პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

პირველი დღის აქტივობა დაწყებითი კლასებისთვის

 

სასწავლო წელმა წარმატებით რომ ჩაიაროს, მეტად მნიშვნელოვანია, როგორ დავიწყებთ მას.

მოსწავლეები არდადეგებიდან ბრუნდებიან – დასვენებულები, სკოლას მონატრებულები, სიახლეებისა და კარგი ამბების მომლოდინეები. კარგი იქნება, თუ მოლოდინს არ გავუცრუებთ და პირველივე დღიდან ვაჩვენებთ ჩვენს პოზიციას: დიახ, ჩვენ, მასწავლებლები, ვიზრუნებთ იმისთვის, რომ სწავლა არ იყოს მოსაწყენი და ერთფეროვანი, რომ ერთად ბევრ საოცარ და სახალისო რამეს შევქმნით.

ბავშვებს ყველაზე მეტად დაწყებით კლასებში სჭირდებათ საკუთარი თავის გამოხატვა, საკუთარი ემოციების გადმოცემა, საკუთარ თავზე საუბარი, რათა პირველსავე დღეს არ იგრძნონ იმედგაცრუება და, შინ მისულებმა, ოხვრას არ ამოაყოლონ: „დაიწყო!“

მეორე მხრივ, პირველმა გაკვეთილმა აუცილებლად უნდა შექმნას სასწავლო განწყობაც. მიმაჩნია, რომ ფერადი ბუშტები, პეპლები თუ გირლიანდები ედმეტია. მოსწავლეები მათ არასერიოზულად აღიქვამენ. საკლასო ოთახში თითოეული დეკორაცია სასწავლო პროცესს უნდა უკავშირდებოდეს. ბავშვების ნამუშევრებით გაფორმებული საკლასო ოთახი ყველაზე უკეთ გამოხატავს თქვენსა და მათ მიღწევებს, წარმატებებს, ცოდნას, მიდრეკილებებს. წლის ბოლოს შეგიძლიათ მშობლების ექსკურსიაც კი მოაწყოთ. თუმცა არც ეს ნამუშევრები უნდა იყოს ჩამოუხსნელი, კვირაში ერთხელ მაინც უნდა განახლდეს. მასწავლებლის მიერ რუდუნებით შექმნილი დეკორაცია საკლასო ოთახში ხელოვნურად და არაბუნებრივად გამოიყურება და მოსწავლეებსაც თრგუნავს, რადგან ხვდებიან, რომ ასე კარგად ხატვა/გამოჭრა/გაფორმება ჯერ არ შეუძლიათ.

თუ მაინცდამაინც გინდათ, მოსწავლეებს შიშველი კედლები არ დაახვედროთ, კარგი იქნება, საკლასო ოთახში სამოტივაციო წარწერები გააკეთოთ. მაგალითად, წიგნების კუთხესთან დააწეროთ: „წამიკითხე და საოცარ სამყაროებს გაჩვენებ“, „იყავი მკითხველი და გახდები ლიდერი“ და სხვ., კართან კი გააკრათ ფურცელი ასეთი წარწერით:

 

„ძვირფასო მოსწავლევ

მე მჯერა შენი

მე ვიზრუნებ შენზე

მე გენდობი შენ

მე მოგისმენ შენ

შენ ხარ მნიშვნელოვანი

შენ ხარ ლიდერი

შენ ხარ ავტორი

შენ ხარ გამომგონებელი

შენ მიაღწევ წარმატებას

შენ ხარ ჩემი აქ ყოფნის მიზეზი

სიყვარულით:

შენი მასწავლებელი ———“

 

მოსწავლე, რომელიც საკლასო ოთახში შესვლისას ყოველდღე წაიკითხავს ამ სიტყვებს, თავს მნიშვნელოვნად იგრძნობს. ამ ტექსტის გავრცობა და შეცვლა, კლასის ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგება, რა თქმა უნდა, უკეთესი იქნება.

კლასის გაფორმებასთან ერთად საინტერესოა პირველი დღის ერთ-ერთი აქტივობა – „ეს მე ვარ!“ რომლის შაბლონსაც აქვე გთავაზობთ.

 

 

 

ინა იმედაშვილი (2)_Страница_1

მოსწავლე ირჩევს, ჩაწეროს თუ ჩახატოს, აფორმებს, აფერადებს, მერე კი ისე ჭრის და აწებებს ქაღალდს, რომ კუბი გამოვიდეს.

მზა კუბებს მასწავლებელი ქისაში ყრის და სთხოვს მოსწავლეებს, სათითაოდ ამოიღონ და კლასს წარუდგინონ.

ამ აქტივობით მოსწავლეები უფრო უკეთ გაიცნობენ ერთმანეთს, ერთმანეთის ინტერესებს. ბავშვებს შეუძლიათ, კითხვებიც დაუსვან კუბის მფლობელს, თუ მეტის გაგება მოუნდებათ, მაგალითად, მის შინაურ ცხოველზე.

მათემატიკასაც შეეხებიან, როდესაც საკუთარი ასაკის ჩაწერა მოუწევთ.

მერე კუბები აკინძეთ და საკლასო ოთახში ჩამოკიდეთ, რათა ბავშვებს მუდამ ახსოვდეთ: ყველაზე ერთნაირად ზრუნავთ და გიყვართ.

აჩვენეთ მოსწავლეებს, რა მნიშვნელოვანნი არიან თქვენთვის, რათა თავადაც იგრძნოთ, როგორ სჭირდებით მათ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი