პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

ინკლუზიური  მე

მას ხშირად ვხედავდი სკოლის ეზოში, დერეფანში, ქუჩაში… მოჰყავდა დედას, მამას, ძმას, ბებიას… მისი მოახლოებისას ყველა, ვინც სკოლის შესასვლელთან  ვიდექით,  ერთდროულად ვიხრებოდით  და ფართოდ ვაღებდით ორივე კარს. ვუყურებდი ამ ცქრიალა, მოღიმარ, სიცოცხლით სავსე პატარა გოგონას და ვცდილობდი, სხეულში დავლილი ჟრუანტელისთვის რომელიმე გრძნობის სახელი დამერქმია – სიყვარული, სიბრალული,  სინანული, წყენა, უსამართლობა, აღტაცება… ვერ ვყალიბდებოდი. მალე ყუჩდებოდა ეს ეიფორია, რადგან თავით ვეშვებოდი იმ ბობოქარ ზღვაში, სკოლა რომ ჰქვია.

 15 სექტემბერი იყო. მე-5 კლასში დამრიგებლად წარმადგინეს. ბიჭებიც და გოგონებიც მოფუსფუსე, მოშრიალე და დაუდგრომელნი იყვნენ. როცა მთელი კლასი გატრუნული იყო, მაშინაც კი ისმოდა ,,ფუსფუსფუს..” ,,შრრშრრშრრრ”. ,,ახლა კი დამერხა” – გავიფიქრე და მუდმივად მათზე მეფიქრებოდა, ვის როგორ მივდგომოდი, ვისთვის როგორი ,,გასაღები”მომეძებნა და ა. შ. ყველაფერი თავისით დალაგდა. როგორც ყოველთვის,  წამალი სიყვარული, ნდობა  და გულწრფელობა აღმოჩნდა. სამი წლის წინანდელ ამბავს გიყვებით და დღემდე არსებობს საიდუმლოები, რომლებსაც ჩვენი კლასის კედლებს გარეთ არ გაუღწევია…

ერთ დღეს კლასში შევედი და იქ მარიამი დამხვდა. ეს ის ცქრიალა გოგონა იყო, ხშირად რომ ვხედავდი და გასაცნობად ახლოს მისვლა ვერასდროს გამებედა. ისიც ჩემს სადამრიგებლო კლასში ყოფილა. არ მახსოვს პირველად ვინ ახლდა. მხოლოდ ჩვენი შეხვედრა და მისი სიკეთითა და სიყვარულით ანთებული თვალები მახსოვს. ისევ აფორიაქდნენ ჩემში  გრძნობები. ვერაფრით გავარკვიე, რას განვიცდიდი, თუმცა რა მნიშვნელობა ჰქონდა, ჩემ წინ მარიამი იჯდა. ლამაზად გამოწყობილი, დავარცხნილი თმითა და მოდური ჩანთით (როგორც ყოველთვის). ჩემი სკოლაში მოღვაწეობის 7-წლიანი გამოცდილება, მასწავლებლის სერტიფიკატი, მრავალი ტრენინგი და დაგროვილი ცოდნა თუ კომპეტენცია ერთ დღეში განულდა. მე უბრალოდ არ ვიცოდი, როგორ მოვქცეულიყავი ამ საოცარი გოგონას წინაშე ისე, რომ არც ყურადღება დამეკლო და არც ზედმეტი თანაგრძნობა გამომეჩინა. ჩვენ ორიდან,  ერთადერთი ,,სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე”  მე ვიყავი. ვიდექი და გაოცებული ვუსმენდი მის მსჯელობებს, დასკვნებს, ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით გამოთქმულ აზრებს. მარიამი თავად მასწავლიდა მასთან ურთიერთობისთვის საჭირო ანა-ბანას…

იმ შრიალ-ფუსფუსებს აღარ იკითხავთ? ტაციაობა ჰქონდათ, ვინ დაჯდებოდა მარიამთან, ვინ გაასეირნებდა დასვენებაზე, ვინ უყიდდა ბუფეტში ლობიანს, ვინ დარჩებოდა მასთან სპორტის გაკვეთილზე… ეხუმრებოდნენ, ეკამათებოდნენ, ეფერებოდნენ ისე, როგორც ყველა ერთმანეთს და ,,ინკლუზიური მე” – მრავალტრენინგგამოვლილი და ინკლუზიურ განათლებასთან დაკავშირებით  ლიტერატურა წაკითხული, ვიდექი და 10-11 წლის ბავშვებისგან ვსწავლობდი…

 პ.ს. ამ კლასის დამრიგებელი აღარ ვარ, მაგრამ ჩვენ დღემდე ვმეგობრობთ. მარიამი ხშირად მწერს. როდესაც ვუთხარი, რომ ცოტა რთულია მუშაობა და მაგისტრატურაზე სწავლა ერთდროულად, მან გამამხნევა და მიპასუხა, რომ მე ძლიერი ვარ და ყველაფერი გამომივა. ჩვენ აუცილებლად წავალთ კინოში, მერე პარკში და  მარიამის სამომავლო გეგმებზე ვისაუბრებთ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი