სამშაბათი, აპრილი 16, 2024
16 აპრილი, სამშაბათი, 2024

ფიქრნი მკვდრის პირას

გამთენიისას, ჯერ კიდევ ძილის ღმერთის სამფლობელოში მყოფს, ქვეცნობიერად ამეკვიატა, რომ ფილტვის სიმსივნე მქონდა. როგორც ჩანს, ამით მორფეოსიც გაერთო და გამოღვიძების საშუალება არ მომცა, დიდხანს მაწრიალა. ბოლო ხანს რამდენჯერმე შემომიტია იპოქონდრიამ. ბედნიერმა ადამიანებმა არ იციან, იპოქონდრია რა არის. ეს ის მდგომარეობაა, როცა არაფერი გჭირს და თან ყველაფრით ხარ ავად, უფრო სწორად, გონებას გიღრღნის ეჭვი, რომ შენს სხეულში რომელიღაც ვერაგი დაავადება დაბუდებულა.

დიდი ხანია, სიზმრებს გამდინარე წყალს აღარ ვუამბობ. ესეც რომ არა, კიბოს ამბავი სულაც არ ყოფილა სიზმარი. ეს ძილში შემოჭრილი აზრი გახლდათ, რომელიც ზაფხულის ცხელ ღამეს ოთახში შემოფრენილი კოღოსავით გულის გამაწვრილებლად ჩამწუოდა ყურებში. გუნების გამოკეთება ჯერ Guns and Roses-ის November rain-ით ვცადე, რომელიც აქამდე უებარი წამალი იყო ასეთ დრო-ჟამს, მერე კი, როცა „ნოემბრის წვიმამ“ არ გაჭრა, ვიფიქრე, რამე უროსმაგვარი მომიხდება-მეთქი და უშაქრო, მაგარი ყავა დავლიე. ოციოდე წუთის შემდეგ მივხვდი, რომ სიკვდილის შიში კვლავაც სვავივით დამტრიალებდა თავს და თუ წამით თვალს მიეფარებოდა, ვიცოდი, რომ იქვე, შორიახლოს, იჯდა ხეზე და მალე ისევ გამოჩნდებოდა.

მამაჩემს დავურეკე, რომელმაც ჩემი დაჟინებული ზარის გამო პაციენტის კონსულტირება შეწყვიტა და, ბოლოს და ბოლოს, მიპასუხა.

– მგონი, კიბო მაქვს, – ვუთხარი სალმის მაგივრად.

– შენც დილა მშვიდობის.

– ძალიან უშნოდ მახველებს, – არც ამჯერად შევიწუხე თავი სალმისთვის.

– დათო, ნუ გაქვს თავზე ამხელა წარმოდგენა. ამსისქე კიბოიანები არ არსებობენ. ეწევი ისევ? – ზურაბმა ორი კურდღლის დაჭერა სცადა: ჩემს ღიპსაც გაჰკრა კბილი და მისთვის ტაბუდადებული თემაც ხელახლა დააყენა დღის წესრიგში. მამაჩემისთვის კაცობრიობის პირველი მტერი სიგარეტია, მეორე კი ადოლფ ჰიტლერი, ოსამა ბინ ლადენი და ისლამური სახელმწიფო ერთად.

– არა, – ისე ვიცრუე, სინდისს ოდნავაც არ შევუწუხებივარ.

– არადა, მარლბორო დაბრუნებულა, – იხუმრა ზურაბმა. ცხადი იყო, ჩემი ნათქვამი სერიოზულად არ მიუღია, რადგან ბოლო თვეების განმავლობაში არაერთი ასეთი დიალოგი გვქონდა, მაგრამ, რომ დავემშვიდებინე, ანალიზების ასაღებად დამიბარა.

სახლიდან გამოსვლისთანავე მივხვდი, რომ თუ ქვეყნად სამართალი არსებობდა, ასეთ მზიან ამინდში კიბოს დიაგნოზი არ უნდა დაესვათ. ამან ოდნავ დამამაშვიდა. ჯიბიდან მექანიკურად ამოღებული თითქმის სავსე სიგარეტის კოლოფი აფორიაქებულმა მოვისროლე სანაგვე ურნაში და საკუთარ თავს პიროვა დავუდე, ოღონდ ჯანმრთელი ვიყო და აღარ მოვწევ-მეთქი.

ავად მენიშნა, რომ ტაქსის მძღოლი, რომელიც მტკვრის მარცხენა სანაპიროზე აწვდილი ალვის ხეების ჩრდილებზე მიმაქანებდა, უბრად იჯდა და მაშინღა ამოიღო ხმა, როდესაც რადიოში წინასარჩევნო კამპანიის გამო ატეხილი ამბავი ახსენეს. არც ის მესიამოვნა, გზად ჩვეული საცობები რომ არ დამხვდა და სანაპირო ისე გავიარე, თითქოს საპრეზიდენტო კორტეჟში ვმჯდარიყავი. სამყარო ცდილობდა, რაღაც ენიშნებინა ჩემთვის.

რაზე ვფიქრობდი იმ დროს? რაზე მწყდებოდა გული? ალბათ იმაზე, რომ „შურისმაძიებლების“ მომდევნო სერიას ვერ ვნახავდი; ვერ გავიგებდი, ტარგარიენია ჯონ სნოუ თუ მართლა იმ ცხონებულის ცოლისგან მარცხნივ გახედვის ნაყოფი; ვერ დავინახავდი დონალდ ტრამპის სახეს, როდესაც საპრეზიდენტო არჩევნებს წააგებდა და კუდამოძუებული დაბრუნდებოდა თავის უგემოვნოდ მოოქრულ ბუნაგში. როგორც ეგოიზმით მოწამლულმა ადამიანმა, ოჯახის წევრებზე ფიქრი ბოლოსთვის მოვიტოვე, დაახლოებით ისე, ვასო ჩორგოლაშვილი რომ ამოდებს სოსოს ნაშრომს სხვა საქაღალდეების ქვეშ.

სანამ ლაბორატორიის თანამშრომელი ჩემი თითიდან მაქსიმალური ინფორმაციის გამოძალვას ცდილობდა, თითი კი შეძლებისდაგვარად უძალიანდებოდა, ვიხსენებდი ამავე კლინიკაში ბავშვობის დროინდელ ვიზიტებს. მაშინ კედლებზე „აბა, დამაცადეს“ გმირები ეხატა და აცრისთვის მოსული, იძულებით ვათვალიერებდი. ალბათ ამიტომ იყო, ეს მულტფილმი ჭირის დღესავით რომ მძულდა. იმხანად სიკვდილზე ცოტა რამ ვიცოდი. ხანდახან სახლის ფანჯრიდან ვუყურებდი, როგორ ჩაატარებდნენ ქუჩაზე მწოლიარე ადამიანს, რომელსაც სახეზე მოშავო-მომწვანო ფერი დასდებოდა. მახსოვს, რომ პროცესიას ყოველთვის ბოლომდე ვადევნებდი თვალს, სანამ მიცვალებულს რობერტის, მეტსახელად კუბოს, ავტობუსში არ შეასრიალებდნენ და ისიც სტიქსის მეორე ნაპირისკენ არ დაიძვრებოდა.

ცოტა ხანში მამაჩემმა თერაპევტის კაბინეტში ამომაყოფინა თავი. სერიალი Breaking Bad გამახსენდა. „რა რეაქცია მექნება, ექიმმა, უოლტერ უაიტივით, კიბოს დიაგნოზი რომ დამისვას?“ – ვეკითხებოდი საკუთარ თავს.

– ეწევით? – მკითხა თერაპევტმა და ვიგრძენი, როგორ ამიწვა მამაჩემის მზერამ მარცხენა ლოყა.

– არა. აღარ.

– დიდი ხანია, თავი დაანებეთ?

რა თქმა უნდა, ვერ ვეტყოდი, ამ დილას–მეთქი.

– არა, დიდი ხანი არ არის.

– მაინც რამდენი ხანია?

– დიდი ხანი არ არის, – გავუმეორე შემაღლებული ტონით და მივახვედრე, რომ ამაზე საუბარი უნდა დაესრულებინა.

ვერდიქტის გამოსატანად ექიმს სულ 15 წუთი დასჭირდა, სამაგიეროდ, მოსამართლის ომახიანი ხმით დამძახა: „ჯანმრთელი ხართ. ხველა გაციების ბრალია“.

ვიდეოთამაშში, როდესაც რინგზე მოწინააღმდეგეს უბათქუნებ, რაც უფრო მეტადაა სავსე შენი სიცოცხლის ხაზი, მით უფრო თამამად მოქმედებ. ცდილობ, ილეთები გაიხსენო: „წინ, წინ, სამკუთხედი“ ან „უკან, წინ, უკან, იქსი“. მაგრამ როდესაც სიცოცხლის ხაზი ილევა, თითქოს ცხოვრების ჯანსაღ წესს მისდევ – კლასიკურად იბრძვი: ფეხი, მუშტი. ცხოვრებაშიც ასეა: საკმარისია გითხრან, რომ ჯანმრთელი ხარ, გგონია, სამუდამოდ ასე იქნება, ამიტომ აგრძელებ ან იწყებ ექსპერიმენტებს საკუთარ თავზე.

უკვე გამოდღევებულიყო. კლინიკიდან გამოსულმა, ხარბად ჰაერის ხვრეპა შევწყვიტე, რადგან ვიცოდი, კიდევ ბევრჯერ შევძლებდი იმავეს გაკეთებას. შუქნიშანთან საცობი იდგა. „მწყურია“, – გავიფიქრე. მაღაზიაში შევედი, მაცივარში ხელი ბოლომდე შევყავი და ყველაზე ცივ ბოთლს დავწვდი.

– სულ ესაა? – მკითხა მოლარემ.

რამდენიმე წამს უსიტყვოდ ვუყურე, რადგან ასეთი ფუფუნების საშუალება მქონდა, მიუხედავად იმისა, რომ ზურგს უკან შესამჩნევი რიგი იდგა – ჩემი ცხოვრების ხაზი ხომ ჯერ სავსე იყო. მალე „კაპიტანი ამერიკას“ მესამე ეპიზოდი გამოვიდოდა. ბოლოს გავუღიმე და ვუპასუხე:

– და ერთი წითელი მარლბორო.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

გმირი თუ დამნაშავე

ენა, რიტუალი, კერძი

 ესკიზები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი