ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

საქართველოში ქიმიის საერთაშორისო ოლიმპიადა მიმდინარეობს

 

ქიმიის რიგით 48-ე საერთაშორისო ოლიმპიადა თბილისში მიმდინარეობს. ოლიმპიადის გახსნის ცერემონიალი რუსთაველის თეატრში შედგა და მას 76 ქვეყნის 300-ზე მეტი წარმომადგენელი დაესწრო.

გახსნის ცერემონიალზე ოლიმპიადის მონაწილეებს სპეციალური სიტყვით მიესალმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი მარინე  ჩიტაშვილი, აგრარული უნივერსიტეტის რექტორი ლაშა გოცირიძე და ოლიმპიადის სამეცნიერო კომიტეტის თავმჯდომარე გაბორ მაგიარფალვი.

DSC_0154

  • ოლიმპიადის განმავლობაში ძალიან ბევრი მადლობის გადახდა მომიწევს, თუმცა უპირველესად, ჟურნალის მეშვეობით, მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს მთავრობას, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საოცრად სწრაფი გადაწყვეტილების მიღებისთვის, ბიუროკრატიის თავიდან არიდებისთვის, რაც ერთადერთი საშუალება იყო იმისა, რომ საქართველოს ოლიმპიადისთვის ემასპინძლა. ასევე, მადლობას ვუხდი საორგანიზაციო კომიტეტს უზარმაზარი სამუშაოს მცირე დროში, პროფესიონალურად წარმართვისათვისა და თავდადებისთვის. მინდა ვთქვა, რომ დღეიდან ერთი კვირის განმავლობაში ჩვენ საუკეთესო დროს გავატარებთ საქართველოში, ვისიამოვნებთ ერთმანეთის ნახვით, ასევე, ქიმიითა და გამოცდებით და ბოლოს, დარწმუნებული ვარ, სინანულით აღვნიშნავთ, თუ რა სწრაფად გავიდა ათი დღე, რომელსაც ვერასოდეს დავივიწყებთ – გახსნის ცერემონიალზე განაცხადა გაბორ მაგიარფალვმა.

13718669_1021299824657099_4367021079361628271_n

გახსნის ცერემონიალზე მისალების გარდა, მონაწილეებმა გაიცნეს ქართული კულტურა – ნახეს ეროვნული ცეკვა და მოუსმინეს მრავალხმიან სიმღერებს. ასევე, თითოეული გუნდი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, ფეხზე წამოდგომით მიესალმა ერთმანეთს. ამის პარალელურად, სცენაზე მოწყობილ, სპეციალურ ქვიშის დაფაზე, სხვადასხვა ქვეყნის დროშები ენაცვლებოდა ერთმანეთს.

  • აღფრთოვანებულები ვართ გახსნის ცერემონიით, ტრადიციული ცეკვებითა და სიმღერით. საქართველოში პირველად ვართ და ამ ქვეყნისგან ყველაფერ საუკეთესოს ველით – ბუნებას, გართობას, კერძებსა და ადამიანებს, ამბობენ საუდის არაბეთის დელეგაციის წარმომადგენლები.
  • აქამდე არასოდეს მოგვისმენია მსგავსი მრავალხმიანი სიმღერა. საოცარი იყო. იმედია, საქართველოში ყოფნის 10 დღე წარმატებით ჩაივლის, საუკეთესო დროს გავატარებთ და იმედია, ჩვენს ქვეყანაშიც მედლით დავბრუნდებით – ამბობს ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაცია.
  • 13781708_1624426787887539_3443073629103351872_n

საზეიმო გახსნის შემდეგ, ოლიმპიადის მონაწილეები საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში გაემართნენ, სადაც მოინახულეს სპეციალურად მათთვის მომზადებული საგამოცდო აუდიტორიები, დაათვალიერეს უნივერსიტეტი და სასწავლო პროცესი. ასევე, საშუალება ჰქონდათ შეეძინათ ადგილობრივი სუვენირები.

მეორე დღეს, ორშაბათს მოსწავლეების მენტორებმა თითქმის მთელი ღამე გაათენეს საგამოცდო ამოცანების თარგმნაში. ვინაიდან, ამოცანების სტილი და შინაარსი მკაცრად გასაიდუმლოებულია, მენტორებსა და მასწავლებლებს ეკრძალებათ საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენება, ასევე, ისინი ტესტირების დასრულებამდე ვერ შეხვდებიან ერთმანეთს.

13707587_1624428631220688_2437483851733661307_n

დიდი ბრიტანეთის ჯგუფის მთავარი მენტორი ბენ პილგრიმი ამბობს, რომ ამოცანები საკმაოდ რთულია და ყველა მოსწავლე მათ ამოხსნას ვერ შეძლებს: – დიდი იმედი მაქვს, რომ ჩემი გუნდი წარმატებას მიაღწევს, რადგან მთელი ჩემი დრო და ენერგია მათ მომზადებაში ჩავდე. ძალიან მომწონს ამოცანების სტილი და შინაარსი, თუმცა, რა თქმა უნდა, მეტს ვერაფერს გაგიმხელთ.

ავსტრალიის გუნდის მთავარი მენტორი ტიმ კაშმანი ამბობს, რომ ამოცანები წელს ძალიან რთულია და დიდ ცოდნას საჭიროებს. ასევე, მოსწავლეებს მოუწევთ დროის სწორი განაწილება.

13769589_1624429071220644_4015988390589553924_n

  • წარმატება ყველას სურს. აქ ყველა იმიტომაა, რომ უკან მედლით დაბრუნდეს. რა საკვირველია, ჩემს გუნდსაც ეს უნდა. მინდა ყველას ვუთხრა, რომ წარუმატებლობის შემთხვევაშიც არ დაყარონ ფარ-ხმალი. გაერთონ, კარგი დრო გაატარონ და გაიცნონ საქართველო – ამბობს კაშმანი.

სამშაბათს, 26 ივლისს მოსწავლეებს პირველი პრაქტიკული ტური ჰქონდათ. საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში მათთვის ყველაფერი მზად იყო – დანომრილი აუდიტორიები, მაგიდები და მათზე განთავსებული ყველა საჭირო ქიმიური ხელსაწყო. ტურის განმავლობაში აუდიტორიებში მხოლოდ ზედამხედველები იყვნენ და მოსწავლეებთან გარეშე პირებს ყველანაირი კომუნიკაცია ეკრძალებოდათ. შვეიცარიის მთავარი მენტორი, ალაინ ვაუჩერი განსაკუთრებული ნერვიულობით გამოირჩევა სხვა მენტორებისგან. სხვა ლოკაციაზე მყოფი მენტორი მოუთმენლად ელოდა თავისი მოსწავლეების მიერ ტურის დასრულებას:

13770357_1624446411218910_4201599909315323325_n

  • ქიმიის საერთაშორისო ოლიმპიადაში შვეიცარიიდან განსაკუთრებით ძლიერი და ნიჭიერი მოსწავლეები მონაწილეობენ. დარწმუნებული ვარ, შევძლებთ მედლის მოპოვებას, რადგან მთელი წინა პერიოდი მეცადინეობასა და მუშაობაში გავატარეთ.

ოლიმპიადის ოფიციალური ნაწილის გარდა, მოსწავლეები, მენტორები და სპეციალური სტუმრები საქართველოს სხვადასხვა ტურისტულ ღირსშესანიშნაობას ათვალიერებენ. ორშაბათს მათ მცხეთა მოინახულეს, შემდეგი ტური კი თელავში ელით.

13754633_1624429611220590_8799711918637002059_n

13726773_1624429684553916_7064722777374909857_n

  • ეს ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქალაქია, რაც კი ოდესმე მინახავს. ყველაზე მეტად აღფრთოვანებული ვარ ძველი და ახალი არქიტექტურის საოცარი შერწყმით, ქვაფენილიანი ქუჩებით. იმედია, ამ ქალაქში ოდესმე აუცილებლად დავბრუნდები – ამბობს სლოვაკეთის დელეგაციის წარმომადგენელი.
  • მჯერა, რამ მცხეთას სული აქვს და გული, რომლითაც ფეთქავს. არასოდეს მინახავს პატარა ქალაქი ამდენი განსხვავებული შენობით, არქიტექტურით, კულტურული და რელიგიური მრავალფეროვნებით სავსე – ამბობს პორტუგალიის დელეგაციის წარმომადგენელი.

ქიმიის საერთაშორისო ოლიმპიადის დასრულებამდე ხუთი დღე რჩება. ხუთი დატვირთული დღე – გამოცდებით, ექსკურსიებით, საღამოებით და დაჯილდოების ცერემონიით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი