პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

მე მქვია საზოგადოება

ალბათ იშვიათად მოიძებნება ადამიანი, რომელიც მშვიდად გაიხსენებს იმ დროს, როცა საკლასო ოთახში საზოგადოებასთან ურთიერთობის პირველ გაკვეთილებს გადიოდა. ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლებლის დასრულებიდან თხუთმეტიოდე წლის შემდეგ ჩემი ცხოვრების მატარებელი ისევ სკოლის კართან გაჩერდა და აღმოვაჩინე, რომ ამ ხნის მანძილზე ურთიერთობების თვალსაზრისით არაფერი შეცვლილა. ახლაც არსებობენ მომხიბლავი და გავლენიანი ლიდერები და მასხრად აგდებული უიღბლოები. ჩემთვისაც უამრავჯერ გაუკრავთ კბილი კლასის ფავორიტს და მის ამალას, მიზეზად ჩემს სახეზე გაზაფხულის დადგომისთანავე გაკვირტული ჭორფლებიც ჰყოფნიდათ. ვინ მოთვლის, რამდენი ვაზის ცრემლი და კიტრის ნაფცქვენი დამიხარჯავს მათ მოსაშორებლად. ახლა კი რამდენჯერაც სარკეში თვალს მოვკრავ, ლამისაა ბოდიში მოვუხადო, დარდისგან ჩამქრალ–მილეულებს, ჩემი შვილის გაზაფხულში გადაბარგებულებს.

 

****

მოსწავლეების უმეტესობას უჭირს სასკოლო სოციუმში თვითდამკვიდრება. ამის მიზეზად შეიძლება იქცეს: სპეციფიური გარეგნული მახასიათებელი (გრძელი ცხვირი, წითური თმა…), დაბალი თვითშეფასება, განუვითარებელი სოციალური უნარ–ჩვევები, გადამეტებული სიმორცხვე და თვითგამოვლენის შიში, თვითგანვითარებისა და საზოგადოებისადმი გამოვლენილი გულგრილობა, ჰიპერაქტიურობა და სხვ.

თანამედროვე ბავშვი ვის არ მოხიბლავს სხარტი გონებით, მიზანდასახულობითა თუ სითამამით, თუმცა მის ქცევას ,,მისაღები“ იშვიათად შეიძლება ეწოდოს. ერთ–ერთ მიზეზად, რის გამოც ხშირად ინდივიდის სოციალიზაციის პროცესი ფერხდება, აღზრდის პრობლემასაც ასახელებენ. მშობლების მცდელობა, შვილი პირადი გამოცდილების საფუძველზე აღზარდონ, ხშირად უსარგებლო მცდელობად რჩება, რადგან  მათი დაბადებიდან უკვე რამდენიმე ათწლეული გავიდა. ამ დროის მანძილზე ბავშვობის ,,შენარჩუნება“ ერთეულებს თუ შეუძლიათ.

უფროსები ყველაზე ხშირად ერთსა და იმავე შეცდომას უშვებენ – ბავშვებს პასუხისმგებლობას არიდებენ, სახლში არაფრის გაკეთებას ანდობენ, გამუდმებით შენიშვნას აძლევენ, მის აზრს არაფრად აგდებენ და საუბარს ხშირად აწყვეტინებენ…  სასურველია ბავშვს პატარაობიდანვე გაუჩინოთ ყოველდღიური საზრუნავი, მაგალითად: საკუთარი ნივთების მოწესრიგება, ყვავილების მორწყვა, შინაური ცხოველის/ფრინველის დაპურება, ნაგვის გატანა. პატარები სიამოვნებით ასრულებენ მსგავსი ტიპის დავალებებს, თან ყოველდღიურ პასუხისმგებლობასაც ეჩვევიან.

შეიძლება ბავშვი საკუთარი თავისა და ნივთების მოწესრიგებას შეაჩვიოთ, მაგრამ მათ უმეტესად უჭირს დროის ლიმიტის დაცვა, ამიტომ ამ უნარის განვითარებაც პატარა ასაკიდან უნდა დაიწყოთ. როცა რაიმეს დაავალებთ, ყოველთვის განუსაზღვრეთ ვადა ამ დავალების შესასრულებლად.

თუ რომელიმე მოსწავლე დაცინვის საგანი დაბალი აკადემიური მოსწრების გამო ხდება, მაგრამ ამავე დროს ის კარგად ხატავს, ცეკვავს ან მღერის,  მასწავლებელს შეუძლია კლასის წინაშე მოახდინოს მისი ნიჭის დემონსტრირება. ამ ჟესტით ის მთელ კლასს დაანახებს ათვალწუნებული თანაკლასელის ძლიერ მხარეს, თან, ე.წ. განდეგილს საზოგადოების წინაშე თანადგომას გამოუცხადებს. ავტორიტეტული უფროსის მხრიდან გამოხატული სიმპათია მოზარდს საკუთარი თავისადმი რწმენასაც გაუღვივებს და საზოგადოების თვალშიც საგრძნობლად აამაღლებს.

კლასის დამრიგებელი უდიდეს როლს ასრულებს ინდივიდების სოციალიზაციის პროცესში. ძლიერი პედაგოგი კი ყოველთვის შექმნის სასურველ ,,ამინდს“ კლასში. პირველ რიგში, საჭიროა კლასის ერთ გუნდად გარდაქმნა. თუ დაწყებითი საფეხურიდანვე სკოლის ერთ–ერთ მთავარ პრიორიტეტს გუნდური ქმედება წარმოადგენს (კლასის რეიტინი, სპორტული შეჯიბრებები კლასებს შორის, ლაშქრობა, პიკნიკი და სხვა), მოსწავლეს სოციუმში ინტეგრაციის პროცესი საგრძნობლად უადვილდება. როცა სკოლის მთავარი პრინციპია – ,,ერთი ყველასათვის და ყველა ერთისათვის“ და ამის მაგალითად თავად სკოლის უფროსი თაობა (პედაგოგები, ადმინისტრაცია) გევლინება, მოზარდებში თავის გამოჩენის ხერხებიც იცვლება – დაცინვას თანაგრძნობა ანაცვლებს, ხელის კვრას კი – ხელის შეშველება.

და მაინც, სასურველია, საკლასო ურთიერთობები დაწყებით საფეხურზევე მოწესრიგდეს, მანამდე, სანამ მასწავლებელი მოზარდებისთვის ავტორიტეტს წარმოადგენს. საბაზო საფეხურზე, ე.წ. თეთრი ყვავების განდევნის პროცესი შეიძლება ფიზიკურ ანგარიშსწორებაშიც გადაიზარდოს. მისი განეიტრალება კი მშობლებისა და სკოლის ადმინისტრაციის ჩარევის გარეშე ვეღარ ხერხდება. თუმცა სადამსჯელო ღონისძიებები პრობლემას ბოლომდე ვერ აღმოფხვრის, პირიქით, შეიძლება უფრო დაამძიმოს. მსგავსი კონფლიქტები უმეტესად მსხვერპლის სხვა სკოლაში გადაყვანით სრულდება.

მოჩხუბრების გაშველებისას მასწავლებლები ხშირად ორივე მხარეს ადანაშაულებენ. არადა, მუშტი–კრივის ინიციატორი ხშირად ერთი და იგივე პიროვნებაა. თუ ინციდენტი სისტემატურად მეორდება, ჩვენ კი მხოლოდ ორივე მხარის თანაბრად ვსჯით, შედეგად მივიღებთ დაუცველობის სინდრომით დაავადებულ მოზარდს და დაუსჯელობის სინდრომით ,,დასაჩუქრებულ“ მოძალადეს.

სასკოლო კონფლიქტების წარმოშობას გარკვეულწილად სასკოლო რეჟიმიც უწყობს ხელს. თანამედროვე საგანმანათლებლო დაწესებულებების დღის წესრიგში ბავშვს დაახლოებით ნახევარი საათი რჩება სოციალური უნარების დასახვეწად, რადგან თავისუფალი თამაშის დრო წლიდან წლამდე მცირდება. კვლევების შედეგად დადგინდა, რომ თავისუფალი თამაშისთვის დრო თითქმის არ გამოიყოფა საბავშვო ბაღის უფროს ჯგუფებშიც, შესაბამისად, 4–5 წლის ბავშვის თამაში ბაგა-ბაღის  ასაკის აღსაზრდელებისას ემსგავსება. ყველაზე მეტად გუნდური თამაშის უნარი ითრგუნება. არადა, სკოლამდელი დაწესებულება სწორედ სოციალიზაციის პროცესს უნდა უყრიდეს საფუძვლებს.

 

სოციუმში ინტეგრირების შეფერხება, მოსწავლეების სიმრავლესთან ერთად, მასწავლებელთა რაოდენობამ და ხშირად ცვლამაც შეიძლება გამოიწვიოს. მრავალრიცხოვან კლასში  მსხვერპლი ერთდროულად რამდენიმე ჯგუფის დაცინვის ობიექტად შეიძლება იქცეს. მასწავლებლებს კი უჭირთ მსგავსი შემთხვევების დიდ ჯგუფში გაკონტროლება. რაც შეეხება პედაგოგების სიმრავლეს, დაწყებით საფეხურზე მოსწავლეებს შეიძლება გაუჭირდეთ მათი სახელების დამახსოვრება ან ერთმანეთში აერიოთ. თუ პირველკლასელთა დამრიგებელი ბრძანდებით და მსგავსმა პრობლემამ თქვენს კლასშიც იჩინა თავი, შეადგინეთ, ე.წ. მასწავლებელთა რუკა, რომელზეც მათ ფოტოებსა და სახელებს მიაწერთ. შეგიძლიათ პატარებს მასწავლებელთა პორტრეტები თავადვე დაახატვინოთ. მსგავსი „მოკარნახეების“  დახმარებით, მასწავლებლები ყოველგვარი დაძაბულობის გარეშე შეახსენებენ თავს ახალბედა მოსწავლეებს.

თუ რომელიმე ბავშვს თანაკლასელთა სახელებიც ავიწყდება, რა გასაკვირია, რომ მას კლასთან ინტეგრაციის პრობლემა შეექმნება?!  მსგავსი პრობლემის თავიდან ასაცილებლად სოციალური თამაშები დაგეხმარებათ. წარმოგიდგენთ ერთ–ერთ მათგანს, რომელსაც ყოველ წელს ვიყენებ პირველკლასელებთან:

,,მე მქვია – მე მიყვარს“

მასწავლებელს ამბობს: – მე მქვია (ნინო), მე მიყვარს (კითხვა) და გაითამაშებს კითხვის პროცესს. შემდეგ მთელი კლასი იმეორებს: ,,მას ჰქვია ნინო, მას უყვარს კითხვა“. მასწავლებელი მიუთითებს ერთ-ერთი მოსწავლეზე და ახლა მან უნდა წარუდგინოს თავი საზოგადოებას. ასე გრძელდება ბოლო მოსწავლის ჩათვლით. შემდეგ შეგიძლიათ მოსწავლეების მეხსიერებაც გამოსცადოთ – რომელი ბავშვისკენაც ხელს გაიშვერთ, კლასმა მისი სახელი და საყვარელი საქმიანობა უნდა გაიხსენოს. როგორც ხედავთ, ,,გაცნობანას“ თამაში სასარგებლოსთან ერთად საკმაოდ სახალისოცაა.

ფსიქოლოგთა აზრით, დაცინვის მოყვარულთა განიარაღების ყველაზე ეფექტური საშუალება გულგრილობაა. სჯობს ათვალწუნებულ მოსწავლეს, პირველ რიგში, ამ იარაღის გამოყენება ვასწავლოთ. თუ ბავშვს გრძელი ცხვირის, ზედმეტი წონის, ჭორფლების ან წითური თმის გამო დასცინიან, მოსწავლემ ყველას უნდა დააჯეროს, რომ ეს ამბავი სულაც არ აღელვებს. სასურველია, მასწავლებელმა დაცინვის ობიექტის მსგავსი გარეგნობის მქონე საინტერესო ადამიანები წარუდგინოს კლასს ან თავად ბავშვებს მოაძიებინოს  რომელიმე მულტფილმის, კომიქსის ან წიგნის გმირი, რომელსაც ყველაზე მეტად გვანან. თუმცა დაცინვის განეიტრალების ყველაზე ეფექტურ საშუალებად მაინც იუმორი რჩება.

იუმორის გრძნობა ის მნიშვნელოვანი უნარია, რომელიც არა მარტო მასწავლებლებმა, მშობლებმაც პატარა ასაკიდანვე უნდა განუვითარონ შვილებს. კინოჩვენება დაგეგმეთ? შეარჩიეთ კარგი კომედიური ფილმი. შეგიძლიათ ხანდახან ანეკდოტები მოუყვეთ ან ხუმრობები ერთად მოიფიქროთ, იუმორისტული მოთხრობები გაითამაშოთ. თუ გსურთ, მოსწავლეებს საკუთარ გარეგნობაზე წარმოდგენა შეაცვლევინოთ და გარკვეულ კომპლექსებიც გაუქარწყლოთ, საკუთარი თავის კარიკატურის დახატვა სთხოვეთ. მსგავსი სახალისო დავალებების  დახმარებით ფიზიკური ნაკლი“ ნელნელა გარდაიქმნება განმასხვავებელ ნიშნად, დაცინვა კი – ჯანსაღ ხუმრობად.

მთავარი მაინც ისაა, რომ მოზარდებს საკუთარი თავის შეცნობა, მისი ობიექტურად შეფასება და განსხვავებულობისადმი პატივისცემა ვასწავლოთ. ამ უნარებით შეიარაღებული პიროვნება კი ნებისმიერ ინდივიდთან მოახერხებს ჯანსაღი ურთიერთობის დამყარებას, საზოგადოებრივი აქტივობების წარმართვის პროცესში კი გუნდის ძლიერ რგოლად მოგვევლინება.
 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი