ოთხშაბათი, ივლისი 16, 2025
16 ივლისი, ოთხშაბათი, 2025

როგორ  ვასწავლოთ პოეზია?

0

დამეთანხმებით, რომ პოეზიის სწავლება სკოლებსა და უნივერსიტეტებში განსხვავებული უნდა იყოს სხვა სილაბუსებისგან; პოეზიის სწავლება არ გულისხმობს ლექსის ზეპირად დასწავლას და მის განხილვას სახელმძღვანელოების მიხედვით. პოეზიის სწავლება საერთოდ არ არის სწავლება კლასიკური გაგებით. ეს უფრო შემეცნება, რეფლექსია და ემოციური გამოცდილებების მიღებაა ტექსტისგან.

პოეზიის სწავლება პოეზიით თავდავიწყებაა! ეს ნიშნავს, რომ ისე ღრმად შეხვიდე ენის სიღრმეებში, რომ დროის შეგრძნება დაგეკარგოს და ენერგიის მორევში თავისუფალ ცურვაში აღმოჩნდე.

პოეტური თავდავიწყება არის ხელოვნების/პოეზიის გზით საკუთარი ინდივიდუალური მე-ს, ეგოს გადალახვა, როცა მინებებული ხარ ენის პოეტურ მაგიას და იძირები პოეტურ სახეებში, ემოციებში, განცდებში, სიღრმესა და უნივერსალურობაში.

ეს პროცესი რაღაცით ჰგავს კიდეც მედიტაციას და, ამავე დროს, განსხვავებულიცაა; რადგან პოეზიით ბუნებრივად ხდება შენი საზღვრების გაბუნდოვანება და პოეტურ ენერგიასთან თანაზიარობა.

ამ მდგომარეობაში ადამიანი ნაკლებად ზრუნავს პიროვნულ იდენტობაზე, რადგან პოეზიის მეშვეობით თავად ენისა და პიროვნულობის საზღვრები ირღვევა და გადადიხარ ყოფიერების უთქმელ საიდუმლოებებში, სადაც სიტყვები აღარ არსებობენ.

პოეტური თავდავიწყება არის პოეზიის მაგიასა და უნივერსალურობაში საკუთარი თავის დაკარგვის ტრანსფორმაციული გამოცდილება; ინდივიდუალური მე-ს საზღვრების გადალახვა, რათა დაუკავშირდე საკუთარ თავზე უფრო დიდს.

მაგრამ, ბუნებრივია, სულ ამ მდგომარეობაში არ რჩები… ამ მდგომარეობიდან გამოსვლის შემდეგ სიტყვები, საგნები, ემოციები, მთელი სამყარო – უფრო კაშკაშა ხდება. უფრო მძაფრად განიცდი ენის/სიტყვის გავლენას, უფრო მეტად იწყებ ენის/სიტყვის გამოკვლევას, მოგზაურობ განსხვავებულ ავტორებში, განსხვავებულ სტილებში, კულტურებში და ემოციური გამოცდილებით მდიდრდები პიროვნულადაც…

მაგრამ როგორ მივაღწიოთ პოეზიით თავდავიწყებას?

ამ დროს მასწავლებლის ხმაც კი განსაკუთრებული ხდება… ტვინის სიხშირეები იცვლება და ბეტა სიხშირიდან ალფაზე ბუნებრივად გადადის. ხმა ამ შემთხვევაში არის უნივერსალური აგენტი, გადამრთველი, რომელიც მაგიურად მოქმედებს მსმენელზე. ამისთვის წინასწარ შეგიძლიათ მოამზადოთ და თავად წაუკითხოთ ლექსი ან შეარჩიოთ მასალა და მოასმენინოთ აუდიტორიას.

 

ცნობილმა ნეირომეცნიერმა, რიჩარდ დევიდსონმა გამოიკვლია ტვინზე პოეტური თავდავიწყების/მედიტაციის  გავლენა. დევიდსონის შრომებმა აჩვენა, თუ როგორ იცვლება ტვინის აქტივობა პოეტური შთაგონებისა და მედიტაციის დროს.[1]

ტვინს ახასიათებს ელექტრული აქტივობა, რომლის გაზომვა შესაძლებელია ელექტროენცეფალოგრაფიით (EEG). ეს აქტივობა იყოფა სხვადასხვა სიხშირეებად, თითოეული სიხშირე დაკავშირებულია გონებრივი აქტივობის სხვადასხვა მდგომარეობასთან.

ტვინის ტალღების პირველადი სიხშირეებია:

ბეტა (14-30 ჰც): ასოცირდება სიფხიზლესთან და აქტიურ აზროვნებასთან.

ალფა (8-13 ჰც): ასოცირდება შემოქმედებით, მშვიდი გონების მდგომარეობასთან;

ტეტა (4-7 ჰც): ასოცირდება ღრმა რელაქსაციასთან, მედიტაციასთან;

დელტა (0,5-3 ჰც): ასოცირებულია ღრმა ძილთან, უგონო მდგომარეობასთან და რეგენერაციასთან.

ტვინი ნეიროპლასტიურია, რაც ნიშნავს, რომ მას  აქვს   უნარი შეიცვალოს და ადაპტირდეს ცოდნის, გამოცდილების საპასუხოდ;  ტვინის ალფა სიხშირე ხელს უწყობს ყურადღების გაუმჯობესებას, არეგულირებს ემოციებს, ამცირებს სტრესის ჰორმონებს სწორედ ეს არის პოეზიის სიხშირე! სწორედ ამიტომ პოეზიის სწავლება  ავითარებს ინტელექტუალურ, ემოციურ და შემოქმედებით  უნარებს;

უფრო დაწვრილებით კი უმჯობესდება:

ენისა და წიგნიერების უნარები: პოეზია აცნობს სტუდენტებს მდიდარ და მრავალფეროვან ენას, მათ შორის ლექსიკას, სინტაქსს და ფიგურალურ ენას, როგორიცაა, მეტაფორები, ფრაზეოლოგიზმები და სხვა. პოეზიის ანალიზი ეხმარება მოსწავლეებს/სტუდენტებს განივითარონ წაკითხულის გააზრების უნარები, გააუმჯობესონ ინტერპრეტაციის შესაძლებლობები და გაიფართოონ ლექსიკა. გარდა ამისა, პოეზია სტიმულს აძლევს სტუდენტებს, ჩაატარონ ექსპერიმენტები  და დახვეწონ კომუნიკაციის უნარი.

კრიტიკული აზროვნება და ანალიზი: პოეზიის სწავლებისას მსმენელები ბუნებრივად არიან ჩართული კრიტიკულ ანალიზშიც, როცა მუშაობენ სიტყვების მეტაფორულ მნიშვნელობებზე და ავლენენ ლექსის სიმბოლურ და სხვა შინაარსებს სხვადასხვა ეპოქის და კულტურისა ლექსების შესწავლით; ისინი ავითარებენ კრიტიკული აზროვნების უნარს – აფასებენ ინტერპრეტაციებს,  პოეტური ტექსტების ანალიზი აძლიერებს მოსწავლეების კრიტიკულ აზროვნების და ტექსტურ ელემენტებს შორის კავშირების დამყარების უნარს.

ემოციური ინტელექტი და თანაგრძნობა/ემპათია: პოეზია იწვევს მრავალფეროვან  ემოციას. პოეზიის კითხვის/სწავლების საშუალებით მოსწავლეები იკვლევენ რთულ ემოციებს, ხდებიან განსხვავებული ემოციის თანამგრძნობნი და ავითარებენ ემოციურ ინტელექტს. პოეზია საშუალებას აძლევს სტუდენტებს დაფიქრდნენ საკუთარ გამოცდილებაზე და გაიგონ სხვების გამოცდილებაც, განივითარონ თანაგრძნობის უნარი.

კრეატიულობა და თვითგამოხატვა: სტუდენტებს/მოსწავლეებს პოეზიის მეშვეობით შეუძლიათ თვითგამოხატვა: წაიკითხონ ლექსები სხვადასხვა პლატფორმაზე, შექმნან ვიდეო, ანიმაციური პოეზია სხვების ტექსტებზე ან საკუთარ ტექსტებზე;

კულტურული და ისტორიული კონტექსტი: სხვადასხვა დროისა და კულტურული ტრადიციის პოეზიის ტექსტების შესწავლა ხელს უწყობს კულტურულ შეფასებას,  ინკლუზიურობას და აფართოებს სტუდენტების მსოფლმხედველობას.

ესთეტიკა და პიროვნული ზრდა: პოეზია არის ხელოვნების ფორმა, რომელიც ეფუძნება ენის სილამაზესა და სიტყვის ძალას. პოეზიის სწავლება მოსწავლეებს აცნობს ლიტერატურის ესთეტიკურ განზომილებებს. პოეზიის კითხვასა და განხილვას შეუძლია გაამდიდროს სტუდენტების ცხოვრება ემოციებით: შიშის, აღფრთოვანების, სიყვარულის, და სხვა ადამიანურ გამოცდილებას ისინი უფრო ღრმად ეცნობიან და ამით იზრდებიან პიროვნულადაც.

მოკლედ, პოეზიის სწავლება  არა მხოლოდ აძლიერებს ენისა და წიგნიერების უნარებს, არამედ ხელს უწყობს კრიტიკულ აზროვნებას, ემოციური ინტელექტის განვითარებას, კრეატიულობას, კულტურათა გაგებას და პიროვნულ ზრდასა და გამდიდრებას.

პოეზიაში ჩართვით და თანაზიარობით მოსწავლეები/სტუდენტები უფრო ღრმად აფასებენ ენის/სიტყვის ძალას და მისი მეშვეობით სამყაროს შეცნობის პერსპექტივას.

 

 

[1] Richard Davidson,  The Neuroscience of Happiness;

https://centerhealthyminds.org/assets/files-publications/Davidson-Neuroscience-of-happiness.pdf

 

როგორ გამოვუმუშაოთ ბავშვს დროის მართვის უნარი

0

 

ერთხელ, მეხუთეკლასელი ნინის დედამ შეწუხებულმა შემომჩივლა, რომ მისი გოგონა ძალიან არაორგანიზებულია, უჭირს დროის განაწილება და, როგორც არ უნდა მოინდომოს, ვერასოდეს ასწრებს იმას, რაც დღის განმავლობაში აქვს გასაკეთებელი, რაღაც ყოველთვის შეუსრულებელი რჩება. „არადა, ისეთი გონიერი და ჭკვიანი ბავშვია, რომ მოინდომოს, ძალიან მცირე დროში შეძლებს ყველა დავალების შესრულებას. არ ვიცი, რა მოვუხერხო“, – შეშფოთებას ვერ მალავდა საგონებელში ჩავარდნილი ნინის დედა.

დროის მართვის უნარი მნიშვნელოვანი უნარია, რომელიც ბევრი სარგებლის მომტანია, როგორც ბავშვებისთვის, ასევე ზრდასრულთათვისაც:

  • ადამიანს უფრო დისციპლინირებულს და პასუხისმგებლიანს ხდის; გვეხმარება სწორად გავანაწილოთ დრო და ბევრი რამ მოვასწროთ;
  • გვეხმარება პრიორიტეტების განსაზღვრაში;
  • აუმჯობესებს ანალიტიკურ უნარებს;
  • საშუალებას გვაძლევს, შევასრულოთ რამდენიმე დავალება ხანმოკლე პერიოდში;
  • ამცირებს სტრესს მუშაობის დროს;
  • გვეხმარება არასაჭირო მოქმედებების თავიდან აცილებასა და მთავარზე ფოკუსირებაში.

ყოველივე ზემოაღნიშნულთან ერთად დროის მართვის უნარი მოზარდს მაღალი აკადემიური მოსწრების მიღწევაში, კარგი განწყობის შექმნაში, ნორმალური ძილისა და შესანიშნავი ჯანმრთელობის შენარჩუნებაშიც დაეხმარება. დროის მართვა ის უნარია, რომელიც ბავშვს ადრეული ასაკიდანვე უნდა გამოვუმუშაოთ. რაც უფრო ადრე ვიზრუნებთ ამაზე, მით უფრო ადვილად ავიცილებთ თავიდან ბავშვის განვითარებასთან დაკავშირებულ ბევრ პრობლემას. შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ ბავშვი ძალიან პატარაა დროის მართვის არსის გასაგებად, მაგრამ არსებობს მარტივი გზები, ხერხები იმისათვის, რომ ჯერ კიდევ ადრეული ასაკიდან ვასწავლოთ ბავშვს დროის მართვა და დღის განრიგის სწორად შედგენა.

რეკომენდაციები – როგორ გამოვუმუშაოთ ბავშვს დროის მართვის უნარი:

  • დავიწყოთ საუბარი დროზე. ვესაუბროთ ბავშვს იმაზე, თუ რამდენად სწრაფად გადის დრო და რამდენად მნიშვნელოვანია მისი სწორად გამოყენება. შევეცადოთ პატარას ყველაფერი ისე ავუხსნათ, რომ ჩვენი საუბრის არსი მისთვის გასაგები იყოს. ვესაუბროთ იმის შესახებ, თუ როგორ იცვლება წელიწადის დროები. გავითვალისწინოთ, რომ ბავშვისთვის დროის მენეჯმენტის სწავლების პირველი ნაბიჯი თავად დროის ცნების სწავლებაა. სიტყვიერად იმის ახსნა, თუ რა არის დრო, შეიძლება რთული იყოს. ამიტომ, საუკეთესო ხერხი ამისთვის იქნება დროის მსვლელობის თვალსაჩინოდ ჩვენება. ავუხსნათ ბავშვს, თუ როგორ იცვლება წელიწადის დროები და რა ცვლილებები ხდება ბუნებაში ყოველ სეზონზე. შეგვიძლია შევთავაზოთ მას, დააკვირდეს, როგორ იზრდება ხეები და ჩაწეროს, ან ჩახატოს საკუთარი დაკვირვებები რვეულში. ეს დაეხმარება მას, გაიგოს როგორ გადის დრო და როგორ იცვლება სეზონები;
  • ბავშვთან საუბრისას ვიმსჯელოთ წარსულზე, აწმყოზე, მომავალზე. ხანდახან პატარები ურევენ მოვლენების თანმიმდევრობას და ამის გამო კარგავენ დროის შეგრძნებას. დღის ბოლოს ვკითხოთ ბავშვს, როგორ ჩაიარა დღემ, მაგ. „რა იყო გუშინ და რა მოხდა დღეს საინტერესო სკოლაში“; „დღეს უფრო მეტი საშინაო დავალება ხომ არ მოგცეს, ვიდრე გუშინ“ და ა.შ.;
  • მივაჩვიოთ ბავშვი წესრიგს. დილაობით ის სკოლისთვის უფრო სწრაფად მოემზადება და არ დაკარგავს დროს, თუ თავის ოთახში წესრიგი ექნება. არეულ ოთახში ბავშვები ვერაფერს პოულობენ და დიდ დროს კარგავენ მომზადებაში სახლიდან გასვლის წინ. ვასწავლოთ სასკოლო ნივთებისა და ტანსაცმლის დალაგება. ასეთ შემთხვევაში ყოველი დილა მსუბუქი, ხალისიანი და სტრესისგან თავისუფალი იქნება;
  • ვასწავლოთ ბავშვს დროის დაფასება. სანამ ის საკუთარი დროის ორგანიზებას დამოუკიდებლად მოახერხებს, დავეხმაროთ დღის განრიგის შედგენაში. ყოველდღიური გეგმა უნდა მოიცავდეს ყველა იმ აქტივობას, რომლის განხორციელებაც მას, როგორც სკოლაში, ასევე სკოლის შემდეგ მოუწევს. ვასწავლოთ იმის გაანალიზება, თუ რა დრო დასჭირდება ამა თუ იმ საქმეს. ყოველი დღის ბოლოს გამოვყოთ 15 წუთი იმისათვის, რომ ბავშვთან ერთად გავაანალიზოთ ყველაფერი, რაც მან დღის განმავლობაში გააკეთა – შევადაროთ დრო, აქტივობების რაოდენობა და შედეგები ყოველი დღისთვის. აღნიშნულიდან გამომდინარე შევიტანოთ ცვლილებები მომდევნო დღის დაგეგმვისას. ეს დაეხმარება ბავშვს სწორად შეაფასოს დრო;
  • დავეხმაროთ ბავშვს, დაახარისხოს შესასრულებელი საქმეები ტიპოლოგიური თავისებურებების მიხედვით და გამოყოს მთავარი, პრიორიტეტული აქტივობები, მაგ. საშინაო დავალებების შესრულება, წრეობრივი მუშაობა, სახლის საქმეებში დახმარება და ა.შ. წინასწარ განსაზღვროს, რა უნდა გააკეთოს პირველ რიგში და რა მოიცდის;
  • დავაკვირდეთ, როგორ ატარებს ბავშვი დროის უმეტეს ნაწილს. ყურადღება მივაქციოთ, იყენებს თუ არა ეფექტიანად თავის დროს, ხომ არ ატარებს დიდ დროს კომპიუტერთან, ან ტელევიზორთან. დაკვირვების შედეგებზე დაფუძნებით შევთავაზოთ, ახლა უკვე დამოუკიდებლად შეადგინოს განრიგი, გამოყოს დრო სწავლისთვის, თამაშისთვის, სეირნობისთვის და სხვა აქტივობისთვის. თუ ბავშვი რამდენჯერმე დამოუკიდებლად შეადგენს თავისთვის გრაფიკს, ეს მას ყოველდღიურ ჩვევად გადაექცევა;
  • ვასწავლოთ ბავშვს დღის განრიგის დაცვა. წინასწარ შემუშავებული გრაფიკის დაცვა ეხმარება მოზარდს, გამოიჩინოს მოთმინება დასახული მიზნის მისაღწევად და გამოიმუშაოს დროის ორგანიზების უნარი;
  • ავუხსნათ ბავშვს, როგორ მოემზადოს სხვადასხვა საქმიანობისათვის. დროის მართვის უნარი მჭიდროს არის დაკავშირებული სხვა უნარ-ჩვევებთან. ძალიან მნიშვნელოვანია, ბავშვმა იცოდეს, რამდენად საჭიროა მეცადინეობის წინ აუცილებელი ნივთების მომზადება. მაგ. თუ მოზარდი ამზადებს გაკვეთილებს და ხელთ არა აქვს აუცილებელი სასწავლო მასალა და ნივთები, ეს მეცადინეობა მას გაცილებით მეტ დროს წაართმევს. ვასწავლოთ ბავშვს, წინასწარ მოაწყოს ადგილი მეცადინეობისათვის და დავაჯილდოოთ შესრულებული სამუშაოსთვის. თუ მას ხელთ ექნება ყველა საჭირო და აუცილებელი ნივთი, მასალა, ეს დაეხმარება თავიდან აიცილოს სტრესი დავალების შესრულებისას;
  • დროის მართვის უნარის გამომუშავების პროცესში აქტიურად გამოვიყენოთ თაიმერი. იმისათვის, რომ დავეხმაროთ ბავშვს დროის მნიშვნელობის გაგებაში, თვალყური ვადევნოთ, რომ დაგეგმილ დროში დაასრულოს თავისი საქმეები. საუკეთესო ხერხი ამისთვის თაიმერის გამოყენებაა. შეიძლება ასევე ქვიშის საათის, ან ნებისმიერი სხვა მოწყობილობის გამოყენება, რომელიც ბავშვს უჩვენებს, თუ რამდენი დრო დარჩა. თუ დროულად შეასრულებს სამუშაოს, მივცეთ დრო სათამაშოდ, ან მოვიფიქროთ წახალისების რაიმე სხვა ფორმა;
  • დავუსახოთ ბავშვს გრძელვადიანი მიზნები. როდესაც მას აქვს ხანგრძლივ დროში შესასრულებელი დავალება, წარმატება დიდწილად დამოკიდებულია სწორად მომზადებაზე. დავეხმაროთ ბავშვს, დაყოს დიდი დავალება რამდენიმე პატარა ნაწილად და განსაზღვროს ვადები მათ შესასრულებლად. ეს ამარტივებს საბოლოო მიზნის მიღწევას და ამცირებს სტრესის დონეს. გარდა ამისა, პატარა ნაბიჯები ეხმარება ბავშვს, შეასრულოს დასახული ამოცანები და მიაღწიოს მიზანს;
  • მოვუწესრიგოთ ბავშვს ძილის რეჟიმი. ერთსა და იმავე დროს დაძინება ასწავლის მას, სწორად განსაზღვროს დრო სწავლისთვის, თამაშისთვის და სხვა აქტივობებისთვის დღის განმავლობაში. გარდა ამისა, თუ ბავშვი ადრე წვება დასაძინებლად და ადრე დგება დილაობით, მას შეუძლია უკეთესად მართოს თავისი დრო;
  • დავადგინოთ გაჯეტების გამოყენების წესები ოჯახში. მიუხედავად იმისა, რომ კომპიუტერული ტექნოლოგიები ძალიან გვეხმარება სამუშაოს შესრულებაში, მათი ზედმეტად, ხშირად, უზომოდ გამოყენება შეიძლება სერიოზული ხელისშემშლელი და დამაზიანებელიც კი აღმოჩნდეს. ამიტომ, სახლში საჭიროა მათი გამოყენების შეზღუდვა. ჩვენ შეგვიძლია განვსაზღვროთ, რა დროს და რა ადგილებში არ შეიძლება სმარტფონების გამოყენება, მაგ. მაგიდასთან ან ბავშვის საძინებელში. აღნიშნული წესების დაცვა მოვთხოვოთ არა მხოლოდ ბავშვს, არამედ ეს წესები ჩვენ თავადაც დავიცვათ;
  • ჩავრთოთ ბავშვის დღის განრიგში თავისუფალი დრო. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს განრიგი მოიცავდეს არა მხოლოდ იმ საქმეებს, რომლებიც აუცილებლად შესასრულებელია მოზარდისთვის, არამედ თავისუფალ დროსაც. ასე ის გაიგებს, რომ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ყველა დავალების შესრულება, არამედ დასვენებაც. თავისუფალ დროს მივცეთ ბავშვს საშუალება, ითამაშოს მეგობრებთან ერთად, უყუროს ფილმს, ან გააკეთოს ის, რაც მას ძალიან აინტერესებს;
  • მივცეთ მოზარდს რჩევები, მაგრამ ნაკლებად ვაკონტროლოთ. როდესაც რჩევებს ვაძლევთ და ვეხმარებით, ჩვენ მას პრობლემის დამოუკიდებლად გადაწყვეტას ვასწავლით. მაგრამ, როცა გაუთავებლად ვაკონტროლებთ და დაჟინებით მოვითხოვთ, რომ მან შეასრულოს თავისი სამუშაო, ჩვენ გარკვეულ დაბრკოლებებს ვუქმნით დამოუკიდებელი პიროვნების ფორმირების გზაზე. რჩევების დახმარებით შევძლებთ, ვასწავლოთ ბავშვს, იყოს პასუხისმგებელი საკუთარ ქმედებებზე.

დაბოლოს, გავითვალისწინოთ, რომ არანაირი უნარის გამომუშავება არ ხდება ერთ-ორ დღეში. ნებისმიერი უნარის გამომუშავებას სერიოზული ძალისხმევა, მოთმინება და თანმიმდევრულობა სჭირდება.

 

კომუნიკაციური დისკურსები

0

ადამიანი სხვადასხვაგვარად ხედავს საკუთარ თავს, როცა ის მარტოა თუ მასაში. იგი მასაში მეტი ზეგავლენის ქვეშაა, რადგან შესამჩნევია მისი გრძნობების ნიველირება. ჰიტლერი წერდა ,,მაინ კამფში”: ,,მასობრივ თავყრილობებზე აზროვნება გამორთულია. და მე ვიყენებ ამ მდგომარეობას: ეს უზრუნველყოფს ჩემს სიტყვას ზეგავლენის უმაღლესი ხარისხით, და მე ვაგზავნი ყველას კრებაზე, რომელზეც ისინი მასად იქცევიან, თავად უნდათ ეს თუ არა. ინტელექტუალები და ბურჟუები ისეთივე კარგები არიან, როგორც მუშები. მე ვურევ ხალხს. მე ვესაუბრები მას, როგორც მასას“ (ხ. ლემერმანი).

სერჟ მოსკოვიჩი მასობრივი ზემოქმედების ამავე პრობლემას უყურებს მასობრივი კომუნიკაციის საშუალებათა მეშვეობით. მასმედია პირდაპირ არ მოქმედებს ცალკეულ ადამიანზე, არამედ მეზობლების, ოჯახის, მეგობრების პირველადი ჯგუფების მეშვეობით, რომლებთან საკითხის განხილვა საბოლოოდ ცვლის ადამიანის აზრს. თუმცა მასმედია თავისი განვითარების ფარგლებში ავიწროებს დისკუსიურ წრეებსა და საუბრებს, ტოვებს რა ადამიანს გაზეთის ან ტელევიზიის პირისპირ. ,,ოვაცია, სტვენა, უარყოფა ან შესწორება, რეპლიკა საგაზეთო სვეტისადმი, გამოსახულებისადმი, რომელიც ჩნდება ეკრანზე, ან ხმისადმი რადიოში – ყოველივე ეს შეუძლებელი ხდება. ამიერიდან ჩვენ პასიური ვართ, მის დაქვემდებარებაში. ჩვენ – მათ განკარგულებაში, დამორჩილებულნი ბეჭდვითი სიტყვის ან ეკრანის გამოსახულების ხელისუფლებისადმი. მით უმეტეს, რომ მსმენელის, ტელემაყურებლის იზოლაცია არ აძლევს მას საშუალებას, გაიგოს, რამდენად ბევრი ადამიანი იზიარებს ან უარყოფს მის აზრს“.

ყველა შემთხვევაში, მასობრივი ზემოქმედება შესაძლებელია მასაზე და არა ინდივიდუალურ ცნობიერებაზე გათვლითა და დაყრდნობით.

ჩვენ განვიხილავთ კომუნიკაციის სტრუქტურირებას, რომელიც წარმოდგება არხის თავისებურებებიდან: ვერბალური, ვიზუალური და პერფომანსული, თუმცა ბოლო აერთიანებს პირველ ორს სივრცის ჩარჩოებში.

 

საკუთრივ კომუნიკაციური ორგანიზება წარმოდგენილია მითოლოგიური და მხატვრული ფორმებით. გერჰარდ ადლერი წერდა მითზე: ,,მითი უნდა განვიხილოთ, როგორც სპონტანური და არარეფლექსიური ფორმულირება ცივილიზაციის პირველადი ფსიქოლოგიური გამოცდილებისა, რომლის დამსახურებაა, რომ მითოლოგიას შეუძლია ღრმად გაგვაგებინოს კაცობრიობის ადრეული ფსიქოლოგიური გამოცდილება“ (გ. ადლერი).

დღევანდელი კომუნიკაციური სივრცე ხასიათდება სესხებით იმ მეთოდებისა, რომლებიც აღიარებულია როგორც ერთ დისკურსში, ისე მეორეში. პოლიტიკოსები იყენებენ აქტიორულ ინსტრუმენტებს საკუთარი ელექტორატის გულების მოსაგებად. მხატვრული კომუნიკაცია სესხულობს დოკუმენტური მოდუსის ინსტრუმენტებს. ყველაფერი ემორჩილება ეფექტური ზემოქმედების გაძლიერებას, ამიტომ რეზულტატიური მეთოდი, სადაც არ უნდა წარმოიშვას ის, მაშინვე გამოიყენება მონათესავე სფეროებში. მხატვრული კინო ზემოქმედებს ახალ ამბებზე. ის გავლენას ახდენს პოლიტიკაზეც, როცა ქალაქის დამნაშავეობის პრობლემა ხდება მთავარი თემა მუნიციპალურ არჩევნებზე. თუმცა ეს პრიორიტეტულობა ნაკარნახევია არა მისი რეალური წონით, არამედ ეკრანებზე დეტექტიური ჟანრის გავრცელებულობით, როგორც უფრო ხელსაყრელთან, მხატვრული მოდუსის თვალსაზრისით. აქედან გამომდინარე, კომუნიკაციური სივრცის კანონები შეიძლება ფორმულირდეს, როგორც კომუნიკაციური მიზიდულობისა თუ განზიდულობის განსაზღვრული მოცემულობები.

ვიზუალური კომუნიკაცია – ადამიანი იღებს ინფორმაციას მისთვის არსებული ყველა წყაროდან. მაგრამ ნაწილი მათგან ხასიათდება ურთიერთობისთვის განსაკუთრებულობით. ეს, უპირველესად, ვიზუალური და ვერბალური კომუნიკაციებია. ჯერ კიდევ ნიცშე წერდა თავის აფორიზმებში: „ადამიანები თავისუფლად ტყუიან პირით, მაგრამ სახე, რომელსაც ისინი ამ დროს იღებენ, მაინც ამბობს სიმართლეს“. ეს სიტყვები საკმაოდ ზუსტად გადმოსცემს როგორც ვიზუალურ არხზე ინფორმაციის გადაცემის ავტონომიურ ხასიათს, ასევე იმას, რომ ჩვენ არ შეგვიძლია თანაბრად გავაკონტროლოთ ვიზუალური არხი, როგორც ამას ვერბალური არხით ვახერხებთ. მკვლევართა გამოთვლებით ინფორმაციის 69%, წაკითხული ტელევიზიის ეკრანიდან, მოდის ვიზუალურ კომუნიკაციაზე. პაბლიკ რილეიშენზის ჩარჩოებში საჭიროა გვახსოვდეს ამის შესახებ და ავამაღლოთ მისი როლი, რომ გამოვიდეს ჩრდილიდან. სხეულის ენის ფლობა ყოველთვის იწერება დასავლეთის პოლიტიკოსებისათვის. მაგალითად: ,,მსუბუქი ინტერვიუ ითხოვს გამუდმებულ ღიმილს, იმ შემთხვევაშიც, თუ თქვენ მაინცდამაინც არ გიყვართ ეს დეტალი. როგორც ყველასი, ჩემი პირის კუთხეებიც იწევს მაღლა, როცა ვიცინი. ეს ნიშნავს, რომ როცა გაურკვეველი სახით ვზივარ, შეიძლება, გაღიზიანებულად გამოვიყურებოდე“ (მ. სპილეიმანი). ადამიანმა აუცილებელია, გასცეს განსაზღვრული ინფორმაცია არავერბალური წესით იმისთვის, რომ იგი უარყოფითად არ მიიღონ.

ფოტოპორტრეტები პოლიტიკური ლიდერებისთვის ხდება სერიოზული პრობლემა. ასე რომ, ადამიანები, რომლებიც პირველად ხედავდნენ სტალინს ახლოდან, გაკვირვებულები ამჩნევდნენ სახეზე ნაყვავილარსაც, სიმშრალესაც, რომლებიც შეუმჩნეველი იყო ოფიციალურ გამოსახულებებზე. ლიდერები ცდილობენ, გადაღებისას მოიშორონ სათვალე, სიგარეტი; ცდილობენ გახადონ თავიანთი გარეგნობა იდეალურთან მიახლოებული. თუმცა ამ დროს შესაძლებელია ბუნებრიობის დარღვევა და მაშინ იძულებულნი არიან, აირჩიონ, როგორც ეს გააკეთა, მაგალითად, ინგლისის პრემიერმა: ,,მიუხედავად იმისა, რომ პრემიერ-მინისტრი ჯონ მეიჯერი უფრო ახალგაზრდად და კარგად გამოიყურება უსათვალოდ, მათში ის თავს უფრო დაცულად გრძნობს“ (მ. სპილეიმანი).

ამას დავუმატოთ ინფორმაცია, რომელსაც ატარებს ფერი. ცისფერი ავტორიტეტულობის ნიშანია. ამიტომაც ბევრ ქვეყანაში პოლიციელები სწორედ ამ ფერის სხვადასხვა ვარიანტით არიან შემოსილნი. როგორც მერი სპილეიმანი წერს: ,,განა, ენდობით მოსამართლეს, რომელსაც ფორთოხლიფერი აცვია ან ქალ-პოლიციელს, ვარდისფერ უნიფორმაში? რა თქმა უნდა, არა. ჩვენ შევეჩვიეთ მივიღოთ გარკვეული ფერები, როგორც ხელისუფლებისა და ავტორიტეტის შთაბეჭდილების მატარებელნი, მაშინ, როცა სხვებს საწინააღმდეგო შედეგთან მივყავართ“ (მ. სპილეიმანი).

საერთო ჯამში, უნდა აღინიშნოს, რომ ვიზუალური კომუნიკაცია წარმოადგენს ხანგრძლივი შეტყობინების დაბადებას და ეს მისი ერთი მთავარი თავისებურებაა.

ვერბალური კომუნიკაცია – ვერბალური კომუნიკაცია ძირითადია ადამიანის მოღვაწეობის ნებისმიერ სფეროში. მეტყველების პროფესიული ფლობა წარმატების მთავარი პირობა ხდება პროფესიათა უმრავლესობაში.

გავიხსენოთ ბერნარდ შოუს „პიგმალიონი“: „ქალს, რომელიც გამოსცემს ასეთ მახინჯ და საცოდავ ბგერებს, არ აქვს არსად ყოფნის უფლება! გაიხსენეთ, რომ თქვენ ადამიანი ხართ, დაჯილდოებული სულითა და მეტყველების ღვთაებრივი უნარით, რომ თქვენი მშობლიური ენა – ესაა შექსპირის, მილტონისა და ბიბლიის ენა! და შეწყვიტეთ კრიახი, ხრინწიანი ქათამივით“.

ჩვენ ვსაუბრობთ ვერბალურ კომუნიკაციაზე და არა ტექსტობრივზე, იმდენად რამდენადაც ტექსტად ითვლება როგორც ვერბალური, ისე არავერბალური სფეროს ერთეული. უ. ეკო, მაგალითად, საუბრობს ტექსტზე, ნებისმიერი ხალხის შემთხვევაში, რომლებიც ერთმანეთთან სიტუაციურად არიან დაკავშირებული. გამომძიებელს, რომელიც დანაშაულს იძიებს, ასევე აქვს საქმე ტექსტთან, თუმცა მასში შეიძლება ერთი სიტყვაც არ იყოს. მაგრამ მის წინაშე ზუსტად ტექსტია, რადგან ის ფლობს საკუთარ, შინაგან, სხვებისგან განსხვავებულ სტრუქტურას. ვერბალური კომუნიკაცია სხვადასხვა დონეზე ზემოქმედებს ადამიანზე და არა მხოლოდ შინაარსით. ,,ბევრი პოლიტიკოსის, მსახიობის, საქმიანი ადამიანის წარმატება ხმის ტემბრს უკავშირდება“, – წერს მერი სპილი. ჩვენ ვცხოვრობთ სიტყვების სამყაროში. პაბლიკ რილეიშენზი, უპირველესად, სტატიებს, პრესრელიზებს, დაწერილ სიტყვებს უთმობს ყურადღებას. ამ მხრივ საინტერესოა, მსმენელის ადგილსამყოფელიც. გამოიყოფა ოთხი შესაბამისი ზონა, რომელთა დარღვევა ისეთივე დასჯადია, როგორც ნებისმიერი სასაუბრო ნორმისა:

ინტიმური (15-45 სმ),

პირადი: ახლო (45-75 სმ), შორი (75-120 სმ),

სოციალური (120-360 სმ),

სახალხო (360 სმ და შორს).

ზემოქმედება ხდება ენის ყოველ დონეზე, დაწყებული ბგერითი დონიდან. დღეს არსებული მეცნიერება – ფონოსემანტიკა ხსნის ბგერების ამა თუ იმ მნიშვნელობას, რომელიც გამოთვლილია ამ ენის მატარებელთა ასოციაციებით.

სიტყვიერ დონეზე გადასვლისას, საცნაურდება სხვა კომუნიკაციური თავისებურებები, მაგალითად, სიტყვა-გასაღებები. აქედან შეიძლება დავასკვნათ: მნიშვნელოვანია (ზემოქმედება მათზე, რაც მეხსიერებაში რჩება) მხოლოდ სიტყვა-გასაღებების უმნიშვნელო რაოდენობა, რომლებსაც ყურადღება უნდა მივაქციოთ.

გარკვეული კომუნიკაციური სფეროები დიდი ხარისხითაა დამოკიდებული ენის ტიპზე. ,,არსებობს ლიტერატურული სინამდვილის პრივილეგირებული რეგიონები. სიყვარულს, ომს, საზღვაო მოგზაურობასა და ნადირობას აქვს თავისი ენა – როგორც ყველა სახიფათო საქმიანობა, რადგან ეს მნიშვნელოვანია მათი წარმატებისთვის“ (ხ. ვაინრიხი). ჩვენ ამას უნდა მივაკუთვნოთ პოლიტიკაც, რადგან ამ უკანასკნელის წარმატება დიდი ხარისხითაა ჩადებული სწორ კომუნიკაციურ სტრატეგიებში.

კომუნიკაციის სხვა ფორმებზე  მომდევნო წერილში ვისაურებ.

 

 

 

 

გმირის მოგზაურობა – გზამკვლევი მომავალი გმირებისთვის

0

სიტყვა „გმირი“ ამ ტექსტში გამოყენებულია ყველა მნიშვნელობით. განმარტებითი ლექსიკონის თანახმად, გმირი არის: 1. ბრძოლასა და შრომაში თავდადებული, მამაცობითა და გამბედაობით გამოჩენილი, სიძნელეთა ვაჟკაცურად დამძლევი პირი. 2. მითოლ. ძველი ეპიკური პოემებისა და მითების მთავარი მოქმედი პირი, რომელიც დაჯილდოებული იყო ზეკაცური ძალით. ჯერ არავინ უწყის, თუ ვინ ყოფილა უფრო დიდი გმირი, ჰომეროსი თუ აქილევსი (კ. გამს.). 3. ლიტ. მხატვრული ნაწარმოების მოქმედი პირი, პერსონაჟი.

მაშ, ვინ არის გმირი?

ის, ვისი მთავარი მახასიათებელი მოქმედებაა.

მოძრაობა.

წინსვლა. უკანდახევა და შემოვლითი გზების ძიება. პოვნა. გაკაფვა.

მოძრაობა შიგნით (საკუთარ არსებაში, არსებობაში, შიგანში, შინაგანში) და მოძრაობა გარეთ.

მაინტერესებს იშტა, გაბედულება ადამიანისა, რომელიც ტოვებს სამოსახლოს და მიდის შეუცნობელ სამყაროში ან იღებს თამამ გადაწყვეტილებას და აბიჯებს განუსაზღვრელ მომავალში. არ უშინდება ან უშინდება, მაგრამ მაინც მიდის, მაინც წყვეტს მოქმედებას, არჩევს – იმოქმედოს.

მაინტერესებს, როგორ შეიძლება იქცეს ასეთი გმირების ქმედება შთამაგონებლად იმ მოსწავლეებისთვის, რომლებიც დღემუდამ სიჩუმეს, უმოქმედობას, უქნარობას, სტაგნაციას ირჩევენ.

ირჩევენ შინაგან ემიგრაციას თვითგადარჩენის ფორმად.

არ უშვებენ არავის და არაფერს ამ წიაღში – არც ცოდნის სხივებს, არც მასწავლებლის მცდელობებს, არც თანატოლების ყიჟინას.

არაფერს.

იქმნიან გარსს, იყუჟებიან ამ გარსში, არიან იქ და არ ცდილობენ სამყაროს გააგონონ – მე აქ ვარ! მე ვარსებობ.

არჩევენ სიჩუმეს, მდუმარებას, არყოფნას, არაფრობას. ეშინიათ ყოველგვარი გამოვლინებისა, პიროვნული იმპულსების გამომჟღავნებისა. უფრთხიან ყველას და ყველაფერს, რაც ირგვლივაა. ემიჯნებიან გარემოს.

მოკუნტული. შეუმჩნეველი

ასეთი გმირები სხეულებრივი მონაცემებითაც ამოიცნობიან: მხრებში აწურულები, მოკუნტულები, მოხრილები, საუბრისას ძალაუნებურად იხევენ უკან ან ცდილობენ კიდევ უფრო მოიკუნტონ, მოიხარონ. თავი დახრილი, თვალები – იატაკს ჩასობილი. საუბრისას – ლოყები შეფაკლული ან ფერი – დაკარგული. თვალებით კონტაქტს გაურბიან. დააკვირდით, რამდენად ხშირად მიემართება მზერა გვერდით ან ქვევით. და სხეულებრივი გამოვლინებები საინტერესო სიმპტომებია –

საჭირო, მნიშვნელოვანი. სასარგებლოა მათზე დაკვირვება, რადგან ცვლილებებისკენ გადადგმული ერთი ნაბიჯი სწორედ სხეულზე ზემოქმედება უნდა გახდეს. გმირებმა ეს იციან – ხანგრძლივი მოგზაურობისთვის აბგაა ჩასალაგებელი, კუნთებია მოსამაგრებელი, გამძლეობაა მოსაპოვებელი.

სწორედ სხეულებრივი ცვლილებების დასაწყისი შეიძლება იქცეს საწყის იმპულსად. „მკლავთა გამამაცურება“, აღმართვა, მხრებში გაშლა. ასე ტარიელი იქცევა გადამწყვეტი მომენტის წინ, როდესაც როსტევანის გამოგზავნილი მონების აბჯრის ხმას გაიგონებს. სხეული ავტომატურად, მყისიერად გადაირთვება თავდაცვის რეჟიმზე. უცხო მოყმემ „თვალთა ხელი უკუივლო, ცრემლნი ცხელნი მოიწურნა“, იარაღი მოიმარჯვა და მკლავნი გაიმამაცურნა. ეს მკლავთა შეთამაშება, სხეულის გაშლა-გაფართოება, მოჭიმვა და მომზადება ნებისმიერი მოულოდნელობისთვის ემოციურ ფონსაც ცვლის. მანამდე თუ სხვაგან ქროდა გმირის გონება, ახლა აქაა, აქ და ახლა. აკვირდება და აფასებს, რა ხდება მის თავს. იღებს გადაწყვეტილებას. იწყებს ქმედებას.

მივყვეთ გმირის მოგზაურობის ამბავს. ეს ერთგვარი მოდელია, პატერნი, ერთგვარი პროგრამა, რომელიც თითოეულში იმთავითვეა ჩადებული. იმთავითვეა „დაინსტალირებული“ ცოცხალ ორგანიზმში. იმიტომ, რომ რაც ცოცხალია, ის მოძრაობს. სხვაგვარად ლპობის პროცესი იწყება.

გასააქტიურებლად კი სხვადასხვა გარემოებები ან გარემოებათა დამთხვევაა საჭირო. ნებისმიერ შემთხვევაში, პროგრამის ამამოქმედებელი, „ჩამშვები“ თავად გმირია. მხოლოდ ის.

მხოლოდ მისი არჩევანი წყვეტს მომავალს, მისი გადადგმული პირველი ნაბიჯით იწყება გზა ათასი თავგადასავლისკენ. თუ ეს არ მოხდა, იქნება სტაგნაცია (სტაგნუმ – stagno ვაჩერებ, უმოძრაოს ვხდი; stagnum გაჩერებული წყალი…). არაფრობა. უმაქნისობა. უქნარობა. იქნება ის, რასაც ვაჟა ასე აფასებდა „უქმად ჩამაჰლევთ სიცოცხლეს, უქმად საფლავში სწვებითა“.

კემპბელის სქემა

როგორ უნდა აქციოს ადამიანმა საკუთარი თავი გმირად – მთავარ პერსონაჟად. საკუთარი ამბის, საკუთარი ცხოვრების მოქმედ პირად? თამაშის, ფანტაზიის მოშველიებით. დავიწყოთ სწორედ ამით. წარმოვიდგინოთ საკუთარი თავი მომავალი თავგადასავლის მთავარ გმირად. საამისო გზამკვლევი ძალიან, ძალიან ბევრს დაუწერია. როგორც თეორიულ-აკადემიური, ისე მხატვრული.

მითები, ზღაპრები, პოემები – შეთხზული ამბების უმეტესობა ამაზეა. ამ გმირების გაცნობა შვებაა. მათი ამბების კითხვა მაკურნებელია და იმედის მომცემი. გმირები ასეთებად არ იბადებიან. უმეტესწილად, ისინი ქმნიან თავიანთ თავგადასავლებს. თვითონ განსაზღვრავენ აწმყოს, მომავალს.

ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო დაკვირვება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მითებისა და ლეგენდების, ზღაპრებისა და თქმულებების შესწავლის საფუძველზე ეკუთვნის ამერიკელ მწერალს, მეცნიერს, შედარებითი მითოლოგიისა და რელიგიათმცოდნეობის პროფესორს, ჯოზეფ კემპბელს.

მხატვრული ტექსტების რეალობა წრიულ სტრუქტურას ჰგავს, გმირები ერთგვარ პარადიგმაში არიან მოქცეული. კემპბელის სქემის თანახმად, გმირი ისაა, ვინც იწყებს ქმედებას და ტოვებს სამოსახლოს, თავშესაფარს, უსაფრთხო ადგილს, კომფორტის ზონას. ამ ნაბიჯს მოჰყვება მომდევნო „პუნქტები“:

„თავგადასავალი გიხმობს“, „უარყოფის ხიბლი (არ მინდა არანაირი თავგადასავალი)“, „ზებუნებრივი წახმარება“, „ზღურბლის გადაკვეთა (ცეცხლი აინთო, თამაში დაიწყო…)“, „ვეშაპის შიგანი“ (დიდი განსაცდელი), „გამოწვევებითა და დაბრკოლებებით სავსე ბილიკები“, „საბედისწერო შეხვედრები“, „ქალი – მაცდური (ან ყოველგვარი საცდური…), მონანიების, კვლავ თავშესაფრის ძიების, წიაღში დაბრუნების სურვილი, დამხმარეებთან შეხვედრა, კომფორტის ზონაში დაბრუნების სურვილის უგულებელყოფა, ჯადოსნური აღმაფრენა, დაბრუნების სურვილის სამუდამო ქრობა, სიცოცხლისა და მოძრაობის წყურვილი…

და გმირი იწყებს თავის ამბავს, დგამს იმ პირველ ნაბიჯს, რომელსაც ათასგვარი თავგადასავალი მოჰყვება თან.

 

სამი აქტის თეორია

(შთაგონებულია ამერიკელი სცენარისტის, სიდ ფილდის წიგნით „სცენარი – სასცენარო ოსტატობის საფუძვლები“ . სიდ ფილდი წიგნში ნარატივის სამაქტიანი სტრუქტურის მოდელს განიხილავს).

როგორ ხდებიან გმირები – გმირები? ანუ საკუთარი პიროვნების შემოქმედები.

აქტი პირველი – სტარტი

  1. გაცხადება – პროლოგი: ასევე – წინასიტყვაობა. ეს რეალობის გაცხადების მცდელობაა. გმირი ეცნობა საკუთარ თავს. იკვლევს საწყის მონაცემებს. პირდაპირ სიტყვიერად აღწერს ამას. შეუბრალებლად, დაუფარავად, პირდაპირ. სწორ სიტყვებში აქცევს, აყალიბებს იმას – რაც არის.
  2. უთანხმოება – უთანხმოება მნიშვნელოვანი სასტარტო მონაცემია. ყველაფერი ისე აღარაა, როგორც იყო. რაღაც უნდა შეიცვალოს. ასე ყოფნა, ეს ყოფა უკვე შემაწუხებელია. უმოქმედობა დამღუპველია. ცრუ მოქმედებებიც – ასევე. ვიხსენებთ ლუარსაბისა და დარეჯანის ყოფას – მთელი ტექსტი ერთ ჩაკეტილ სივრცეშია მოქცეული. „გმირები“ ერთადერთხელ ტოვებენ სამოსახლოს და ისიც მკითხავის დისტანციური მითითების საფუძველზე. სად მიდიან? შორეულ თელეთში. რისთვის? მოსალოცად, რომ „ხატს არ ეწყინოს“. სულ ესაა მათი „მოქმედება“. მთელი ცხოვრება გაილია ცრუ ქმედებებსა და ჭამაში. მთავარი „გმირის“ ბოლო კი საოცრად შთამბეჭდავია. ლუარსაბი ჭამით გასკდა. იცხოვრა იმისთვის, რომ ეჭამა და მოკვდა ჭამით.
  3. ამავე აქტშია მიზნის მოხაზვა, განუსაზღვრელი მომავლიდან თუნდაც ერთი სასურველი მისაღწევი მიზნის გამოყოფა. მიზნის გამოკვეთას მოტივაციის გააქტიურება მოჰყვება.
  4. პირველი აქტის დასასრული გზის ან ბილიკის მონიშვნაა. აი – მიმართულება. აი – გასავლელი გზა.

აქტი მეორე:

  1. სირთულეების წყება იწყება – ერთი-მეორის მიყოლებით, უსასრულოდ, გაუჩერებლად, სირთულე-სირთულეზე. ყველაფერი ისე არაა, როგორც წარმომედგინა, როგორც ფილმებსა და წიგნებშია, არ მიმართლებს, არ ლაგდება გარემო პირობები ისე, რომ შევძლო გაგრძელება – სირთულეები ზვავივითაა. ეს ზვავი არ ჩერდება.
  2. გმირი იწყებს გადაწყვეტილებების მიღებას და ყოველ ჯერზე მოქმედებს. აკეთებს. მიჰყვება პატარა ნაბიჯებს. არ ნებდება. ცვლის იმას, რისი შეცვლაც იმ მომენტში შეუძლია. არ ივიწყებს მიზანს.
  3. მონიშნული გზა ნაპოვნია. ნახევარი – გავლილია – გმირი თანდათან აცნობიერებს, რომ მიზნის მისაღწევ გზაზე კარგა გვარიანი მანძილი აქვს გავლილი. რაღაცებს უკვე მიაღწია, რაღაცებს ვერა. ისწავლა ძლიერი და სუსტი მხარეები. შეეჯახა გადაულახავ და გადასალახავ სირთულეებს. ყველაფრისგან მიიღო სარგებელი. ზოგიერთი გაკვეთილი მწარე იყო. გმირმა იცის – წინ ასევე რთული გზაა. ზღაპრის კეთილი ბოლოს მოლოდინი დიდად არ უნდა ჰქონდეს. რეალურ ცხოვრებაში ყველაფერი სხვაგვარადაა მაგრამ ყველაფერი ექვემდებარება მოძრაობის დაუმარცხებელ კანონს – ცხოვრება მოძრაობაა. ყველაფერი, რაც ცოცხალია, მოძრაობს. მოძრაობა სტაგნაციის საპირისპიროა. სტაგნაცია, უმოძრაობა – არაფრობაა. მოძრაობა და მხოლოდ მოძრაობა ქმნის სიცოცხლის ღონეს, ძალას, თავად სიცოცხლეს.
  4. მეორე აქტის დასასრულისკენ საარაკო, დიდებული ჩავარდნა გარანტირებულია. ყველაფერი ჩამოინგრევა. იმედები გაქარწყლდება. სირთულეებს ბოლო არ უჩანს. ეს – კანონზომიერია. თუ ვიცი, რომ გმირები გადიან ამ გზას, ვიცი ისიც, რომ გმირები დგებიან და აგრძელებენ გზას. ავთანდილი იქ რომ დანებებულიყო, იმ მქისე, უდაბურ, უკაცრიელ ადგილზე, ან გულში დანა რომ ჩაეცა, ან საყვარელთან გაბრუნებულიყო, ის აღარ მოხდებოდა, რაც მოხდა. გმირი ვერ შედგებოდა. ავთანდილი არ ნებდება. იწყებს იმაზე ზრუნვას, რაზე ზრუნვაც შეუძლია – იწყებს სხეულის მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას. გემრიელად მიირთმევს. ისვენებს. თავს იგულიანებს. ყველაფერი კანონზომიერია. გმირები ასეთ სიტუაციაში არიან ხოლმე. ხშირადაც არიან. სიტუაცია გამოუვალი ჩანს, მაგრამ მხოლოდ ჩანს. ავთანდილი ტარიელის ბრალდებასა და წყენაში რომ ჩარჩენილიყო, მის მოსაძებნად წასასვლელი ძალა არ ეპოვა საკუთარ თავში, იმედგაცრუებისა და ბრაზის მორევში ჩამხრჩვალიყო, ის არ მოხდებოდა, რაც მოხდა. ავთანდილი ყოველ ჯერზე პოულობს გზის გაგრძელების მიზეზს, ძალას, სახავს გეგმას. იწყებს მოძრაობას. ერთი ნაბიჯი. მერე მეორე. წავიდა…
  5. მეორე აქტის ბოლოს გმირი იწრთობა გამძლეობაში. მოიპოვებს საკუთარი თავის ნდობას. იკრებს ძალებს. მიიწევს წინ. ავლენს საკუთარ პიროვნულ თვისებებს. სინჯავს ძალებს. აჩვენებს გარშემომყოფებს – მე აქ ვარ. ჩემი აქ ყოფნით რაღაც იცვლება. იცვლება გარემო. ატმოსფერო. ვიცვლები მე.

აქტი მესამე

  1. ახლოვდება ერთ-ერთ კულმინაცია და გადასხვაფერების პირველი ნიშნები ჩნდება. ასეთ დროს გმირი უყურებს და აფასებს საკუთარ მიღწევებს. ახსოვს როგორი იყო გზის დასაწყისში და შეუძლია გამოყოს განსხვავებები. გრძნობს ფიზიკურ დონეზე ცვლილებებს. გრძნობს სასიცოცხლო ძალას, ღონეს, ენერგიას. აგრძელებს მოძრაობას. განვითარებას. მცირე ნაბიჯების გადადგმას.
  2. ამ ეტაპზე – ახალი თავგადასავლის დაწყებამდე.

და ეს უსასრულო პროცესია. ხანგრძლივობა – მთელი სიცოცხლე.

ყოველ ჯერზე იწყება ახალი მოგზაურობა, ახალი თავგადასავალი, ახალი გმირის (პიროვნების) დაბადება.

მთავარია, გმირი არ იმსხვერპლოს საკუთარმა უუნარობამ, უმოქმედობამ არაფრობამ.

გმირი დარწმუნებულია:

„დევებს, ურჩხულებს, მონსტრებს, მტრებს, მოწინააღმდეგეებს გავუმკლავდები. მთავარი მტრის (უმოქმედობის) დამარცხება ამის გარანტიაა!“.

 

 

 

 

 

 

 

 

26 მარტი – ბედნიერების ცრემლების და სიხარულის დღე

0

26 მარტს, სამშაბათს, მთელი დღე დაძაბული ვიყავი, გულს ვერაფერს ვუდებდი. იმ დღეს გაკვეთილები როგორ ჩავატარე, არც კი მახსოვს. ყველაფერს რეფლექსიურად ვაკეთებდი. ჩემი გონება და აზრები ეროვნულ სტადიონზე იყო. გაკვეთილიდან მხოლოდ ჩემი მოსწავლის ფრაზა მახსოვს – „თემო მასწ, ჩვენ დღეს ვილოცებთ ალაჰის სახელზე, რომ ამ საღამოს საქართველომ გაიმარჯვოს“. დარწმუნებული ვარ ილოცეს…

ფეხბურთს და ზოგადად სპორტს (ასევე ხელოვნებას), შეუძლია ერის გაერთიანება, ერთ მუშტად შეკვრა, ეროვნული იდენტობის ჩასახვა და მისი გაძლიერება. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ჩვენ ასეთი გამარჯვებების შიმშილი გვაქვს. 26 მარტის საღამო სწორედ ასეთი უნდა ყოფილიყო ჩვენთვის…

27 მარტს მეგონა, რომ სულ სხვა საქართველოში გავიღვიძე. დილით სკოლის ჭიშკარში ამაყად და თამამად შევაბიჯე. ეზოში მოზეიმე მოსწავლეები გამომეგებნენ. ყველა კლასმა – ქართველმა, აზერბაიჯანელმა თუ სომეხმა მოსწავლემ, რომელთაც ვასწავლი, იცოდა, რა მნიშვნელობის შეხვედრა მოვიგეთ.

ბოლოს როდის დაინახეთ ამდენ კაცს სიხარულით ეტიროს? მე ასეთი არაფერი მახსენდება. 26 მარტს გამარჯვებასთან ერთად, გენდერული სტერეოტიპი „კაცები არ ტირიან“ საქართველოში საბოლოოდ დაიმსხვრა.

წლებია, ქართული საფეხბურთო კლუბები საერთაშორისო სარბიელზე წარმატებას ვერ აღწევენ. ამიტომ გვიწევს სხვა ევროპული გუნდების გულშემატკივრობა. ხშირად დაინახავთ ეზოებში „მადრიდის რეალის“, „ბარსელონას“, „მილანის“, „ლივერპულის“ თუ „მიუნხენის ბაიერნის“ მაისურებით მორბენალ ბავშვებს. მარნეულში, ასევე პოპულარულია თურქული კლუბები „ფენერბახჩე“, „გალათასარაი“… ამ კუთხით სიტუაცია შეიცვალა ხვიჩა კვარაცხელიას გამოჩენით, უფრო მეტიც – გაბრწყინებით. თვალსაჩინოდ გაიზარდა იტალიური ნაპოლის ფორმები წარწერით KVARATSKHELIA 77.

1991 წლის 9 აპრილს საქართველოს უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. ამით ქვეყანამ დაიბრუნა 70 წლის წინ, იძულების წესით წართმეული დამოუკიდებლობა.

დამოუკიდებლობის აღდგენას წინ უსწრებდა ფეხბურთში ეროვნული ჩემპიონატის დაწყება. საქართველოს პირველი ეროვნული ჩემპიონატის პირველ შეხვედრაში, 1990 წლის 30 მარტს, ერთმანეთს „იბერია“ (თბილისი) და „კოლხეთი 1913“ დაუპირისპირდნენ… საინტერესოა, რომ ფეხბურთმა ერთი წლით დაასწრო მოვლენებს, რაც მის მნიშვნელობას უსვამს ხაზს. ამ მოვლენიდან ორ თვეში უკვე ეროვნული ნაკრები ატარებს პირველ თამაშს. დინამოს სტადიონზე საქართველო ამხანაგურ მატჩში კიდევ ერთ საბჭოთა რესპუბლიკას ლიტვასთან (აწ უკვე ლიეტუვა) გამართა. ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა პირველი ოფიციალური თამაში ევრო 1996 შესარჩევი ეტაპზე მოლდავეთთან ჩაატარა და, სამწუხაროდ, წააგო.

გუნდურ სახეობებში ევროპის თუ მსოფლიოს ჩემპიონატებზე გასვლა 2003 წელს მორაგბეებმა დაიწყეს. მალე მხარი კალათბურთელებმაც აუბეს. 2011 წელს პირველად ვითამაშეთ ევროპის ჩემპიონატზე. 2023 წელს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ტურნირში მივიღეთ მონაწილეობა. სპორტის სხვა გუნდურ სახეობებშიც გვქონია გამონათებები. მაგრამ ის, რაც 26 მარტის საღამოს ფეხბურთში გამარჯვებამ მოგვიტანა, მსგავსი სიხარული დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში სპორტის არცერთ სახეობაში მიღწეულ წარმატებას არ მოუტანია.

2024 წლის 26 მარტამდე იყო დიდი ტკივილით სავსე გზა. უამრავი იმედგაცრუება, დაკარგული თაობები, ფუჭი მოლოდინები, ჩამქრალი ვარსკვლავები…

მსოფლიოსა თუ ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი 3-4 თამაშის შემდეგ თეორიული შანსი გვრჩებოდა. მახსოვს უიმედო თამაშები, გულშემატკივრები დინამოს სტადიონის ორ სექტორს ძლივს რომ ვავსებდით…

ყველაფერი შეიცვალა ერთა ლიგის ტურნირის შემოღების შემდეგ. გვირაბის ბოლოს სხივი გამოჩნდა. 2019 წელს ქვეჯგუფში პირველ ადგილზე გავედით. სწორედ ამ დროს დაიწყო კოვიდისტერია. მარტის თამაშები გადაიდო. ევროპის ჩემპიონატიც…

2020-ის შემოდგომაზე ჩვენი იმედები ჩრდ. მაკედონიელებმა ცარიელ ეროვნულ სტადიონზე დაასამარეს. მაშინ მთავრობის გადაწყვეტილებით, პანდემიის გავრცელების თავიდან არიდების მიზნით 30%-ს აუკრძალეს თამაშზე დასწრება.

ისევ დაიწყო ერთა ლიგის მორიგი გათამაშება, რომელიც დამაჯერებლად მოვიგეთ. შემდეგ ევროპის კლასიკური შესარჩევი გვქონდა, სადაც უშანსოდ ვიყავით. დარწმუნებული ვარ ყველა 2024 ის მარტის თამაშებზე ფიქრობდა.

მოვიდა დიდი ხნის ნანატრი მარტი. ლუქსემბურგთან ნახევარფინალური დაპირისპირების დროც დადგა. უბედნიერესი ვიყავი. ძალიან ლამაზი იყო ის 2:0 და ფინალის მოლოდინი.

2024 წლის 26 მარტის ფინალამდე, ყოველდღე განმარტოებით, საკუთარ თავთან ჩაკეტვით ვავედრებდი გამარჯვებას ღმერთს. ჩემი მოსწავლეები ამყვნენ ყველაფერში. გულს მიკეთებდნენ, ემოციურად მაძლიერებდნენ. საქართველოს ძალიან სჭირდებოდა ისეთი გამარჯვება, რომელიც ერს შეკრავდა.

ამ ბედნიერ დღეს მოვესწარით.

2024 წლის 26 მარტიც ერთგვარი რეფერენდუმი იყო. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი დიდი გამარჯვების ჩაწერის მოთხოვნით… ჩვენმა ფეხბურთელებმა ერის მოთხოვნა შეასრულეს და გაგვიყვანეს საოცნებო – ევრო 2024-ზე.

ჩვენ გვჭირდება საერთო ეროვნული გამარჯვებები! ისეთი გამარჯვებები, რომლებსაც იზეიმებს ყველა ქართველი, დიახ ყველა ვინც საქართველოს მოქალაქეა! ჩვენ გვჭირდება გამარჯვებები, რომლებიც ენგურს გაღმა თუ სამაჩაბლო-ახალგორში სიმპათიას და კეთილ შურს გამოიწვევს, ისეთი გამარჯვებები, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეების გულის ფეთქვის ვექტორს შეცვლის! გამარჯვებები, რომლებიც გაზრდის საერთო სულისკვეთებას, გამარჯვებები დიდი ბრძოლის მოსაგებად!..

 

 

გამოყენებული წყაროები:

https://www.crystalsport.ge/news/23493-30-tslis-tsin—sakartvelos-nakrebma-pirveli-matchi-gamarta

https://lelo.ge/article/%E1%83%A4%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%92%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%98%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9C-video-1990-%E1%83%AC%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1-30-%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%A2%E1%83%98-%E1%83%93%E1%83%A6%E1%83%94-%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AA-%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%9D%E1%83%93%E1%83%94%E1%83%A1-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%95%E1%83%98%E1%83%95%E1%83%98%E1%83%AC%E1%83%A7%E1%83%94%E1%83%91%E1%83%97-%E1%83%9E%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%A9%E1%83%98-%E1%83%9E%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90-21808/

რატომ ხატავს მოსწავლე გაკვეთილზე

0

ჩემთვის ხშირად უთქვამთ: იცი, შენ ძალიან კარგი მსმენელი ხარო. ზუსტად ვიცი, ეს რას ნიშნავს. მე ვარ ადამიანი, რომელიც გულისყურით ისმენს, როცა რაღაცას უამბობენ. თავის ქება არ მინდა, ეს უდავოდ კარგი თვისებაა, რასაც სხვებშიც ნამდვილად ვაფასებ, თუმცა სწორედ იმიტომ, რომ მეც კარგ მსმენელად მივიჩნევი, ერთ საიდუმლოს გაგიმხელთ: ზოგჯერ არ ვუსმენთ, უბრალოდ, ისე ჩანს, რომ ვუსმენთ. შესაძლებელია, მოსმენის პროცესში მთელი სხეული იყოს ჩართული, თვალები მოსაუბრეს უყურებდნენ, მაშინაც კი, თუკი მოსაუბრე გადაადგილდება, მსმენელის მზერა მას დაჰყვება, მზერასთან ერთად თავი აქეთ-იქით ტრიალებს, მსმენელი მშვიდად ზის ან დგას და მთელი ყურადღება მოსაუბრისკენ აქვს მიმართული, შესაძლოა, პერიოდულად თავსაც უკრავდეს იმის ნიშნად, გისმენო. მაგრამ ეს მხოლოდ ავტომატური მოძრაობებია. სინამდვილეში, მარტივად შესაძლებელია, მსმენელის გონება საერთოდ სხვაგან დაქროდეს და მოსაუბრის ყველა სიტყვას ისხლეტდეს. ასე ეს უბრალოდ ფონური ხმაურია, რომელსაც ყურს არ ვუგდებთ და, შესაბამისად, ვერაფერს ვიგებთ. ეს მდგომარეობა ისეთივე საგანგაშოა, როგორც იმ მოსწავლისა, რომელზეც ვწუწუნებთ, რომ სულ ცელქობს და არაფერს ისმენს. ორივე უკიდურესი მხარეა, ვერცერთი კონცენტრირებას ვერ ახერხებს. განსხვავება ისაა, რომ „ჩუმი“ ხელს არ გვიშლის, პირიქით, გვგონია, რომ გვისმენს და თუკი სარკედ ქცეულ მის თვალებს თვალს ვერ მოვკრავთ, ვერც მივხვდებით, რომ როცა დავუძახებთ: „გაიმეორე, ბოლოს რა ვთქვი“ კი არა, „რომელი წელია?“-საც ვერ უპასუხებს, ვიდრე კარგად არ გამოერკვევა.

მაშ ასე, ჩვენ ვიცით, რომ ეს დიდი პრობლემაა. ვიცით, რომ შესაძლოა, სწორედ ის არ გვისმენდეს, ვინც გვგონია, რომ გვისმენს. ვიცით, რომ რამე უნდა მოვუხერხოთ იმ მოსწავლეს, რომელსაც ცხადად ეტყობა, რომ არ გვისმენს, რადგან ცდილობს, თანაკლასელებს გამოელაპარაკოს, წიგნი სხვა გვერდზე გადაშალოს და იქ დაიწყოს კითხვა, ფანჯარაში იყუროს ან მოულოდნელად კონტექსტიდან ამოვარდნილი კითხვით გაგვაწყვეტინოს საუბარი. მაგრამ რატომღაც თვალში სწორედ ის მოსწავლე გვხვდება, რომელიც მშვიდად ზის და რვეულში რაღაცას ხატავს? დიდი ალბათობით, სწორედ ეს მოსწავლე ინტუიციით ხვდება, თუ რა უნდა აკეთოს მაშინ, როდესაც მისი სხეული და გონება გადაღლილია და კონცენტრირებას ვეღარ ახერხებს.  ჩემს გაკვეთილზე ხატვის დრო არ არისო, – სამართლიანად იწყენს ხოლმე მასწავლებელი. ასეა, მე არც ხელოვნებას ვასწავლი, არც რამე მსგავსს, მაშინ რატომ ხატავს აქ? რადგან მხოლოდ ასე ახერხებს, რომ მოგისმინოს! ცხადია, ხშირად იქნება შემთხვევები, როდესაც მოსწავლე თავის ესკიზებში უჩინარდება და გარესამყაროსთან კავშირს კარგავს, მაგრამ ამის გამოცდა მარტივად შეგვიძლია. შემდეგ ჯერზე, როდესაც დაინახავთ, რომ მოსწავლე რაღაცას ხატავს, უბრალოდ, ჩაეკითხეთ იმ თემის ირგვლივ, რომელზეც საუბრობდით. დიდი ალბათობით, გაოცდებით.

მოსწავლეს გაკვეთილზე ხატვის სურვილი ბევრი მიზეზის გამო შეიძლება გაუჩნდეს. შესაძლოა, ეს მოწყენილობით დაემართოს, ან თავის გამოფხიზლებას ცდილობდეს. ეს ქცევა სტრესთან გამკლავების მეთოდადაც შეიძლება აღვიქვათ. თუკი მოსწავლე ხატავს, ის რაღაცისგან თავისუფლდება და თუკი რაღაცისგან თავისუფლდება, ეს რაღაც მას აღარ აწუხებს, შესაბამისად, მეტად არის მზად, რომ გვისმინოს. ცხადია, მასწავლებლის გადასახედიდან, რთულია იმის მიღება და დაჯერება, რომ ასე უსმენენ, თუმცა ეს უფრო მეტად სარწმუნოა, ვიდრე ის, რომ რვეულ და ფანქარჩამორთმეული მოსწავლე მოგვისმენს, რადგან ის აღარ ხატავს.

თუკი მოსწავლეს ხატვას ავუკრძალავთ, მაშინ ის ხელის, კალმის ან ფეხის ნერვიულ ქნევას მოჰყვება, შესაძლებელია, მერხზე კაკუნიც დაიწყოს ან მთელი სხეულის რწევა, რადგან ყველას საკუთარი გამოწვევები აქვს, ყველა სხვადასხვანაირად გამოავლენს იმას, რასაც ხატვაში ჩუმად ავლენდა და ასე გონებას იმშვიდებდა. მახსოვს, როგორ მითხრა ჩემმა უფროსმა მეგობარმა, რომელიც ასევე მასწავლებელია – ლექციაზე ვიჯექი, მოწყენილობისგან ფეხსაცმელს ვიხდიდი და ვიცვამდი, მერე უცებ გამძვრა და მერხის იქით გადამივარდაო. ასეა, მსგავსი რამეები დიდ ადამიანებსაც გვემართება, როცა ვიცით, რომ ვალდებულები ვართ, ვისხდეთ და ვისმენდეთ, თუნდაც ჩვენთვის საინტერესო რამ იყოს. მსგავსად ხდება მოსწავლეების შემთხვევაშიც. თუკი მათ ხატვას ავუკრძალავთ, მოვთხოვთ, რომ ყველაფერი შეინახონ, რითაც და რაზეც კი შეიძლება ხატონ და მშვიდად ისხდნენ, დიდი ალბათობით, ასეც მოიქცევიან, თუმცა მათი სტრესი გაორმაგდება და უარესად შეუშლით ხელს გაკვეთილზე კონცენტრირებაში.

ამის ნაცვლად მასწავლებლებს შეგვიძლია, რომ მცირე გადახვევა გავაკეთოთ გაკვეთილიდან, მოსწავლეებს ვთხოვოთ, ჩვენთან ერთად რამდენიმე ხატვითი სავარჯიშო შეასრულონ. სთხოვეთ მათ, დაგიხატონ ნებისმიერი ემოჯი იმის მიხედვით, თუ რას გრძნობენ და სად არის მათი გონება მოცემულ მონაკვეთში. ან სთხოვეთ უფრო კომპლექსური სკეტჩის შექმნა დამხმარე კითხვების საშუალებით: რას ვგრძნობ? სად ვარ ახლა ჩემი ემოციების მიხედვით? სხეულის რომელ ნაწილში ვგრძნობ ყველაზე მეტად სიმძიმეს? რა მჭირდება ამ წამს? რით შემიძლია შევამსუბუქო ჩემი მდგომარეობა? შესანიშნავი დამხმარეა წერტილების შეერთების სავარჯიშოც, რომელიც ყველაზე მარტივი და ყველაზე სასარგებლოც კი შეიძლება აღმოჩნდეს. დაუხატეთ მოსწავლეებს რამდენიმე წერტილი ფურცელზე და სთხოვეთ, როგორი ხაზებითა და გზებითაც სურთ, ისე დააკავშირონ ერთმანეთთან.  ეს მათ დაეხმარება, გათავისუფლდნენ სტრესისგან და ნელ-ნელა გამოგყვნენ იქ, სადაც თქვენ გსურთ – გაკვეთილზე, სადაც თქვენ საუბრობთ, ისინი კი გისმენენ.

ნებისმიერ შემთხვევაში, თუკი დაინახავთ, რომ თქვენს გაკვეთილზე ხატავენ, ნუ შეიქმნით წარმოდგენას, რომ არ გისმენენ არც თქვენ და არც თანაკლასელებს. სინამდვილეში, სწორედ მცირე სკეტჩებისა და პატარ-პატარა ჩანახატების გაკეთებაა მათი მცდელობა თქვენკენ შემობრუნებისა და კონცენტრაციის.

 

 

სწავლება და ვიდეოთამაშები

0

ძვირფასო მკითხველებო, კარგად მოგეხსენებათ, რომ თამაში ადამიანების უძველესი გამოგონებაა. ირანელი ემიგრანტების ოჯახში დაბადებული იალდა ულსი ფიქრობს, რომ შესაძლოა თამაშის მოთხოვნილება ადამიანის გენეტიკის ნაწილია.  კალიფორნიის უნივერსიტეტში მოღვაწე ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის დოქტორი ძირითადად განვითარების ფსიქოლოგიის მიმართულებით მუშაობს. ის ავტორია წიგნისა „მედიადედები და ციფრული მამები. ბავშვების აღზრდისადმი თანამედროვე მიდგომები ციფრული ტექნოლოგიების ეპოქაში“, რომელიც ჩვენი ინტერესის საგანია.

უძველესი ცივილიზაციების ხელნაწერთა შორის ნაპოვნია ჩანაწერები სამაგიდო თამაშების შესახებ, სპორტული თამაშები ხომ საყოველთაოდ ცნობილია. არსებობს განსხვავებული მოსაზრებები იმის თაობაზე, თუ რატომ ინარჩუნებს საუკუნეების მანძილზე პოპულარობას სხვადასხვა სახის, შინაარსის, ფუნქციის მქონე თამაშები. ზოგიერთი მოსაზრების მიხედვით, ისინი სოციალური ურთიერთობების მოთხოვნილებას უკმაყოფილებენ ადამიანებს. არსებობს თეორია, რომ თამაშები შეჯიბრებითობასა და აზარტულობას ავითარებს.

თანამედროვე ეპოქამ თამაშების ახალი კატეგორია დაამკვიდრა. ბავშვები, მოზარდები, ზრდასრულები პრაქტიკულად თანაბარი სიხშირით ერთობიან ვიდეოთამაშებით. ასეთი პოპულარობის მიუხედავად, მშობლების უმეტესობა დარწმუნებულია, რომ ვიდეოთამაშები დამღუპველ ზეგავლენას ახდენს მათ შვილებზე, რადგან მათ უუარესდებათ ძილის ხარისხი, გაკვეთილებზე ყურადღების კონცენტრაციას ვერ ახდენენ, უქვეითდებათ კრეატიულობა, ანალიტიკური უნარები და ფიზიკური აქტივობა. შეწუხებულ მშობლებს შორის მეც ვარო, – აღიარებს ამერიკელი ფსიქოლოგი და განაგრძობს: – რეალობის გათვალისწინებით, აუცილებელია, კარგად გავიგოთ ვიდეოთამაშების პლუსები და მინუსებიო.

„თავდაპირველად, კვლევები ვიდეოთამაშების შინაარსს ეხებოდა, – ვკითხულობთ მის წიგნში, – კერძოდ, ყურადღება ექცეოდა იმ გარემოებას, იყო თუ არა კავშირი სისასტიკის დონესა და ბავშვებში თამაშებისგან პროვოცირებულ აგრესიულ ქცევას შორის. შემდგომ, ვიდეოთამაშების პოპულარობის ზრდასთან ერთად, მკვლევრებმა დაიწყეს ფიქრი იმაზე, რომ ხომ არ შეუძლია თამაშებს გარკვეული სააზროვნო უნარების განვითარების პროვოცირება.

დავიწყოთ ვიდეოთამაშების დადებითი მხარეების ჩამოთვლა. ნეირომეცნიერები და კოგნიტური ფსიქოლოგიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ისეთი ვიდეოთამაშები, სადაც მონაწილეები სამიზნეებს არჩევენ და შემდეგ ზუსტად ისვრიან, პოზიტიურად აისახება სააზროვნო უნარებზე. კვლევების შედეგად გაირკვა, რომ სივრცეში ორიენტაციისა და ყურადღების კონცენტრაციის უნარები უკეთ აქვთ განვითარებული მსგავსი ვიდეოთამაშებით გატაცებულ ადამიანებს. კრეატიული აზროვნება და პრობლემის გადაჭრის უნარიც შედის იმ სააზროვნო უნარების რიცხვში, რომელთა განვითარებას ხელს უწყობს ვიდეოთამაშები.

პატივცემულო მშობლებო, თქვენ შესაძლოა არ მოგწონდეთ ის ფაქტი, რომ ვიდეოთამაშები დადებით გავლენას ახდენს ბავშვების განვითარებაზე. თქვენ შეგიძლიათ სულაც არ გაუმხილოთ ეს ფაქტები თქვენს შვილებს, მაგრამ იქნებ მაინც კარგად აწონ-დაწონოთ ყველა ზიანი და სარგებელი, სანამ კატეგორიულად აუკრძალავთ ბავშვებს, ითამაშონ ნებისმიერი სახის ვიდეოთამაში. ცხადია, ეს სულაც არ ათავისუფლებს უფროსებს იმ პასუხისმგებლობისგან, რომ  ვიდეოთამაშების შეძენამდე აუცილებელია, საგულდაგულოდ გაეცნონ და შეისწავლონ მათი შინაარსი და გრაფიკა“.

სანამ მშობლები შფოთავენ ვიდეოთამაშებით შვილების გატაცების გამო, სასწავლო დაწესებულებები სწავლების ახალი მეთოდების გამოყენებაზე ფიქრობენ. მათ შორის ვიდეოთამაშებით სწავლებასაც განიხილავენ. იალდა ულსი მშობლებს საკუთარ გამოცდილებას უზიარებს: „თავადაც არ მჯეროდა, რომ შესაძლებელი იყო, დადებითი მხარე ჰქონოდა ბავშვების ამგვარ გატაცებას, სანამ ჩემმა შვილმა სამყაროს აგებულების შესახებ საინტერესო ფაქტების მოყოლა არ დაიწყო. ეს ინფორმაცია მან კომპიუტერული თამაშის საშუალებით გაიგო. მანამდე ბავშვმა ნაციონალური საკალათბურთო გუნდის ისტორია და ყველა მოთამაშის სახელი და გვარი დაიმახსოვრა, რადგან საკალათბურთო ვიდეოთამაშს თამაშობდა. მიზნისკენ თანმიმდევრული სვლა, მუდმივი წახალისება, დაჯილდოება და მყისიერი რეაგირება – ის ელემენტებია, რომლებიც ზრდის მოტივაციას და იმ თეორიას აძლიერებს, რომლის თანახმადაც სწავლება ვიდეოთამაშების გამოყენებით ჩაანაცვლებს ტრადიციული განათლების მოდელს“.

ჰარვარდის უნივერსიტეტის ერთმა მკვლევარმა, რომელიც იკვლევდა ვიდეოთამაშების გავლენას ქცევით მოტივაციაზე, დაასკვნა, რომ ბავშვებისთვის თამაშები საჭიროა უარყოფითი ემოციების დასაძლევად. თანაც ეს საუკეთესო ალტერნატივაა აგრესიის უკონტროლო ამოფრქვევისა და ნარკოტიკული ნივთიერების გამოყენების წინააღმდეგ. პატარებსა და უფროსებსაც პერიოდულად სჭირდებათ განტვირთვა – მოზარდები ამას ვიდეოთამაშებით ახერხებენ, უფროსი ასაკის ადამიანები – სერიალების ყურებით. ადამიანები ხომ სოციალური არსებები არიან, ჰოდა, ინტერნეტისა და ვიდეოპლატფორმების დახმარებით ბავშვები და მოზარდები პოულობენ თანამოაზრეებს, მაშინაც კი, თუ ისინი პიჟამით სხედან ეკრანთან. თამაშები ფიზიკური ჯანმრთელობის ხელშემწყობიცაა. მშობლებო, არ ინერვიულოთ, თუ თქვენს შვილს უყვარს ვიდეოთამაშები! ირკვევა, რომ ამ გატაცებას ბევრი პლუსი აქვს!

წიგნის ავტორი უარყოფით მხარეებზეც საუბრობს: „ჯერ კიდევ 2009 წელს ნიუ-იორკის ერთ-ერთ სკოლაში სცადეს, დაენერგათ ვიდეოთამაშებით სწავლება. დიდი მოლოდინის, ფინანსური და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის მიუხედავად, ხუთი წლის შემდეგაც არ არსებობს მტკიცებულება, რომ ამ წამოწყებამ პოზიტიური შედეგები გამოიღო. მოსწავლეების აკადემიური მოსწრება საშუალო დონეს ვერ ასცდა. ამ ინიციატივამ ვერ გადაჭრა ამერიკის შეერთებული შტატების საგანმანათლებლო სისტემაში არსებული ხარვეზები.

ვიდეოთამაშების გავლენა აგრესიულ ქცევებზე  ყველა მშობლის და უფროსის საფიქრალია. არსებობს კვლევა, რომელიც აიოვას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა, გამოიკვეთა უხეში, აგრესიული შინაარსის ვიდეოთამაშების გავლენა ქცევაზე. მეორე კვლევა, ასევე ამერიკაში ჩატარებული, არ ადასტურებს თამაშების ნეგატიურ გავლენას აგრესიულ ქცევაზე. ვიდეოთამაშები სულ უფრო მრავალფეროვანი ხდება, კვლევები გრძელდება. მანამდე კი ძალიან მნიშვნელოვანია, თვალყური ადევნოთ შვილებს და თუ შეამჩნევთ, რომ მათი ქცევები გახდა უჩვეულოდ უხეში ან დაუნდობელი, შეზღუდეთ მათ მიერ ინტერნეტის მოხმარების დრო. აუცილებლად მიმართეთ სპეციალისტს და სთხოვეთ დახმარება“.

ორი სიტყვით ვახსენოთ ვიდეოთამაშებზე დამოკიდებულებაც. მართლაც სამწუხარო რეალობაა, რომ მოზარდების გარკვეული ნაწილი თამაშებზე დამოკიდებული ხდება. ნამდვილი დამოკიდებულება სერიოზული ფსიქოლოგიური გადახრააო, –განმარტავს ამერიკელი ფსიქოლოგი და მოუწოდებს მშობლებს: – გულდასმით დააკვირდით შვილების ქცევას, სანამ დაიწყებთ საუბარს დამოკიდებულებაზეო.

მაშ ასე, შეჯამება:

  1. ვიდეოთამაშები სივრცეში ორიენტაციის უნარს ავითარებს;
  2. გარკვეულწილად, ავითარებს კრეატიულ აზროვნებას, რაც, თავის მხრივ, სხვადასხვა პროფესიულ უნარს აძლიერებს;
  3. ვიდეოთამაშებით გატაცება ხელს უწყობს ადამიანებს, წარმატებას მიაღწიონ ისეთ საქმიანობებში, რომლებიც ყურადღების კონცენტრაციასა და მხედველობით სიზუსტეს საჭიროებს;
  4. სასტიკი შინაარსის ვიდეოთამაშებით გატაცებასა და აგრესიულ ქცევას შორის კავშირი ძალიან მცირეა.

ტრადიციულად, რამდენიმე რჩევა  მშობლებისთვის:

  1. ბავშვების ვიდეოთამაშებით გატაცება სავსებით მისაღები საქმიანობაა;
  2. ეცადეთ, მრავალფეროვნება შეიტანოთ შვილების თამაშებით გატაცებაში. მიუხედავად იმისა, რომ ეს სარგებლის მომტანიც კი შეიძლება იყოს, მაინც არ დაუშვათ სხვა თამაშების იგნორირება; განსაკუთრებით ისეთი თამაშები, რომლებიც სუფთა ჰაერზე, ღია სივრცეში აქტიურობას ითხოვს;
  3. ყურადღებით შეისწავლეთ იმ ვიდეოთამაშების შინაარსი, რომლებსაც თქვენი შვილები თამაშობენ. ყველა ახალი თამაში უნდა იყოს გატარებული მშობლის კრიტიკული დამოკიდებულების პრიზმაში. განსაკუთრებით ეს ეხება ვიდეოთამაშების შინაარსს (სექსიზმი, ანტისოციალური, ღიად დანაშაულებრივი შინაარსის შემცველი და მსგავსი არასასურველი თემატიკა);
  4. თუ შეამჩნევთ შვილებს პრობლემური ქცევის ნიშნებს ან თამაშზე დამოკიდებულების საფრთხეს იგრძნობთ, დროულად გაიარეთ კონსულტაცია ფსიქოლოგთან;
  5. ჩვენ არ შეგვიძლია დროის უკუღმა შემობრუნება და არც არის ამის საჭიროება. სამაგიეროდ, უფროსებს შეუძლიათ დაეხმარონ იმ ბავშვებსა და მოზარდებს, რომლებსაც არ აქვთ გამოცდილება, რომ დამოუკიდებლად გაერკვნენ ინტერნეტსივრცის შესაძლო ნეგატიურ შედეგებში;
  6. ნეგატიური ფაქტორების ჩამონათვალში ყველაზე თვალსაჩინო პუნქტად უნდა გამოვყოთ პირადი სივრცის ხელყოფა და რეალური ურთიერთობების ონლაინკომუნიკაციით ჩანაცვლება;
  7. მოზარდებს ძალიან არ უყვართ, როდესაც მშობლები ცდილობენ, შეუმჩნევლად უთვალთვალონ, რადგან ჰგონიათ, რომ ეს მათი პირადი სივრცის დარღვევაა;
  8. ონლაინმიმოწერებს ბავშვები და მოზარდები უმეტესად მაინც რეალურ ურთიერთობებს ამჯობინებენ. ამიტომ უნდა ეცადოთ, დაეხმაროთ შვილებს, გააცნობიერონ, რომ გაჯეტებით და ვიდეოთამაშებით გადაჭარბებული გატაცება ხელს უშლის მეგობრებთან ურთიერთობაში;
  9. პირადი სივრცის დაცვის პრობლემა საკმაოდ სერიოზულია, მაგრამ ბავშვები და მოზარდები მას, ხშირ შემთხვევაში, სრულად უგულებელყოფენ. უფროსების მოვალეობაა, დაეხმარონ ახალგაზრდებს, გააცნობიერონ საფრთხეები, დაფიქრდნენ მომავალზე და პასუხისმგებლობით მოეკიდონ უსაფრთხოების საკითხს.

 

გილოცავთ აღდგომის დღესასწაულს!

0

ჟურნალი “მასწავლებელი”,  ინტერნეტგაზეთი “mastsavlebeli.ge”, გილოცავთ აღდგომის  დღესასწაულს! ევროპულ და ღირსეულ მომავალს, მშვიდობას, ჯანმრთელობას, წარმატებას,  საინტერესო და  ნაყოფიერ ცხოვრებას გისურვებთ!

საკლასო პროექტი – მე მიყვარს ჩემი მასწავლებელი

0

დაფიქრებულხართ, რას ვლაპარაკობთ, როდესაც მასწავლებლებზე ვლაპარაკობთ? რა გესმით, როგორც მშობელსა თუ მასწავლებელს? როგორ კომენტარს აკეთებთ, როდესაც მასწავლებლებზე გესაუბრებიან?

სემესტრის დასაწყისში სადამრიგებლო კლასის აყვანისას დილემის წინაშე აღმოვჩნდი – საგნის მასწავლებლებსა და მშობლებს შორის ემოციათა გამტარის როლი დამეკისრა, რამაც მუდმივი შფოთვა მომიტანა. შიშით ველოდებოდი თითოეული გაკვეთილის დასრულებას და მასწავლებლების რეაქციას ბავშვების ქცევის შესახებ. თითოეული საყვედური გულზე ეკალივით მესობოდა და მეორე დღემდე მტანჯავდა. დროდადრო მშობლების უკმაყოფილების მოსმენა მიწევდა და ვგრძნობდი, რომ მეტს ვეღარ გავუძლებდი. ორი თვის შემდეგ დაგროვილმა ბრაზმა, წყენამ და უმწეობის განცდამ ერთბაშად ამოხეთქა და ერთ დღესაც იმდენად მძაფრად გამოვხატე დაგუბებული ემოციები, რომ მეხუთეკლასელი ბავშვების წინაშე მთელი ხმით ავყვირდი, შემდეგ კი ტირილი ამიტყდა. ბავშვებიც ჩემთან ერთად ტიროდნენ. არასდროს დამავიწყდება ჩემი საქციელის გამო მათ თვალებში არეკლილი შეშფოთება.

მაშინ მივხვდი, რომ სასწრაფოდ რაღაც უნდა გამეკეთებინა ისეთი, რაც არსებულ სიტუაციას შეცვლიდა.

პრობლემის გამომწვევ მიზეზებზე ფიქრმა გარკვეულ დასკვნებამდე მიმიყვანა. სკოლაში ორმაგი როლი მაკისრია – ჩემი ორი შვილის მასწავლებელიც ვარ, რაც დიდწილად დამეხმარა სიტუაციის ანალიზისას. ერთი მხრივ, შვილების ქცევას და გარემოს კარგად ვიცნობ, მეორე მხრივ კი, ვიცი, სკოლის შემდგომი ცხოვრება როგორი აქვთ, რა აწუხებთ, რა მოსწონთ, როგორ გამოხატავენ ემოციებს შინ დაბრუნებისას. მე რომ მათი მასწავლებელი არ ვიყო, ძალიან აღმაშფოთებდა იმის მოსმენა, რასაც მომიყვებოდნენ და ობიექტურობას ავცდებოდი.

ჩემი დაკვირვებით, ბავშვები ხშირად აბუქებენ სიტუაციას და ცდილობენ მსმენელის გულის მოგებას. მხარდაჭერის მოპოვების გაუცნობიერებელი სურვილით ავსებულები, ამბავს ისე ჰყვებიან, საკუთარი საქციელის გამართლებას ცდილობენ. ამ დროს მშობლისთვის ძნელია სიმშვიდის შენარჩუნება და უარყოფითი განწყობა ეუფლება შვილის მასწავლებლისა თუ კლასელის მიმართ. ცხადია, იმას არ ვგულისხმობ, რომ შვილი ყოველთვის უნდა გაამტყუნო, მაგრამ მისი მძაფრი ემოციების მიღმა აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ სხვა ადამიანების (კლასელების, მსწავლებლების) ქცევის მოტივი. როგორია მშობლის საპასუხო რეაქცია – ამაზეა მიბმული ბავშვის შემდეგი დღე. არ არსებობს პრობლემა, რომელსაც გულწრფელი საუბრით ვერ მოვაგვარებთ. საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით, ჩვენი, მშობლების, კომენტარები ბავშვის გონებაში ილექება და  ეკლიან მავთულხლართებად იქცევა, რადგან ადამიანები ერთმანეთის ფიქრებს ვირეკლავთ და მასწავლებელიც მარტივად გრძნობს, როგორ დამოკიდებულებას ამჟღავნებენ მისდამი.

სწორედ ამიტომ, მშობლისა და მასწავლებლის ურთიერთობისას ბალანსის მისაგნებად რამდენიმე აქტივობა ჩავიფიქრე. პირველი ნაბიჯი მშობელთა კრების მოწვევა იყო, სადაც განვიხილეთ ჩემ მიერ ზემოთ აღწერილი პრობლემები. შევთანხმდით, რომ ბავშვების თანდასწრებით მასწავლებლების შესახებ აგრესიული ტონით არ ვისაუბრებდით და თუკი ბავშვი წყენას გამოხატავდა, პირველ რიგში, გულითადად მოვუსმენდით, დავამშვიდებდით და პრობლემის მოსაგვარებლად დახმარებას აღვუთქვამდით, შემდეგ კი კლასის დამრიგებელს ჩავაყენებდით საქმის კურსში. მასწავლებლებისადმი მშობლის მიერ გამოხატული პატივისცემა ბავშვის განწყობას აუცილებლად ცვლის, რაც საგაკვეთილო პროცესში მის ქცევაზეც აირეკლება. თუკი ბავშვს მშობლებისგან მუდამ ესმის მასწავლებლის კრიტიკა, აგრესიული ტონი საუბრისას, აუცილებლად მოექცევა გავლენის ქვეშ და სკოლაშიც გაიყოლებს უარყოფით განწყობას. მასწავლებლის როლიც გაუფასურდება. სწორედ ამიტომ შევეცადოთ, პატივისცემით ვისაუბროთ ჩვენი შვილების მასწავლებლების შესახებ და თუკი მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობა ჩიხში შევა, ჯერ თავად მოსწავლეს ვთხოვოთ პრობლემის მოგვარება, შემდეგ ეტაპზე დამრიგებელი ჩავრთოთ, საუკეთესო გამოსავლად კი მასწავლებელთან პირადი საუბარი მიმაჩნია.

ბავშვების ცნობიერების ასამაღლებლად მომაფიქრდა საკლასო პროექტი, სახელად მე მიყვარს ჩემი მასწავლებელი. პროექტის მიზანი იყო,  ბავშვებს მასწავლებლები ახლოს გაეცნოთ, მათთან პირადი ურთიერთობის საშუალება ჰქონოდათ და მათდამი ზრუნვა გამოეხატათ.

პროექტი შემდეგ ეტაპებს მოიცავდა:

  1. გამოსაძახებელი ჩხირების დახმარებით კლასის სამწევრიან ჯგუფებად დაყოფა;
  2. ინტერვიუსთვის კითხვარის შედგენა;
  3. თითოეული საგნის მასწავლებელთან ინტერვიუს ჩასაწერად დროისა და ადგილის შეთანხმება;
  4. მზადება შეხვედრისთვის;
  5. ინტერვიუს ჩაწერა, ფოტოს გადაღება;
  6. მასწავლებლებისთვის ნაჭრის ჩანთების შეკერვა და მოხატვა;
  7. მათთვის პირადი წერილების მიწერა;
  8. პროექტის შემაჯამებელი ღონისძიებისთვის მზადება.

კითხვარი ინტერვიუსთვის

თავდაპირველად ვფიქრობდი, მოსწავლეებს თავად მოეფიქრებინათ კითხვები მასწავლებლებისთვის და მობილური ტელეფონის ხმის ჩამწერით ჩაეწერათ, თუმცა მივხვდი, რომ ამისთვის დიდი დრო დაგვჭირდებოდა და საწყის ეტაპზე გაუჭირდებოდათ თავის გართმევა (ინტერვიუს გაშიფვრა, წერილობით ტექსტად გადაქცევა). ამიტომ გადავწყვიტე, თავად მომემზადებინა ინტერვიუს ფორმა.

თაბახის ფურცელზე დავხატე საჰაერო ბუშტი და მის ირგვლივ ჩავწერე წინადადებები, რომლებიც უნდა დაებოლოებინათ მასწავლებლებს:

  • მე შემიძლია…
  • როცა მიხარია…
  • მასწავლებლობა ნიშნავს…
  • მე–5 ბ კლასზე ვფიქრობ…
  • მაბრაზებს…
  • ბავშვებო, გირჩევთ…
  • ხშირად ვფიქრობ…
  • ჩემ შესახებ მინდა, იცოდეთ…
  • ჩემი სუპერძალაა…
  • ერთხელ, როცა მეხუთე კლასში ვიყავი…
  • ჩემი საგანი ამ წამს მახსენებს…

პროექტის განსახორციელებლად ერთი თვე დაგვჭირდა. ბავშვები დამოუკიდებლად უთანხმდებოდნენ მასწავლებლებს შეხვედრის დროისა და ადგილის შესახებ. ინტერვიუსთვის მოჰქონდათ ტკბილეული, მე ყავის მოდუღებაში ვეხმარებოდი და ეს ფუსფუსი ქმნიდა განუმეორებელ აურას, რომელსაც მასწავლებლებიც ვგრძნობდით. შევსებული კითხვარები სიხარულით მოჰქონდათ ჩემთან და საგულდაგულოდ ვინახავდით განმარტებითი სიტყვის ლექსიკონში. ბავშვები მიგზავნიდნენ მასწავლებლებთან ერთად გადაღებულ ფოტოებს და აღტაცებით მიზიარებდნენ შთაბეჭდილებებს.

თვალს ვადევნებდი, როგორ აბამდნენ თავს შეხვედრის ორგანიზებას, როგორი დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებოდნენ მასწავლებლებთან შეხვედრას და როგორ უთბებოდათ პატარა გულები.

ნაჭრის ჩანთები

ათ მასწავლებელთან ინტერვიუს აღების შემდეგ გადავწყვიტეთ, ჩვენი ხელით ნაჭრის ჩანთები შეგვეკერა მათთვის და საგნის თემატიკის მიხედვით მოგვეხატა.

სკოლაში მივიტანე საკერავი მანქანა და სემესტრის ბოლო კვირას გაკვეთილების შემდეგ საკლასო ოთახში ჭრა-კერვა გავმართეთ. თითოეული მოსწავლე დავსვი საკერავ მანქანასთან და გვირისტი გავავლებინე. კერვასა და მოხატვაში მეშვიდეკლასელი გოგოები – მარიამი და ნინი – დაგვეხმარნენ. დღის მეორე ნახევარში, როგორც კი შევატყობინებდი მშობლებს, სკოლაში კერვას ვიწყებ და ვისაც სურვილი აქვს, დამეხმაროს-მეთქი, ცოტა ხანში საკლასო ოთახი ივსებოდა გულაფანცქალებული ბავშვებით, თან მოჰყავდათ და-ძმები და ისინიც გვეხმარებოდნენ.

ჩემი მიზანი იყო მათი დარწმუნება, რომ საკუთარი ხელებით ბევრი რამის კეთება შეგვიძლია. კეთებით სწავლებამ ერთად ყოფნას განსაკუთრებული ხიბლი შესძინა და სემესტრის ბოლო კვირა ყველაზე ნაყოფიერ დროდ იქცა.

შეკერილი ჩანთა პატარა ჯგუფებად დაყოფილ კლასში ინაცვლებდა, რასაც მოჰყვებოდა ჩანთისთვის ნახატის შერჩევა, შემდეგ კი ხატვის პროცესი იწყებოდა და ნელ-ნელა ფანჯრის თაროები გადაივსო სველსაღებავიანი ჩანთებით.

კერვისა და ხატვის პარალელურად ერთმა ჯგუფმა მოსაწვევი ბარათები დაამზადა, მეორემ – აფიშა, მესამემ ინტერვიუს კითხვარებიდან პასუხები შეარჩია, პოსტერზე მასწავლებლები დახატა და მათ გასწვრივ ამოწერილი პასუხები გადაწერა.

მოსწავლის პირადი წერილები

იმისთვის, რომ საგნის მასწავლებლებსაც უკეთესად გაეცნოთ ბავშვები, მათთვის  პირადი წერილების მიწერა გადავწყვიტეთ. ერთ გაკვეთილზე შევიმუშავეთ წერილის ქარგა და თითოეულმა მოსწავლემ მისწერა  იმ მასწავლებელს, ვისთანაც ინტერვიუ ჩაწერა.

წერილის ქარგა ამგვარი იყო:

  • მოიფიქრე მიმართვა;
  • გააცანი შენი თავი;
  • გაიხსენე სამი რამ, რაც ამ სემესტრში ისწავლე;
  • მისწერე, რა ხდება ახლა კლასში;
  • დაუსვი ერთი შეკითხვა;
  • დაემშვიდობე.

პირადი წერილები ნაჭრის ჩანთებში მოვათავსეთ.

პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება

შემაჯამებელი ღონისძიებისთვის რაღაც ისეთი უნდა მომეფიქრებინა, რაც სასკოლო საზოგადოებას სიხარულს მოჰგვრიდა და ბავშვების შესაძლებლობების წარმოჩენის საშუალებასაც  მომცემდა. „პოეზია – სიხარულია“ – ეს გზავნილი გალაკტიონის სახლ-მუზეუმის კედელზე ამოვიკითხე და ხშირად მახსენებდა თავს. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, პოეზია მექცია ურთიერთობების მედიუმად, ბავშვების ხმებისა და ემოციების ერთგვარ გამტარად.

მურმან ლებანიძის ლექსებისკენ კი რაჭის მონატრებამ მიბიძგა. პოეზიის სწავლების მეთოდებზე ამ ბოლო დროს ბევრს ვფიქრობ და ცალკე სტატიად გაგიზიარებთ, რამდენ უნარს ავითარებს ლექსების კითხვა. ლექსების შერჩევის შემდეგ რამდენიმე გაკვეთილი დავუთმე ხმამაღალ კითხვას. შეარჩიეს საყვარელი სტრიქონები და დახატეს. დავამზადეთ ხელნაკეთი გვირგვინები და ლექსიდან ერთი სიტყვა დააწერეს. გავაკეთეთ ორწუთიანი ჩანაწერი კლასის რადიოსთვის. ჩემს უფროს მეგობარს, ქალბატონ სოფო გუგეშაშვილს, რომელიც ონში ცხოვრობს და უწერის სკოლაში მუშაობისას ჩვენი ლიტერატურული ღონისძიებების ერთგული სტუმარი და დიდი გულშემატკივარი იყო, ერთი ლექსის წაკითხვა და ვიდეოჩანაწერის გამოგზავნა ვთხოვე. სემესტრის ბოლო დღეს, 29 დეკემბერს, საკლასო ოთახი მოვრთეთ – კედელზე შეკერილ-მოხატული ჩანთები ჩამოვკიდეთ, გაფერადებულ ქილებში სანთლები ავანთეთ და მოწვეულ სტუმრებს დაველოდეთ.

ბავშვებმა რიგრიგობით წაიკითხეს მურმან ლებანიძის ლექსები. გადავსახლდით რაჭის სოფლებში, ქვასროლია ბიჭების სინანული გულში გამოვიტარეთ, ქართული ვაზის ჯიშების სახელები ლექსის სტრიქონებად გავაცოცხლეთ, შავ კორტოხზე მდგარი შავი მუხის მარტოობა გავიზიარეთ და პოეტის ერთ-ერთი კრებულის სათაური „ლიხს იქით და ლიხს აქეთ საქართველო გიყვარდეთ“ მთავარ გზავნილად ჩავიტოვეთ გულში.

განსაკუთრებით სასიხარულო იყო ის ფაქტი, რომ ღონისძიებაზე გვესტუმრა ჩემი ორი მასწავლებელი. ნანი მასწავლებელმა მოიტანა 181-ე სკოლის გაზეთი „მერანი“, რომელშიც დაბეჭდილი იყო მერვე კლასში ყოფნისას დაწერილი ჩემი ჩანახატი „ცა, ბებერი ცა“.

სკოლაში ერთი წელი ინგლისურს დედაჩემი, მარისა მასწავლებელი, გვასწავლიდა. ამჯერად დედა, ნანი მასწავლებელთან ერთად, ჩემი მასწავლებლის სტატუსით მოვიწვიე. მისთვის შეკერილ ჩანთაზე დავხატეთ ჯეინ ეარი, რომელიც დედას საყვარელი პერსონაჟია და მთელი ბავშვობა მესმოდა, როგორი დიდსულოვანი ადამიანები იყვნენ მისტერ როჩესტერი და ჯეინ ეარი.

ბავშვებისთვის გასაოცარი იყო ჩემი მასწავლებლების სტუმრობა და ვფიქრობ, მოსწავლე-მასწავლებლების ურთიერთობის ჩემეული გამოცდილება მათთვის პირად მაგალითად იქცევა.

პროექტის აქტუალობაში რამდენიმე ამბავმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა: ერთხელ შინ დაბრუნებულმა 10 წლის გაბრიელმა სიხარულით მიამბო, თურმე ნინო მასწავლებელს სახლში მოპსის ჯიშის სამი ძაღლი ჰყოლიაო. შემაჯამებელ ღონისძიებაზე ბავშვებმა პირადი წერილებიდან კითხვები დაუსვეს თითოეულ მასწავლებელს და სტუმრებში დიდი სიხალისე შემოიტანეს. ჩემთან აღებული ინტერვიუს შემდეგ კი ათი წლის სალომემ მომწერა: ეს დღე დაუვიწყარი გახდება ჩემთვისო.

მასწავლებლების მიერ შევსებული კითხვარებიდან გულისხმიერება და სითბო იფრქვევა. ღონისძიებისთვის შევარჩიე ერთ-ერთი დაუსრულებელი წინადადების პასუხები, თითოეული მასწავლებლის ფოტო მოვიძიე და სლაიდშოუდ ავკინძე. ამ მოულოდნელმა სიურპრიზმა აუდიტორია გაახალისა. მასწავლებლებს ამგვარი წინადადება უნდა დაებოლოებინათ: როცა მეხუთე კლასში ვიყავი…

  1. „სწორედ მეხუთე კლასში ყოფნისას მასწავლებელმა გამოიჩინა ყურადღება, ყოველდღე მიძახებდა დაფასთან და გამიღვიძა მათემატიკური ნიჭი, რისთვისაც ძალიან მადლობელი ვარ მისი“. დალი მასწავლებელი
  2. „მიხაროდა მოსწავლეობა“. ლელა მასწავლებელი
  3. „ვიცელქე და ხელი მოვიტეხე“. მაია მასწავლებელი
  4. „ბუნების გაკვეთილზე წავიყვანე ცოცხალი ზაზუნა, რომელიც მათემატიკის გაკვეთილზე გამოიპარა პატარა ყუთიდან და კლასში დარბოდა. ატყდა წივილ-კივილი. ზოგს ეგონა, რომ თაგვი იყო“. ნინო მასწავლებელი
  5. „თქვენსავით გაკვირვებული და დაბნეული ვუყურებდი მასწავლებლებს. არ ვიცოდი, შემშინებოდა მასწავლებლებისა თუ შემყვარებოდა ისინი“. თამუნა მასწავლებელი
  6. „მასწავლებელი გვყავდა, რომელსაც ჰყავდა ერთი შვილი. მას ერქვა სოსო. როდესაც მასზე რამეს ვიტყოდით, ვიცოდით, მთელ გაკვეთილს მის შესახებ მოგვიყვებოდა და ამ დროს გაკვეთილს აღარ ვაბარებდით“. ნელი მასწავლებელი
  7. „განვიცდიდი და ვნერვიულობდი“. ნანა მასწავლებელი
  8. „მახსოვს, პირველად როგორ გამიკვირდა, მუსიკის მასწავლებელმა მაგნიტოფონი რომ მოიტანა და ბახის სიმფონია რომ მოგვასმენინა“. ქეთი მასწავლებელი
  9. „მეტროში დავიკარგე, შემეშინდა, მაგრამ არ შევიმჩნიე“. მარი მასწავლებელი
  10. „მახსოვს, ერთ-ერთი შეჯიბრების დროს წარმატება მოვუტანე სკოლას“. გელა მასწავლებელი
  11. „ერთი ბიჭი შემიყვარდა და მისთვის კანფეტები მიმქონდა. მას ეს არ ახარებდა და მალევე ამოვიგდე გულიდან“. ლელა მასწავლებელი

პროექტის სათაურის მთავარი გზავნილი მრავლისმთქმელია – მასწავლებლის სიყვარულის გარეშე სკოლის დღეები მუქი ფერებით ივსება, სიყვარულის გაღვივებას კი ძალისხმევა სჭირდება. ბავშვების სიყვარული ყველას ეყოფა – დაწყებითი თუ შემდგომი საფეხურის დამრიგებლებს, საგნის მასწავლებლებს, დირექტორს, კლასელებსა და კლასელების მშობლებს. მთავარია, უფროსებმა პირადი მაგალითით ვასწავლოთ პატივისცემა, ზრუნვა, მოსმენა, ყურადღება, პატიება, ზრდილობა… როგორც წესი, ბავშვები კოცონად ააბრიალებენ სულ პაწაწინა ენერგიას და გაცემა-დაბრუნების სიხარულით აგვავსებენ.

დიფერენცირებული სწავლება –  თანამედროვე საგანმანათლებლო პარადიგმა

0

რატომ იქცა დიფერენცირებული სწავლება, ახალ საგანმანათლებლო პარადიგმად?

დიფერენცირებული სწავლება სწორედ იმიტომ იქცა ახალ საგანმანათლებლო პარადიგმად, რომ  ის გვთავაზობს, გადავხედოთ  კლასის სტრუქტურას,  კლასის მართვას, მასალის შინაარსს და კლასის ყველა წევრი ჩავრთოთ სასწავლო პროცესში ისე, რომ ყველამ ნახოს სარგებელი.

რამ განაპირობა დიფერენცირებული სწავლების მოდელის შექმნა?

რამდენიმე ათეული წლის წინ  კლასში მოსწავლეთა მრავალფეროვნებამ, რაც გამოიხატებოდა იმით, რომ კლასებში თავი მოიყარეს სხვადასხვაენოვანმა, სხვადასხვა კულტურული წარმოშობის, სხვადასხვა ცოდნის დონის მქონე მოსწავლეებმა, პედაგოგები აიძულა, გადაეხედათ თავიანთი პედაგოგიური პრაქტიკისათვის და სწავლების მეთოდები მოერგოთ კლასის საჭიროებებისთვის. დიფერენცირებული სწავლების  მოდელი  შეიქმნა, როგორც პასუხი ჰეტეროგენულ კლასებში სწავლა-სწავლების ეფექტიანად წარმართვაზე.

რას ეფუძნება ჰეტეროგენულ კლასებში დიფერენცირებული სწავლების კონცეპტუალური ჩარჩო?

დიფერენცირებული სწავლება  აღიარებულია, როგორც დამაჯერებელი და ეფექტიანი საშუალება  იმისათვის, რომ მრავალფეროვან კლასში შევქმნათ ბავშვზე ორიენტირებული სასწავლო გარემო. სწავლების დიფერენცირებულ მოდელს მეცნიერულად დასაბუთებული უპირატესობა  აქვს ჰეტეროგენულ კლასებში სწავლებისას. ჰეტეროგენულ კლასებში დიფერენცირებული სწავლების კონცეპტუალურ ჩარჩოდ მკვლევრები აღიარებენ ვიგოტსკის (1896-1934) სოციოკულტურულ თეორიას.

სოციოკულტურულმა თეორიამ, რომელიც ეყრდნობა ვიგოტსკის (1962) და მოგვიანებით ვერტშის (1991), შარპის, გალიმორეს ნაშრომებს, მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა  სწავლებაზე, სკოლასა და განათლებაზე (Tharp, R. G., and Gallimore, R., 1988). ეს თეორია ეფუძნება წინაპირობას, რომ მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ  მოსწავლის  სოციოკულტურული კონტექსტი, რადგან სოციალური ურთიერთქმედება ფუნდამენტურია შემეცნების განვითარებისთვის. უფრო მეტიც, ვიგოტსკის თეორია განათლებას განიხილავს როგორც მიმდინარე პროცესს და არა პროდუქტს.

რა მოიაზრება ვიგოტსკის თეორიის ერთ-ერთ   ცნებაში, რას გულისხმობს პროქსიმალური განვითარების ზონა?

ვიგოტსკის თეორიის ერთ-ერთი   ცნება – პროქსიმალური განვითარების ზონა – ამ თეორიის ცენტრალური ცნებაა და ეხება განვითარების დონეს, რომელიც მიღწეულია მაშინ, როდესაც მოსწავლეები ებმებიან სოციალურ ინტერაქციაში.

პროქსიმალური განვითარების ზონას ვიგოტსკი განმარტავს როგორც მანძილს  განვითარების რეალურ  და პოტენციურ დონეებს შორის.აქედან გამომდინარე,  პროქსიმალური  განვითარების ზონა  აკავშირებს ცნობილს   უცნობთან.  როგორც კერსლი (1996) აღნიშნავს, განვითარებისთვის მოსწავლეებმა აქტიურად უნდა ითანამშრომლონ   მასწავლებელთან ან უნარიან თანატოლებთან (Kearsley, 1996). შესაბამისად, მოსწავლემ უკვე იცის ის, რასაც დაეუფლა ამ ინტერაქციით.  მასწავლებელი არის ერთგვარი შუამავალი აქტივობებზე მუშაობის  დროს. ეს საშუალებას აძლევს მოსწავლეს, მიაღწიოს პროქსიმალური განვითარების ზონას.

 რას ეყრდნობა დიფერენცირებული სწავლების თეორიული ჩარჩო?

ვიგოტსკის კოგნიტური განვითარების  თეორია გამოიყენებოდა როგორც  დიფერენცირებული სწავლების თეორიული ჩარჩო. ამან სერიოზული გავლენა მოახდინა  სწავლებასა და სწავლაზე (Flem, A., Moen, T., and Gudmundsdottir, S., 2000).   სოციალური ინტერაქციის სფეროები, მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის კომუნიკაცია, ფიზიკური სივრცის მოწყობა, აქტივობის ინსტრუქცია, ხარაჩოები, მოსწავლის უნარი და სასწავლო შინაარსი სწავლების ელემენტებია.

 

როგორ უნდა იქცეს დიფერენცირებული სწავლება  პედაგოგიურ ინსტრუმენტად სასწავლო პროცესის გასაადვილებლად?

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია  მასწავლებლის მიერ მოსწავლისთვის  შემუშავებული ინსტრუქციები, რომელსაც შეუძლია მოსწავლე გადაიყვანოს ეკვილიბრიუმის მდგომარეობაში. ამ მხრივ  აღსანიშნავია ის ინსტრუქცია-ხარაჩოები, რომლებიც მოსწავლეებს  ეხმარება, მიაღწიონ პროქსიმალურ  ზონას, აქედან გამომდინარე, დიფერენცირებული სწავლება არის  პედაგოგიური ინსტრუმენტი სასწავლო პროცესის გასაადვილებლად. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინსტრუქცია-ხარაჩოების გამოყენება. მასწავლებლებმა უნდა იცოდნენ, როგორ უპასუხონ თანამედროვე საკლასო ოთახების მზარდ მრავალფეროვნებას.

 

რა გავლენა აქვს მოსწავლეთა საჭიროებების გათვალისწინებას მოსწავლეთა მოტივაციაზე?

მოსწავლეთა განსხვავებებისა და ინტერესების გათვალისწინება, როგორც ჩანს, აძლიერებს მათ მოტივაციას(Tomlinson C. A., 2004b).  ამ ფუნდამენტური განსხვავებების იგნორირებამ კი შეიძლება გამოიწვიოს ზოგიერთი მოსწავლის ჩამორჩენა, დემოტივაცია და წარუმატებლობა (Tomlinson C. A., 1998). მოსწავლეებმა, რომელთაც შეუძლიათ იყვნენ წარმატებულები და მოტივირებულები, შეიძლება დაკარგონ მოტივაცია, თუ მასწავლებელი  ორიენტირებულია პროგრამის გავლაზე. მოსწავლე წარმატებული და მოტივირებულია, როდესაც მასწავლებელი ორიენტირებულია მოსწავლეთა  საჭიროებებზე.

ტომლინსონის განმარტებით დიფერენცირებული სწავლება რა მთავარ ფილოსოფიაზეა დაფუძნებული?

ტომლინსონი (2005)  დიფერენცირებულ სწავლებას განმარტავს როგორც ფილოსოფიას, რომლის თანახმადაც, სწავლება  დაფუძნებულია იმ წინაპირობაზე, რომ მოსწავლეები საუკეთესოდ სწავლობენ მაშინ, როცა მასწავლებლებმა კარგად იციან  განსხვავებები მათი მზაობის დონეებს შორის, ასევე მათ  ინტერესებს შორის. დიფერენცირებული სწავლება არის ყველა მოსწავლის სწავლის უნარის სრულად გამოყენება (Tomlinson C. A., 2000a).

 

ტომლინსონი ამტკიცებს, რომ დიფერენციაცია არ არის მხოლოდ სასწავლო სტრატეგია და არც სწავლების რეცეპტი, არამედ ეს არის სწავლებისა და სწავლის შესახებ აზროვნების ინოვაციური გზა. დიფერენციაციის თეორია ეფუძნება ასეთ დასკვნას –  მოსწავლეები განსხვავდებიან ერთმანეთისგან და ყველა მოსწავლე ინდივიდუალური თავისებურებებით ხასიათდება (Tomlinson C. A., 2000).

რა ტიპის სტრატეგიებით სწავლებას უწევს რეკომენდაციას დიფერენცირებული სწავლება?

ამ დასკვნიდან გამომდინარე თეორია რეკომენდაციას უწევს სტრატეგიებს, რომლებიც მასწავლებლისთვის არის ერთგვარი გზამკვლევი, რათა მან შეძლოს, სხვადასხვა საჭიროების მქონე მოსწავლეს შეუქმნას ეფექტიანი სასწავლო გარემო, რისთვისაც მასწავლებელი ინტენსიურად იყენებს სხვადასხვა დავალებებს, განსხვავებულ სასწავლო მასალებს და მოქნილ, ადაპტირებულ სასწავლო პრაქტიკას.

საკლასო ოთახში დიფერენციაციის თეორიის გამოყენებისას მასწავლებელი მიმართავს კლასის მართვის და სწავლა-სწავლების ფასილიტაციის იმ პრინციპებს, რომელთა ეფექტიანობა თითოეული მოსწავლის საჭიროებებთან მიმართებაში ეჭვს არ იწვევს. ეს თავისთავად გულისხმობს იმას, რომ  პერმანენტულად იცვლება გაკვეთილზე გამოყენებული აქტივობების შინაარსი, აქტივობის მიმდინარეობის პროცესი, აქტივობისას შექმნილი პროდუქტის ტიპი –  მოსწავლეთა მზაობის  გათვალისწინებით.

რა უნდა გაითვალისწინოს მასწავლებელმა დიფერენცირებული სწავლების პრაქტიკაში გამოყენებისას?

დიფერენციაციის თეორიის  პრაქტიკაში გამოყენებისას –

  1. მასწავლებელს დაკონკრეტებული აქვს, რა არის გაკვეთილის სასწავლო მიზანი;
  2. მასწავლებელმა იცის ჰეტეროგენული კლასის მონაცემები და მოსწავლეების შესაძლებლობებს შორის არსებულ განსხვავებებს ეყრდნობა;
  3. სწავლების კომპონენტი პირდაპირ კავშირშია შეფასების კომპონენტთან;
  4. მასწავლებელი დაკვირვების შედეგების საფუძველზე არეგულირებს სასწავლო შინაარსს,  სასწავლო პროცესის მიმდინარეობას, მიღებულ შედეგებს;
  5. სწავლებას აქვს ორმაგი სასწავლო მიზანი: პირველი მდგომარეობს მოსწავლეთა ინდივიდუალური პროგრესის ზრდაში, მეორე კი წარმატების მაქსიმალურ ზრდაში;
  6. მასწავლებელმა დიფერენცირებული სწავლებისას: დაგეგმვის, სწავლების და შეფასების ეტაპებზე უნდა გამოიყენოს მოქნილი მიდგომები(Tomlinson C. A., 2000).

 

დიფერენცირებული სწავლებისას რისი მოდიფიკაცია უნდა მოახდინოს მასწავლებელმა?

 

იმისათვის, რომ მასწავლებელმა საკლასო ოთახში პრაქტიკულად გამოიყენოს დიფერენციაციის თეორია, მან უნდა მოახდინოს სწავლის კომპონენტების მოდიფიკაცია. მოდიფიკაცია უნდა შეეხოს:

  1. იმ სასწავლო გარემოს, სადაც მიმდინარეობს სწავლა-სწავლება;
  2. იმ სასწავლო შინაარსს, რაც უნდა ასწავლოს მასწავლებელმა მოსწავლეებს;
  3. იმ სასწავლო რესურსებს, რომლითაც უნდა ასწავლოს მასწავლებელმა სამიზნე აუდიტორიას.

 

 

დიფერენცირებული სწავლებისას რა ასპექტები განაპირობებს მოდიფიკაციის აუცილებლობას?

მოდიფიკაციის აუცილებლობას განაპირობებს სამი ძირითადი ასპექტი:

  1. მოსწავლეთა სწავლის განსხვავებული შესაძლებლობები;

2.მოსწავლეთა განსხვავებები სწავლის მოტივაციაში;

  1. სწავლის ეფექტიანობა.

ეს ასპექტები პირდაპირ კავშირშია: მოსწავლეთა განსხვავებულ მზაობასთან, მოსწავლეთა განსხვავებულ ინტერესებთან და მოსწავლეთა განსხვავებულ სწავლის სტილთან.

 

ბიბლიოგრაფია

Flem, A., Moen, T., and Gudmundsdottir, S. (2000). ECER Conference. Towards inclusive schools: a study of how a teacher facilitated differentiated instruction. Edinburgh.

Kearsley, G. (1996). Social Development Theory. Open Learning Technology Cooperation.

Tharp, R. G., and Gallimore, R. (1988). Rousing Minds to Life: Teaching, Learning and Schooling in Social Context. Cambridge, Engaland: Cambridge University Press.

Tomlinson, C. A. (1998). Teach me, teach my brain: A call for differentiated classrooms . Educational Leadership, 56(3), 52-55.

Tomlinson, C. A. (2000). The Differentiated Classroom: Responding to the Needs of all Learners. Alexandria: Association for Supervision and Curriculum Development.

Tomlinson, C. A. (2000a). The Differentiated Classroom: Responding to the Needs of all Learners. Alexandria: Association for Supervision and Curriculum Development.

Tomlinson, C. A. (2004b). Research evidence for differentiation. School Administrator 61(7), 30.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...