შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

“ეს წვიმა ასე ჩემს გამო შფოთავს….”

– უკაცრავად, მაგრამ მომდევნო ერთი კვირა არ აპირებს…

– აბა ერთი კვირაო? გაიხედე ფანჯარაში…

– წელსაც იგივე მეორდება, დღეს შფოთავდა, გუშინაც, ხვალ ისვენებს…

– ხვალ დაისვენოს, ნებას ვრთავ…

რაც ზემოთ დავწერე, იქიდან აზრის გამოტანა ცოტა ძნელია, არა?  ეს ჩემი და ჩემი თანამშრომლის კომენტარებია სოციალურ ქსელში მისსავე გამოქვეყნებულ სტატუსზე, სადაც ოთარ ჭილაძის ლექსს იშველიებს და ხუმრობით ამტკიცებს, რომ წვიმა, სწორედ მის გამო შფოთავს. კომენტარები სხვადასხვა დროს არის დაწერილი: ზედა ორი – ერთ წელს, ქვედა ორი – მეორე წელს. გამოდის, რომ სტატუსის ავტორი ყოველ წელს მასზე მშფოთვარე წვიმაზე წერს და ეს წვიმაც ყოველ წელს გადაუღებლად მოდის.

იმ დღესაც ასე იყო… წვიმა შფოთავდა, მგონი ცოტა ზედმეტადაც, ნიაღვარივით მოდიოდა. იქვე სახლთან სუპერმარკეტში შევედი, ჩემი ყურადღება პატარა ბიჭმა მიიპყრო, რომელიც დაბეჯითებით მოითხოვდა ლიმონათი ეყიდათ მისთვის. დედა ცდილობდა აზრი შეეცვლევინებინა და ლიმონათის წვენში გაცვლას სთავაზობდა.  არ ვიცი, ეგ ამბავი რით დასრულდა, სწრაფად ავიღე, რაც მინდოდა და მშფოთვარე წვიმას შევუერთდი.

ლიმონათი პრისტლიმ გამოიგონა. ადგა და ტკბილ წყალში გაზი გაატარა.

გაზი მაშინ ახალი ხილი იყო და ყველა მის შესწავლას ცდილობდა. ტერმინი „გაზი“ ფლამანდრიელმა მეცნიერმა ვან ჰელმუტმა დაამკვიდრა. რეაქციის შედეგად გამოყოფილი „რაღაც“ მითოლოგიურ „ქაოსს“  შეადარა. ძველ ფლამანდრიულზე „ქაოსი“ იწერებოდა და „გაზად“ იკითხებოდა. ჰოდა, მივიღეთ ქაოსი, ანუ გაზი. დღეს ეს ლათინური წარმოშობის ტერმინი საერთაშორისო გახლავთ. ვან ჰელმუტმა „ტყის გაზი“ აღმოაჩინა (Gaz Silvestre). ჩვეულებრივი ნახშირორჟანგი იყო, ხეების დაწვით გამოყოფდა და ტყის გაზადაც ამიტომ მონათლა.

მოგვიანებით, ბლექმა იმავე გაზს „ბმული“ უწოდა. კალციუმის კარბონატის დაშლის შედეგად ღებულობდა, ოღონდ გარკვეული დროის შემდეგ კვლავ საწყისი ნივთიერება იყო სარეაქციო არეში. მიხვდით ალბათ, რეაქცია შექცევადი გახლავთ. ბლექმა კიდევ თქვა, ეს გაზი თან მიდის და თან ბრუნდებაო, ანუ „ბმულიაო“.

პრისტლის დავუბრუნდეთ. წყალში, რომ გაზები იხსნება, მანამდე სხვებმაც გაიგეს. უფრო მეტიც, სტივენ ჰეიქსის მიერ გამოგონილ, გაზების შემაგროვებელ ხელსაწყოში  ნახშირორჟანგის წყლის ზემოთ შეგროვების შემდეგ მიხვდნენ, რატომ ქონდათ გაზის დიდი დანაკარგი (ნახშირორჟანგი წყალში იხსნებოდა) და წყლის ზედაპირი ვერცხლისწყლით შეცვალეს. ასე გაზის მთლიან გამოსავალს იღებდნენ, თუმცა ვერცხლისწყლის სივერაგეზე წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ. სწორედ იმ პერიოდში, ტკბილ წყალში ნახშირორჟანგის გატარებით  შეიქმნა პრისტლის მიერ პირველი ლიმონათიც.

მოგვიანებით აღმოაჩინეს, რომ წყალს შეუძლია გახსნას ჰაერში არსებული სხვადასხვა გაზი. ჰაერი შედგება აზოტისგან, ჟანგბადისგან, ნახშირორჟანგისგან (ძირითადი შედგენილობა). აზოტის ხსნადობა ყველაზე დაბალია – 1/5 მლ ერთ ლიტრ წყალზე. მეორე ადგილზე ჟანგბადია – 3,1მლ ერთ ლიტრ წყალზე. ჟანგბადის ასეთი ხსნადობის გამო წყალში სიცოცხლე არსებობს. თევზებისა და წყალქვეშა სამყაროს სხვა წარმომადგენლების სასუნთქი აპარატი ისეა მოწყობილი, რომ ისინი წყალში გახსნილ ჟანგბადს შეითვისებენ.  CO2-ის ხსნადობა ყველაზე დიდია,  87,8მლ იხსნება ერთ ლიტრ წყალში.

გაზების წყალში ხსნადობა წნევაზე და ტემპერატურაზეა დამოკიდებული. ცივ წყალში უფრო მეტი გაზი იხსნება, ცხელ წყალში ნაკლები. ვისაც თევზები ჰყავს აკვარიუმში, იცის, რომ ტემპერატურის მომატებისას თევზებს სუნთქვა უძნელდებათ, ზედაპირზე ხშირად ამოდიან და ჰაერს ყლაპავენ. ეს სწორედ ჟანგბადის გახსნის შემცირებას უკავშირდება. ჟანგბადთან და ნახშირორჟანგთან ერთად აკვარიუმში შესაძლოა გოგირდწყალბადი და მეთანიც აღმოჩნდეს. ორივე მათგანი ბაქტერიების ცხოველქმედების შედეგად წარმოიქმნება და იქ არსებულ წყალმცენარეებთან არის დაკავშირებული. გოგირდწყალბადი თევზებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, სამაგიეროდ ქიმიურ პროცესებში მონაწილეობს, რომლებიც ჟანგბადის შთანთქმით მიმდინარეობენ. მეთანი წყალში არ იხსნება და პატარა ბუშტუკების სახით ქვემოთ გრუნტში გროვდება. ორივე გაზი მოუწესრიგებელი, გასასუფთავებელი აკვარიუმის ნიშანია.

მყვინთავები, რომლებიც ღრმად ჩადიან წყალში, ე.წ. „მყვინთავების დაავადებით“ (კესონური დაავადება) იტანჯებიან (სტატისტიკით 10000 ჩაყვინთვაზე 2-4 შემთხვევა ფიქსირდება). ძირითადი  დამნაშავე ამ დროს აზოტია. ჰაერში არსებული აზოტი ორგანიზმზე ვერ მოქმედებს, ინერტულია. როცა მყვინთავი ღრმად ჩადის წყალში, ქვემოთ წნევა გაცილებით მეტია და აზოტი წნევის ზემოქმედებით მყვინთავის სისხლში იწყებს გახსნას. მყვინთავის ორგანიზმი თანდათან აზოტით გაჯერდება. რა მოხდება, თუ მყვინთავს უცბად ამოვიყვანთ წყლიდან? ანუ წნევას მკვეთრად შევამცირებთ? მისი სისხლი თითქოს ადუღდება, დაახლოებით ისე, თითქოს გაზიან ბოთლს მოხსნეს საცობიო, გაზი გამოსვლას იწყებს, ბოთლი თითქოს დუღს. მის სისხლში წარმოიქმნება აზოტის ბუშტუკები, რომლებსაც სისხლძარღვების დახშობაც და ზოგ შემთხვევაში გახეთქვაც შეუძლიათ. ამიტომ მყვინთავები სიღრმიდან ნელა და შესვენებით  ამოდიან. ასე ზედმეტი აზოტი, ფილტვებიდან გამოსვლას ასწრებს.

გაზების ხსნადობაზე წყლის მარილიანობაც ახდენს გავლენას. რაც უფრო მეტია მარილი, მით ნაკლები გაზი შეიძლება გაიხსნას მასში. ერთ ჭიქაში მარილიანი წყალი ჩავასხათ, მეორეში – გაზიანი. შემდეგ ამ უკანასკნელს   მარილიანი წყალი დავამატოთ, დაინახავთ, მარილი გაზს ჭიქიდან როგორ გამოაძევებს. ისრაელისა და იორდანიის საზღვარზე ცნობილი მკვდარი ზღვაა. ყველაზე მარილიანი ტბა გახლავთ. მაღალი მარილიანობის გამო მასში არავინ ცხოვრობს, ამიტომ მკვდარი ქვია. თუ ადუღებამდე მისულ წყალს მარილს დავამატებთ, ის „აბობოქრდება“, რადგან მარილის დამატება წყლიდან გაზების გამოძევებას დააჩქარებს. მარილის დამატება წყლის ადუღებას პირიქით ანელებს, უბრალოდ ვიზუალური ეფექტი აქვს დუღილის, რადგან გაზების ინტენსიური გამოსვლა მიმდინარეობს.

ჩინეთში ჩაის დასაყენებელი წყლის ადუღებას ყოველთვის დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ. ძველ ტრაქტატში წერია, რომ, როცა ცეცხლზე შედგმულ ჩაიდანში კიბორჩხალას თვალი წარმოიქმნება, ანუ წვრილი ბუშტუკები ფსკერიდან ზემოთ თითო-ოროლად ამოსვლას დაიწყებენ, ეს დუღილის პირველი სტადიაა. შემდეგ, ბუშტუკები იზრდებიან და მეორე სტადია იწყება. ეს თევზის თვალია. მესამე სტადიაზე  ჩაიდნის კედლებზე მარგალიტის ძაფები იბმება, ჩაიდანი შეშფოთდება და სწორედ ეს არის ნამდვილი დუღილი. ზუსტად ამ დროს უნდა დააყენო ჩაი, თორემ მერე უკვე მეოთხე სტადიის ტალღები  წავა და ამ დროს წყლის გემო უკვე ფუჭდება. მისგან გახსნილი ჟანგბადი სამუდამოდ მიდის. გარდა ამისა, წყალი მარილებსაც შეიცავს და თუ დიდხანს ავადუღებთ, წყლის ნაწილი აორთქლდება, დარჩენილ წყალში კი მარილის კონცენტრაცია გაიზრდება.

აი, იმ ტბიდან უცნაური ხმები ისმის, თითქოს ვიღაც იღრინებაო. ტბის თავს  იდუმალი თეთრი ღრუბელი ფარავს. ცოტა ხანში სრულიად გაუფრთხილებლად წყლის უზარმაზარი ნაკადი ამოხეთქავს. რამდენიმე წუთში კი ახლო-მახლო მოსახლეობის ნახევარზე მეტი გრძნობას დაკარგავს, მოგვიანებით ნაწილი კვლავ გონზე მოდის, თუმცა 1700 ადამიანი დაიღუპება.

არა, საშინელებათა ფილმის შინაარს არ გიყვებით. ეს კამერუნის  ჩრდილოეთ-დასავლეთით ტბა ნიოსთან მოხდა. 1986 წლის 21 აგვისტოს, საღამოს რვის ნახევარზე. ტრაგედიის შემდეგ, სამეცნიერო გამოძიება დაიწყო.

რა მოხდა ტბაზე?

ტბიდან 240000 ტონაზე მეტი ნახშირორჟანგი გამოთავისუფლდა. პირდაპირ ზედაპირზე ამოიფრქვა. ამის მიზეზი ის იყო, რომ ტბაში წყლის დონე მოულოდნელად ერთი მეტრით დაეცა. ნახშირორჟანგის სიმკვრივე ჰაერთან შედარებით 1.5 მეტია. ამ გაზით დაიფარა ტბის მიმდებარე ტერიტორია. შედეგად უამრავმა ადამიანმა ჟანგბადის უკმარისობის გამო გრძნობა დაკარგა, 1700 კი – გარდაიცვალა.

ნიოსის ტბა გამყოფ ხაზზე მდებარეობს და კრატერული წარმოშობისაა. მისი ზედაპირული სივრცე 1.48კმ2-ია,  ვერტიკალურად შეკვეცილი კონუსით, სიღრმე 210მ-ია. წყალქვეშ ნახშირორჟანგი მუდმივად შემოედინება, შემოდინების სიჩქარე დაახლოებით 10მ3/წუთში. ტბაში დაახლოებით 1.5კმ3 გაზი შეიძლება იყოს გახსნილი.

გადარჩენილები იხსენებდნენ, რომ უბედურ შემთხვევამდე რამდენიმე დღე გადაუღებლად წვიმდა. წვიმა ცივი იყო და  შფოთავდა…

ერთ-ერთი თეორიის თანახმად, ცივმა წვიმამ წყლის ზედაპირის სიმკვრივის მომატება გამოიწვია, რამაც ქვედა ფენებში დაგროვილი  გაზი ზემოთ გამოდევნა.

გაზის წარმოქმნის ერთ-ერთი მექანიზმი შემდეგი იყო: ქვედა ფენებში არსებული რკინის (II) ჰიდროკარბონატი დაჟანგვის შედეგად წარმოქმნიდა რკინის (III) ჰიდროქსიდს და ნახშირორჟანგს.

4 Fe(HCO3)2+O2+2H2O=4Fe(OH)3+8CO2

ტრაგედიის შემდეგ ტბაში ფართოპირიანი პოლიეთილენის მილი იქნა ჩამონტაჟებული, რომელიც წყლის მოძრაობას უზრუნველყოფს და გაზის საშიში კონცენტრაციით დაგროვებას აფერხებს.

ტბამ  „მკვლელი ტბის“ სახელი მიიღო, მაპროვოცირებლად წვიმა მოგვევლინა…

შფოთავდა… რამდენიმე დღე გადაბმულად…

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი