დაფიქრებულხართ, რას ვლაპარაკობთ, როდესაც მასწავლებლებზე ვლაპარაკობთ? რა გესმით, როგორც მშობელსა თუ მასწავლებელს? როგორ კომენტარს აკეთებთ, როდესაც მასწავლებლებზე გესაუბრებიან?
სემესტრის დასაწყისში სადამრიგებლო კლასის აყვანისას დილემის წინაშე აღმოვჩნდი – საგნის მასწავლებლებსა და მშობლებს შორის ემოციათა გამტარის როლი დამეკისრა, რამაც მუდმივი შფოთვა მომიტანა. შიშით ველოდებოდი თითოეული გაკვეთილის დასრულებას და მასწავლებლების რეაქციას ბავშვების ქცევის შესახებ. თითოეული საყვედური გულზე ეკალივით მესობოდა და მეორე დღემდე მტანჯავდა. დროდადრო მშობლების უკმაყოფილების მოსმენა მიწევდა და ვგრძნობდი, რომ მეტს ვეღარ გავუძლებდი. ორი თვის შემდეგ დაგროვილმა ბრაზმა, წყენამ და უმწეობის განცდამ ერთბაშად ამოხეთქა და ერთ დღესაც იმდენად მძაფრად გამოვხატე დაგუბებული ემოციები, რომ მეხუთეკლასელი ბავშვების წინაშე მთელი ხმით ავყვირდი, შემდეგ კი ტირილი ამიტყდა. ბავშვებიც ჩემთან ერთად ტიროდნენ. არასდროს დამავიწყდება ჩემი საქციელის გამო მათ თვალებში არეკლილი შეშფოთება.
მაშინ მივხვდი, რომ სასწრაფოდ რაღაც უნდა გამეკეთებინა ისეთი, რაც არსებულ სიტუაციას შეცვლიდა.
პრობლემის გამომწვევ მიზეზებზე ფიქრმა გარკვეულ დასკვნებამდე მიმიყვანა. სკოლაში ორმაგი როლი მაკისრია – ჩემი ორი შვილის მასწავლებელიც ვარ, რაც დიდწილად დამეხმარა სიტუაციის ანალიზისას. ერთი მხრივ, შვილების ქცევას და გარემოს კარგად ვიცნობ, მეორე მხრივ კი, ვიცი, სკოლის შემდგომი ცხოვრება როგორი აქვთ, რა აწუხებთ, რა მოსწონთ, როგორ გამოხატავენ ემოციებს შინ დაბრუნებისას. მე რომ მათი მასწავლებელი არ ვიყო, ძალიან აღმაშფოთებდა იმის მოსმენა, რასაც მომიყვებოდნენ და ობიექტურობას ავცდებოდი.
ჩემი დაკვირვებით, ბავშვები ხშირად აბუქებენ სიტუაციას და ცდილობენ მსმენელის გულის მოგებას. მხარდაჭერის მოპოვების გაუცნობიერებელი სურვილით ავსებულები, ამბავს ისე ჰყვებიან, საკუთარი საქციელის გამართლებას ცდილობენ. ამ დროს მშობლისთვის ძნელია სიმშვიდის შენარჩუნება და უარყოფითი განწყობა ეუფლება შვილის მასწავლებლისა თუ კლასელის მიმართ. ცხადია, იმას არ ვგულისხმობ, რომ შვილი ყოველთვის უნდა გაამტყუნო, მაგრამ მისი მძაფრი ემოციების მიღმა აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ სხვა ადამიანების (კლასელების, მსწავლებლების) ქცევის მოტივი. როგორია მშობლის საპასუხო რეაქცია – ამაზეა მიბმული ბავშვის შემდეგი დღე. არ არსებობს პრობლემა, რომელსაც გულწრფელი საუბრით ვერ მოვაგვარებთ. საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით, ჩვენი, მშობლების, კომენტარები ბავშვის გონებაში ილექება და ეკლიან მავთულხლართებად იქცევა, რადგან ადამიანები ერთმანეთის ფიქრებს ვირეკლავთ და მასწავლებელიც მარტივად გრძნობს, როგორ დამოკიდებულებას ამჟღავნებენ მისდამი.
სწორედ ამიტომ, მშობლისა და მასწავლებლის ურთიერთობისას ბალანსის მისაგნებად რამდენიმე აქტივობა ჩავიფიქრე. პირველი ნაბიჯი მშობელთა კრების მოწვევა იყო, სადაც განვიხილეთ ჩემ მიერ ზემოთ აღწერილი პრობლემები. შევთანხმდით, რომ ბავშვების თანდასწრებით მასწავლებლების შესახებ აგრესიული ტონით არ ვისაუბრებდით და თუკი ბავშვი წყენას გამოხატავდა, პირველ რიგში, გულითადად მოვუსმენდით, დავამშვიდებდით და პრობლემის მოსაგვარებლად დახმარებას აღვუთქვამდით, შემდეგ კი კლასის დამრიგებელს ჩავაყენებდით საქმის კურსში. მასწავლებლებისადმი მშობლის მიერ გამოხატული პატივისცემა ბავშვის განწყობას აუცილებლად ცვლის, რაც საგაკვეთილო პროცესში მის ქცევაზეც აირეკლება. თუკი ბავშვს მშობლებისგან მუდამ ესმის მასწავლებლის კრიტიკა, აგრესიული ტონი საუბრისას, აუცილებლად მოექცევა გავლენის ქვეშ და სკოლაშიც გაიყოლებს უარყოფით განწყობას. მასწავლებლის როლიც გაუფასურდება. სწორედ ამიტომ შევეცადოთ, პატივისცემით ვისაუბროთ ჩვენი შვილების მასწავლებლების შესახებ და თუკი მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობა ჩიხში შევა, ჯერ თავად მოსწავლეს ვთხოვოთ პრობლემის მოგვარება, შემდეგ ეტაპზე დამრიგებელი ჩავრთოთ, საუკეთესო გამოსავლად კი მასწავლებელთან პირადი საუბარი მიმაჩნია.
ბავშვების ცნობიერების ასამაღლებლად მომაფიქრდა საკლასო პროექტი, სახელად მე მიყვარს ჩემი მასწავლებელი. პროექტის მიზანი იყო, ბავშვებს მასწავლებლები ახლოს გაეცნოთ, მათთან პირადი ურთიერთობის საშუალება ჰქონოდათ და მათდამი ზრუნვა გამოეხატათ.
პროექტი შემდეგ ეტაპებს მოიცავდა:
- გამოსაძახებელი ჩხირების დახმარებით კლასის სამწევრიან ჯგუფებად დაყოფა;
- ინტერვიუსთვის კითხვარის შედგენა;
- თითოეული საგნის მასწავლებელთან ინტერვიუს ჩასაწერად დროისა და ადგილის შეთანხმება;
- მზადება შეხვედრისთვის;
- ინტერვიუს ჩაწერა, ფოტოს გადაღება;
- მასწავლებლებისთვის ნაჭრის ჩანთების შეკერვა და მოხატვა;
- მათთვის პირადი წერილების მიწერა;
- პროექტის შემაჯამებელი ღონისძიებისთვის მზადება.
კითხვარი ინტერვიუსთვის
თავდაპირველად ვფიქრობდი, მოსწავლეებს თავად მოეფიქრებინათ კითხვები მასწავლებლებისთვის და მობილური ტელეფონის ხმის ჩამწერით ჩაეწერათ, თუმცა მივხვდი, რომ ამისთვის დიდი დრო დაგვჭირდებოდა და საწყის ეტაპზე გაუჭირდებოდათ თავის გართმევა (ინტერვიუს გაშიფვრა, წერილობით ტექსტად გადაქცევა). ამიტომ გადავწყვიტე, თავად მომემზადებინა ინტერვიუს ფორმა.
თაბახის ფურცელზე დავხატე საჰაერო ბუშტი და მის ირგვლივ ჩავწერე წინადადებები, რომლებიც უნდა დაებოლოებინათ მასწავლებლებს:
- მე შემიძლია…
- როცა მიხარია…
- მასწავლებლობა ნიშნავს…
- მე–5 ბ კლასზე ვფიქრობ…
- მაბრაზებს…
- ბავშვებო, გირჩევთ…
- ხშირად ვფიქრობ…
- ჩემ შესახებ მინდა, იცოდეთ…
- ჩემი სუპერძალაა…
- ერთხელ, როცა მეხუთე კლასში ვიყავი…
- ჩემი საგანი ამ წამს მახსენებს…
პროექტის განსახორციელებლად ერთი თვე დაგვჭირდა. ბავშვები დამოუკიდებლად უთანხმდებოდნენ მასწავლებლებს შეხვედრის დროისა და ადგილის შესახებ. ინტერვიუსთვის მოჰქონდათ ტკბილეული, მე ყავის მოდუღებაში ვეხმარებოდი და ეს ფუსფუსი ქმნიდა განუმეორებელ აურას, რომელსაც მასწავლებლებიც ვგრძნობდით. შევსებული კითხვარები სიხარულით მოჰქონდათ ჩემთან და საგულდაგულოდ ვინახავდით განმარტებითი სიტყვის ლექსიკონში. ბავშვები მიგზავნიდნენ მასწავლებლებთან ერთად გადაღებულ ფოტოებს და აღტაცებით მიზიარებდნენ შთაბეჭდილებებს.
თვალს ვადევნებდი, როგორ აბამდნენ თავს შეხვედრის ორგანიზებას, როგორი დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებოდნენ მასწავლებლებთან შეხვედრას და როგორ უთბებოდათ პატარა გულები.
ნაჭრის ჩანთები
ათ მასწავლებელთან ინტერვიუს აღების შემდეგ გადავწყვიტეთ, ჩვენი ხელით ნაჭრის ჩანთები შეგვეკერა მათთვის და საგნის თემატიკის მიხედვით მოგვეხატა.
სკოლაში მივიტანე საკერავი მანქანა და სემესტრის ბოლო კვირას გაკვეთილების შემდეგ საკლასო ოთახში ჭრა-კერვა გავმართეთ. თითოეული მოსწავლე დავსვი საკერავ მანქანასთან და გვირისტი გავავლებინე. კერვასა და მოხატვაში მეშვიდეკლასელი გოგოები – მარიამი და ნინი – დაგვეხმარნენ. დღის მეორე ნახევარში, როგორც კი შევატყობინებდი მშობლებს, სკოლაში კერვას ვიწყებ და ვისაც სურვილი აქვს, დამეხმაროს-მეთქი, ცოტა ხანში საკლასო ოთახი ივსებოდა გულაფანცქალებული ბავშვებით, თან მოჰყავდათ და-ძმები და ისინიც გვეხმარებოდნენ.
ჩემი მიზანი იყო მათი დარწმუნება, რომ საკუთარი ხელებით ბევრი რამის კეთება შეგვიძლია. კეთებით სწავლებამ ერთად ყოფნას განსაკუთრებული ხიბლი შესძინა და სემესტრის ბოლო კვირა ყველაზე ნაყოფიერ დროდ იქცა.
შეკერილი ჩანთა პატარა ჯგუფებად დაყოფილ კლასში ინაცვლებდა, რასაც მოჰყვებოდა ჩანთისთვის ნახატის შერჩევა, შემდეგ კი ხატვის პროცესი იწყებოდა და ნელ-ნელა ფანჯრის თაროები გადაივსო სველსაღებავიანი ჩანთებით.
კერვისა და ხატვის პარალელურად ერთმა ჯგუფმა მოსაწვევი ბარათები დაამზადა, მეორემ – აფიშა, მესამემ ინტერვიუს კითხვარებიდან პასუხები შეარჩია, პოსტერზე მასწავლებლები დახატა და მათ გასწვრივ ამოწერილი პასუხები გადაწერა.
მოსწავლის პირადი წერილები
იმისთვის, რომ საგნის მასწავლებლებსაც უკეთესად გაეცნოთ ბავშვები, მათთვის პირადი წერილების მიწერა გადავწყვიტეთ. ერთ გაკვეთილზე შევიმუშავეთ წერილის ქარგა და თითოეულმა მოსწავლემ მისწერა იმ მასწავლებელს, ვისთანაც ინტერვიუ ჩაწერა.
წერილის ქარგა ამგვარი იყო:
- მოიფიქრე მიმართვა;
- გააცანი შენი თავი;
- გაიხსენე სამი რამ, რაც ამ სემესტრში ისწავლე;
- მისწერე, რა ხდება ახლა კლასში;
- დაუსვი ერთი შეკითხვა;
- დაემშვიდობე.
პირადი წერილები ნაჭრის ჩანთებში მოვათავსეთ.
პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება
შემაჯამებელი ღონისძიებისთვის რაღაც ისეთი უნდა მომეფიქრებინა, რაც სასკოლო საზოგადოებას სიხარულს მოჰგვრიდა და ბავშვების შესაძლებლობების წარმოჩენის საშუალებასაც მომცემდა. „პოეზია – სიხარულია“ – ეს გზავნილი გალაკტიონის სახლ-მუზეუმის კედელზე ამოვიკითხე და ხშირად მახსენებდა თავს. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, პოეზია მექცია ურთიერთობების მედიუმად, ბავშვების ხმებისა და ემოციების ერთგვარ გამტარად.
მურმან ლებანიძის ლექსებისკენ კი რაჭის მონატრებამ მიბიძგა. პოეზიის სწავლების მეთოდებზე ამ ბოლო დროს ბევრს ვფიქრობ და ცალკე სტატიად გაგიზიარებთ, რამდენ უნარს ავითარებს ლექსების კითხვა. ლექსების შერჩევის შემდეგ რამდენიმე გაკვეთილი დავუთმე ხმამაღალ კითხვას. შეარჩიეს საყვარელი სტრიქონები და დახატეს. დავამზადეთ ხელნაკეთი გვირგვინები და ლექსიდან ერთი სიტყვა დააწერეს. გავაკეთეთ ორწუთიანი ჩანაწერი კლასის რადიოსთვის. ჩემს უფროს მეგობარს, ქალბატონ სოფო გუგეშაშვილს, რომელიც ონში ცხოვრობს და უწერის სკოლაში მუშაობისას ჩვენი ლიტერატურული ღონისძიებების ერთგული სტუმარი და დიდი გულშემატკივარი იყო, ერთი ლექსის წაკითხვა და ვიდეოჩანაწერის გამოგზავნა ვთხოვე. სემესტრის ბოლო დღეს, 29 დეკემბერს, საკლასო ოთახი მოვრთეთ – კედელზე შეკერილ-მოხატული ჩანთები ჩამოვკიდეთ, გაფერადებულ ქილებში სანთლები ავანთეთ და მოწვეულ სტუმრებს დაველოდეთ.
ბავშვებმა რიგრიგობით წაიკითხეს მურმან ლებანიძის ლექსები. გადავსახლდით რაჭის სოფლებში, ქვასროლია ბიჭების სინანული გულში გამოვიტარეთ, ქართული ვაზის ჯიშების სახელები ლექსის სტრიქონებად გავაცოცხლეთ, შავ კორტოხზე მდგარი შავი მუხის მარტოობა გავიზიარეთ და პოეტის ერთ-ერთი კრებულის სათაური „ლიხს იქით და ლიხს აქეთ საქართველო გიყვარდეთ“ მთავარ გზავნილად ჩავიტოვეთ გულში.
განსაკუთრებით სასიხარულო იყო ის ფაქტი, რომ ღონისძიებაზე გვესტუმრა ჩემი ორი მასწავლებელი. ნანი მასწავლებელმა მოიტანა 181-ე სკოლის გაზეთი „მერანი“, რომელშიც დაბეჭდილი იყო მერვე კლასში ყოფნისას დაწერილი ჩემი ჩანახატი „ცა, ბებერი ცა“.
სკოლაში ერთი წელი ინგლისურს დედაჩემი, მარისა მასწავლებელი, გვასწავლიდა. ამჯერად დედა, ნანი მასწავლებელთან ერთად, ჩემი მასწავლებლის სტატუსით მოვიწვიე. მისთვის შეკერილ ჩანთაზე დავხატეთ ჯეინ ეარი, რომელიც დედას საყვარელი პერსონაჟია და მთელი ბავშვობა მესმოდა, როგორი დიდსულოვანი ადამიანები იყვნენ მისტერ როჩესტერი და ჯეინ ეარი.
ბავშვებისთვის გასაოცარი იყო ჩემი მასწავლებლების სტუმრობა და ვფიქრობ, მოსწავლე-მასწავლებლების ურთიერთობის ჩემეული გამოცდილება მათთვის პირად მაგალითად იქცევა.
პროექტის აქტუალობაში რამდენიმე ამბავმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა: ერთხელ შინ დაბრუნებულმა 10 წლის გაბრიელმა სიხარულით მიამბო, თურმე ნინო მასწავლებელს სახლში მოპსის ჯიშის სამი ძაღლი ჰყოლიაო. შემაჯამებელ ღონისძიებაზე ბავშვებმა პირადი წერილებიდან კითხვები დაუსვეს თითოეულ მასწავლებელს და სტუმრებში დიდი სიხალისე შემოიტანეს. ჩემთან აღებული ინტერვიუს შემდეგ კი ათი წლის სალომემ მომწერა: ეს დღე დაუვიწყარი გახდება ჩემთვისო.
მასწავლებლების მიერ შევსებული კითხვარებიდან გულისხმიერება და სითბო იფრქვევა. ღონისძიებისთვის შევარჩიე ერთ-ერთი დაუსრულებელი წინადადების პასუხები, თითოეული მასწავლებლის ფოტო მოვიძიე და სლაიდშოუდ ავკინძე. ამ მოულოდნელმა სიურპრიზმა აუდიტორია გაახალისა. მასწავლებლებს ამგვარი წინადადება უნდა დაებოლოებინათ: როცა მეხუთე კლასში ვიყავი…
- „სწორედ მეხუთე კლასში ყოფნისას მასწავლებელმა გამოიჩინა ყურადღება, ყოველდღე მიძახებდა დაფასთან და გამიღვიძა მათემატიკური ნიჭი, რისთვისაც ძალიან მადლობელი ვარ მისი“. დალი მასწავლებელი
- „მიხაროდა მოსწავლეობა“. ლელა მასწავლებელი
- „ვიცელქე და ხელი მოვიტეხე“. მაია მასწავლებელი
- „ბუნების გაკვეთილზე წავიყვანე ცოცხალი ზაზუნა, რომელიც მათემატიკის გაკვეთილზე გამოიპარა პატარა ყუთიდან და კლასში დარბოდა. ატყდა წივილ-კივილი. ზოგს ეგონა, რომ თაგვი იყო“. ნინო მასწავლებელი
- „თქვენსავით გაკვირვებული და დაბნეული ვუყურებდი მასწავლებლებს. არ ვიცოდი, შემშინებოდა მასწავლებლებისა თუ შემყვარებოდა ისინი“. თამუნა მასწავლებელი
- „მასწავლებელი გვყავდა, რომელსაც ჰყავდა ერთი შვილი. მას ერქვა სოსო. როდესაც მასზე რამეს ვიტყოდით, ვიცოდით, მთელ გაკვეთილს მის შესახებ მოგვიყვებოდა და ამ დროს გაკვეთილს აღარ ვაბარებდით“. ნელი მასწავლებელი
- „განვიცდიდი და ვნერვიულობდი“. ნანა მასწავლებელი
- „მახსოვს, პირველად როგორ გამიკვირდა, მუსიკის მასწავლებელმა მაგნიტოფონი რომ მოიტანა და ბახის სიმფონია რომ მოგვასმენინა“. ქეთი მასწავლებელი
- „მეტროში დავიკარგე, შემეშინდა, მაგრამ არ შევიმჩნიე“. მარი მასწავლებელი
- „მახსოვს, ერთ-ერთი შეჯიბრების დროს წარმატება მოვუტანე სკოლას“. გელა მასწავლებელი
- „ერთი ბიჭი შემიყვარდა და მისთვის კანფეტები მიმქონდა. მას ეს არ ახარებდა და მალევე ამოვიგდე გულიდან“. ლელა მასწავლებელი
პროექტის სათაურის მთავარი გზავნილი მრავლისმთქმელია – მასწავლებლის სიყვარულის გარეშე სკოლის დღეები მუქი ფერებით ივსება, სიყვარულის გაღვივებას კი ძალისხმევა სჭირდება. ბავშვების სიყვარული ყველას ეყოფა – დაწყებითი თუ შემდგომი საფეხურის დამრიგებლებს, საგნის მასწავლებლებს, დირექტორს, კლასელებსა და კლასელების მშობლებს. მთავარია, უფროსებმა პირადი მაგალითით ვასწავლოთ პატივისცემა, ზრუნვა, მოსმენა, ყურადღება, პატიება, ზრდილობა… როგორც წესი, ბავშვები კოცონად ააბრიალებენ სულ პაწაწინა ენერგიას და გაცემა-დაბრუნების სიხარულით აგვავსებენ.