ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

სხვების ბავშვობა

 

სკოლაში სწავლისას ვერ ვხვდებოდი, რატომ იყო აუცილებელი მწერლების ბიოგრაფიების ცოდნა, რატომ არ შეიძლებოდა ძნელად დასამახსოვრებელი თარიღების დასწავლისა და მნიშვნელობას მოკლებული ფაქტების დამახსოვრების გარეშე წაგვეკითხა ტექსტი. მეჩვენებოდა, რომ ეს ბიოგრაფიები, მეტწილად, ერთმანეთს ჰგავდა. ყოველთვის იყო ვიღაც, ვინც მომავალ მწერალს ადრეულ ასაკშივე უვითარებდა წარმოსახვას, უყვებოდა ზღაპრებს, მითებს, თქმულებებს, აყვარებდა ლიტერატურას. იყო საბედისწერო შემთხვევები და ტრაგიკული მოვლენებიც. თითქმის გარდაუვალი გამხდარიყო მშობლის (ერთ-ერთის ან ორივეს) ნაადრევად გარდაცვალება, საყვარელი დის ან ძმის ადრეულ ასაკშივე დაღუპვა, ოჯახის გაღატაკება, მშობლიური სახლის (სოფლის, ქალაქის, ქვეყნის) იძულებით მიტოვება, ფიზიკური ტრავმები, გულგატეხილობა, სასოწარკვეთა, დაუფასებლობა თანამედროვეთა მხრიდან.

ამ ამბების ნამდვილობაში ეჭვი მეპარებოდა. ყველა ეს ბიოგრაფია ერთი კაცის დაწერილს ჰგავდა – იმის, ვინც უმნიშვნელოს შემჩნევასა და მნიშვნელოვნის შეუმჩნევლობაში გაწაფულიყო. სვანტე სვანტესონივით ვფიქრობდი: რატომაა, რომ ის, რისი ცოდნაც აუცილებელია, ჩემთვის სრულიად უინტერესოა და ის, რისი ცოდნაც ადამიანისთვის უსარგებლოა, ყოველთვის ძალიან საინტერესოა-მეთქი?

მაეჭვებდა იმ საზოგადო მოღვაწეთა ბიოგრაფიებიც, სადაც ეწერა, ბავშვობაშივე სრულყოფილად ფლობდნენ ინგლისურ, გერმანულ და ფრანგულ ენებსო. გასული საუკუნის 80-იან წლებში სკოლა არ იყო ის ადგილი, სადაც თუნდა ერთი უცხო ენის სრულყოფილად შესწავლა შეიძლებოდა. ჩემს სკოლაში ყოველ წელს იცვლებოდნენ ინგლისურის მასწავლებლები, ვსწავლობდით სიტყვებს, წესებს, სახელმძღვანელოს ტექსტებს, ვასრულებდით სავალდებულო სავარჯიშოებს, ვწერდით საკონტროლო წერებს, მაგრამ მაინც არაფერი ვიცოდით. ამის გამო იყო, დარწმუნებული რომ ვიყავი, სამ უცხო ენას ვერც ერთი ბავშვი ვერ ისწავლის-მეთქი.

ბიოგრაფიები მწერლებსა თუ რაიმე ნიშნით გამორჩეულ სხვა ადამიანებს სახეს უკარგავდნენ, ერთმანეთსა და მითიურ არსებებს ამსგავსებდნენ, ბუნდოვანების მიმზიდველ საბურველში გახვეულებს მიუწვდომლად წარმოსახავდნენ. სახელმძღვანელოების ავტორებისთვის არ იყო მნიშვნელოვანი, რას განიცდიდა მცირეწლოვანი მკითხველი. მოსწავლის განცდები არც ერთ დროში დიდად არავის ადარდებს.

მე კი ბიოგრაფიული თუ ავტობიოგრაფიული წიგნების კითხვას თანდათან მივეჩვიე. იმასაც მივხვდი, რომ მწერალი ყველაზე უკეთ ყვება თავის ამბავს: როგორც უნდა ეცადოს, საკუთარ თავს ვერსად გაექცევა. ნებისმიერ ნაშრომში ირეკლება – დაბრეცილი, სახეცვლილი, განგებ დამახინჯებული მისი სილუეტი მაინც იოლად ამოსაცნობია ხოლმე. მოთხრობებში, რომანებში. თუ ტოლსტოისა და ნაბოკოვის მსგავსად თავის ამბავს თვითონვე მოგვითხრობს (და თუ ასეთივე მთხრობელია), მაშინ ამ ჩანაწერების კითხვას არაფერი სჯობს. ვერ წარმომიდგენია მოზარდი, რომელსაც ვერ ააღელვებდა ზემოთ ნახსენები მწერლების ავტობიოგრაფიული წიგნების ცალკეული ნაწყვეტები; რომლის წარმოსახვაც ვერ იპოვიდა სათავისოს მათი კითხვისას. ახლაც კი გულისცემას მიჩქარებს იმის წარმოდგენა, როგორ კაწრავდნენ დანის წვერით ფიგურებს კარაქიან პურზე, რომელიც ცნობილი მწერლისთვის – იმხანად სულ პატარა ბიჭუნასთვის უნდა გაეწოდებინათ. ჩანაწერების კითხვას ვწყვეტ და ამ ფიგურების წარმოდგენას ვიწყებ: სახლი, ნაძვები, ვარსკვლავები, იქნებ სასაცილოდ ხელფეხგაფარჩხული გოგოც… მეჩვენება, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია – პურის ნაჭერზე კარაქის გადასმისა და სამყაროს მარტივზე მარტივი სურათის შექმნის ამბავი.

ერთი თანამედროვე ფრანგი მწერალი წერს, მწერლები ბავშვობაზე ამდენს იმიტომ ლაპარაკობენ, რომ მხოლოდ ბავშვობისას ცხოვრობენო. მთელი დანარჩენი ცხოვრება საწერ მაგიდასთან გატარებული საათები, ფიქრი და შრომაა – არც არაფრისთვის სცალიათ და დიდად არც აღელვებთ ისეთი რამეები, რაც სხვა შემთხვევაში უდავოდ ააღელვებდათო. ცხადია, აქ ყველა მწერალი არ იგულისხმება და ისიც ცხადია, რომ ვიღაც-ვიღაცებს არც თუ შეფარვით დასცინიან. მიუხედავად ამისა, ბავშვის განცდების სიმძაფრეს, პირველი შთაბეჭდილებების ძალას არავინ უარყოფს. ამ დროს ჯერ კიდევ იმ სამყაროს ნაწილი ხარ, რომელიც მოგწონს; ყოველი დღე რაღაც სასიხარულოს მოლოდინით თენდება; იმ რწმენით დადიხარ, რომ სულ მალე ენით აღუწერელი სასწაულის მომსწრე უნდა გახდე; ბედნიერების განცდა უხილავი საჰაერო ბუშტივით ლივლივებს ჰაერში – ხელის გაწვდენაზეა, შენია; დიდი დანაკარგების დრო ძალიან შორსაა, სიკვდილი არ არსებობს.

მაინც რა გვსიამოვნებს ავტობიოგრაფიული ჩანაწერების კითხვისას? ყველაზე მეტად ალბათ ის, რომ სხვისი ამბები ჩვენსას გვახსენებს – დიდი ხნის წინ დავიწყებულ, სამუდამო გაქრობისთვის განწირულ, ერთი შეხედვით, უმნიშვნელო წვრილმანებს (დედაჩემსაც უყვარდა კარაქიან პურზე სახლების, ხეების, ძაღლების, მანქანების, გოგოებისა და ბიჭების დანის წვერით ამოკაწვრა). სხვისი ამბების კითხვისას ჩვენს ამბავსაც ვკითხულობთ, ვიხსენებთ, თავიდან ვიგონებთ და უცნაურად სასიამოვნო განცდა გვეუფლება: უჩვეულო სიახლოვეს ვგრძნობთ მწერალთან, მის გვერდით ვდგავართ, მისი გულისცემა გვესმის.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი