სამშაბათი, აპრილი 23, 2024
23 აპრილი, სამშაბათი, 2024

ესეც საქართველოა…

მინდა, საქართველოში ჩემი ერთთვიანი მოგზაურობის შესახებ მოგიყვეთ. მე 80-იანელი ვარ. გეოგრაფიულზე სწავლის პერიოდში პრაქტიკებზე თუ პირადი ინიციატივით მთელი საქართველო მოვიარე. მეგონა, ვიცნობდი ჩემს ქვეყანას, მაგრამ ამ მოგზაურობამ ჩემი წარმოდგენა თავდაყირა დააყენა.

სამინისტროს ეგიდით 28 სკოლაში მომიხდა სტუმრობა. ისინი შემთხვევითობის პრინციპით შეირჩა. მათ შორის იყო როგორც ქალაქების, ისე მიუვალი სოფლების სკოლებიც, რამაც თავდაპირველად შემაშინა, მაგრამ დღეს, როცა პროექტი დასრულდა, ჩემს მოგზაურობას, ამ ხნის განმავლობაში ნანახს და განცდილს სხვა თვალით ვუყურებ.

მინდა მოგითხროთ პატარა ადამიანებზე, რომლებმაც ბევრი რამ დამანახვეს და მასწავლეს: გიორგიზე, არკადიზე, ქეთოზე, თამარზე, ზურაბზე, გიგაზე… ისინი ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა სოფლის მეექვსეკლასელები არიან, რომლებიც არცთუ კომფორტულად ცხოვრობენ, არც ისეთი საკლასო ოთახები აქვთ, როგორიც ქალაქელ მოსწავლეებს, მაგრამ იტალიასა თუ ესპანეთში, ბრაზილიასა თუ არგენტინაში მოგზაურობაზე ოცნებობენ. თვალანთებულები უსმენენ მასწავლებლებს და სწავლობენ ამ ქვეყნებს და მათკენ მიმავალ გზებს. მათმა მონდომებამ და ცოდნისადმი დამოკიდებულებამ გამაოგნა. ისინი აუცილებლად მიაღწევენ მიზანს, ისწავლიან და წავლენ. ღმერთმა ინებოს… მაგრამ დაბრუნდებიან კი? რა დარჩებათ ბავშვობიდან ისეთი, რაც მათ უკან, სამშობლოში დააბრუნებს? წადით, ისწავლეთ და იმოგზაურეთ, ოღონდ დაგვიბრუნდით, აუცილებლად დაგვიბრუნდით… გახსოვდეთ, თქვენი მამები აქ უფრო ბედნიერები არიან, ვიდრე იქ, უცხო მიწაზე იქნებოდნენ… მერე რა, რომ იქ ცხოვრობენ, სადაც ტრანსპორტი კვირაში ერთხელ ადის, ისიც – გაჭირვებით… მერე რა, რომ უამინდობის გამო ხვნა-თესვა გვიანდება და ყოველი წვიმიანი დღე საზრუნავისა და სადარდელის მომასწავებელია… მერე რა, რომ მუხლებამდე ტალახში უწევთ სიარული… ისინი ხომ არ მოსწყვეტიან ფესვებს, მათ ხომ ერთმანეთი ჰყავთ, დარდისა და სიხარულის გამზიარებელი. ისინი ბედნიერები არიან… წადით, ისწავლეთ, იმოგზაურეთ და დაუბრუნდით თქვენს კერას, მშობლებს!

პროექტი ესგ საკლასო ოთახში კვლევას ითვალისწინებდა. კვლევის ანგარიშსა და შედეგებზე საუბარს არ ვაპირებ; მე იმ ემოციებზე გიამბობთ, რაც ამ ერთი თვის განმავლობაში განვიცადეთ მე და ჩემმა თანამგზავრებმა. იყო სკოლები, რომლებიც ნაცნობი განცდებით გვხვდებოდნენ: როგორ ჩაატარებდა გაკვეთილს მასწავლებელი, როგორ წარმოაჩენდნენ თავს მოსწავლეები, რას იტყოდა დამსწრე… მაგრამ ზოგიერთი ბედნიერი და ამაყიც კი იყო იმით, რომ ვიღაცას (სამინისტროს, სახელმწიფოს) თურმე ახსოვდა ისინი და აფასებდა. „ესეც ხომ საქართველოა”, „გვიხარია, რომ გაგვიხსენეს”, „დიდი მადლობა ყურადღებისთვის”, „ჩვენც ქართველები ვართ!” ყველაზე მეტად უკანასკნელმა ფრაზამ შემაშფოთა. ეს თქვა მაღალმთიანი აჭარის სოფლის სკოლის დირექტორმა. აქ უმთავრესად მაჰმადიანი აჭარლები ცხოვრობენ. დღეს ბევრს ვლაპარაკობთ ტოლერანტობაზე, ათასგვარ პროექტს ვახორციელებთ, უცხოტომელებს ვიფარებთ, მაგრამ საკუთარი სისხლი და ხორცი გვავიწყდება. გასაგებია, რომ ისტორიულად ეროვნება რელიგიასთან იყო გაიგივებული, მაგრამ 21-ე საუკუნეში, ალბათ, დროა, აღქმა შეიცვალოს. თუ არ ან ვერ ვახერხებთ საკუთარი ცნობიერების ამაღლებას, სხვას მაინც ნუ ვატკენთ გულს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც უმეტესობა ისტორიულ სარწმუნოებას უბრუნდება. ეს პროცესი მიმდინარეობს და დიდი წარმატებითაც (შუახევის მაგალითი), მაგრამ დროა საჭირო, დრო და მოთმინება, სიყვარული და ყურადღება. ამას გვასწავლის ჩვენი რელიგიაც. მაგრამ ჩვენ ხომ ორმაგი სტანდარტებით ვცხოვრობთ, ჩვენ ხომ ყველაზე მეტად გვიყვარს ჩვენი უპირატესობის წარმოჩენა. არადა, იქნებ მომეჩვენა, მაგრამ მასწავლებელმა ჩვენს გასაგონად და, ალბათ, დასაფიქრებლად გაკვეთილზე ბავშვებს ხაზგასმით ათქმევინა, ჩვენ მაჰმადიანი ქართველები ვართო… გულდამძიმებული წამოვედი.

დილით ადრე გვიხდებოდა სკოლაში მისვლა, ხანდახან პირველებიც ვიყავით. მიყვარდა ჩქარი ნაბიჯით მომავალი პატარების ცქერა, ღიმილი და გულიდან წამოსული „გამარჯობა”, ის მოწიწება და სიყვარული, რასაც ჩვენდამი და საკუთარი მასწავლებლისადმი გამოხატავდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ბავში ყველგან ბავშვია, ქალაქში ეს ყველაფერი ასე მკაფიოდ არ ჩანს. შესაძლოა, იმ ემოციის დამსახურებაც იყო, საქართველოს განუმეორებელი სილამაზის ბუნებამ რომ მომგვარა – მე ხომ, ურბანიზაციის მსხვერპლი, ჩემი თვალით ნანახს და აღქმულს გადმოგცემთ. სკოლის ეზოების შემხედვარე, იფიქრებთ, არც შეიძლება, სხვანაირები იყვნენო. იქ ჯერ კიდევ არავის მოსვლია აზრად სკოლის ეზოში მრავალსართულიანი შენობების წამოჭიმვა, ჰორიზონტის შეზღუდვა. ჩემს მოსწავლეებს დავათვალიერებინე ფოტოები; ემოციებს ვერ მალავდნენ – ასეთ გარემოში ყველა ისწავლისო.

მეორე, რამაც აღმაშფოთა, მოსწავლეთა რაოდენობაა. კლასში 2-3, საუკეთესო შემთხვევაში 6 (ხულო-თხილვანა) მოსწავლეა. გაკვეთილები მშვიდად მიმდინარეობს, არავინ ხმაურობს. თბილისური 40-45-მოსწავლიანი კლასების მასწავლებლებისთვის ალბათ შესაშური სიტუაციააა, მაგრამ, მერწმუნეთ, ძალზე მოსაწყენია. აქ შენც, როგორც მასწავლებელს, გიქრება მოტივაცია და ასპარეზი ახალი მეთოდების ძიებისა და დანერგვისათვის. და მიედინება ასე მონოტონურად სწავლაც და ცხოვრებაც… შობადობამ იმატაო, ვხარობთ, მაგრამ ფაქტია, რომ მოსწავლეთა რაოდენობამ თითქმის ყველგან იკლო, გარდა დიდი ქალაქებისა. რამდენიმე ახალგაზრდა დაოჯახდაო, – აღფრთოვანებულმა გვითხრა ნიჯგორის პედაგოგმა, – მიყვარს თბილისი, მაგრამ აქ მინდა ცხოვრება, ჩემს მხარეშიო.

მოგზაურობა დასრულდა. თბილისში დავბრუნდი. ქალაქური ცხოვრების ტემპს უცებ შევეგუე, ჩვეულ რეჟიმს დავუბრუნდი, მაგრამ ყოველდღე ახალგაცნობილ პატარებზე ვფიქრობ. მინდოდა, წიგნები გამეგზავნა, გამეხარებინა. სხვებსაც შევთვაზებ, ვიცი, უარს არ მეტყვიან-მეთქი, ვიფიქრე და… სამსახურში მისულს ამბავი დამახვედრეს, მაღალმთიანი აჭარის სკოლებისთვის წიგნებს ვაგროვებთო. გამიხარდა. სხვა დროსაც მიხაროდა, მაგრამ ეს სულ სხვა იყო… მეორეკლასელ გიგოსავით მიხაროდა, მასავით ვამაყობდი: თორმეტი წიგნი მოიტანა შინიდან და სათითაოდ წარუდგინა მასწავლებელს. არ ვიცი, ვის შეხვდება ჩვენი წიგნები. იქნებ ჩემს ნაცნობ გოგო-ბიჭებსაც ერგოს… არ ვიცი… არ ვიცი…

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი