პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

ჟაკ პრევერი – „როგორ უნდა დახატო ჩიტის პორტრეტი“

 

თუ გინდა, ტექსტის აზრი გაიგო,  მასში  უნდა  „შეხვიდე“… თვალები უნდა დახუჭო და მიჰყვე ინსტრუქციას… ასეთ დროს სიტყვები არ არის უბრალოდ ცნებები, ისინი იქცევიან ვიზუალურად, კინემატოგრაფიულ კადრებად… ცოცხლდება ტექსტი და შენ მასში მხოლოდ თანამონაწილე კი არა, თანაშემოქმედი ხარ და თუმცა ტექსტი-ინსტრუქცია ყველასთვის ერთია, ჩვენ ვიღებთ იმდენ ამბავს, რამდენი მკითხველიც ჰყავს ამ ტექსტს.

აი, ასეთი ლექსია ჟაკ პრევერის „როგორ უნდა დახატო ჩიტის პორტრეტი“.  წარმოსახვის გარეშე ამ ლექსს ვერ წაიკითხავთ და თუ წაიკითხავთ, ვერ იგრძნობთ და ვერაფერს გაიგებთ. როცა პოეზიის ლექციაზე სტუდენტებთან ერთად ეს ლექსი წავიკითხეთ, ძალიან შემოქმედებითი გამოვიდა. ლექსი იწყება ასე:

ჯერ დახატე
კარღია გალია,
მერე დახატე
რაიმე ლამაზი,
რაიმე მარტივი,
რაიმე მიმზიდველი,
რაიმე სასარგებლო –
ჩიტისათვის…

თითოეულმა სტუდენტმა დაწვრილებით აღწერა საკუთარი წარმოსახვა: როგორი გალია დახატეს და რა შეურჩიეს გალიაში ჩიტს…  მრავალფეროვანი კადრი გამოგვივიდა… შემდეგი ეპიზოდი იყო, რომ გალია უნდა გაეტანათ ან ტყეში, ან ჭალაში, ან ბაღში და ტილო ხეზე უნდა მიემაგრებინათ, ხოლო თვითონ ხის უკან უნდა დამალულიყვნენ.

ეს კადრიც შთამბეჭდავი გამოვიდა: ყველამ აირჩია სხვადასხვა ხე, სხვადასხვაგვარად დაიმალნენ: ზოგი ხეს ნახევრად ამოეფარა, რომ გალიისთვის თვალი არ მოეშორებინა, ზოგი – ხეზე ავიდა და ფითლებში შეიმალა, ზოგმა – ცხვირწინ დაიკიდა გალია და სულმოუთქმელად დაელოდა ჩიტის მოფრენას…

შემდეგ უკვე იწყებოდა ლოდინი… არავინ იცოდა, როდის მოფრინდებოდა ჩიტი და მოფრინდებოდა თუ არა ის საერთოდ… მაგრამ მთავარი იყო, რომ მხნეობა არ უნდა დაგეკარგა… ამ ეპიზოდში კი ზოგ სტუდენტს მოთმინებამ უმტყუვნა: „დიდხანს ვერ დაველოდები, თუ მოსვლა უნდა, დროზე  მოვიდეს… „ ზოგი კი თანახმა იყო, რომ არ დანებებოდა და უსასრულოდ დალოდებოდა ჩიტის მოფრენას…

ტექსტი იძლევა იმის საშუალებას, რომ თავად გადაწყვიტო, მოფრინებოდა თუ არა ჩიტი… და ვისი ჩიტიც მოფრინდებოდა, იწყებოდა ახალი ეპიზოდი:

ჩიტი რომ მოფრინდება
(თუ მოფრინდება),
დააკვირდი უძირო სიჩუმეს,
დაიცადე, სანამ ის გალიაში შევა,
და როცა შევა,
კარი ფუნჯით ფრთხილად მიკეტე…

აბა, წარმოიდგინეთ, ხეზე ჩამოკიდებულ დახატულ გალიაში შედის ჩიტი და თქვენ კი ფუნჯით ფრთხილად კარი უნდა მიხუროთ.

ყველაზე მთავარი კი შემდეგ ისაა, რომ ამავე ფუნჯით გისოსების წაშლას იწყებთ და ჩიტს ხეზე შემოსვამთ, ყველაზე ლამაზ ტოტზე დაასკუპებთ, არ უნდა დაგავიწყდეთ:

დახატე აგრეთვე ფოთლების სიმწვანე,
ქარის სიგრილე,
მზის ათინათი
და ზაფხულის ხვატში
ბალახში მოფუთფუთე მწერების ხმები…
შემდეგ კი დაელოდე,
როდის დაიწყებს ჩიტი გალობას.

ფინალური კადრია: ჩიტმა გალობა უნდა დაიწყოს… თუ შენი ჩიტი დადუმდა და გაჯიუტდა, ეს კარგის ნიშანი არ არის… ნიშნავს, რომ პორტრეტი ჯერ არ დაგისრულებია, მაგრამ თუ ჩიტმა გალობა დაიწყო, ეს კარგის ნიშანია და იმას ნიშნავს, რომ პორტრეტი დასრულებულია და შენ, როგორც შემოქმედს, ერთი მოქმედების შესრულება დაგრჩა: ბეჭედი დაუსვა და ხელი მოაწერო პორტრეტს კუთხეში, ამისათვის მისი კუდიდან ბუმბული უნდა ამოაძრო…  და აქ შექმნა დასრულდებულია, შენი ჩიტი კი ამიერიდან სულ იჟღურტულებს და არასდროს შეწყვეტს გალობას…

ამ ლექსის წაკითხვისა და წარმოსახვის შემდეგ კი თქვენი ცხოვრებაც შეიცვლება, რადგან ეს უბრალო ლექსი არ არის, ეს – მედიტაციაა… ეს არის თავისუფალი ცურვა და შემოქმედის ძალა, მოცემულობიდან საუკეთესო ვარიანტი ამოირჩიოს… თქვენ და მხოლოდ თქვენ აკეთებთ არჩევანს აქ, ამ ნახატის შექმნის დროსაც და ცხოვრებაშიც… თქვენ აგებთ პასუხს იმაზე, მოფრინდება თუ არა ჩიტი და იგალობებს თუ არა…

ამ ლექსზე ბევრი ისტორია წავიკითხე, მრავალი ინტერპრეტაცია, სტუდენტებისგანაც სრულიად განსხვავებული ვერსიები მოვისმინე და ალბათ ბევრი დაიწერება კიდევ და თითოეული იქნება უნიკალური…

ერთი უცნობი ავტორის ვრცელ ესეს გადავაწყდი, „ანტი-პრევერი“ ერქვა, მოკლედ მოგიყვებით: „მე ვერ ვიტანდი პრევერს, მისი გულუბრყვილო, ბავშვური მზერის გამო, იმის გამო, რომ რასაც ის წერდა, ასე უბრალოდ არ არსებობდა ცხოვრებაში: არც ისეთი სიყვარული, არც ისეთი სიბრძნე, არც ისეთი ჩვეულებრივი სასწაულები… და განსაკუთრებით ვერ ვიტანდი მის ლექსს – „როგორ უნდა დახატო ჩიტის პორტრეტი“. იქნებ იმიტომ, რომ ჩუმად,  საიდუმლოდ მინდოდა, რომ სახლში მყოლოდა ჩიტი… ისეთივე თავისუფალი, როგორც ეს პრევერის ლექსში იყო, მაგრამ მე არ ვენდობოდი პრევერს და ამიტომაც ვერ ვიტანდი, განსაკუთრებით კი მის ლექსს – „როგორ უნდა დახატო ჩიტის პორტრეტი“.

ერთხელაც გადავწყვიტე, რომ ყველასთვის დამემტკიცებინა, როგორ ტყუოდა პრევერი, რომ სასწაული არ არსებობდა, რომ ჩიტები ვერ მოფრინდებოდნენ გალიაში, მით უფრო, დახატულში… და დავხატე გალია…არც ისეთი ლამაზი… უბრალო რკინის გალია იყო, მასში არაფერი იყო „ლამაზი, მიმზიდველი ან სასარგებლო ჩიტისთვის“. გალია არც ბაღში გამიტანია და არც ტყეში, ნახატი ფანჯრის რაფაზე მოვათავსე და დავიწყე ლოდინი იმ იმედით, რომ ჩიტი არ მოფრინდებოდა… ამ იმედითვე მიმეძინა… მაგრამ უეცრად გამომეღვიძა და დავინახე, რომ გალიაში ჩიტი იყო….. „  და ასე შემდეგ…

ახლა კი ამ ლექსს მთლიანად გთავაზობთ… გთხოვთ, წაიკითხოთ და მერე მიამბოთ, როდის აჭიკჭიკდა თქვენი ჩიტი და რას ნიშნავს ჩიტის გალობა თქვენთვის?

https://lib.ge/books/774

როგორ უნდა დახატო ჩიტის პორტრეტი

 

ჯერ დახატე
კარღია გალია
მერე დახატე
რაიმე ლამაზი
რაიმე მარტივი
რაიმე მიმზიდველი
რაიმე სასარგებლო
ჩიტისათვის
მერე ტილო ხეზე მიამაგრე
ბაღში
ტყეში
თუნდაც ჭალაში
თვითონ კი ხეს მოეფარე
არ გაინძრე
არ იხმაურო…
ჩიტი ხან მალე მოფრინდება,
ხან კი წლობით გალოდინებს,
სანამ გამოჩენას ინებებს…
ლოდინისას
მხნეობა არ დაკარგო,
ელოდე თუნდაც წლობით,
ჩიტის მოფრენამდე გასული დრო
პორტრეტის ღირსებაზე არაა
დამოკიდებული.
ჩიტი რომ მოფრინდება
(თუ მოფრინდება),
დააკვირდი უძირო სიჩუმეს,
დაიცადე, სანამ ის გალიაში შევა
და როცა შევა,
კარი ფუნჯით ფრთხილად მიკეტე,
მერე სათითაოდ წაშალე
ყველა გისოსი
ისე, რომ ჩიტის ერთი ბუმბულიც არ შეარხიო.
მერე დახატე ხე,
შეურჩიე ჩიტს
მისი ყველაზე ლამაზი ტოტი,
დახატე აგრეთვე ფოთლების სიმწვანე,
ქარის სიგრილე,
მზის ათინათი
და ზაფხულის ხვატში
ბალახში მოფუთფუთე მწერების ხმები…
შემდეგ კი დაელოდე,
როდის დაიწყებს ჩიტი გალობას.
თუ ჩიტი არ გალობს,
ეს ცუდის ნიშანია,
ნიშანი იმისა, რომ პორტრეტი არ გამოვიდა,
მაგრამ თუ ის გალობს, ეს კარგის ნიშანია,
ნიშანი იმისა, რომ პორტრეტი დასრულებულია.
მაშინ ძალიან ფრთხილად ამოაძვრე
ჩიტს ერთი ბუმბული
და სურათს კუთხეში შენი სახელი მიაწერე.

(თარგმანი   ლია მეტრეველის)

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი