სსსმ მოსწავლეთა პედაგოგების გამოცდილებიდან

სსსმ მოსწავლეებთან ურთიერთობა, მათი სწავლება საგანგებო განათლებას, ნიჭსა და გამოცდილებას მოითხოვს. სულ ათიოდე წელია, რაც ინკლუზიამ საქართველოს სკოლებში ფეხი მოიკიდა, ამიტომ, ვფიქრობ, მასწავლებლებისთვის საინტერესო უნდა იყოს მათი ქართველი და უცხოელი კოლეგების გამოცდილება.

ამ ამბებს სხვადასხვა საგნის მასწავლებლები და ფსიქოლოგები მოგვითხრობენ:

ABA თერაპევტი, საქართველო:

– დათას ქცევა ძნელი სამართავია. ბაღში ბავშვებთან ურთიერთობას გაურბოდა. არც ისინი ამჟღავნებდნენ მასთან მეგობრობის სურვილს. ყველას ეგონა, დათამ არც ლაპარაკი იცოდა და არც რაიმე აინტერესებდა.

როდესაც ბაღში შევყევი, ჯგუფს ის–ის იყო დაეწყო რიცხვების მოხაზვა და მარტივი არითმეტიკის შესწავლა. ვიცნობდი დათას უნარებსა და ინტერესებს, ამიტომ ასეთი რამ მოვიფიქრე: გავიყვანე დაფასთან და ორნიშნა რიცხვების დაწერა ვთხოვე, მერე კი ზეპირად გამოვკითხე, რამდენი იყო, მაგალითად, 5+2, 7-3. ისიც, ჩემთან ურთიერთობას ჩვეული, სწორად მპასუხობდა. ბავშვები გაოცებას ვერ მალავდნენ. მის შესახებ წარმოდგენა რადიკალურად შეეცვალათ და პატივისცემითაც განეწყვნენ, რადგან აღმოაჩინეს, რომ დათამ რაღაც მათზე უკეთ იცოდა.

ასეა, ყველა ბავშვი მათი დადებითი მხარეებით უნდა წარმოვაჩინოთ თანატოლების თვალში და თანაკლასელებთან დამეგობრებაში დავეხმაროთ.

ფსიქოლოგი, აშშ:

– გაგიკვირდებათ და ბევრ არამეტყველ ბავშვს შეუძლია კითხვა. მიმუშავია ბავშვებთან, რომლებიც საერთოდ არ ლაპარაკობენ ან მწირი ლექსიკონი აქვთ და მინახავს, როგორ კითხულობენ. ისინი აწყვილებენ სიტყვებსა და ნახატებს, ხან კი ტექსტს თითს აყოლებენ. წერა-კითხვის უნარებს კარგად ავითარებს ხმოვანი პროგრამები. გამაფრთხილებელი, ამკრძალავი თუ საგზაო ნიშნების, აბრების, ბილბორდების უფროსებთან ერთად კითხვა სახალისოცაა და ეფექტიანიც.

მათემატიკის მასწავლებელი, საქართველო:

სანდროს მეხუთე კლასში ვასწავლიდი. თვალებში არასდროს მიყურებდა და, ერთი შეხედვით, არც საგაკვეთილო აქტივობებში ერთვებოდა. უმეტესად ფურცლებს ხევით და გორაკებად დაწყობით იყო გართული. კოლეგებს აწუხებდათ მისი ასეთი ქცევა, მე კი ვუხსნიდი, რომ ეს მას თავის სამართავად და სიმშვიდის შესანარჩუნებლად სჭირდებოდა. დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა, რომ მისმენდა! მოულოდნელად და საკმაოდ შორიდან გავძახებდი ხოლმე: „სანდრიკ, როგორ ამოვხსნათ ეს ამოცანა?“ – და ისიც ყოველთვის სწორად მპასუხობდა. არასოდეს დამიძალებია ურთიერთობა, თვითონვე შემოუერთდებოდა ხოლმე მცირე ჯგუფს, როდესაც რაიმე საინტერესოს განვიხილავდით.

ბევრ მოსწავლეს უჭირს გაკვეთილზე ერთ ადგილას გაჩერება. ჩემი აზრით, არაფერი დაშავდება, თუ მათ სიარულის უფლებას მივცემთ.

სსსმ მოსწავლეთა მართვა ადვილად ხერხდება მცირერიცხოვან კლასებში, მეტადრე მაშინ, როდესაც მასწავლებელი სათანადო ფსიქოლოგიური ცოდნითაა აღჭურვილი.

მეცნიერების საგნის მასწავლებელი, კანადა:

– სანამ გაკვეთილების სრულყოფილად ჩატარებას მოვახერხებდი, გრძელი გზა გავიარე, რადგან ვითარებას თურმე სათანადოდ ვერ ვაფასებდი. მეგონა, სსსმ მოსწავლეები შეძლებდნენ იმის გადაწერას, რასაც დაფაზე დავუწერდი; ექნებოდათ მოწესრიგებული რვეულები, სადაც სწორად ჩაიწერდნენ დავალებებს; მათთვის კომფორტული იქნებოდა ნებისმიერ ცარიელ მერხთან ჯდომა. პირველმა გაკვეთილებმა თვალი ამიხილა. ახლა, ცოტა არ იყოს, მრცხვენია კიდეც – თურმე როგორ უგულებელვყოფდი ბევრი მოსწავლის საჭიროებებს… დღეს უკვე ვცდილობ, ჩემი გაკვეთილები ყველას მოვარგო.

სხვადასხვანაირი შესაძლებლობების მქონე ბავშვებთან მუშაობას ჩვეული გახლდით – ყოველთვის მყავდა როგორც ნიჭიერი, ისე საშუალოზე დაბალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები, მაგრამ არ ვითვალისწინებდი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონეებს, რომლებსაც, მაგალითად, დაფიდან სიტყვების გადაწერა უჭირდათ.

ყველაფრის კარგად მოსაფიქრებლად საკმაო დრო დამჭირდა, მაგრამ საბოლოოდ სასწავლო გეგმის მათთვის მორგება სულაც არ აღმოჩნდა ძნელი. წინასწარ ჩამოვწერე ყველა ის ტერმინი შესაბამისი განსაზღვრებითურთ, რომლებიც იმ დღეს ახსნილ მასალაში შეხვდებოდათ და ინტეგრირებული კლასის მოსწავლეებს მივეცი, მაგრამ მოხდა საოცრება – რამდენიმე სხვა მოსწავლემაც მთხოვა, ასეთი ლექსიკონი მათთვისაც შემედგინა. რატომაც არა?! აი, ასე მივაგენი საგნის სწავლების ახალ მეთოდს.

კომენტარები

comments