ხუთშაბათი, მარტი 28, 2024
28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

სოფელი. წასვლა. სოფელი.

ამას წინათ დამპატიჟეს საღამოს დისკუსიაში თემაზე „ჩამოსულები”. არ და ვერ მივდივარ. ჯერ ერთი: ამგვარ ტელედებატებს სულ ვერიდები და მეორეც – ამ დროს კავთისხევში ვიქნები, ბიბლიოთეკა უნდა დავაფუძნოთ. ჩემი დაპატიჟება ალბათ დილით ჩემსავე დაწერილ სტატუსს უკავშირდებოდა: „ცხოვრება, იმითაცაა საინტერესო, რომ ერთი მხრივ გუშინ აინშტაინის ნაწისანასწარმეტყველები გრავიტაციული ტალღების არსებობა დადასტურდა, მეორე მხრივ, ხალხი მთელი ღამე განიხილავდა, შეიძლება თუ არა რაიონიდან ერთი თვის ჩამოსულ ჟურნალისტს ხელში მიკროფონი ეჭიროს. საინტერესო კი იმიტომაცაა, რომ ირონიის გარეშე – ორივე თემა მნიშვნელოვანია”.

თემიდან განრიდებად რომ არ ჩამეთვალოს, აქვე დავძენ, რომ არ მგონია „ჩამოსულების” ამხელა რეაქცია და ილია, აკაკი, ვაჟა და სხვების „ჩამოსულობის” მოხმობით თავის დაცვა იყოს საჭირო. არასდროს მიგრძნია თავი ვინმეზე ნაკლებად დაბადების ადგილის, გეოგრაფიული არეალის მიხედვით და რაც მთავარია და ხშირად გამოგვრჩება – არც ის ადგილი მგონია სხვა ადგილებზე ნაკლები. ყველგან სრულფასოვანი ვარ, ნიუ-იორკშიც და ზემო სურებშიც, რადგან ვიცნობ შოთა რუსთაველს, რომელმაც თქვა: „თუ თავი შენი შენ გახლავს, ღარიბად არ იხსენები”.

***

მაგრამ სანამ საკუთარ თავს იპოვი, ბევრია სახეტიალო. გარეთაც. მეტიც, თუ საკუთარი თავის პოვნა გინდა, გარეთ უნდა იხეტიალო. როცა შენი თვალის ფსკერი ბევრ ადამიანს დააგროვებს, მერე შეგიძლია მზერა ჩაიბრუნო. თუმცა იმას, რასაც ხედავ, შეიძლება ანარეკლია – სხვების თვალებში წაკითხული საკუთარი თავის. ამიტომაც მალევე გამოდიხარ გარეთ – იმ ოთახებს საიდუმლოდ ტოვებ. ის საიდუმლო ხარ შენ. ტაბუმ შექმნა ადამიანი. ისეთი ადამიანი, როგორიც მე და შენ ვართ. არ ვამბობ, რომ ასე უკეთესია ან უარესი. თავისუფლება, ამ სიტყვის სრული გაგებით, ჯერ კიდევ სახიფათო გაუგებრობაა. არ ვიცი, მივალთ თუ არა იქამდე, ან გვინდა თუ არა იქ მისვლა, ან საჭიროა თუ არა.

 ***

   სოფელი ბადებს ოცნებას.  წასვლის და გამარჯვების სურვილს. როცა იქ ცხოვრობ, დამარცხებულად დაბადებული გგონია თავი. ვალინკის გადანაჭერი იცით? ეს არის კალოშად ქცეული ვალინკა (გვახსოვს ქართული შესატყვისებიც, უბრალოდ აქ და ახლა, რატომღაც არ უხდება). ეს გადანაჭერი ტალახმიცხებულია. არასდროს რეცხავენ. ჩაიცვამ და გახვალ შარაზე, წუხელმანქანაგავლილ შარაზე. ნაბორბრალში ჩამდგარი გუბე რომ ცას ირეკლავს – ეგ არის სოფელი. ადამიანისთვის ყველაზე რთული სიმშვიდის გაძლებაა, საკუთარ თავთან დარჩენის გაძლება. ამიტომაც გვიყვარს შორიდან სოფელი, ვაქებთ და „აუ, რა ჯობიას’’ გავიძახით. იშვიათია სოფლით ბედნიერი ადამიანი. სიმშვიდის გამძლები ადამიანი. ასეთი ადამიანი სახეზე იცნობა. ოღონდ მოყოლა ვერ გაწვდება მათ სახეს – უნდა ნახო.

***

არაფერია იმაზე რთული, ვიდრე სველი შეშით ცეცხლის დანთება. სიზიფეს საქმის ნათესავი ამბავია. ვისაც სოფლად უცხოვრია, იოლად მიხვდება. დიდხანს უნდა იწვალო,  ძველი წიგნის ქაღალდი მიაშველო, გამოაშრო. თუ გაქვს ხმელი ერთი ღერი მაინც – მიაშველო. კვარი ან „სალაირკა’’ ლიმონათის მიწისფერი ბოთლიდან. და ბოლოს მოეკიდება. საათების მერე. ამ ცეცხლით ვერ თბები, უბრალოდ გიხარია, რომ დაინთო.  ჩემი ცხოვრებაც ძალიან დაემსგავსა ამ ამბავს – არავის დაუხვედრებია გამთბარი ოთახი, მეტიც, არც მშრალი შეშა ღუმელის დასანთებად. სადაც მივედი, ყველგან ნედლი, გაჟღენთილი დამხვდა, დიდხანს ვუკიდებდი და როცა ცეცხლი ინთებოდა,  გავდიოდი ოთახიდან. სხვები თბებოდნენ. შედეგით ტკბობა და რამე სარგებლის მიღება ჩემი ვნება არ არის. მხოლოდ დანთება. თუნდაც სველი შეშით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი