პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

ათენეფი აქ არიან

ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ – ჩვენ გვინდა დავიჯეროთ, რომ დრო შეიცვალა, სინამდვილეში კი, კიდევ ერთხელ და მერამდენედ, ჩვენ თვალწინ ბრუნდება ძველი დრო თავისი განუყოფელი პერსონაჟებით. იმ ადამიანებით, ვინც ჩვენს ბავშვობაში დაწინაურებული იყო და სახელმწიფოს სათავეში იდგა. მათ წესით ბევრი რამ უკეთესობისკენ უნდა შეეცვალათ, მაგრამ მხოლოდ ომი, სისხლისღვრა და განუკითხაობა მოიტანეს. შემდეგ თვალს მიეფარნენ და გაყუჩებული ელოდნენ ხელსაყრელი დროის დადგომას.

ჩვენ რომ საარაკოდ მეხსიერებადაქვეითებული ხალხი ვართ, კიდევ ერთხელ დამტკიცდა. საუბედუროდ, დღესაც და მომავალშიც არაერთხელ მოგვიწევს იმ თავხედობის, უტიფრობის, სისულელის, და რაც მთავარია – სამშობლოს გამყიდველთა ჭკუისდამრიგებლური სიტყვების მოსმენა. ეს ჩვენ დავიმსახურეთ: გულგრილობით, პირადი ინტერესების ყველაფერზე მაღლა დაყენებით, საკუთარი არჩევანის უპატივცემლობით, ტყუილისა და კონფორმიზმის დაკანონებით, მკვლელებისა და მოძალადეების შეწყალებით.

ეს ჩვენ დავიმსახურეთ: ხალხმა, რომელსაც დიდი უმრავლესობით არჩეული პრეზიდენტი დევნილი, ნაღალატევი და გაუბედურებული ყველას თვალწინ მოუკლეს და იმის უფლებაც არ მისცეს, ამ უკანონობისთვის წინააღმდეგობა გაეწია, ამ დანაშაულზე საქვეყნოდ ხმა ამოეღო.

ეს ჩვენ ვიწვნიეთ: თავზე დამხობილი ქვეყანა, დარბეული და აოხრებული კუთხეები, დაკარგული თუ გასხვისებული მიწები, და შემდეგ – შეურაცხმყოფელ კავშირებსა და გაერთიანებებში ნებაყოფლობით შესვლა.

თითქოს ეს გუშინ იყო, თითქოს ეს დიდი ხნის ჩავლილი გვეგონა. თურმე ჯერ სად ხარ –ყველაზე ბნელი სიზმრიდან გადმოსული პერსონაჟები ჯერ ქუჩებში გამოჩნდნენ თამამად, ქორწილებსა და გასვენებებში მოუხშირეს სიარულს, მერე და მერე საზოგადოებრივ-პოლიტიკური თავშეყრის ადგილებზეც და… იქიდან კი ტელეეკრანამდე ერთი ნაბიჯია!

არსად ისე არ ჭირს მტყუან-მართლის გარჩევა, როგორც შოუებში. არსად ისე ადვილი არ არის მხედრიონელი ქალის მომღერალ ბანოვანად გადაქცევა, როგორც შოუში, რომელსაც ყოველკვირეულად მთელი ქვეყანა ელოდება. არც კრიმინალური ბიოგრაფიის გასუფთავებაა ძნელი, თუკი წარსულს არ გაგახსენებენ, ჩამჭრელი შეკითხვებით ძალიან არ გაგაღიზიანებენ და ხელოვნებაზე, კულტურაზე, მხატვრობაზე დაგეკითხებიან აზრს.

უფრო მეტიც, ამ ორიოდე წლის წინ, თავდაცვის ყოფილმა და ავადსახსენებელმა მინისტრმა ისე ერთიანად ამოიღო დაგროვილი ჯავრი, რომ დაკვირვებული კაცი გაიფიქრებდა, აჰა, სადაცაა იარაღსაც დააჟღარუნებსო. ისე აგიხდეთ ყველაფერი კარგი: რამდენიმე დღეში თენგიზ კიტოვანმა საქართველოს მთავრობას სთხოვა მისთვის და მისი ბიჭებისთვის იარაღის ტარების უფლება მიეცა.

უქმად არც სკკპ ცეკას ყოფილი პირველი მდივანი და ექსპრეზიდენტი ყოფილა. ის დროდადრო ჭკუისდამრიგებლური საუბრებით გვანებივრებდა კრწანისის ველიდან და თავისი მაგალითით აგულიანებდა მასსავით პენსიაზე გასულ და ყველა მზაკვრობაშერჩენილ თანამოაზრეებს, ნუ გგონიათ, რომ ჩვენმა მატარებელმა ჩაიარა, გულს ნუ გაიტეხთ, კიდევ დავჭირდებით და მოგვძებნიანო.

ერთხელ იყო, გამზირზე დაჩოქება არ ვითაკილეთ და ახლა აზრის გამოთქმას დავუშლით ვინმეს?! უფრო პირიქით: შევეხვეწებით, ოღონდ რამე გვითხრან, ოღონდ გამოჩნდნენ, დაგვენახონ, ჩვენ ხომ ისინი მოგვენატრა! – მათი ხმის გაგონება, მათი სახის დანახვა. როგორ მოტეხილან, მოფამფალებულან, გაჭაღარავებულან! არადა, რა მხნედ იყვნენ, როცა დავშორდით, რა ომახიანად, როგორი შემართებით.

ზურაბ კიკნაძე თავისი ჩანაწერების წიგნში ერთ ამბავს იხსენებს: გასული საუკუნის ოციან წლებში, ბოლშევიზმის მძვინვარების ხანაში, მღვდელი ილია შალამბერიძე თურმე ასე ანუგეშებდა ნოქალაქევში მასთან სტუმრად ჩასულ დისწულს: „ნუმ გოშქურუ, ლუკა. გიჩქუდას, ქეგესკიდუნა ათენეფი ვერჩხის…“, ანუ: „ნუ გეშინია, ლუკა. იცოდე, გაირიყებიან ესენიო“.

ამ დანუგეშების შემდეგ მრავალმა წყალმა ჩაიარაო, – ამბობს ჩანაწერის ავტორი, – რისხვამ გადაიარა ქვეყანაზე, ხალხზე, ერზე და ბერზე. ყველაფერი მოხდა, რასაც შიშის გამოწვევა შეეძლო, თუმცა ის ნუგეში ამაო არ ყოფილაო. როცა ჟამი ამოიწურა და სამოცდაათმა წელმა განვლო, სისხლიანად, მაგრამ წავიდნენ ათენეფი. ბოლშევიკების, საბჭოთა ცნობიერების ეს წასვლა ზღვის მიქცევას ჰგავდა. წავიდნენ და უკან მობრუნდნენ, როგორც დამნაშავე ბრუნდება დანაშაულის ადგილზე. ამიტომ ფრთხილად უნდა ვიყოთ, ათენეფი ისევ აქ არიანო.

ათენეფი ისევ აქ არიან – ტელეშოუებიდან და ჟურნალ-გაზეთებიდან დაწყებული რეაბილიტაცია სულ რამდენიმე წელიწადში მათ პოპულარიზაციაში გადაიზარდა და გუშინდელი ჯალათები, ძალადობის პროპაგანდისტები და საბჭოთა იდეოლოგიის მედროშეები ჩრდილიდან გამოვიდნენ. თავიდან წერტილოვანი დარტყმებით, ნიადაგის მოსინჯვით, ნიჰილისტური განცხადებებით („ეს რა გვჭირს?“, „ამას ვიმსახურებდით?“, „ხედავთ, რა მოგვიტანა დამოუკიდებლობამ?“, „ამის გამო ღირდა ყველაზე სტრატეგიული და ერთმორწმუნე მეზობლის გადაკიდება?“) დაძრული ნაკადი თვალსა და ხელს შუა აზვირთდა და სანამ ჩვენ ამაზე სოციალურ ქსელსა და პირად საუბრებში ვქირქილებდით, ხელისუფლების წარმომადგენლები კი პილატეს ჩაურევლობას არჩევდნენ (მეტიც, ზოგიერთი პარლამენტარი მგზნებარე ბოლშევიკადაც მოგვევლინა), ის სერიოზულ ძალად, ყოველდღიურ თემად იქცა: უკვე სისტემატურად ტარდება კომპარტიის ყრილობისმაგვარი ღონისძიებები (თავისი ყველანაირი ატრიბუტიკით), პროლეტარიატის ბელადისადმი მიძღვნილი მასშტაბური შეკრებები, სხვადასხვა სატელევიზიო არხი, საინფორმაციო სააგენტო და გაზეთი უკვე დაუფარავად ტირაჟირებს საბჭოთა იდეოლოგიას.

2013 წელს ბერძენი ფეხბურთელი გიორგოს კატიდისი, რომელმაც გამარჯვების გოლი ნაცისტური სალმით აღნიშნა, სამუდამოდ მოკვეთეს ეროვნული ნაკრებიდან. მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთელმა საჯაროდ მოიხადა ბოდიში და აღიარა, შეუგნებლად მომივიდა, თორემ ჰიტლერთან და ნაციზმთან არავითარი იდეოლოგიური საერთო არა მაქვსო, ოფიციალურ საფეხბურთო წრეებს ეს გადაწყვეტილება არ გადაუსინჯავთ.

დარწმუნებული ვარ, ვიღაცები თავს გამოიდებენ – ნაციზმი და ბოლშევიზმი, ჰიტლერი და სტალინი ერთმანეთს როგორ შეადარაო, მაგრამ ჩემდათავად, დღეს, ოცდამეერთე საუკუნეში, იმის მტკიცებაც კი ზედმეტად მიმაჩნია, რომ ნაციზმი და ბოლშევიზმი ორი თანაბარი მნიშვნელობის ბოროტება იყო და კაცობრიობას აუნაზღაურებელი ზიანი მიაყენა: მილიონობით ადამიანი დახოცა და მილიარდობით კიდევ ათწლეულების განმავლობაში ტერორსა და მონობაში ამყოფა. სწორედ ამიტომაც ამ ორი ბოროტების იდეოლოგიური რეაბილიტაციის მცდელობაც კი საზოგადოებისა და ხელისუფლების მხრიდან მკაცრად უნდა დაიგმოს.

დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 25 წლის შემდეგ, როცა საბჭოური მემკვიდრეობისგან უნდა ვთავისუფლდებოდეთ და ნამდვილი, პირუთვნელი ისტორიის დაწერას ვცდილობდეთ, თითქოს თვალს ვხუჭავთ, ვიბრმავებთ იმ ყველაზე ძვირფასზე – თავისუფლებაზე, რაც ბრძოლით მოვიპოვეთ; თითქოს ზურგს ვაქცევთ ჩვენს გმირებს, რომლებმაც სიცოცხლე გასწირეს იმისთვის, რომ ჩვენ დამონებულ, მორალურად განადგურებულ იმპერიის პროვინციაში კი არა, თავისუფალ ქვეყანაში გვეცხოვრა.

აბა, სხვანაირად როგორ უნდა აიხსნას ის, რომ ათენეფი ისევ აქ არიან – წარსულის აჩრდილები, მაოხრებელი მკვდრები, უნიათო ხელისუფლებისგან გათამამებული კრიმინალები, რუსეთუმე პოლიტიკოსები, საბჭოთა კავშირის ნოსტალგიით შეპყრობილი ხალხი. ამიტომ ჯერაც უდაბნოში მღაღადებელ ხმად ისმის – „ნუმ გოშქურუ“, „ნუმ გოშქურუ“. შიშისა და სიფრთხილის ბევრი მიზეზი გვაქვს, რადგან ჯერ არ დაგვიტოვებია მონობის სახლი, ბოლომდე არ მიგვიფურთხებია მონური ბუნებისთვის, ის ბიბლიური მონობის ორმოცი წელიც არ გასულა, რომელიც თავისუფლებისკენ სწრაფვას არ გვანებებს და დროდადრო მაჯლაჯუნების სახით გვეცხადება, რომ დაგვაბნიოს, დაგვზაფროს, დაგვაშინოს.

ჩვენ კი მხოლოდ იმ იმედით ყოფნა, რომ ესენი ერთხელაც გაირიყებიანო, ვერაფერს გვიშველის. თუ ჩვენ თვითონვე არ მოვთხოვეთ პასუხი, თუ ყოველ წუთას, ყოველი საჯარო გამოსვლისას არ შევახსენეთ, რომ წლების წინ მათ მიერ ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები არ დაგვვიწყებია, კარგად გვახსოვს, სამუდამოდ გვემახსოვრება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი