პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

აღმოჩენის გზით სწავლება – პასუხი თანამედროვე გამოწვევებზე

ეროვნული სასწავლო გეგმის ძირითად საგანმანათლებლო პრინციპებად აღიარებულია, რომ  სწავლა-სწავლება ხელს უნდა უწყობდეს მოსწავლეთა შინაგანი ძალების გააქტიურებას, ცოდნის ეტაპობრივად კონსტრუირებას წინარე ცოდნაზე დაფუძნებით, ცოდნათა ურთიერთდაკავშირებას და ორგანიზებას, უნდა უზრუნველყოფდეს სწავლის სტრატეგიების დაუფლებას (ესგ, მუხლი 9.). ამ პრინციპების განხორციელება საქართველოში მასწავლებლებს ავალდებულებს გამოიყენონ მოსწავლეზე ორიენტირებული მიდგომა, შესაბამისი აქტივობების საშუალებით განუვითარონ მოსწავლეებს ამ მიდგომით გათვალისწინებული უნარ-ჩვევები და ჩამოუყალიბონ სწავლის მიმართ დადებითი განწყობა-დამოკიდებულება.

ყველასათვის ცნობილია, რომ მოსწავლეზე ორიენტირებული მიდგომის თეორიული საყრდენი კონსტრუქტივიზმია. კონსტრუქტივიზმი აღიარებს მოსწავლის არსებული ცოდნისა და უნარ-ჩვევების მნიშვნელობას ახალი ცოდნის შექმნის პროცესში, მასწავლებელი კი, ადგენს რა მოსწავლის საჭიროებებს, ინდივიდუალურ თავისებურებებს, მონიტორინგს უწევს ამ პროცესს და ხელს უწყობს მოსწავლეთა არა მარტო შემეცნებით, არამედ პიროვნულ განვითარებას.

კონსტრუქტივიზმის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო წარმომადგენელი ჯეიმს ბრუნერია, რომლის შესახებაც არაერთხელ დაიწერა თუნდაც ჩვენს ელექტრონულ ჟურნალში (მაგალითად, იხ. მარინე ჯაფარიძე, ჯერომ ბრუნერი. აქტიური პრაქტიკული გამოცდილების როლი სწავლის პროცესში, ჟურნალი maswavlebeli.ge, 3 ნოემბერი, 2014).

„შეიძლება თუ არა, ასე მოვიქცეთ და იქნება თუ არა მართებული, ბავშვებს თავდაპირველად მივაწოდოთ მინიმალური ინფორმაცია და აღვუძრათ მათ ისეთი ცნობისმოყვარეობა, რომ ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით თვითონვე გამოიტანონ დასკვნების მაქსიმუმი?“ – სვამს ბრუნერი კითხვას და თავადვე გვაძლევს პასუხს. მისი აზრით, ნებისმიერი საგნის დაუფლება მოიცავს სამ ეტაპს, რომლებიც თითქმის ერთდროულად მიმდინარეობს: ეს არის 1. ახალი ინფორმაციის მიღება, რომელიც უპირისპირდება ან აზუსტებს (ავსებს) იმ ცოდნას, რომელიც მოსწავლეს მანამდე ჰქონდა;  2. ცოდნის ტრანსფორმაცია, როდესაც მოსწავლე ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე გარდაქმნის არსებულ ცოდნას და იყენებს მას ახალი ამოცანების გადასაჭრელად და 3. შემოწმების პროცესი, როცა მოსწავლე ამოწმებს გამოტანილ დასკვნებს, უსვამს საკუთარ თავს კითხვებს ახალმიღებული ცოდნის გასააზრებლად. ასეთ პროცესში მასწავლებლის დანიშნულება, ერთი მხრივ, სწავლისთვის ისეთი პირობების შექმნაა, რომლებიც ხელს შეუწყობს აღმოჩენას, მეორე მხრივ კი, აღმოჩენის პროცესის გონივრული მართვაა.

სტატიაში შევეცდებით, გაგიზიაროთ პრაქტიკული გამოცდილება, როგორ შეიძლება მარტივად და რაიმე განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე ვაქციოთ სწავლა აღმოჩენად და დავაკმაყოფილოთ მოსწავლეების ბუნებრივი ცნობისმოყვარეობა და ინტერესი, ავტონომიურობისა და დამოუკიდებლობისკენ სწრაფვის სურვილი.

ჩემი ხანგრძლივი პედაგოგიური პრაქტიკიდან ბევრი რამ მაქვს გასახსენებელი, ერთ-ერთი ის მეხუთე კლასია, რომელშიც პირველად მომიწია შესვლა (დიდი ხანი მხოლო საბაზო და საშულო საფეხურის მოსწავლეებთან მიწევდა ურთიერთობა). ახლაც მახსოვს მეხუთეკლასელების გაკვირვებული მზერა, როცა კლასში დიდი ფორმატის ფურცელი შევიტანე წარწერით – „ჩვენი აღმოჩენები“ და ვუთხარი, ჩვენ ყოველ გაკვეთილზე რაღაცას აღმოვაჩეთ და ასეთი ბევრი ფურცელი დაგვჭირდება-მეთქი.

მაშ ასე, აღმოჩენა პირველი. სწორედ იმ დღეს ხალხურ ლექსს „მუმლი მუხასაო“ უნდა გასცნობოდნენ. ლექსის წაკითხვის შემდეგ ვკითხე, იცოდნენ თუ არა, რა არის მუმლი? მოსწავლეებმა ადვილად გასცეს პასუხი (ამოიკითხეს ლექსიკონიდან), ქინქლაო. შემდეგი კითხვის დრო დადგა:

  • თუ მუმლი და ქინქლა ერთი და იგივეა, რატომ გამოიყენა ქართველმა კაცმა ლექსში მუმლი და არა ქინქლა?

მცირეხნიანი საერთო სიჩუმის შემდეგ ერთი-ორმა წამოიძახა:

  • იმიტომ, რომ ასე უფრო ლამაზია. უფრო მუსიკალურია.

 ახლა შემდეგი შეკითხვის დროც დადგა:

  • რატომ არის უფრო ლამაზი და მუსიკალური?
  • იმიტომ, რომ ბევრი „მ“ გროვდება.
  • ესეც თქვენი პირველი აღმოჩენა, რომელიც შეგვიძლია ფურცელზე დავწეროთ. შევეცადოთ, წესად ჩამოვაყალიბოთ.

რამდენიმე ვერსიის განხილვის შემდეგ „ჩვენი აღმოჩენების“ ქვეშ ასეთი წესი გაჩნდა: ერთი და იმავე ბგერების გამეორება ლექსს უფრო ლამაზსა და მუსიკალურს ხდის. ამის დასტურად რამდენიმე მაგალითი მივაწოდე მხოლოდ (მეხუთეკლასელებისათვის ალიტერაციის განმარტება ჯერ ნაადრევად მივიჩნიე, მაგრამ ამისათვის ისინი უკვე მომზადებულები იქნებიან შემდეგ კლასებში).. მთავარი ის დადებითი მუხტი იყო, ის კმაყოფილების განცდა, რომელიც აღმოჩენით მოგვრილმა სიხარულმა და სიამაყემ ერთდროულად აღძრა მოსწავლეებში. აი, რატომ აღვნიშნეთ ზემოთ, რომ შემეცნებითთან ერთად აღმოჩენის გზით სწავლება პიროვნულ განვითარებასაც უწყობს ხელსო. საკუთარი შესაძლებლობების რწმენა, მოლოდინი იმისა, რომ ნებისმიერს შეუძლია არსებული ცოდნისა და გამოცდილების, ინტუიციის საფუძველზე რაღაც ახალი აღმოაჩინოს, ზრდის მოტივაციას, ამაღლებს თვითშეფასებას.

ამის შემდეგ ჩემი მეხუთეკლასელები ინტერესითა და ხალისით ელოდნენ ყოველ გაკვეთილს, რათა რაღაც ახალი (თუნდაც უკვე მრავალგზის აღმოჩენილი) აღმოეჩინათ. მალე შეივსო ფორმატის ფურცელი, ერთი, მეორე…

ერთსაც გავიხსენებ. ახლა ხშირად გვესმის საყვედური: გრამატიკის სწავლება გაქრა ქართული ენისა და ლიტერატურის პროგრამიდანო. მე თუ მკითხავთ, გრამატიკული წესების დასწავლასა და მოსაწყენად ერთფეროვან სავარჯიშოებზე დიახაც უნდა გვეთქვა უარი, მაგრამ, როგორც ხშირად ხდება, პრობლემის გადაჭრის ეფექტიანი გზების ძიებას მასზე საერთოდ უარის თქმა სჯობს, ასე უფრო ადვილია. იმის ნაცვლად, რომ ფუნქციური გრამატიკის სწავლების გზები და საშუალებები მოგვეძებნა, მოსწავლეთა მშობლიური ენის ფლობის არსებული დონე გამოგვეყენებინა გრამატიკული წესებისა და კანონების აღმოსაჩენად, ქართული ენის ბუნებისა და შესაძლებლობების გასააზრებლად, მართლწერისა და მართლმეტყველების ძირითადი ნორმების დასაუფლებლად, გრამატიკა საერთოდ გავაქრეთ სასწავლო პროგრამიდან.

მახსოვს, ერთხელ გაკვეთილზე ტესტური დავალებები შევიტანე კუმშვისა და კვეცის მართებულად გამოყენების წესების აღმოსაჩენად. მას შემდეგ, რაც მოსწავლეებმა ჩასვეს გამოტოვებული სიტყვები სწორი ფორმით, ვთხოვე, წყვილებს ერთმანეთის ნამუშევრები შეესწორებინათ და სადავო საკითხები ერთობლივად განგვეხილა (შესადარებლად და საკუთარი შეცდომების დასადგენად თავად შევთავაზე სწორი პასუხები). ამის შემდეგ ვთხოვე, სწორი პასუხები გადაეტანათ ცხრილში. საბოლოოდ ცხრილმა ასეთი სახე მიიღო:

ა-ზე დამთავრებული სახელები, რომლებიც იკვეცება ა-ზე დამთავრებული სახელები, რომლებიც არ იკვეცება ე-ზე დამთავრებული სახელები, რომლებიც იკვეცება ე-ზე დამთავრებული სახელები, რომლებიც არ იკვეცება
ძმა

ცა

ჭალა

ჩალა

კაბა

დედამიწა

ფაფა

ჩიტუნია

დედოფალა

ცანცარა

უქნარა

უქნარა

მძინარა

ხე

კიბე

ტყე

რძე

ვაკე

ღელე

ჟელე

ატელიე

კუპე

კაშნე

კანაპე

 

ცხრილში მოქცეულ მაგალითებზე დაკვირვებით მოსწავლეებს თავად უნდა აღმოეჩინათ წესი და პირველი „აღმოჩენაც“ ადვილად გაკეთდა:

  • მასწავლებელო, ე-ზე დამთვრებული უკვეცელი სახელებიდან ყველა უცხოურია.
  • მოდით, ახლა ეს წესად ჩამოვაყალიბოთ.

რამდენიმე ვერსიის შემდეგ ფურცელზე ახალი „აღმოჩენა“ გაჩნდა: უცხო ენიდან შემოსული ე-ზე დამთავრებული სახელები არ იკვეცება.

შედარებით დიდხანს იფიქრეს  (მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების ერთ-ერთი მახასიათებელია: მასწავლებელი უსვამს მოსწავლეებს ღია შეკითხვებს და აძლევს დროს პასუხის გასაცემად), მაგრამ მაინც მიაგნეს:

  • მასწავლებელო, ყველა ეს სიტყვა მოფერებით ან დაცინვით არის ნათქვამი (სტილი დაცულია).

ახალი ტერმინის შემოტანის დროც დადგა: კნინობით-ალერსობითი სახელები. ამის შემდეგ წესის ჩამოყალიბებაც არ გასჭირვებიათ წინა წესის ანალოგიით. კიდევ უფრო საინტერესო პრობლემის წინაშე აღმოჩნდნენ: არის თუ არა კნინობით-ალერსობითი სახელები ტოროლა, ენძელა, ბიცოლა და ა.შ.? ესენიც ხომ უკვეცელია. გამოითქვა ბევრი საინტერესო ჰიპოთეზა, მაგალითად, „ალბათ, ტოროლა იგივეა, რაც ტრიალა, ის ხომ ტრიალ-ტრიალით მიდის ცაში“, „ენძელა, მასწავლებელო, ძილთან ხომ არ არის დაკავშირებული, როგორც მძინარა?“ და ყველაზე უცნაური ახსნაც: „ბიცოლა ალბათ ნაკლებად უყვარდა ამ სიტყვის მომგონს და დააკნინა“…

ცხადია, ამის შემდეგ „მყისიერი“ სწავლებით[1] მასწავლებელი უნდა ჩაერიოს და მეცნიერულად მართებული ვერსია შესთავაზოს, მაგრამ შესთავაზოს მარტივად, გასაგებად.

მავანი იტყვის, ამდენი დროის დაკარგვას განა არ სჯობდა, პირდაპირ მიგვეწოდებინა წესები და შემდეგ სავარჯიშოებით განგვემტკიცებინაო. მაგრამ შეიქმნებოდა ასეთ შემთხვევაში  გარემო, რომელშიც დაკმაყოფილდებოდა მოსწავლის სურვილი, გამოეცადა საკუთარი ძალები, ეგრძნო რთული სამუშაოთი გამოწვეული კმაყოფილება? მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების ერთ-ერთი ძირითადი პრინციპი ხომ ის არის, რომ არასოდეს გავაკეთოთ მასწავლებლებმა ის, რის გაკეთებასაც მოსწავლე თავად შეძლებს. შეძლებით კი მათ ბევრი რამ შეუძლიათ. მთავარია, მივცეთ ამის შესაძლებლობა.

და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი:  ბრუნერი გამოყოფს აზროვნების ორ სახეს: ინტუიციურს და ანალიზურს. ზემოთ მოყვანილ მაგალითებში ორივე ფორმა იყო გამოყენებული. ისინი ავსებენ ერთმანეთს. მხოლოდ ანალიზურ აზროვნებაზე ორიენტაცია და ინტუიტიურ აზროვნებაზე უარის თქმა, რაც, სამწუხაროდ, ჩვენი სწავლებისათვისაა დამახასიათებელი, ვერ ჩამოაყალიბებს გამბედავ, საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებულ და წარმატებაზე ორიენტირებულ თაობას (ოცდამეერთე საუკუნის გამოწვევები კი სწორედ ასეთ ადამიანებს ითხოვს).

მაია ინასარიძე

[1] „მყისიერი“ სწავლება – ეს არის სწავლების ისეთი სტრატეგია, რომლის დროსაც მასწავლებელი მოსწავლეებს აწვდის ინფორმაციას (ლექციის, ახსნა-განმარტებისა თუ საკითხავი მასალის სახით) მათ მიერ დამოუკიდებლად განხილულ საკითხზე იმისათვის, რომ  შეამოწმონ საკუთარი ვარაუდები, მსჯელობები, ის, რაც იკვლიეს. მასწავლებელი ამით „იცავს“ მოსწავლეებს მცდარი დასკვნებისგან. „მყისიერი“ სწავლება შეიძლება განხორციელდეს ინდივიდუალურად, მცირე ჯგუფებში ან მთელ კლასთან იქიდან გამომდინარე, რა საჭიროება დგას საკითხის შესწავლისას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი