ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

მუსიკალური სმენა: იავნანა

იავნანა, ვარდო ნანა, იავნანინაო,

დაიძინე, გენაცვალე, იავნანინაო,

ჯერ არ გათენებულაო, იავნანინაო,

ვარსკვლავები ამოსულა, იავნანინაო…

უხსოვარი დროიდან ჩვილებს იავნანას ჰანგებით აძინებდნენ. გლეხის ოჯახში ბავშვს „ნანინას“ დედა ან ბებია უმღეროდა, ხოლო თავად–აზნაურები ამ საქმეს ძიძებს ანდობდნენ. ძიძამ უამრავი „ნანინა“ იცოდა და მანამდე მღეროდა, სანამ პატარა მტირალა ღრმად არ ჩაიძინებდა.

მზისა და ნაყოფიერების ქალღმერთ ნანას სახელთან დაკავშირებული ეს უძველესი საგალობელი დროთა განმავლობაში ჩვილის დასაძინებელ სააკვნე სიმღერად იქცა.

იავნანა დედათა სიმღერაა. ამ მარტივ, მღერად მელოდიას პოეტური ტექსტით შესრულების საკუთარი მანერა აქვს. იავნანას დანიშნულებაა, ჩვილი დაამშვიდოს, რული მოჰგვაროს და დააძინოს.

იავნანა პირველი სიმღერაა, რომელსაც ჩვილი ეცნობა. შესაბამისად, მისი მნიშვნელობა ძალზე დიდია. ყველა ერს თავისი განუმეორებელი იავნანა აქვს, მაგრამ საერთო შტრიხებით: ნელი ტემპით, დამახასიათებელი ინტონაციით… ანუ დედამიწაზე იმდენი იავნანაა, რამდენიც ენა. მათში აღბეჭდილია კონკრეტული ერის ფილოსოფია, მსოფლმხედველობა, მისი მეშვეობით ბავშვი პირველად ეცნობა გარე სამყაროს.

აკვნის სიმღერების ტექსტში დედობრივი სიყვარულია გამოხატული. დედა შვილს ღიღინით ესაუბრება. მისი ხმამაღალი ფიქრი ხშირად არცთუ ისე მწყობრია, რადგან შვილთან დიალოგი იმპროვიზებულია. ტრადიციულ ფრაზას შესაძლოა ახალი მიებას, იმწუთიერმა ფიქრმა და ემოციამ რომ გააჩინა. დედები ხომ პირველი პოეტები და მუსიკოსები არიან, რომლებიც შვილების სულში პოეზიისა და მუსიკის მარცვლებს თესავენ.

აკვნის სიმღერებს მრავალმხრივი პრაქტიკული დანიშნულება აქვს. სასიამოვნო მელოდიის მოსმენა ხელს უწყობს ბავშვის სმენის განვითარებას, კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს მის გუნება-განწყობაზე. ამასთან ერთად, შვილისთვის მღერა აკმაყოფილებს ქალის დედობრივ ინსტინქტს და აბედნიერებს მას.

(მეგრული ლირიკული სიმღერებისთვის დამახასიათებელია ხმების მდორე განვითარება, ნელი ტემპი, რბილი ჰარმონიული სვლები, ხმების პოლიფონიური მოძრაობა. მეგრელ ქალთა სიმღერები მაღალმხატვრული დონით – ლირიკული სითბოთი, სინაზითა და მელოდიური რიტმული მოქნილობით გამოირჩევა)

ჩვილი ამოუცნობი არსებაა… როგორ დავამყაროთ მასთან ურთიერთობა? რომელ „ენაზე“ ვესაუბროთ, როგორ გავიგოთ, რა სურს ან როგორ ავუხსნათ, რა გვინდა მისგან? ახალგაზრდა დედა სასოწარკვეთილია: „ძუძუ მოწოვა, მშრალად და თბილადაა, რა ატირებს, კიდევ რა უნდა?“ ძველ დროში ასეთი „ენა“, რომელიც „ჩვილებს ესმოდათ“, სწორედ იავნანა იყო.

დღესაც ინსტინქტს მინდობილი დედები ღიღინით იწყებენ შვილთან საუბარს, ხელახლა იგონებენ იმას, რაც წინაპრებმა დიდი ხნის წინ გამოიგონეს. ღიღინი რეჩიტატიულია. „ნანინას“ მელოდია თითქოს უსასრულო წრეა, მაგიური ზემოქმედებით ჩვილს ღრმა ძილს რომ ჰგვრის. იავნანას რიტმი განსაკუთრებულია. დედა სიმღერის ტემპს მექანიკურად უსადაგებს საკუთარ გულისცემას. ჩვილზე მელოდიის დამამშვიდებელი ზემოქმედება სწორედ დედის გულისცემის მშვიდ რიტმს უკავშირდება. დედის განწყობა, მისი სუნთქვის რიტმი და ხმის ინტონაცია დიდ გავლენას ახდენს შვილის ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ მდგომარეობაზე. ბავშვს მუცლად ყოფნის მე-14 კვირიდან შესწევს უნარი, აღიქვას სამეტყველო სტრუქტურები და ბგერაზე რეაგირება მოახდინოს. მისთვის იავნანას სიმღერა უკვე ამ პერიოდშია შესაძლებელი. მეხუთე თვიდან პაწაწინას ბგერები ესმის და იმახსოვრებს, დაბადების შემდეგ კი დედის ნამღერს უმალვე ცნობს და მშვიდდება. ეს ხომ ის რიტმია, რომელსაც ჯერ კიდევ დაბადებამდე მიეჩვია და რომელიც მასზე დამამშვიდებლად მოქმედებს.

1982 წელს იაპონელმა მეცნიერებმა ჰიდროფონის (წყალქვეშა ბგერების მიმღების) საშუალებით განსაზღვრეს, რომ მუცლად ყოფნისას ბავშვს ყველაფერი ესმის, რაც დედის ორგანიზმში და მის გარშემო ხდება. ამასთანავე, ყველა ბგერა დახშული ხასიათისაა. ყველაზე ხმამაღალი დედის გულისცემა აღმოჩნდა. თვალის ახელამდე ბავშვი დედას მისი ხმის ვიბრაციითა და სიმღერის რიტმით აღიქვამს.

იავნანას ასეთი დამამშვიდებელი ზემოქმედება საგრძნობლად აადვილებს ბავშვის დედისგან დამოუკიდებელ პიროვნებად ჩამოყალიბების პროცესს. დიახ, სააკვნე სიმღერებს ფასდაუდებელი მნიშვნელობა აქვს ბავშვის პიროვნებად ფორმირებისთვის. სამყაროს პაწაწინა პირველად სწორედ დედის ნამღერით შეიმეცნებს.

ჩვილი იავნანას სიფხიზლისა და ძილის ზღვარზე ისმენს. სიმღერის ენა როგორც სამყაროზე წარმოდგენა მის მეხსიერებაში არაცნობიერ დონეზე აღიბეჭდება.

აუცილებელია, მშობელმა პაწაწინას მუსიკალურ გემოვნებაზე მის დაბადებამდე იზრუნოს. ზოგიერთი დედა ამას გაუაზრებლად, ნებისმიერი მუსიკის მოსმენით გააკეთებს, ზოგიც – გააზრებულად, ვინაიდან იცის, რაოდენ დიდ ზეგავლენას მოახდენს ღირებული მუსიკა ბავშვზე.

მრავალწლიანი გამოცდილება გვკარნახობს, რომ მშობლიურ მეტყველებას და მუსიკალური კულტურის ანბანს ადამიანი მგრძნობიარე სულის წყალობით ყველაზე უკეთ ბავშვობის წლებში შეითვისებს.

დღეს დედები შვილებს უფრო და უფრო იშვიათად აძინებენ იავნანათი. საკუთარ მუსიკალურ მონაცემებში დაეჭვებულნი, სააკვნე სიმღერების ნაცვლად პაწაწინებს ჩვეულებრივ მშვიდ მუსიკას ან კლასიკურ ნაწარმოებებს ასმენინებენ. უფრო ხშირად კი ბავშვებს ტელევიზორიდან გამომავალი ხმების ფონზე უწევთ ძილი. არადა, დედის ნამღერი იავნანა ხომ შეუცვლელია ბავშვის სრულფასოვანი განვითარებისთვის. გარდა ამისა, უნდა გვახსოვდეს, რომ პატარა დედის ნამღერის ყველაზე შემწყნარებელი და აღფრთოვანებული მსმენელია.

(კახური ნანებისთვის დამახასიათებელია დიდი ლირიკული სითბო, სინაზე, მინორული ელფერი, მდორე განვითარება, მელოდიურობა და მცირე დიაპაზონი)

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი