ხუთშაბათი, მარტი 28, 2024
28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

წიგნები ზარმაცებისთვის

მხატვრული ლიტერატურის ავტორიტეტი დღეს მოზარდებში, თითქოს ეჭვის ქვეშ დადგა. თქვენ რას და როგორ უპასუხებთ შვილს, ბავშვს, რომელიც გკითხავთ – რატომ უნდა წავიკითხო წიგნები? – და თავისუფალ დროს სრულად დაუთმობს კომპიუტერს – ონლაინთამაშს ან ონლაინინფორმაციის მოძიებას. „თუ წიგნებს წაიკითხავ, აუცილებლად წარმატებული იქნები“, – პასუხი თითქოს აღარ გაჭრის. რადგან, ჩვენც და პატარებსაც, ძალიან მარტივად შეგვიძლია ვიპოვოთ, შევამჩნიოთ ადამიანები, რომლებსაც სულაც არ წაუკითხავთ ბევრი წიგნი, ან საერთოდ არ წაუკითხავთ მხატვრული ლიტერატურა და კარიერული წარმატების ნაკლებობას სულაც არ უჩივიან. ამ შემთხვევაში შემდეგი არგუმენტები გამოგვადგება:

  1. მსოფლიო მხატვრული ლიტერატურიდან ვიგებთ ისეთ ინფორმაციას, რასაც იშვიათად თუ გავიგებთ სხვა წყაროდან. ვეცნობით სხვადასხვა კულტურას, ადამიანებს, მათ ხასიათს, ტრადიციებსა და ჩვეულებებს. ვპოულობთ მსგავსებასა და განსხვავებებს, რაც კონკრეტული კულტურის შეცნობაში გვეხმარება;
  2. წიგნების კითხვა ადამიანს აძლიერებს – როცა ბევრი წაგიკითხავს, იცი, თუ როგორ გადარჩნენ ინჟინერი სმიტი და მისი მეგობრები ლინკოლნის კუნძულზე, როგორ მოიკრიბა ძალა ბილი მილიგანმა, როგორ დაამარცხა ჰარი პოტერმა მსოფლიოს უდიდესი ბოროტება ლორდი ვოლდემორი, როგორ გაანადგურა ფროდომ საურონის ბეჭედი – რწმუნდები, რომ ყველა სიტუაციიდან არსებობს გამოსავალი. მთავარია, იცოდე, როგორ მოიქცეოდა, როგორ გზას აირჩევდა ამოცანის ამოსახსნელად საყვარელი გმირი შენს ადგილზე;
  3. მხატვრული ლიტერატურა გვაძლევს უდიდეს წარმოსახვას. მხატვრული სამყარო ჩვენთვის უფრო რეალური და საინტერესო ხდება, ვიდრე რეალური. ჩვენს საყვარელ გმირებთან ერთად, რომლებიც ზუსტად ვიცით, როგორები არიან, როგორ გამოიყურებიან, როგორი ქცევა და ჩვეულებები ახასიათებთ, ვსწავლობთ, ვმარცხდებით, ერთად ვზეიმობთ გამარჯვებას;
  4. მხატვრული ლიტერატურის კითხვა ავარჯიშებს გონებას. უწიგნური ადამიანისათვის, ვისაც გონება მხატვრულად გავარჯიშებული არ აქვს, შესაძლოა, პირველი მარცხი უკანასკნელი აღმოჩნდეს და ეგონოს, რომ სამყარო მის თავზე დაინგრა.

იმისთვის, რომ ადამიანებმა წიგნები იკითხონ, მსოფლიოს გამომცემლობებმა არაერთ ეშმაკურ ხერხს მიმართეს. მაგალითად, შექმნეს ზოგიერთი, სქელტანიანი წიგნის მომცრო, შემოკლებული ვერსია – მარტივად და დაუზარლად წასაკითხი. ქართული გამოცდილებიდან გამომდინარე, გაგახსენდებათ „ვეფხისტყაოსნის“ მხატვრულად გადაკეთებული, გამარტივებული ვერსია, რომელსაც აქტიურად იყენებდა ზოგიერთი აბიტურიენტი.

ერთი თვის წინ ვებგვერდმა www.boredpanda.com გამოქვეყნა ექსტრემალურად მოკლე ვიზუალები მსოფლიოს ყველაზე ცნობილი წიგნების შესახებ. ეს იმისთვის, რომ ზარმაცებს ამ ლიტერატურის მოკლე შინაარსი მაინც სცოდნოდათ.

მაგალითად,

ომი და მშვიდობა – ყველა დამწუხრებულია. თოვს.

დონ კიხოტი: კაცი თავს ესხმის ქარის წისქვილებს. ცოტა უბერავს.

აღმოხდების მზე – დაკარგული თაობა თვრება. ისინი კვლავ დაკარგულები არიან.

ულისე – დუბლინი, რაღაცა, რაღაცა, წინადადებაზე გადახტომა.

დანაშაული და სასჯელი – მკვლელი თავს ცუდად გრძნობს. აღიარებს დანაშაულს. მიდის ციხეში. თავს უკეთ გრძნობს.

ახალს არაფერს ვიტყვი გამეორებით, რომ კითხვა სასარგებლოა ზემოთ ხსენებული არაერთი მიზეზის გამო. ერთი მხრივ, ზარმაცი ადამიანებისაც მშურს, რომლებსაც წიგნების წაკითხვის სიამოვნება წინ აქვთ და მთელი ეს ისტორიები, დადებითი და უარყოფითი პერსონაჟები ახლა უნდა გაიცნონ.

თან დავურთოთ ბმული: https://www.boredpanda.com/abridged-classics-books-shortened-comics-wrong-hands-john-atkinson/?utm_source=facebook

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი