ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

Leg Godt, ანუ ითამაშე კარგად

ერთხელ ერთმა ღარიბმა დურგალმა ოტო კრისტიანსენმა სამსახური დაკარგა. ცოტა კი იდარდა, მაგრამ გამოსავალი მალევე იპოვა, ალბათ ოთხი შვილის გამო – ხის სათამაშოების კეთება გადაწყვიტა. სათამაშოების გაყიდვით პურის ფულს შოულობდა და ცოტა ხანში პატარა კომპანიაც დააარსა სახელად Leg Godt – „ითამაშე კარგად“, ანუ ლეგო. ხის სათამაშოებს მალე პლასტიკის სათამაშოებიც დაემატა, შვილმა კი მამის საქმე გადაიბარა. პლასტიკის სათამაშოებს გამოჩარხვის ნაცვლად გამოდნობა სჭირდებოდა. ამიტომაც ლეგო ჯგუფმა გამოსადნობი აპარატი იყიდა, რომელსაც თან სპეციალური, ურთიერთდაკავშირებადი ბლოკების ყალიბი მოჰყვებოდა. ამ ბლოკებს ლეგო ჯგუფმა აგურები, ანუ Lego Bricks შეარქვა.

ამავე დროს, სხვა ევროპელი მწარმოებლებიც უშვებდნენ ურთიერთდაკავშირებად სათამაშო ბლოკებს, მაგრამ დურგლის შვილმა არსებული ყალიბი ისე გააუმჯობესა, რომ დღეს, ნახევარი საუკუნის შემდეგაც, ლეგოს ბლოკების ურთიერთდაკავშირების მოდელი არ შეცვლილა. ამასთან, კრისტიანსენი იმდენად დიდ ყურადღებას აქცევდა ბლოკების ხარისხს, რომ 1958 წელს გამოშვებული ბლოკი მარტივად უკავშირდება დღეს გამოშვებულ ლეგოს ბლოკების ნაკრებს.

ლეგ1

1961 წელს ლეგოს მფლობელის, გოტფრიდ კრისტიანსენის მიერ მიღებული პატენტი

ერთი შეხედვით ჩვეულებრივი, რიგითი კონსტრუქტორი, რომლითაც უამრავ ბავშვს უთამაშია, განსაკუთრებული სამყაროს ნაწილს წარმოადგენს, სადაც:

  1. 6 ცალი 8-კბილანიანი ბლოკის შეერთება თითქმის მილიარდი ხერხით, უფრო ზუსტად კი 915,103,765-ნაირად შეიძლება;
  2. უკვე 4 მილიარდი ლეგოს მინიკაცუნა და 56 მილიარდი ბლოკია გამოშვებული, ანუ ფაქტობრივად ერთი დიდი ცივილიზაცია;
  3. მხოლოდ 2012 წელს გამოშვებული ლეგოს ბლოკები სიგრძეზე რომ დავაწყოთ, დედამიწას 18-ჯერ შემოუვლიდა;
  4. თუ ერთმანეთზე 40 მილიარდ ბლოკს დავამაგრებთ, ისეთ კოშკს ავაშენებთ, რომელიც მთვარეს მიაღწევს.

ცხადია, ლეგოს ბლოკებით, ისევე როგორც ნებისმიერი ამ ტიპის კონსტრუქტორით თამაშისას, ბავშვი ბუნებრივად სწავლობს რაოდენობრივ აზროვნებას, დიზაინერული და საინჟინრო უნარები უვითარდება და კრეატიული უნარები უძლიერდება. მაგრამ ლეგოს ჯგუფი მხოლოდ ამით არ დაკმაყოფილდა და 90-იან წლებში აქტიურად დაიწყო საგანმანათლებლო მიმართულებების შემუშავება, რომელთა შორისაა საბავშვო-ახალგაზრდული რობოტიქსის განვითარება. Lego Mindstorm რობოტის პირველი ვერსია 1998 წელს ლეგოსგუფისა და მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის თანამშრომლობით შეიქმნა. 2006 წელს შემდეგი ვერსია, NXT გამოვიდა, ხოლო 2013-ში – EV3. რობოტის, რომელიც ლეგოს ბლოკებისა და სპეციალური „ტექნიკ“ ნაწილებით იქმნება, დაპროგრამება სპეციალური, მარტივად გამოსაყენებელი ბლოკური ენითაა შესაძლებელი. lego ტექნიკ ნაწილები, ლეგოს ბლოკებისგან განსხვავებულია და წარმოადგენს პლასტიკის ღერძებს სხვადასხვა ფორმის და ზომის ხვრელებით, ხრახნებს, ჭანჭიკებს, სამაგრებს.

მიუხედავად იმისა, რომ ამ ლეგო მაინდსტორმის აგება და გამოყენება საკმაოდ მარტივია, მოცემული ნაკრების გამოყენებით ურთულესი ფუნქციების განხორციელება შეიძლება. ამასთან, იმდენად გასაგებ პრინციპებს ეფუძნება, რომ ბავშვს შეუძლია თვითგანათლება პირდაპირ იუთუბის უფასო ვიდეოებით ან წიგნებით მიიღოს. ამ რობოტთან მუშაობა 8 წლის ბავშვსაც და ზრდასრულ ადამიანსაც თანაბრად დააინტერესებს.  იუთუბზე უამრავ საინტერესო ლეგოს რობოტს იპოვით – თოკზე ტაატით მიმავალ აკრობატს, კუბიკ-რუბიკის ამომხსნელს, მინი კალათბურთის მოთამაშეს, ბრაილის შრიფტის წამკითხველს და ა.შ.

 

 ლეგ2

ლეგოს კომპანია ამაზე არ გაჩერებულა და აქტიურად განაგრძო საგანმანათლებლო მიმართულებების შემუშავება შეჯიბრებების ტიპის ლიგების ჩამოყალიბებით. ლიგები წლიური პრინციპით მოქმედებს. ყოველ აგვისტოს იმ წლის დავალება ცხადდება, გუნდები ამზადებენ პროექტს, ქმნიან შესაბამის რობოტს თუ კონსტრუქციას. პირველი საკვალიფიკაციო შეჯიბრებები ზამთრიდან იწყება. ამ ლიგებს ერთი სახელი აერთიანებთ FIRST – რაც, გარდა იმისა, რომ ინგლისურად პირველს ნიშნავს, აბრევიატურაა: For Inspiration and Recognition of Science and Technology – მეცნიერებისა და ტექნოლოგიების აღიარებისა და შთაგონებისთვის. ყოველი წლის შეჯიბრება რაიმე თანამედროვე, აქტუალურ პრობლემას უკავშირდება  – მაგალითად, შარშანდელი თემა იყო ნაგვის გადამუშავების ხერხები, წლევანდელი კი – ცხოველებისა და ადამიანების ურთიერთდახმარება.

დღეს ლეგოს 4 FIRST ლიგა არსებობს: FLL Junior (First Lego League) დაწყებითი ლიგა 6-9 წლის ბავშვებისთვისაა. მისი მიზანია, ბავშვებმა მარტივი მექანიზმების მოქმედებები შეისწავლონ ლეგოს ბლოკების, ხრახნებისა და ძრავების საშუალებით. ამ ლიგის ნაკრებს ძალიან იოლი პროგრამირების ენაც – WeDo მოჰყვება, რომლის საშუალებით ბავშვები მოტორებს ამუშავებენ.

ლეგ3

შემდეგი ლიგიდან რობოტიქსი იწყება – FLL, ლეგო მაინდსტორმის გამოყენებით. ლეგო მაინდსტორმის მთავარი ნაწილი პროგრამირებადი ბლოკია, რომელსაც ოთხი ძრავი და ოთხი სენსორი შეიძლება დაუკავშირდეს. არსებობს ფერის/სინათლის სენსორი, შეხების სენსორი, გირო სენსორი, ინფრაწითელი სენსორი, ხმის სენსორი და ა.შ..  წინასწარ განსაზღვრულია, რა ტიპის დავალებები უნდა შეასრულოს რობოტმა და გუნდიც რამდენიმე თვე მუშაობს რობოტის შექმნაზე, რომელიც 2.5 წუთში შეასრულებს მოცემულ დავალებებს. ამჟამად ლეგოს პირველ ლიგაში მთელ მსოფლიოს მასშტაბით ათიათასობით გუნდი მონაწილეობს.

მომდევნო ლიგა უფროსკლასელებისთვისაა განკუთვნილი – FTC – First Technical Competition. FIRST ტექნიკის შეჯიბრი. ამ შემთხვევაში ლეგოს მხოლოდ პროგრამირებადი ბლოკია, დანარჩენი – სხვადასხვა ლითონის ნაწილებისგან უნდა აიგოს. შესაძლებელია მიკროსქემებისა და სხვა ელექტრონული ნაწილების გამოყენება.

 ლეგ4

სულ ბოლო ლიგა – FRC – First Robotic Competition, რომელშიც სტუდენტებიც მონაწილეობენ, არის რობოტების შეჯიბრი – აქ უკვე კონკრეტული დავალებები კი არა, ზოგადი მისიები აქვთ რობოტებს და ამ მისიების შესრულებაში ეჯიბრებიან ერთმანეთს, მაგალითად, სპორტულ თამაშებში ან დარბაზის დასუფთავებაში.

ამ ლიგების შესაბამისი კლუბები აშშ-ის უამრავ სკოლაში მოქმედებს და ძალიან ბევრი საზაფხულო ბანაკი არსებობს ამ მიმართულებით.

მეორე წელია, ლეგოს დაწყებითი და პირველი ლიგის მოხალისე მწვრთნელი ვარ. შარშან საკვალიფიკაციო ტურნირში მიღებული პირველი ადგილით მოხვდა გუნდი შტატის ტურნირზე, ზაფხულში კი დამწყები რობოტიქსის ერთკვირიან ბანაკსაც ვუხელმძღვანელე. ძალიან სასიამოვნოა იმის ყურება, თუ  როგორ სწრაფად ვითარდება ბავშვების საინჟინრო და პროგრამისტული უნარები ამ რობოტების გამოყენებისას. დიდი იმედი მაქვს, რომ საქართველოშიც მალე ასეთივე პოპულარული გახდება ლეგოს ლიგები და ლეგო რობოტიქსი გასცდება საქართველოში არსებული ორიოდე კლუბის სივრცეს. დიდი იმედი მაქვს, რომ რამდენიმე წელიწადში საქართველოს ყველა სკოლაში იქნება ლეგოს მარტივი მექანიზმების და რობოტიქსის კლუბები, საზაფხულო რობოტიქსის ბანაკები აქტიურად იმუშავებს და საქართველოს ბევრი მოსწავლე მიიღებს მონაწილეობას რობოტების ევროპულ და მსოფლიო შეჯიბრებებში.

არ ვიცი, წარმოედგინა თუ არა უმუშევარ ღარიბ დანიელ დურგალს, რამხელა სამყაროს აძლევდა ბიძგს თავისი პირველი ხის სათამაშოთი, მაგრამ სახელი კი ნამდვილად ზუსტად შეურჩია: მართლაც, ვათამაშოთ ბავშვები კარგად, რომ ამ თამაშით ისწავლონ სამყაროს მოქმედების პრინციპები. ვათამაშოთ კარგად და თავად შექმნიან ახალ, უჩვეულო სივრცეებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი