ხუთშაბათი, მარტი 28, 2024
28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

მომსახურების სფერო და შშმ პირები

მომსახურების სფეროში შშმ პირებთან მიმართებაში ორი მნიშვნელოვანი საკითხი არსებობს: დასაქმება და მათი მომსახურების სტანდარტი. მოპყრობის თვალსაზრისით, სამწუხაროდ, საქართველოში სამედიცინო პერსონალიც კი არ არის ჯეროვნად გადამზადებული. დიაგნოზის შეტყობისას პირველი რეაქცია – შეცოდება – სახეზე აწერიათ. ეს სავარაუდოდ გაუცნობიერებელი შიშის გამოხატულებაცაა, რადგან ცოტა თუ იციან, ვთქვათ, აუტიზმის შესახებ.

შშმ ბავშვის სხვადასხვა ადგილას, ამა თუ იმ ღონისძიებაზე ტარება მშობლებისათვის სტრესთანაა დაკავშირებული – აუტიზმის მქონე ბავშვის უცნაურ ქცევაზე საზოგადოების ზოგიერთი წევრის მხრიდან გამკიცხავი მზერის გამო, ეტლით მოსარგებლე ბავშვის შემთხვევაში მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურის გამო და ა. შ.

სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი, როდესაც საქართველოს მაღალმთიანი კურორტის ერთ-ერთ კაფეში ჩემი ჰიპერაქტიური, აუტიზმის მქონე შვილის ქცევებმა არც პერსონალის და არც სტუმრების ყურადღება არ მიიქცია. არადა მან ფეხზე გაიხადა, სავარძლებზე ისე იხტუნავა, როგორც ბატუტზე; მთელი კაფე ფეხდაფეხ მოიარა, დაათვალიერა, ყველა ნივთს შეეხო, იატაკზე გაფენილ რომელიღაც ცხოველის ბეწვზე წამოწვა, მალე კი საიდანღაც საბავშვო წიგნი მოარბენინა – როგორც აღმოჩნდა, პატარა სტუმრებისთვის წინდაწინ ჰქონიათ გათვალისწინებული სპეციალური, სათამაშოებითა და წიგნებით სავსე კალათა. მისთვის თავისუფლება რომ არ მიგვეცა, ის აუცილებლად დიდი ხმაურით გამოხატავდა პროტესტს და სავარაუდოდ მალევე მოგვიწევდა იმ ადგილის დატოვება. ამ შემთხვევის საპირისპირო ფაქტი მახსენდება: სულ სხვა რეგიონში, ერთ-ერთმა პოპულარულმა კაფე-რესტორანმა სოციალურ ქსელში განცხადება რომ გამოაქვეყნა, – თორმეტ წლამდე ბავშვები ტერიტორიაზე არ დაიშვებიან იქ გამოფენილი ექსპონატების შესაძლო დაზიანების გამოო. სად უფრო იგრძნობენ ბავშვი და მშობელი კომფორტულად თავს, იოლი მისახვედრია.

სტატია მეტწილად ეხება აუტიზმის მქონე შედარებით პატარა ასაკის მქონე პირებს. მოზარდთა და ზრდასრულთა შემთხვევაში სიტუაცია, ცხადია, რთულდება. თუმცა მათ არ უნდა შეეზღუდოთ თავისუფლად გადაადგილებისა და საჯარო სივრცით სარგებლობის უფლება. კვების ობიექტები, მუზეუმები, მაღაზიები თუ ბიბლიოთეკები მზად უნდა იყვნენ შშმ მომხმარებლის მისაღებად: შენობებს უნდა ჰქონდეს პანდუსები, ლიფტები, საბავშვო კუთხეები, უსინათლოთათვის – სპეციალური ბილიკები, ხმოვანი და ბრაილის შრიფტით შესრულებული გზამკვლევები, სასურველია პერსონალმა იცოდეს ჟესტების ენა და ა. შ. ამისათვის საჭიროა ქმედითი ტრეინინგები. მაგალითად, საქართველოში ეტლით მოსარგებლე პირები წუხილს გამოთქვამენ, რომ ხშირ შემთხვევაში კაფის პერსონალმა არ იცის, რომ მათ უნდა მიეხმაროს კარის გაღებაში, ფინჯანი არ უნდა დადგას მაგიდის შუაში, ანუ ისეთ მანძილზე, სადამდეც ხელის გაწვდენა ეტლით მოსარგებლეს გაუჭირდება და ა. შ.

გთავაზობთ რჩევებს, რომელიც, ვფიქრობ, არა მხოლოდ კვების ობიექტების ადმინისტრაციას და რიგით პერსონალს გამოადგება, არამედ მომსახურების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებსაც:

  • იყავით კეთილგანწყობილი და მეგობრული;
  • გულწრფელი ღიმილით გამოხატეთ დახმარების სურვილი;
  • მომხმარებელს უყურეთ თვალებში, ისაუბრეთ ნელა და გარკვევით;
  • არავერბალური მომხმარებლისთვის გამოიყენეთ სენსორული მენიუ, სხვადასხვა ვიზუალური მასალა თქვენს სფეროში;
  • იყოლიეთ ცალკე თანამშრომელი, რომელიც ითავებს შშმ ბავშვზე მეთვალყურეობას, სათამაშოების კუთხესთან მიყვანას და რამდენიმე წუთის განმავლობაში მასთან თამაშს, რათა მშობელმა შეძლოს განტვირთვა;
  • ეცადეთ, ყურადღება არ მიაქციოთ მომხმარებლის უცნაურ ხმას, ქანაობას, რწევას, ბოლთის ცემას ან სირბილს;
  • გაითვალისწინეთ, რომ აუტიზმის მქონე პირთათვის შეიძლება გამაღიზიანებელი იყოს სხვადასხვა ტიპის განათება ან ხმამაღლა ჩართული მუსიკა;
  • მაღალზურგიანი სკამებითა და სხვა მაგიდებისგან პატარა ტიხარით გამოყოფილი მაგიდით შესაძლებელია მყუდრო გარემოს შექმნა რესტორანში. ეს მაგიდა საუკეთესო შეთავაზება იქნება აუტიზმის მქონე ბავშვისა და მისი ოჯახის წევრებისათვის;
  • უზრუნველყავით შეკვეთის ტელეფონით წინასწარ მიღების შესაძლებლობა;
  • მენიუ/კატალოგი/ფასების ფურცელი განათავსეთ დაწესებულების ინტერნეტ გვერდზე, რათა შშმ მომხმარებელმა ან მისმა მეურვემ წინასწარ შეძლოს გაცნობა და თადარიგის დაჭერა;
  • მოემსახურეთ სწრაფად – აუტიზმის მქონე პირებს ძალიან უჭირთ მოცდა;
  • შეეკითხეთ მომხმარებელს, ხომ არ სურს განსხვავებული ტიპის ჭურჭელი, მაგალითად სახურავიანი ჭიქა ან საწრუპი;
  • არ გაგიკვირდეთ, თუ მომხმარებელი არ გიპასუხებთ კითხვაზე ან წესისამებრ არ გადაგიხდით მადლობას იმის მიუხედავად, რომ მას მეტყველება შეუძლია;
  • ნუ იჩქარებთ მაგიდის ალაგებას და საჭმლის გადაყრას – შესაძლოა ბავშვს უჭირდეს ერთ ადგილას გაჩერება და მშობელმა ის გაასეირნა, თქვენს დაწესებულებაში „პატარა ტური მოუწყო“ და აპირებს ისევ მაგიდასთან დაბრუნებას;
  • ზრდილობიანად აცნობეთ თქვენი დაწესებულების შინაგანაწესის შესახებ, მაგალითად: „აქ ხმაური არ შეიძლება“.

რაც არ უნდა „ცუდად იქცეოდეს“ ბავშვი, არ გირჩევთ მსგავსი ფრაზის გამოყენებას: „სასწრაფოდ დატოვეთ ტერიტორია!“, ეს დისკრიმინაციული გამონათქვამია. ამასთან, გაითვალისწინეთ, რომ არც შშმ ბავშვის მშობელი/მეურვეა მოხარული, რომ არასასურველი ქცევის ალაგმვა უწევს, უბრალოდ მას სურს, რომ მოზარდი საჯარო სივრცეს შეეჩვიოს, რაც უცხო გარემოში მალევე, ერთი-ორი ვიზიტით არ მიიღწევა. მან უკვე დიდი ენერგია დახარჯა, მრავალი ხერხი სცადა იმისათვის, რომ გარშემომყოფებს ბავშვის გამო დისკომფორტი არ შექმნოდათ. სამწუხაროდ, ყველაფრის წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია.

ასე რომ, გმადლობთ მოთმინებისა და გულისხმიერებისთვის! როდესაც კარგად მოემსახურებით შშმ ბავშვს, შეგიძლიათ იამაყოთ, რომ თქვენი წვლილი შეიტანეთ მისი საზოგადოებაში ინტეგრაციის საქმეში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი