშეწყობის საპილოტე პროგრამა, რომელიც ხელს უწყობს მათ შესაფერისი სამუშაოს მოძიებაში, შემდეგ კი ადაპტაციასა და შესასრულებელი მოვალეობების სრულფასოვან დაუფლებაში. აღნიშნული პროგრამა აგრეთვე ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახლად დასაქმებული შშმ პირის უზრუნველყოფას სასტაჟიორო სტიპენდიით დასაქმების პირველი 3 თვის განმავლობაში.

დასაქმების ქსელ Worknet-ში დარეგისტრირებულია 1502 სოციალური პაკეტის მქონე შშმ პირი. თუმცა 2015 წლის სექტემბერში მათგან მხოლოდ 25-მდე შშმ პირი დასაქმდა. ეს კი საკმაოდ მოკრძალებული რიცხვია.

ექსპერტების რეკომენდაციით,  სამეწარმეო იურიდიულმა პირებმა, რომლებიც შშმ პირებს დაასაქმებენ, სასურველია ისარგებლონ საგადასახადო შეღავათებით. საჯარო თუ კერძო სამსახურში დასაქმებული შშმ პირები კი გათავისუფლდნენ საშემოსავლო გადასახადისგან, თუკი მათი წლიური შემოსავალი არ აღემატება 6 000 ლარს.

შშმ პირებს დიდი პოტენციალი აქვთ და როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორმა ეს სათანადოდ უნდა გამოიყენოს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი