ხუთშაბათი, მარტი 28, 2024
28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

ესე და თავისუფალი წერა

რატომ უჭირთ მოსწავლეებს წერითი დავალებების შესრულება? ამ  კითხვაზე ცალსახა პასუხი არ არსებობს, მაგრამ ყველა თანხმდება იმაზე, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ პედაგოგმა ამაზე ზრუნვა  სწავლების პირველ საფეხურზევე დაიწყოს.

ჩემს პრაქტიკაში ხშირად ვიყენებ მოტივაციურ წერით დავალებებს და მინდა ამ კუთხით გაგიზიაროთ გამოცდილება.

„ქრისტინე… აბა თვალები დახუჭე და… წარმოიდგინე ამ ლამაზი მთების იქით მზე როგორ ამოდის? – მთას მელნისფერი გადაჰკრავს მასწავლებელო… ტყე კი მუქია… ახლა კი წარმოიდგინე, რომ მზე უკვე ამოდის…

დიდი წითელი ბურთი ამოგორდა ნელ-ნელა, მისი სხივები გადაეფინა მთის კალთებს, მელნისფერი განაცრისფრდა, თოვლმა მზის სხივებზე ციმციმი დაიწყო, ნისლიც სადღაც ქურდივით მიიპარება..

ჩვენ ვწერთ თხზულებას ,,ამ მთებს იქით…” V-კლასელ ქრისტინეს ბავშვურ ფანტაზიას ,,ვაღვიძებ”, რომ  გააქტიურდეს…

 ვხედავ, რომ  მოსწავლეებს უჭირთ წერა. თითქოს შინაგანი სამყარო ჩაკეტილი აქვთ და ამ  ,,ყრუ კედელთან შეჯახება გვიწევს… ეს ხომ ქართულის მასწავლებლის პირდაპირი მოვალეობაცაა, გავხსნათ და ზედაპირზე ამოვატანინოთ ბავშვებს თავიანთი ლამაზი ფიქრები. არადა, თითოეულ ბავშვში ამოუცნობი სამყაროა. ისინი გულწრფელები და სუფთები არიან. საინტერესოა მათთან ამ კუთხით მუშაობა – ეს ჩემთვის ერთგვარი აზარტიცაა. მიხარია მათი ყველა წინსვლა. ასე მგონია მეც მათთან ერთად ხელახლა ვიბადები სულიერად და ერთად ვიზრდებით… მათ სულებამდე მისასვლელად დიდი შინაგანი ალღო გვჭირდება, ძალიან ფრთხილად უნდა მიხვიდე და, რაც მთავარია, მართალი უნდა იყო. ისინი ყველაზე მეტად გრძნობენ ამ სიმართლეს.

    მახსენდება ჩვენი ბავშვობა, როგორი შებოჭილები ვიყავით… უნდა გვეწერა სოციალიზმზე, ლენინზე და მერე რაღაც ზერელედ, ისე სასხვათაშორისოდ შუშანიკსა და ხანძთელზე..

      ჩვენ 90-იანელებს გვაიძულებდნენ, გვეფიქრა ისე, როგორც ისინი თვლიდნენ საჭიროდ, თითქოს რაღაც მარწუხებში ვიყავით მოქცეულნი და ამ მაგიური ჯაჭვის გარღვევა არავის შეეძლო.

ჩემი პირველი თხზულების დაწერაც მახსოვს. ჩემი ქართულის მასწავლებელი ქალბატონი ანა… მისი შემოსვლისას თითქოს ყველაფერს თავისი სახელი ერქმეოდა. მახსოვს პირველად ამოტანილი ჩემი გულწრფელი ნაფიქრისგან გამოწვეული ემოციაც… ძლივს რომ გავბედე… და მერე ის – აზრის თავისუფლებაც – თვითშეფასებას რომ გიმაღლებს და შინაგანი სიხარულებიც. მახსოვს და მინდა ეს ყველა ბავშვმა განიცადოს. ვიცი, უჭირთ მსხვრევა, მერე თანდათან ალაგებენ სათქმელს, შინაგანად იხსნებიან, ლაღდებიან და ხვდები, როგორი მაგიური ძაფი იბმება თქვენ შორის. ძაფი, რომელიც აღარასოდეს წყდება, რადგან გახელილ თვალებს აღარ ხუჭავენ და შენც გახარებს იმის ცოდნა, რომ ასეთი მოსწავლე აუცილებლად წინ წავა… აღარასოდეს შეჩერდება მისი ზრდა, რადგან საკუთარ თავში ხედვა როდესაც ეხსნებათ, ეწყებათ მუდმივი ძიების პროცესი, მერე სულ ახალი და ახალი და საინტერესო ხდება სამყარო..

     მოსწავლის საზოგადოებასთან  კომუნიკაციისათვის მნიშვნელოვანია წერის უნარი. მართლმეტყველებისა და მართლწერის ცუდი ცოდნა საზოგადოების განსაკუთრებული კრიტიკის საგანია. მოსწავლეები უნდა იყვნენ დამოუკიდებლები, ჰქონდეთ საკუთარი აზრის გამოხატვისა და  მსჯელობის უნარები. აღსანიშნავია, რომ წერის დროს ადამიანი მარტო რჩება საკუთარ თავთან, თავისუფლდება და ამიტომ ნაწერი გაცილებით ობიექტურია. წერის სწავლება სკოლის დაბალი საფეხურიდანვე უნდა დავიწყოთ.

     დღეს კი კომპიუტერული თაობაა.. მოკლე და ლოგიკურ, მზა ინფორმაციას იღებენ ინტერნეტიდან. ჩნდება საშიშროება, დაიკარგოს შემოქმედებითი ხედვა, სიღრმე, ფანტაზიის უნარი, რასაც მხოლოდ წიგნი გვაძლევს. მოსწავლეებმა არ იციან, როგორ იკითხონ წიგნი, ჩასწვდნენ ქვეტექსტებს, უჭირთ მთავრის მიგნება. ესეს წერამდე მათ ტექსტის აღქმა უნდა ვასწავლოთ. ამისათვის მათ ძალიან ეხმარებათ სიტუაციის მოდელირება, პერსონაჟის როლის გათავისება. უნდა დავუსვათ შეკითხვები: რას შეცვლიდა თვითონ ამ ტექსტში და რატომ? რაში არ ეთანხმება  ავტორს ან პერსონაჟს? კარგი ეფექტი აქვს ტექსტის ორიენტირებულ  კითხვას, მონაკვეთებად დაყოფილ ტექსტთან მუშაობას, წაკითხვამდე, კითხვის დროს და წაკითხვის შემდეგ. კითხულობენ და თან იაზრებენ ტექსტს, სიტყვებს, ცნებებს, ტერმინებს და გამოაქვთ დასკვნები.

  „ვარაუდების სქემა” – საინტერესოა საკუთარი  აზრის  ფორმულირებისთვის, აგრეთვე „ილუსტრირებული ისტორია”, როდესაც ტექსტს ვწყვეტთ მნიშვნელოვან ადგილას, სადაც პერსონაჟი ამოცანის წინაშე დგას და მოსწავლეს ვეკითხებით, თუ როგორ გაგრძელდება ამბავი? მათ ვანდობთ ნაწარმოების  ფინალის შექმნას, შემდეგ სასიამოვნოა მათ ერთმანეთს გაუზიარონ საკუთარი ნააზრევი და იმსჯელონ მათ მიერ შექმნილი სხვადასხვა ფინალის შესახებ. „გონებრივი იერიშისას” უნდა დავიცვათ პრინციპი: „ყველა აზრი მისაღებია კრიტიკის გარეშე”. აქ ხდება გამოთქმული აზრების დახარისხება პრიორიტეტებად.

სანამ მოსწავლეებს ესეის წერას დავავალებ, ვაცნობ –  ,,ესსაი” ფრანგული სიტყვაა და ქართულად  “ცდას” ნიშნავს. ესაა ცდა საკუთარი თავის შესაცნობად; გზა, ადამიანური ბუნების  საიდუმლოს წვდომისა და ამოცნობისკენ. “ლეს ესსაის” ასეთი სახელწოდება ერქვა ქალაქ ბორდოს მერის, მიშელ მონტენის წიგნს. იგი XVI  საუკუნეში მოღვაწეობდა. მან თავის ნაშრომს  “გულწრფელი წიგნი” უწოდა.

ასევე ვუხსნი ესეის სტრუქტურას – ესეი შედგება: შესავლის, ძირითადი ნაწილისა და დასკვნისაგან. დეტალური გეგმის შედგენა აადვილებს წერას. მნიშვნელოვანია სათაურის გააზრება, რასაც მთავარი სათქმელისკენ მივყავართ. ამის შემდეგ კი უნდა ვასწავლოთ, როგორ დავიწყოთ წერა, რადგან “კარგი დასაწყისი საქმის ნახევარია”. მოსწავლემ უნდა იცოდეს, რას ითხოვენ მისგან. იგი უნდა ჩასწვდეს ესეის სათაურის არსს. ძირითადი აზრი დასაწყისშივე უნდა გამოიკვეთოს. უნდა განვსაზღვროთ მიზანი, შემდეგ კი დამატებითი მოსაზრებები, რაც საფუძვლიანს გახდის ნაწერს. უნდა იყვნენ კონკრეტულნი.. ტექსტში ყოველთვის არის საკვანძო საკითხი, სიტყვა, წინადადება, რომელსაც მთავარი სათქმელისკენ მივყავართ. მოსწავლეს უნდა ვასწავლოთ მისი მიგნება, რომელიც ხშირად ნაწარმოების ბოლოშია, აქ იხსნება ხოლმე ტექსტი. მათ უნდა გაიაზრონ, სად იკვეთება პრობლემა, აქამდე მისასვლელი გზა კი პერსონაჟთა ფსიქოლოგიური პორტრეტია, მათ უნდა ვასწავლოთ ხასიათში წვდომა  და თვისებების ამოღება, რომელიც აუცილებლად არგუმენტებით უნდა დაადასტურონ. ამისათვის მნიშვნელოვანია საკუთარი თავი წარმოიდგინონ პერსონაჟის ადგილას და საკუთარი გადასახედიდან ჩამოწერონ ყველა ის პრობლემა, რომელიც მის წინაშე დგას. ყურადღება უნდა მიაქციონ, როგორ გამოიყურება პერსონაჟი, რას ამბობს, როგორ იქცევა სხვადასხვა სიტუაციაში, რას გრძნობს, რას განიცდის, და, რაც მთავარია, თვითონ  მოსწავლეები რას ფიქრობენ მასზე, რა მოსწონთ. პერსონაჟის რა თვისებას თუ ქცევას შეცვლიდნენ, რა ასწავლა ამ ნაწარმოებმა, როგორ შეცვლიდნენ მოვლენებს. კარგ ეფექტს იძლევა ნაწარმოების ალტერნატიული ფინალი, მნიშვნელოვანია მათეული დასასრულიც. საჭიროა, მოსწავლე მივიყვანოთ სულიერი თავისუფლების განცდამდე. არ შეიძლება მისი ჩარჩოში მოქცევა. ეს მათ სილაღესა და თვითშეფასებას მატებს.

ლიტერატურა ხელოვნებაა..

ცალკე თემაა თავისუფალი ესეის წერა, რომელიც ერთგვარი ნიჭია, რასაც აღმოჩენა და განვითარება სჭირდება. ესაა მდიდარი, შინაგანი სამყაროსა და წიგნიერი ცოდნის ნაზავი. ასეთ ნაწერში იგრძნობა ინდივიდი. ნაწერი ღირებულია მაშინ, როდესაც ის ექსპრესიული მხატვრულ-გამომსახველობითია. განსაკუთრებით ალამაზებს და ამდიდრებს ნაწერს ტროპული მეტყველება.

მნიშვნელოვანია მოსწავლის განვითარების დონე, კითხულობს თუ არა იგი მისი ასაკისათვის განკუთვნილ ლიტერატურას, რაც ეხმარება მას ლექსიკური მარაგის დაგროვებაში და უმდიდრებს ფანტაზიას, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორია თხზულების წერის დროს.  მათ უნდა შევაყვაროთ  წიგნების კითხვა. უნდა გამოთქვან და წერონ შთაბეჭდილებები ესეების, ჩანახატების სახით. თუ მოსწავლეს სიტყვათა მარაგი მწირი აქვს, აზრის მკაფიოდ ჩამოყალიბება უჭირს. წერა ემოციების, გრძნობების, საკუთარი თავის გამოხატვის საუკეთესო საშუალებაა. ესაა გზა შინაგანი თავისუფლებისაკენ..

მესტიის მუნიციპალიტეტი. იელის საჯარო სკოლა

ცისანა ლონდარიძე – ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი

პროგრამით  „ასწავლე საქართველოსთვის“

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი