პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

მუსიკალური სმენა: ხმა

ოდესმე თუ უთქვამთ თქვენთვის, რომ არასასიამოვნო ხმა გაქვთ და უმჯობესი იქნებოდა, არ გემღერათ, დაივიწყეთ! ეს მოსაზრება მცდარია. ადამიანისთვის სიმღერა სავსებით ბუნებრივი მდგომარეობაა.

პირველი, რასაც ჩვილი დაბადებისთანავე ცდილობს, „ხმის მოსინჯვაა“. დამეთანხმებით, დაუჯერებლად ძლიერი და წკრიალა ხმაა ერთი ციდა არსებისთვის.

ადამიანები არაერთ მუსიკალურ ინსტრუმენტს ვიცნობთ, რომელთა უმრავლესობა ჩვენვე შევქმენით. ერთ–ერთი მრავალფუნქციური ინსტრუმენტი კი თავად ადამიანია. უფრო სწორად, მისი სახმო სიმები. ხმა (Voice) ჩვენი სხეულისა და ცნობიერების ნაწილია. ის იმდენად სრულყოფილია, რომ ძალუძს მოხიბლოს, უბრძანოს, დაარწმუნოს, სთხოვოს, აცდუნოს. სინაზე, მრისხანება, ვნება, ეჭვი, საყვედური, მზრუნველობა თუ აღფრთოვანება – ყოველი ეს გრძნობა და ემოცია შეიძლება მხოლოდ ხმით გამოიხატოს. ამასთან ერთად, ყოველი ხმა, ისევე როგორც  სული, უნიკალურია. ხმა ჩვენი სულის ანარეკლია.

ხმის ფლობა საკუთარი თავისა და სიტუაციის ფლობასაც ნიშნავს. უნდა გვახსოვდეს, რომ ხმის მართვის – სიმღერის ნიჭი სპეციფიკური უნარია. ზოგს ეს უნარი ბუნებრივად აქვს, ზოგი კი მის გამომუშავებას მრავალი წლის განმავლობაში ცდილობს. ხმის მართვის სწავლა ისევეა საჭირო, როგორც ხატვისა, ცეკვისა ან ცურვისა.

ხმა ცოცხალ არსებებს შორის ურთიერთობას ემსახურება. ადამიანებს შორის ეს მეტყველებისა და სიმღერის საშუალებით ხორციელდება.

სახმო აპარატი სამი განყოფილებისგან შედგება:

  1. ზედა სასუნთი ორგანოებისგან, რომლებიც ჰაერს აწვდის სახმო ნაპრალს;
  2. ხორხისგან, სადაც მოთავსებულია სახმო ნაკეცები (სახმო სიმები ანუ ხმის იოგები);
  3. საარტიკულაციო აპარატისგან, რომელიც აღჭურვილია რეზონატორების ღრუების სისტემით და ხმოვანი და თანხმოვანი ბგერების წარმოქმნას ემსახურება.

მეტყველებისა და სიმღერის პროცესში სახმო აპარატის ყველა ეს განყოფილება ურთიერთკავშირში მუშაობს. შეგახსენებთ, რომ ადამიანის სახმო აპარატი სასულე ტიპის მუსიკალურ ინსტრუმენტებს მიეკუთვნება. მასში ბგერა ჰაერის მოძრაობით წარმოიქმნება. ფილტვებიდან ამომავალი ჰაერის ნაკადი დრეკად აპკებს არხევს, ხოლო აპკები, თავის მხრივ, ბგერით ტალღებს წარმოშობს. ადამიანის ორგანიზმში ასეთ აპკებს ვიბრატორები – ხორხში განლაგებული სახმო სიმები წარმოადგენს.

ხმის სიმაღლე სახმო იოგების კუნთოვანი დაჭიმულობის ხარისხით განისაზღვრება – რაც უფრო მეტად არის დაჭიმული სახმო სიმები, მით უფრო მაღალია ბგერა, ხოლო ხმის სიძლიერე სახმო იოგების სიმკვრივესა და ფილტვებში ჰაერის წნევაზეა დამოკიდებული.

ჩვენი ყურისთვის აღსაქმელ ხმას სახმო სიმები იძენს რეზონატორების დახმარებით – ფილტვების, ცხვირის ღრუს, პირის ღრუსა და სხვა ორგანოების გავლის შემდეგ. რეზონატორები ხმას აძლიერებს და მას თითოეული ადამიანისთვის დამახასიათებელ ელფერს სძენს. ხმის ტემბრი, მისი სიძლიერე რეზონატორის ფორმებსა და ზომებზეა დამოკიდებული. ამიტომ განსხვავდება ერთმანეთისგან მამაკაცის, ქალისა და ბავშვის ხმები, ამიტომ არის ყველა ხმა ინდივიდუალური.

სახმო ნაკეცების სიგრძე, ჩვეულებრივ, ხმის ტიპზეა დამოკიდებული. ყველაზე გრძელი ნაკეცები – 24-25 მმ – ბანს აქვს, ბარიტონის სახმო ნაკეცების სიგრძეა 22-24 მმ, ტენორისა – 18-21 მმ, მეცოსოპრანოსი – 18-21 მმ, ხოლო სოპრანოსი – 14-19 მმ.

ხმას ენერგიას აწვდის სუნთქვა (ამის შესახებ უფრო დაწვრილებით მომავალში გესაუბრებით). ხმის სიძლიერე დამოკიდებულია ჰაერის ნაკადის ენერგიაზე, რომელიც სახმო ნაპრალს გაარღვევს, ანუ ჰაერის ნაწილაკების რხევის ამპლიტუდაზე. ხმის სიძლიერეზე დიდ გავლენას ახდენს პირისა და ხახის ღრუების ფორმა და პირის გაღების ხარისხი. რაც უფრო მეტად გაიღება პირი, მით უკეთესად გაიფრქვევა ხმა გარე სივრცეში.

აქ სახმო სიმებიც არ არის მთავარი. ისინი, პირდაპირი მნიშვნელობით, ყელის კუნთებზეა დამოკიდებული, რომელთა ძალა ყელის ღრუს შეკუმშვა-გაფართოებას ემსახურება. დიაფრაგმის პოზიციის სწორი ცვლა კი ბგერის სიძლიერესა და სიმაღლეს უზრუნველყოფს.

ხმის სიძლიერე დაკავშირებულია არა მხოლოდ ბგერის ძალასთან, არამედ ტემბრთანაც. ტემბრი კი, თავის მხრივ, ხმის ბგერის ობერტონულ შემადგენლობაზეა დამოკიდებული.

ტემბრი მომღერლის ხმის ხარისხის განმსაზღვრელია. კარგი სასიმღერო ხმის ტემბრს ახასიათებს სიმკვეთრე, უნარი, იქროლოს დარბაზში და „ხორცშესხმული“ ჟღერადობით გარს შემოეხვიოს მსმენელს. სასიმღერო ხმა მაშინ არის სასიამოვნო, როდესაც მისი პულსაციის სიხშირე წამში 5-6 რხევას უდრის ანუ იქმნება ეგრეთ წოდებული ვიბრატო. ვიბრატო ხმას „მფრინავ“ ხასიათს ანიჭებს და ტემბრის შემადგენელ ნაწილად აღიქმება.

როგორც ვიცით, ხმას ახასიათებს მოცულობა (დიაპაზონი), სიმაღლე (დამოკიდებულია რხევათა სიხშირეზე), სიძლიერე (რხევათა ამპლიტუდის მიხედვით) და შეფერილობა (განუმეორებელი ტემბრი).

სასიამოვნო ხმა იმგვარი ხმაა, რომლის ტემბრში ჩადებულია ყველა სიხშირე (დაბალი სიხშირიდან მაღალ სიხშირემდე). ხმის ტემბრსა და მის სილამაზეზე გავლენას ახდენს არა მხოლოდ სახმო იოგები და სუნთქვა, არამედ ადამიანის ფიზიკური მონაცემებიც. ტემბრი დამოკიდებულია სხეულის აღნაგობაზე, ფილტვების მოცულობასა და თავის ქალას ძვლების წყობაზე, მეტიც – დაღლილობის ხარისხსა და მეტყველების სიჩქარეზეც კი (რაც უფრო ნელია მეტყველება, მით დაბალია და მდიდარია ხმა). კარგი (გამართული) აღნაგობა – სწორი სუნთქვის, ხოლო სწორი სუნთქვა კარგი ხმის საწინდარია.

ტემბრმა შესაძლოა საგრძნობი ცვლილებები განიცადოს, თუ შევძლებთ ბგერის გატარებას სხეულის სხვადასხვა რეზონირებულ ნაწილში: გულმკერდში, მუცელში, კბილებში, შუბლში, კეფაში. პაროდისტები სხვის ხმების მიბაძვას სწორედ რეზონატორების მართვის საშუალებით ახერხებენ.

სპეციალისტების აზრით, შესაძლებელია „ლაპარაკი პირით“, „ლაპარაკი ყელით“, „ლაპარაკი მკერდით“ და „ლაპარაკი მუცლით“. რასთან გვაქვს საქმე? ადამიანის სხეულის მონაწილეობასთან ხმის გამოცემის პროცესში. ბუნებრივად, ხმის გამოცემისას ადამიანის მთელი სხეული ჟღერს (რეზონირებს). შინაგანი დაძაბულობის შედეგად ხმის ვიბრაციები წყვეტს სხეულში გამჭოლ მოძრაობას და მხოლოდ ყელის დონეზე რჩება („ლაპარაკი ყელით“). ეს ტემბრს მეტისმეტად აღარიბებს. „ლაპარაკი მკერდით“ ნიშნავს ხმის საშუალებით მკერდის ავსებას ვიბრაციებით, ხოლო „ლაპარაკი მუცლით“ – მუცლის ვიბრაციებით ავსებას.

თუ ხმა არასაკმარისადაა გავარჯიშებული, ვხვდებით მის შემდეგ ნაკლოვანებებს: დახშულ, ხრინწიან და არაგამომსახველ ხმას, შეზღუდულ დიაპაზონს, დაჭიმულ, ყელისმიერ ხმას… მიზეზი მრავალია. უპირველეს ყოვლისა, არასწორი რეჟიმი (თამბაქოსა და ალკოჰოლის მოხმარება, უძილობა, გაციების დროს და მის შემდეგ ხმის ძლიერი დატვირთვა, ხმამაღლა სიმღერა, ყვირილი და ა.შ.).

რაც შეეხება სუსტ, არც ისე ლამაზი ტემბრის ხმას, რეგულარული ვარჯიშის მეშვეობით შეიძლება გავაძლიეროთ ბგერა, გავაფართოოთ დიაპაზონი, ავამოქმედოთ რეზონატორები და ამით გავაუმჯობესოთ ტემბრი. მაგრამ თუ დიდი ხანია, საკუთარი ხმა მთელი სისავსით არ გამოგიყენებიათ, უნდა აღადგინოთ სახმო მუსკულატურა და თანდათან განავითაროთ ხმის მოქნილობა. ხმა ხომ მუდმივ გასუფთავებას, აწყობასა და გამოყენების შესწავლას მოითხოვს.

იმისთვის, რომ საკუთარი ხმა სიამოვნებას განიჭებდეთ, ხმის ეკოლოგიაზე მუდმივ ზრუნვას ნუ დაივიწყებთ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი