პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

სია

საფლავი ჰაერში

როდესაც იმ წითელი აგურის შენობას გვერდით ჩაუვლიდა, თეთრწვერა, მაღალი მოხუცი მხრებში იხრებოდა, მთლიანად საკუთარ ქუდში შეიყუჟებოდა, როგორც კარავში, როგორც თავშესაფარში, სანგარში და ისე, დაპატარავებული, ფეხს ააჩქარებდა,  გვერდით არც კი იხედებოდა. ასე იყო ყოველთვის, მას მერე, რაც იმ კლასის მასწავლებელი აღარ იყო, მას მერე, რაც საკუთარ გულში დასრულდა მისი მასწავლებლობა, მხოლოდ გულისგარეთა, ყოველდღიური საქმიანობა დარჩა, რომელიც  დღეებს, როდესაც რაიმეს არ წერდა, სწრაფად დაღამებაში ეხმარებოდა.          ლექციები უნივერსიტეტში, სხვადასხვა სკოლასა თუ პროფესიულ სასწავლებელში… მაგრამ ეს სულ სხვა იყო, იმ ცოცხალი, რთული, ზოგჯერ საშიში, მაგრამ მაინც ყველაზე ბედნიერი დღეებისგან განსხვავებით, როცა გრძნობდა, რომ ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებდა.

ლიტერატურაშიც ისტორიული ამბები აირჩია, რამდენიმე საუკუნის წინ მომხდარ მოვლენებზე საუბარი, მათში მონაწილეობა გაცილებით მარტივი იყო, ვიდრე ცხოვრება იქ, სადაც მისი საყვარელი ადამიანები მოღალატეებად გამოაცხადეს,  მათი სახელის ხსენებაც აკრძალეს,  საფლავები აუფეთქეს და ზედ უზარმაზარი, უსახური შენობა აუშენეს.

ის კი ცხოვრობდა, ყოველდღიურ ლიტერატურულ პროცესებში მონაწილეობდა, ახალგამოცემული წიგნებით ხარობდა, მკითხველებს ხვდებოდა, წიგნებზე ავტოგრაფებადაც აწერდა თავის სახელსა და გვარს,  თუმცა, საკუთარ ფანტაზიაში ხშირად სტუმრობდა პატარა, წარმოსახვით საფლავს, რომელზეც უბრალო, მინდვრის ყვავილებისგან შეკრული თაიგულის მიღმა ჩანდა წარწერა:

ვასილ ბარნოვი

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი.

1918-1921

კლასი

-ჯანდიერი!

-გახლავართ.

-გეტსმანი!

-ვარ..

 – ერისთავი!

-ვარ.

-კემულარია!

-ვარ!

-კალანდარიშვილი!

-ვარ!

სიას ყოველთვის არ კითხულობდა, ძირითადად ყველანი იყვნენ-ხოლმე, გაკვეთილს არავინ აკლდებოდა. იუნკერთა სასწავლებლის განსაკუთრებულ დისციპლინაზე ჯერ გენერალი კვინიტაძე ზრუნავდა, შემდეგ კი სკოლის დირექტორი – ალექსანდრე ჩხეიძე, წესიერი, მკაცრი, განათლებული კაცი, ნამდვილი სამხედრო.

ესეც  რომ არა, სერიოზული მიზეზების გარეშე არავინ აცდენდა სკოლას, აქ მოიჩქაროდნენ, უყვარდათ, მუშაობდნენ, სწავლობდნენ…

          -ქართული რომანტიზმი რთული თემაა, ყმაწვილებო, საერთოდ, თუ დავაკვირდებით, ზოგიერთი ავტორი ამა თუ იმ მიმდინარეობას კი ეკუთვნის, მაგრამ ამავე დროს, გამორჩეული, განსხვავებულია მისგან, დიდი პოეტები თან ქმნიან მიმდინარეობებს, თან ვერ ეტევიან ჩარჩოებში და ერთგვარად, ანგრევენ მათ, ასეთი იყო, მაგალითად, ჩვენი ტატო – ნიკოლოზ ბარათაშვილი, თითქმის თქვენი კბილა  ან კიდევ უფრო პატარა, როდესაც თავის საოცარ სტრიქონებს ქმნიდა. ცნობილია, რომ „შემოღამება მთაწმინდაზედ“ სულ ახალგაზრდამ დაწერა…

-ბატონო ვასილ, შეიძლება ერთი რამე გკითხოთ?

-დიახ,  რასაკვირველია!

-თქვენ ნიკოლოზ ბარათაშვილის ბიძაზე, გრიგოლ ორბელიანზე ლაპარაკობდით ამას წინათ, მისი ლექსებიც წაგვიკითხეთ, წერილებიც, მაგრამ თითქმის არ გისაუბიათ მის სამხედრო საქმიანობაზე.

-დიახ, ალექსანდრე, ბრძანეთ, რა გაინტერესებთ? – მასწავლებელს აღაფრთოვანებდა ასეთი წუთები, მოსწავლეების ინტერესი, დაძაბულ დიალოგს რომ მოასწავებდა, ზოგჯერ საუბარი კამათსაც ემსგავსებოდა, ამ დროს განსაკუთრებით ცოცხლდებოდა კლასი, სხვაგვარი, საინტერესო ატმოსფერო იქმნებოდა.

-გრიგოლ ორბელიანი ხომ რუსი გენერალი იყო? თქვენ კიდევ გვიყვებოდით, პატრიოტი პოეტი იყოო, „სადღეგრძელოც“ წაგვიკითხეთ, „საღამო გამოსალმებისა“… მე კიდევ ვფიქრობ, რომ მტრის გენერალი სამშობლოს პოეტად არ გამოადგება.

-ისედაც დიდი არაფერი პოეტი იყო, მე თუ მკითხავთ – მოისმის ხმა მეორე მერხიდან, ეს ყიფიანია, ალექსანდრე, პოეზიის დიდი ტრფიალი, ყველა პოეტს იცნობს, ცისფერყანწელების საღამოებს არ ტოვებს, ლიტერატურულ პერიოდიკას კითხულობს, ჩუმ-ჩუმად წერს კიდეც.

-რა შუაშია, სამხედრო ნიჭი ჰქონდა იმ კაცს და სხვაგან სად გამოიყენებდა? იქნებ როგორი სასარგებლო ყოფილიყო ქართველებისთვის მისი გენერლობა?

-რომელი პოემა გახსენდება „სადღეგრძელოზე“ უკეთესი?

-„მუხამბაზებს“ კი კარგად უმღერი შენს შეყვარებულს და…

 ბიჭები ახმაურდნენ, ყველას თავისი აზრი ჰქონდა, ზოგიერთი გრიგოლ ორბელიანს გულშემატკივრობდა, ზოგი, უფრო რადიკალური – მტრად აცხადებდა, ვიღაცისთვის ომი და პოეზია სრულიად განსხვავებული ცნებები იყო, რამდენიმე ფანჯარაში იყურებოდა – მშვენიერი, მაისის დარი იყო, სკოლის ეზოში ცამდე აწვდენილი კიპარისები ირწეოდნენ…

–        მეგობრებო,  ძალიანაც ნუ ავხმაურდებით! – სულ ოდნავ აუწია ხმას მასწავლებელმა – ყველა თქვენგანი ძალიან საინტერესოდ მსჯელობს, მათიც მესმის, ვისთვისაც ლექსი და პოლიტიკა სხვადასხვა რამაა, მათიც -ვინც ფიქრობს, რომ მტრის სამსახურში ყოფნა განსაკუთრებით პოეტებს არ ეპატიებათ, მე როგორ მოვიქცეოდი? ვერაფერს გეტყვით, საბედნიეროდ, ახლა ჩვენ ყველას გვაქვს საშუალება ჩვენს ქვეყანას ვემსახუროთ, ჩვენი ქვეყნისთვის ვწეროთ და ვისწავლოთ… რა იქნებოდა სხვა დროს? არ ვიცი და არც მინდა, ოდესმე გავიგო. თუმცა, ყველას გმირობას ნუ მოვთხოვთ.

ამ საუბარს დიდხანს, დიდხანს იხსენებდა მერე მასწავლებელი – ვასილ ბარნოვი.

სიტყვა

          თავიდანვე იცოდნენ, რომ ასე მოხდებოდა, არავინ აცლიდა თავისუფლად ფრენას გალიიდან თავდაღწეულ ჩიტს,  ჯერ ჰაერისა და სივრცის მოზომვას, ფრთების უშიშრად გასწორებას რომ ცდილობდა.  თავიდანვე იცოდნენ და ეს რაღაცნაირი, წინასწარგანწირული განწყობა კიდევ უფრო მეტი ტრაგიკული შემართებით ავსებდა ბიჭების გულებს. ეს იგრძნობოდა ყველაფერში – მათ დავალებებში, თხრობაში, კითხვებში, მისალმებაში, დამშვიდობებაში, საყელოს გაწორებაში,  წასაკითხი წიგნების არჩევაში, სიმღერებშიც კი.

          თანდათანობით მოიმატა დაძაბულობამ, მოიკლო ლიტერატურისა და ისტორიის გაკვეთილების დრომ, სამაგიეროდ – სამხედრო საქმის კურსმა თუ იარაღის გამოყენებისა და ფიზიკური წვრთნის პრაქტიკუმებმა ლამის მთელი სასწავლო დრო დაიკავა, ახლა ბიჭებს დასაძინებლადაც იშვიათად უშვებდნენ შინ, განსაკუთრებული მდგომარეობა გამოცხადდა სასწავლებელში, მასწავლებლებიცა და მოსწავლეებიც სრულიად სხვა რეჟიმზე გადავიდნენ.

          ქართული თუ უცხოური პრესა სასიკეთოს არაფერს იტყობინებოდა, ევროპა მხოლოდ შეშფოთებული იყო, პატარა საქართველოსთვის აღარ ეცალა, საკუთარ პრობლემებს ვერ უთავდებოდა, მთავრობა შეცდომას შეცდომაზე უშვებდა, მოღალატე შინაურები, როგორც ყოველთვის, ჩასაფრებულები იყვნენ, ზოგი, არც ჩასაფრებული – მტერს მეთაურად მოუძღოდა.  ხალხი გაურკვევლობაში იყო, ნაწილი – დამოუკიდებლობას ხავსივით ეჭიდებოდა, მეორე ნაწილი – პირად უზრუნველყოფაზე ფიქრობდა, მესამენი – ბარგს კრავდნენ სტამბოლში გასაქცევად, მეოთხენი – მტრის ენის გრამატიკებში იქექებოდნენ, ენას სწავლობდნენ ყოველი შემთხვევისთვის…

იანვრიდან ყველაფერი კიდევ უფრო გართულდა, თითქოს ძაფივით გაწვრილდა ლოდინი, საშიშროების განცდა, დამარცხებები დამარცხებებს ერთოდა, გამარჯვებებით სულსაც ვერ მოითქვამდი, თითქოს უნდა გაწყვეტილიყო რაღაც…

თებერვლის დასაწყისში აშკარა გახდა, რომ სულ სხვაგვარი, გადამწყვეტი შეტევა გახდებოდა აუცილებელი, ქართულ ჯარს და დივიზიებს დახმარება დასჭირდებოდათ  და სწორედ მაშინ გადაწყვიტეს, ბრძოლაში ჩაერთოთ ქართული სამხედრო ძალის საუკეთესო ნაწილი, ყველაზე ახალგაზრდა და სამხედრო საქმის ყველაზე კარგად მცოდნე – იუნკრების რაზმი.

          იმ დღიდან მოსვენება დაკარგეს მოსწავლეებმაც და მასწავლებლებმაც.  შეიცვალა ყველაფერი, ყველა სიტყვა, ყველა წუთი, ყველა გაკვეთილი, ყველა წიგნი, ყველა ლექსი თუ ისტორიული თარიღი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა – ომში მიდიოდნენ პატარა ბიჭები, გულის ჯიბეში სასიყვარულო წერილებით, სიზმრების შიშით, სიცოცხლის სიყვარულით, წაუკითხავი წიგნებით, მომავლის გეგმებით აღჭურვილები.

          მასწავლებელიც ვერაფერზე ფიქრობდა, ვერც ქვეყნის მომავალსა და საშიშროებაზე, ვერც დიდი ქვეყნების დახმარების იმედზე, ვერც უზარმაზარ წითელ არმიაზე, ვერც მოღალატეებზე, უკვე მეორე ბანაკში გადაბარგებას რომ გეგმავდნენ. ფიქრობდა თავის მოსწავლეებზე, მათ სახეებსა და თვალებზე, მათ ზოგჯერ ჭკვიანურ, ზოგჯერ გულუბრყვილო და უმწიფარ აზრებზე, მათ ყოველდღიურ პროტესტზე, მათ კალიგრაფიაზე და გული უკვდებოდა, იმისა წარმოდგენაზე, თუ როგორ შეიძლებოდა რომელიმეს ტყვია მოხვედროდა, ნაღმზე აფეთქებულიყო… ასეთ დროს კარგავდა აზრს მისი საყვარელი ქართული ლიტერატურა და ენაც, ენა რომელსაც ასე ელოლიავებოდა, ენა, რომელიც შესაძლოა სამუდამოდ დადუმებულიყო რომელიმეს ახალგაზრდულ  ბაგეზე, მომკვდარიყო ბოლო, ჯერ კიდეც ჩამოუყალიბებელი სიტყვა.

 

ის დღე

 

«თოფები მხარზე, სმენაზე გვქონდა აყუდებული. მწყობრის სიზუსტის მოთხოვნილებები საშუალება არ გვაძლევდა თავი მიგვებრუნებინა.

შიგადაშიგ თვალების მიტრიალებით თუ ვხედავდი რა ხდებოდა ირგვლივ. ერთი ასეთი გახედვისას ჩვენს მასწავლებელსვასილ ბარნოვს მოვკარი თვალი. თავჩაღუნული, მიწასმიჩერებული, ღრმად ჩაფიქრებული, ჭაღარაწვერიანი მიჰყვებოდა აზვირთულ ტალღას. მისი დანახვა ჩვენთვის ჯანღიან დღეში მზის გამოჩენას უდრიდა. რასფიქრობდა? ალბათ, ერთი მხრივ, გული დარდით ევსებოდა საქართველოს ავბედობის გამო და იმავდროულად, ეამაყებოდა, რომ მისი აღზრდილი მხედრები სამშობლოს დასაცავად მიემართებოდნენ.» 

   იუნკერის მოგონებებიდან

          ახლა სხვა კითხულობდა სიას, უფრო მკვეთრი, ცივი,  გამჭოლი ხმით.  ბიჭები საგანგებოდ გამოწყობილიყვნენ, სრული სამხედრო აღჭურვილობით, იარაღაკიდებულნი, ზედმეტად სერიოზული სახეებით იდგნენ, თუმცა ზოგჯერ ერთმანეთს გადაულაპარაკებდნენ და სიცილი აუტყდებოდათ, მერე ამ სიცილის შეკავებას მთელი სხეულით ისე ცდილობდნენ, რომ დაძაბულობისგან ხელები უკანკალებდათ.

-მუჯირიშვილი

-იოსელიანი

-მათიკაშვილი

-კვალიაშვილი

-ანდრონიკაშვილი

-გაბაშვილი

-ზანდუკელი

-ჯამასპიშვილი

-ჯიშკარიანი

ვინც თავის გვარს გაიგონებდა, პატარა ნაბიჯს წინ წადგამდა და თავის დაკვრით ატყობინებდა  ხელმძღვანელს, რომ მზად იყო.

გენერალ კვინიტაძეს ხმა ჩახლეჩოდა, ცდილობდა ღელვა არ დასტყობოდა, თუმცა ხელების ნერვიული მოძრაობა მაინც ამხელდა.

ამ სისხამ დილით ხალხი გარეთ გამოფენილიყო, მშობლები, ოჯახის წევრები, უბრალო თანამოქალაქეები სამხედრო სკოლის  მოსწავლეების, აწ უკვე პროფესიონალი სამხედროების გასაცილებლად გამოსულიყვნენ.  ყვავილებით, თეთრი ცხვირსახოცების ფრიალით,  ათასგვარი გამამხნევებელი შეძახილით, დალოცვითა და მოფერებით სავსე იყო ჰაერი, ქუჩა, იქ მყოფთა თვალები.

“სამხედრო სკოლა ფრონტზე მიდის”! –

-დედა გენაცვალოს, შვილო!

-მშვიდობით დაბრუნდით!

-ნახე, როგორ უხდება ეს სამოსი!

-ვაი შენს დედას, ჩემო ბიჭო! – წამოძახილი ბევრი იყო და სხვადასხვანაირი.

ყველა ბაგიდან წამოძახილი ფრთხებოდა, ჰაერისკენ იწევდა, სხვადასხვა ფერისა და ჯიშის ფრინველებივით, ეს შორისდებულები, საალერსო ფრაზები, გულისწყვეტები და დარდები იქვე, ჰაერში დაფრინავდნენ, ერთმანეთს აწყდებოდნენ, ფრთხიალებდნენ. უცებ თოფმა დასჭექა და ყველა სიტყვა და წინადადება ერთბაშად მოსხიპა, მკვდარი მწყრებივით ძირს ჩამოყარა.

ბიჭები მხრებში გასწორდნენ და მზერა ერთ მხარეს მიაპყრეს, ეს ნიშანი იყო, საჯარო გამოსვლები იწყებოდა.

ჯერ გენერალმა კვინიტაძემ ილაპარაკა, სამშობლოს დაცვის აუცილებლობაზე, იმ საფრთხეებზე, რომელთა წინაშეც იდგა სულ ახალგაზრდა, თოთო რესპუბლიკა, ძლივს მოპოვებულ დამოუკიდებლობაზე, საქართველოს მომავალზე.

შემდეგ იუნკერთა საყვარელი მასწავლებლის, დიდი მეცნიერის ივანე ჯავახიშვილის ჯერი დადგა. მისი სიტყვა მოკლე და ემოციური იყო:

«შვილებო! ჩემი მოვალეობაა თქვენ წიგნისა და კალმისკენ მოგიწოდოთ, მაგრამ ერის ცხოვრებაში არის ისეთი მომენტები, როცა საჭიროა ყველაფერი განზე გადასდო და იარაღით ხელში მტერს მიეგებო. და აი, მეც, თქვენ დღეს იარაღისკენ მოგიწოდებთ».

            ბოლოს გამოსვლა ქართული ლიტერატურის მასწავლებელს, ვასილ ბარნოვს სთხოვეს, მან კი უარი თქვა. ცრემლები ხმას უხშობდა, აკანკალებულ ბაგეს ვერ იმორჩილებდა, უყურებდა თავის მოსწავლეებს და  მზად იყო ეყვირა – გაკვეთილზე, გაკვეთილზე დაბრუნდით ყველანი!  უყურებდა ამ სამხედრო ფორმებში ჩაცმულ, გამოწკეპილ, იარაღასხმულ ბიჭებს, ზოგიერთს სამხედრო ქუდიდან მეტისმეტად დიდი ზომის ყურები გამოსჩროდა სასაცილოდ, ზოგიერთს ქოჩორი უჩანდა, ზოგიერთს, თავშიშველს თებერვლის სუსხიანი ნიავი უწეწავდა თმას.  ედარდებოდა ყოველი მათგანი, წარმოდგენა არ უნდოდა, რა შეიძლება მომხდარიყო, ახსენდებოდა მათი შესრულებული დავალებები, ალაგ-ალაგ გათხაპნილი მელანი, წიგნებში ფურცლების ჩაკეცვის მავნე ჩვევა, ჩუმად გამხელილი ლექსები. ხვალ შეიძლება აღარაფერი ყოფილიყო, მტრის ტყვიას შესწირვოდა ამ ახალგაზრდების და მათი საბრალო სამშობლოს მომავალი. თვალებში ვერ უყურებდა, თითქოს ნანობდა ყოველი წაკითხული ლექსის გამო, თითქოს ყველაფერმა აზრი დაკარგა. არადა, სული მისდიოდა ისე უნდოდა, რამე თბილი ეთქვა, სიყვარული გამოეხატა, გეaმხნევებინა, დამშვიდობებოდა.. მაგრამ სიტყვა სადღაც ხორხში გაეჩხირა, როგორც ტყვია, როგორც ცრემლი… დამშვიდობება მაინც ვერ მოახერხა.

          თანდათანობით იუნკერთა შემადგენლობამ სკოლის ეზო დატოვა, მერე მიხეილის პროსპექტი, შემდეგ კოჯრისკენ მიმავალ გზას დაადგა ახალგაზრდა მეომრების რაზმი, მასწავლებელი დიდხანს იდგა და ნაკვალევს გაჰყურებდა, იდგა დიდხანს, ერთ ადგილას იდგა მხოლოდ თებერვლის ამ ერთ, სუსხიან დილას კი არა, მთელი ცხოვრების განმავლობაში.

 

საფლავი ჰაერში

          უბედურების მაუწყებელი ამბები თანდათან, წვეთ-წვეთად გავრცელდა, მერე კი ერთიანად, ცეცხლის წვიმასავით დაატყდა ქალაქს თავს.

მასწავლებელიც   ამბავ-ამბავ სუნთქავდა, ჩაისუნთქავდა  – ერთის გარდაცვალებას გაიგებდა, ამოისუნთქავდა – მეორის გმირობისას.

ფრონტიდან ბევრს არაფერს იწერებოდნენ, ძირითადად ისეთი წერილები მოდიოდა, როგორც მღეროდნენ ხოლმე სკოლის ეზოში, შესვენებაზე  – ერთი ამოსუნთქვით, მოსწრებაზე..

 თავიდან ვერავინ, ვერც მოღალატე შინაურების მეთაურობამ, ვერც გადაბირებული ახლობლების ღალატმა, ვერც სამხედრო ძალამ, ვერც იარაღმა  გაარღვია მოხალისეებისა და იუნკერების წინააღმდეგობა. ბიჭები იწერებოდნენ, რომ კოჯრის სიახლოვეს ღამ-ღამობით ძალიან ციოდა და ამოორთქლილი სიმღერებით ითბობდნენ გაყინულ ხელებს, რომ ვერაფერი მოახერხებდა მათი სიმტკიცის გატეხვას,  ასეც იყო, ყველაზე აგრესიული კომკავშირელებისგან შემდგარი რაზმი, კარგად შეიარაღებული წითელარმიელები, ალყაში მოქცევის უამრავი ცდა – არაფერი შეაშინებდათ კვინიტაძის შეგირდებს.

საოცარი იყო შალვა ერისთავის გმირობა, თბილისში ფეხბურთის საუკეთესო მოთამაშე და შეუდარებელი მორბენალი, 22 წლის შალვა ერისთავი სანგარში შევარდა, ხიშტით განგმირა მემიზნე ოფიცერი და ტყვიამფქვევი საკუთარი სხეულით დაფარა. ფრონტზე იყო მარო მაყაშვილიც, მშვენიერი და მამაცი მოწყალების და…სხვებიც – ლამაზები, მამაცები, ახალგაზრდები, სულ სხვაგვარი სიყვარულით ანთებულნი…

რამდენიმე შეტევა მოიგერიეს, მსხვეპლი დიდი იყო, მაგრამ იმედი – კიდევ უფრო დიდი. გრძნობდნენ, რომ გადამწყვეტ ბრძოლაში იბრძოდნენ, მათ ახალგაზრდულ ბეჭებზე იყო ქვეყნის დარჩენა-გადარჩენის საკითხი. იბრძოდნენ ბოლო წუთამდე, ბოლო ტყვიამდე, სანამ უკანდახევის ბრძანება არ მიიღეს…მთავარსარდლობამ გადაწყვიტა, რომ სხვა ფაზაში უნდა გადასულიყო წინააღმდეგობა, რომ ასე ბრძოლას აზრი არ ჰქონდა…

          რუსთაველის გამზირზე შავ სუდარაგადაფარებული კუბოების პროცესიას მოჰყვებოდა მასწავლებელი. ჩოხიანი ვაჟკაცები და ერთიც- გოგონა, ნაღმზე აფეთქებული…გადარჩენილ იუნკერთა დიდი ნაწილი უკვე სხვადასხვა ქალაქისკენ მიმავალ გემზე იმყოფებოდა, ქვეყანაში დარჩენამ აზრი დაკარგა. ქალაქი დამარცხებას გლოვობდა, შვილებს გლოვობდნენ დედები, თავისუფლების დაკარგვას გლოვობდა ქვეყანა…

            მერე უცხოეთიდან მოწერილ წერილებს საგულდაგულოდ წვავდა, ყოველგვარი ურთიერთობისა ეშინოდა მასწავლებელს და ხშირად ესიზმრებოდა კადრი –  ტაძრის ეზოში სხვა საფლავებთან ერთად  მისიც იყო. ისიც მიდიოდა,  ყვავილებს აწყობდა და  ზუსტად იმ წუთში, ტაძარი საფლავებთან ერთად ნამსხვევებად იქცეოდა, ჰაერში იფანტებოდა და ძირს ცვიოდა, როგორც მკვდარი ჩიტების გუნდი, როგორც ახალგაზრდა ბაგეებს მომწყდარი უთქმელი სიტყვები.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი